“მეექვსე გრძნობა„ საუკეთესო ექსტრასენსს გამოავლენს
განახლებული „მზე“ მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი „მეექვსე გრძნობაა“, რომელიც მომზადდება იმ ჯგუფის მიერ, პოპულარულ გადაცემას – „ექსტრასენსთა ბრძოლას“ რომ აკეთებდა. როგორც ახალი გადაცემის პროდიუსერმა გიორგი ჯაჯანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტი ფორმატით განსხვავებული იქნება „ექსტრასენსთა ბრძოლისგან“. პროექტში მონაწილე ექსტრასენსები თავად გადაწყვეტენ ერთმანეთის ბედს. „მეექვსე გრძნობაში“ მონაწილეობას მიიღებს 9 ექსტრასენსი. ისინი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალურ შოუს გვპირდებიან.
გიორგი ჯაჯანიძე: „პროექტს ხელმძღვანელობს ტელეკომპანია „მზის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მაკა ლომიძე. მას ძალიან საინტერესო სატელევიზიო ბექრაუნდი აქვს, შესაბამისად, „მეექვსე გრძნობა“, რომლის ზუსტი ანალოგიც სატელევიზიო სივრცეში არ არსებობს, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი უნდა იყოს. ექსტრასენსებს ორიგინალურ ექსპერიმენტებს შევთავაზებთ, მათ შორის დეტექტიური ჟანრისასაც, რაც ქართველი მაყურებლისთვის გამაოგნებელი იქნება“.