ჰყავს თუ არა “ბოიფრენდი„ ელენე გედევანიშვილს
ამჟამად ელენე გედევანიშვილი ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ელენემ მოკლედ გვიამბო თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ. უფრო ვრცელ და ექსკლუზიურ ინტერვიუს დაგვპირდა ახლო მომავალში, კერძოდ, იანვარში, როდესაც თბილისში ჩამოვა გრანდიოზულ საახალწლო შოუზე.
– როგორ იწყება შენი დილა?
– დილა იწყება ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ ცუდად. კარგად, მაქვს მხედველობაში, როდესაც ადგები და ტანი გემორჩილება... მსუბუქი საუზმე და ჰერი-ჰერი ყინულისკენ სავარჯიშოდ. ვსწავლობ კოლეჯში ფსიქოლოგიურზე. შარშან კოლეჯში ვსწავლობდი, ნიუ-იორკში სამსახიობოზე, მაგრამ წელს გადავწყვიტე კოლეჯიც და პროფესიაც გამომეცვალა, რადგან რეალურად მინდა, ფსიქოლოგი გავხდე. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ხანდახან შაბათ-კვირასაც ვმუშაობ. ბავშვებს ვასწავლი, რაც ძალიან მომწონს. ბევრს ვკითხულობ და შაბათს საღამოს ვახერხებ შოუზე, თეატრში ან რაიმე ფართიზე წასვლას. გართობა, როცა პროფესიულ სპორტში ხარ, უნდა დაივიწყო.
– დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ?
– 4-5 საათი. გააჩნია, როგორ ვგრძნობ თავს, ახლა 2 კვირაში იაპონიის გრანპრია, 11 ნოემბერს კი – ამერიკის. ასე რომ, ორი დიდი ტურნირი მელოდება.
– გავიგე, ელენეს „ბოიფრენდი“ ჰყავსო, მართალია?
– არა. მართალია, თბილისის ყვითელმა პრესამ ბევრი ცილი დამწამა, მაგრამ რომ გითხრათ, არც ვბრაზობ, როცა პოპულარული ხარ, ამას უნდა შეეგუო.
– როგორი ხალხია მანდ, როგორი მეგობრები გყავს?
– „ძაან ნაის“, როგორც აქ იტყვიან. ყველა გიცინის, გესალმება, გისურვებს კარგ დილას, შუადღეს, საღამოს და ღამეს, რაც ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე. შეიძლება, სრულიად უცნობმა ადამიანმა გაგაჩეროს და გითხრას, რომ ძალიან მოსწონს შენი კაბა, ფეხსაცმელი ან თვალები. ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველდღე ხდება.
– აპირებ თუ არა საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას?
– რა თქმა უნდა, მე პატრიოტი ვარ.
– ვიცი, რომ იანვარში საახალწლო შოუ იდგმება და ჩამოსვლას აპირებ. უფრო დაწვრილებით თუ შეგიძლია მითხრა, რატომ, ჩამოდიხარ?
– ბათუმში იქნება გრანდიოზული შოუ, ჯერჯერობით, დაწვრილებით არაფერი ვიცი. მაგრამ, ჩამოსვლა უკვე დაგეგმილი მაქვს.