ვის ქორწილში შეიკრიბა „რუსთავი 2-ის“ სრული შემადგენლობა
წვიმიანი ოქტომბრის ერთ ლამაზ დღეს გადასარევი ამინდი გამოვიდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ულამაზეს მეუღლეს ფიფქივით თეთრი კაბა გადაურჩებოდა. წყვილის სიყვარულზე ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში გიამბეთ, დღეს კი მხოლოდ ქორწილის დეტალებზე ვისაუბრებთ. საინტერესოა, რომ ვასკას და მაიკოს ხელის მოწერის ცერემონიალი საერთოდ არ ჰქონიათ. შუადღისას, საღამოს ლოცვის დაწყებამდე, ნეფე-პატარძალი და მათი სტუმრები დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც წყვილს ჯვარი მამა რევაზმა დასწერა. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ვასკას და მაიკოს ეკლესიასთან დავხვდით და სწორედ იქ შევაფასეთ დედოფლის ჩაცმულობა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატარძალი სადად და ლამაზად გამოიყურებოდა – თამუნა ინგოროყვას თეთრი, იისფერი ელემენტებით გაფორმებული კაბა ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც, ალბათ, ყველა გოგონა ოცნებობს. მაიკოს მოხდენილად დაწნილი ხვეული თმა საქორწილო ვარცხნილობა იყო. ეს ვარცხნილობა, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, პატარძალს სალონ „ანა-მარიაში“ გაუკეთებია. პატარძლის ვიზაჟიც საოცრად ნაზი იყო. სიძეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ, ემჩნეოდა, რომ ძალიან ღელავდა. ქორწილი საკმაოდ მოკლე დროში მომზადდა და, როგორც ჩანს, ვასკა იმიტომ ნერვიულობდა, რომ უნდოდა, ყველაფერს ლამაზად ჩაევლო. ვასკას მეჯვარეები არიან დავით ჩიქოვანი და გიორგი ჩაგელიშვილი, ხოლო მაიკოს მეჯვარეები – მარიკა გიორგობიანი და სოფო აბესაძე.
ჯვრისწერის საიდუმლოს ზიარების შემდეგ სიძე-პატარძალმა და მაყრიონმა რესტორან „მუხამბაზში“ გადაინაცვლეს. ლამაზად გაფორმებულ დარბაზში სტუმრებს ნეფე-პატარძლის მშობლები იღებდნენ. ქორწილს ჩიქოვანების სრული შემადგენლობა ესწრებოდა. ქორწილში თამადა იყო პროფესორი და, რაც მთავარია არაჩვეულებრივი ადამიანი, ვახტანგ ლიჩელი, რომელიც საოცარი ინტელექტითა და იუმორით გაუძღვა სამასკაციან სუფრას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მაიკო გადასარევად ცეკვავს, ვასკა კი იმპროვიზირებულად, დაძაბულობის გარეშე მიჰყვა მას და ამიტომ, ნეფე-პატარძლის ტრადიციული ცეკვა ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ქორწილზე წყვილის ნათესავებსა და მეგობრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო: პირველ ყოვლისა, ცხადია, სიძის დედა, ქალბატონი დოდო შონავა, „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის სრული შემადგენლობა, გვანცა დარასელია მეუღლესთან ერთად. სხვათა შორის, შავ კაბაში გვანცა საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა; ასევე, ეკა სამხარაძე მეუღლესთან, ნოე სულაბერიძესთან ერთად. უნდა ითქვას, რომ „ინტუიციის” გენერალური პროდიუსერი „რუსთავი 2-ის „ტუსოვკაზე” გადასარევად გრძნობდა თავს. იქვე იყვნენ ოთარ ქირია და პაატა გულიაშვილი, ასევე ცოლებთან ერთად.
ახალდაქორწინებულებმა საჩუქრად ძალიან ბევრი საოჯახო ნივთი მიიღეს. ვასკამ და მაიკომ ახლა გაარემონტეს სახლი და გადავიდნენ, ასე რომ, საყოფაცხოვრებო ნივთები ყველაზე მეტად გამოადგებათ. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა, როგორც ვასკამ დაარქვა – პატარა „ხიპიშიც”, ლამაზი, ტრადიციული სადღეგრძელოები და ყველაფერი ის, რაც კარგ ქართულ ქორწილს ახლავს თან. გართობა გვიან ღამემდე გაგრძელდა.