კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უჩნდება თამაზ კვაჭანტირაძეს გიჟმაჟური იდეები და რა არის მისთვის მთავარი ათასი საყვარელი ვნებიდან



რამდენიმე თვეა, რაც თამაზ კვაჭანტირაძე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს ფლობს და დიდ პოლიტიკაში ძალებს თავიდან ცდის. ქრისტიან-დემოკრატების ყველაზე ასაკოვან წევრს, კოლეგებთან ფეხის აწყობა არ უჭირს, უფრო მეტიც, ხანდახან, როგორც თავად ამბობს, გიჟმაჟური იდეების ავტორიც ხდება, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ვერ დაიკვეხნის იმ თვისებებით, რაც დღეს პოლიტიკაში მყოფ კაცს სჭირდება. სულ ახლახან ბატონი თამაზი თანამოაზრეებთან ერთად დედა ენის საზოგადოების დამფუძნებელი გახდა. ამ საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე მისი უწმინდესობა ბრძანდება, ბატონ თამაზს ახალ ზეპარტიულ საზოგადოებასთან ერთად დიდი გეგმები აქვს და საყვარელ საქმეში, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურა, კვლავ სიამოვნებით ბრუნდება. თუმცა, ქართული ენის დაცვასა და სიყვარულში ტაიმაუტი მას არც არასდროს აუღია.



– ბატონო თამაზ, როგორ ხართ? როგორ ცხოვრობთ მას შემდეგ, რაც ქრისტიან-დემოკრატებს დაუკავშირდით?

– იმის მიუხედავად, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ქრისტიან-დემოკრატებს დავუკავშირე, ამ პარტიის წევრი არ ვარ. როდესაც ამ პარტიის ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ პარლამენტარობა შემომთავაზა, ვკითხე: მე რომ პარტიის წევრი არ ვარ და არც ვაპირებ, რომელიმე პარტიის წევრი გავხდე, რანაირად იქნება ეს საქმე-მეთქი? მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბატონმა გიორგიმ ჩათვალა, რომ გადამწყვეტი ჩვენი თანაზიარობა და ერთნაირი ხედვა იყო. ის, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, ჩემი ერთგვარი პრინციპია – მთავარი გუნდური თამაშის წესებია, რომელსაც მე ვიზიარებ. როდესაც ადამიანი პარლამენტარი ხდები, მაშინ პირადს პოლიტიკურ გემოვნებას უქვემდებარებ, მაგრამ არ ანაცვალებ გუნდურ გემოვნებას და ხედვებს. ჩემი მეგობრები მაძლევენ საკუთარი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. თუმცა, მე მაინც გუნდური თამაშის წესების მომხრე ვარ.

– თქვენ, როგორც სხვა თაობის წარმომადგენელი, სხვა თამაშის წესებს ხართ მიჩვეული. აჰყევით ახალგაზრდა თაობის გუნდური თამაშის წესებს?

– აყოლიება არც მჭირდება, ცოტა გიჟმაჟური წამოწყებები ჩემგანაც შეიძლება, მოდიოდეს. ურთიერთობის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე უფრო ფიცხი და თავშეუკავებელი ვარ, ვიდრე ეს ახალგაზრდები. სიფიცხე არაა პოლიტიკოსის თვისება, მე სახეზე მაწერია, ვინ მომწონს და ვინ – არა, რაც პოლიტიკისთვის მომგებიანი არ არის. ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს პოლიტიკური მუშტი-კრივი ბლომად დაუტრიალებიათ, ამიტომაც მშვენივრად შევეწყვე მათ ეს ერთადერთი ბერიკაცი. არაფორმალურ გარემოში ჭიქა ღვინოსაც ავწევთ ხოლმე, ხანდახან ჭადრაკსაც კი ვთამაშობ მათთან ერთად. თან, მე ჭადრაკი ძალიან მიყვარს. იცით, მე რას ვფიქრობ? თუ ვნახავ, რომ გუნდური თამაშის მსვლელობის დროს ჩემი აზრი სისტემატურად ეწინააღმდეგება გუნდის აზრს, მე თვითონ არ გავჩერდები. მინისტრიც ვყოფილვარ, სხვა თანამდებობებზეც მიმუშავია, მაგრამ არც ერთ სკამს არ დავკანკალებდი. ვერ ვიტყვი, რომ პარლამენტარობას ბევრი ხიბლი აქვს, ყოფით ჭრილში კიდევ ჰო, კარგი ხელფასია, სხვა ატმოსფერო.

– ატმოსფერო და ხელფასი არც მაშინ გქონდათ ცუდი, როცა განათლების მინისტრი იყავით.

– როცა მინისტრობას ხიბლი და დამსახურება ჰქონდა, კვაჭანტირაძე არავის გახსენებია. როდესაც მე განათლების მინისტრი გავხდი, გახურებული სამოქალაქო ომი იყო. მინისტრობა მაშინ გახურებულ თონეში თავით ჩაკიდებას ჰგავდა. იქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ხელფასი, მანქანაში ჩასასხმელი ბენზინიც არ გვქონდა. დღეს ისეთი დრო აღარ არის, მაგრამ დღესაც ისეთი ამბებია, ბედნიერი ვერ იქნები. მე არ ვარ გულუბრყვილო კაცი, მით უმეტეს პოლიტიკაში, მაგრამ მაჟორიტარობა მართლაც ქვის კოდვა ყოფილა. როცა ადამიანები შენში იმედის ნაპერწკალს ხედავენ და ფიქრობენ, რომ რაღაცაში შეეხიდები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შეძლებისდაგვარად, ვეხმარები ამ ხალხს. ჩემთვის კარი უფრო იოლად იხსნება, მაქვს ძველი კავშირები, თუმცა მათ ეფექტურად ვერ ვიყენებ. ჩემი ასაკის ხალხი კი არა, ვაგლახ, რომ უფრო ახალგაზრდებიც ნაადრევად გაუშვეს პენსიაზე. ძალიან ცუდია, რომ უფროსი თაობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა, როცა ითქვა, ასეთი, თუნდაც ბოტანიკური სისულელე: 40 წლის შემდეგ ხე არ ვარგა და ადამიანი როგორ ივარგებსო. ხეს გააჩნია, ზოგიერთი ხე სწორედაც რომ ასაკის მიხედვით ფასდება. ადამიანების ასაკზე ასე ხელაღებით მსჯელობა, ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ახლა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ეს დამოკიდებულება ცოტა შეიცვლა.

– თქვენ აშკარად ჯანდაცვის ახალი მინისტრის ჭაღარამ დაგამშვიდათ.

– კი (იცინის). მინისტრი ჭაღარა კი არის, მაგრამ ასაკით არაა მაინცდამაინც ხნიერი. ასაკი მთავარი არაა, მთავარი სულის სიჭაბუკეა, რომელიც თვალებში ეტყობა ადამიანს. ეს თუ ჩაუქრა, საქმე მაშინაა ცუდად. 80 წლის იყო გოეთე, როდესაც 17 წლის ქალიშვილი გადარია და ჭკუიდან გადაიყვანა თვალებში და არა მარტო თვალებში ჩამდგარი ცეცხლის გამო. ასაკთან ერთად ადამიანი არ უნდა დარჩეს ინტელექტუალურ ბიჭად. დროს თავისი გამოცდილება მოაქვს, ეს კაცს უნდა დაეტყოს. ასაკმა არ უნდა მოუჩლუნგოს კაცს სამყაროს აღქმის სიცინცხალე, სამყარო ისე უნდა აღიქვა, როგორც ახალთვალგახელილმა ბავშვმა. როდესაც გიჟურ გადაწყვეტილებებს ვიღებ, მეც ჭაბუკი მგონია თავი. ერთხელ მე და ჩემმა კოლეგებმა – კომისიის წევრებმა, ორიანზე შეფასებული თავისუფალი თემა ხუთიანზე შევაფასეთ. არც ვიცოდით, ვისი შეფასება გადავასწორეთ. წლები გავიდა და არ დამავიწყდება იმ გოგონას სახე, რომელიც შავებში შემოსილი შემოვიდა ჩვენთან. მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და როცა ჩვენი გადაწყვეტილება გაიგო, მთელი სახე ტალებით დაეფარა.

– თქვენი არაორდინარულობისთვის კვაჭანტირაძის ცნობილი როლინგებიც საკმარისი იყო, ესეც განსხვავებული იმიჯისთვის გჭირდებოდათ? როგორ შეელიეთ როლინგებს?

– როლინგებს ახლაც ვერ შეველიე, როლინგს აქვს ერთი დიდი უპირატესობა ეგრეთ წოდებულ „საროჩკასთან“, ღილები არ აქვს – გარგე თავი და მზად ხარ. როლინგი მოსახერხებელიც არის, დროსაც არ გაკარგვინებს, თუმცა არ ვარ ისეთი კაცი, რომელიც თითოეულ წუთს დაკანკალებს. მე ახლაც არ გამოვირჩევი კონსერვატიული ჩაცმულობით, არა იმიტომ, რომ პარლამენტს პატივს არ ვცემ. ღმერთმა დამიფაროს, როგორი შემადგენლობისაც არ უნდა იყოს ეს პარლამენტი და როგორ გადაწყვეტილებებსაც არ უნდა იღებდეს, მე ყოველთვის დავიცავ მის პრესტიჟს. მაგრამ, ეს არაა სამხედრო დაწესებულება, რომ აქ ყველა ერთნაირი ფორმით დადიოდეს. პრეზიდენტების ჩაცმულობაც კი შედარებით თავისუფალი გახდა. ტელევიზიით 1977 წლიდან გამოვდიოდი, იმ დროს გარკვეული ეტიკეტი იყო – ტელეეკრანზე ჰალსტუხით გამოჩენა. პირველივე ლექციაზე მივედი თეთრი როლინგით და ასე დავამთავრე. როცა ზაფხულში ძალიან ცხელოდა, „საროჩკა“ მეცვა, ხალათს ვერ ვიტყვი, რადგან ხალათი მაინც საღამურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლა კი ყველაფერს პროტესტს მიაწერენ და საკუთარი თავი მეამბოხეებად გამოჰყავთ. მაგრამ, ეს ჩემი ქცევა, იყო ცოტა ბავშვური და ცოტა გულუბრყვილო შინაგანი ამბოხი ჰალსტუხით გაყრონჭილი ელიტის წინააღმდეგ. ეს იყო სტიქიურად მიგნებული ჟესტი ჩემგან. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ 1975 წლიდან 1990 წლამდე ტელევიზიაში მოვესწარი კომიტეტის სამ თავმჯდომარეს და არ მახსოვს, რომელიმე მათგანს საჭიროდ მიეჩნია, ჩემთვის თუნდაც შინაურული შენიშვნა მოეცა, ან ლექციის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ანდა სხვა საკითხზე. იმ დროისთვის ბევრი სარისკო და მიუღებელი აზრიც მითქვამს ეკრანიდან, მაგრამ ჩემთვის არაფერი უკადრებია ტელევიზიის არც ერთ ხელმძღვანელს, რომლებთანაც საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ჩვენს შორის არ მომხდარა კამათი, ჩხუბზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

– თუმცა, ჩხუბისთავი, ალბათ, მაინც იყავით.

– ჩხუბს არ ვიწყებ, მაგრამ ჩხუბს ვამთავრებ ხოლმე. ვერაზე გაზრდილი კაცი ვარ და რასაკვირველია, მუშტი-კრივშიც მოვყოლილვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება ისე გავლიე, ფიზიკურად არავინ შემხებია. არც ახლა ვარ დიდი ტარიელ მკლავაძე, მაგრამ ადრე ფიზიკურად სუსტი ვიყავი. ჩემი ფუნქცია იყო ადამიანების შერიგება. ჩემი სკოლელები მხარში მედგნენ ყველა „მასტის“ ხალხთან. იყო ერთი მომენტი, რაც მე ხშირად მხვევდა კონფლიქტებში. როცა მეკითხებიან, შენი დადებითი თვისება რა არის ამდენი უარყოფითის ფონზეო. მიმაჩნია, რომ ძალიან მაქვს გამახვილებული სამართლიანობისა და თავმოყვარეობის გრძნობა. ამას გარდა, სულ ვამბობ, რომ უამრავი უარყოფითი თვისება მაქვს. გამოგიტყდებით და ეს ოჯახშიც ჰქონდათ შემჩნეული, ამიტომაც შემარქვა მამამ მეტსახელად „ავპოხუჟი“. როცა ჩემი მეუღლე მოვიდა პირველად ჩემს სახლში და იხილა ყანწზე გაკეთებული წარწერა „ჩემს ავპოხუჟს მამისგანო“, იკითხა: ავპოხუჟი რა არისო? მე ვუთხარი, ეგ რომ გცოდნოდა, შეიძლება, ეს ნაბიჯი არ გადაგედგა-მეთქი. ავპოხუჟი – ავის, პოხონდრიას და უჟმურის აბრევიატურაა (იცინის).

– მეუღლეს ბევრი ავპოხუჟური ქცევის ატანა უწევდა თქვენგან?

– მძიმე ხასიათი რომ მქონდა და ძნელი კაცი რომ ვარ უკუღმართი ხასიათით, ამას მე არც ვმალავდი. სხვის მიმართაც პრეტენზიული ვარ და საკუთარ თავთანაც. მეუღლე ახლაც მეუბნება: მამაშენი მართალი იყოო. ჩვენ 45 წელია, ერთად ვცხოვრობთ, სამი ქალიშვილი გავზარდეთ. კაცმა რომ თქვას, ბიჭი არც მიძებნია. ამ სამზეც არ გავჩერდებოდი, მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ ჰქონოდა. ახლა რაღა დროს ჩემი ავპოხუჟობის აუტანლობაა? ხუთი შვილიშვილი მყავს და უკვე შვილთაშვილისთვის ვართ მზად. არ ვიყავი ურიგო მეოჯახე, მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში გამოვჩნდი, ისეც ხდებოდა, რომ საზამთროს გამყიდველები ქუჩაში მომდევდნენ, რომ საზამთრო საბარგულში ჩაეტენათ. ეს ჩემი დამსახურება კი არა, ეკრანის ეფექტის დამსახურება იყო. კაცთაგან დიდი სუსხიც მიწვნევია, მაგრამ ისეთი სიყვარულიც მიმიღია, რაც არ დამიმსახურებია.

– ახლა ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ ხოლმე?

– ის, რაც მენატრება, არასდროს მენატრება იმიტომ, რომ მუდამ ჩემთანაა. დედაჩემი მენატრება, მაგრამ ის ჩემთანაა და რატომ უნდა მომენატროს? მიშა მესხი არასდროს მომენატრება, იმიტომ რომ მუდამ გვერდით მყავს თავისი არაჩვეულებრივი ფინტებით. ასევე არიან ჩემთან ერთად ამ ქვეყნიდან წასული ჩემი ძმაკაცები. საიქიო და სააქაო ცოტა პირობითი რამაა, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენთანაა, ყოველთვის გაკონტროლებს. მე ათასი სურვილი და ვნება მქონდა და მაქვს, მათ შორის ყოველთვის მხიბლავდა მშვენიერი სქესი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული მაინც წიგნია. ყველას თავ-თავისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ მე მართლა წიგნმა მაცოცხლა და მაცხოვრა...


скачать dle 11.3