რაში დაიხარჯა ლადო გურგენიძის ინიციატივით აღებული 500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი და რატომ იხდის ამის გამო საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 35 მილიონს
ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წლიდან ჩვენი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უპრეცედენტოა და, ამის პარალელურად, მოწინავე ადგილებსაც ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში. ამის ფონზე საქართველოს საგარეო ვალმა უკვე ლამის შვიდ მილიარდ ლარს მიაღწია. არის თუ არა ჩვენი საგარეო ვალი ჩვენ მიერვე დეკლარირებული ეკონომიკური წარმატებების ადეკვატური, – თემაზე ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ის სრული პროფესორი ნოდარ ხადური გვესაუბრება.
– გადავხედოთ ჩვენი საგარეო ვალის დინამიკას 2004 წლიდან დღემდე?
– 2004 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვალი იყო მილიარდ 152 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2010 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობის თითქმის ნახევარია. ანუ ახლა გვაქვს 3 მილიარდ 574 მილიონ 306 ათასი დოლარი საგარეო ვალი. გაზრდილია მრავალმხრივი კრედიტორების, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროგაერთიანების ვალი: თუ 2004 წლის იანვარში ეს თანხა მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახლა არის ორ-ნახევარი მილიარდი დოლარი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი: მაშინ იყო 290 მილიონი დოლარი, დღეს კი მილიარდ დოლარზე მეტია. თითქმის გაორმაგებულია მსოფლიო ბანკის სესხიც: იყო 590 მილიონი, ახლა კი მილიარდზე მეტია. არსებობს სხვადასხვა სტანდარტი, თუმცა, ევროკავშირის სტანდარტით, საგარეო ვალი არ უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60-პროცენტზე მეტი. საქართველოსთვის საგარეო ვალი არ არის მთლიანი შიდა პროდუქტის 60-პროცენტზე მეტი: დაახლოებით, ექვს-ნახევარი მილიარდი ლარია საქართველოს საგარეო ვალი და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 18 მილიარდია, ეს, დაახლოებით, 30 პროცენტი გამოდის და გული ამით შეიძლება, დავიმშვიდოთ.
– 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა პარლამენტში და ის თითქმის 7 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ესე იგი, გაუტოლდა საგარეო ვალს. ეს თუ გვაძლევს გულის დამშვიდების საფუძველს?
– შევადაროთ სახელმწიფო ადამიანს: ადამიანმა შეიძლება, აიღოს მილიონი დოლარი ვალი, მაგრამ თვეში 100-100 ლარი ჰქონდეს გადასახდელი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტყვით, მართალია, დიდი ვალი აქვს, მაგრამ ვალის გადახდის გრაფიკი მას აძლევს საშუალებას, რომ ვალი დაფაროს.
– ჩვენი საგარეო ვალი გვაძლევს ასეთ საშუალებას?
– წელს და გაისად გვაძლევს, 2012 წელს ცოტა იმატებს, 2013 წელს კი ძალიან იმატებს. 2013 წელს ევრობონდებით გვექნება გადასახდელი ნახევარი მილიარდი დოლარი.
– ეს, თუ არ ვცდები, ის ნახევარი მილიარდია, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის, ინიციატივით ავიღეთ. ვერავინ მითხრა, რას მოხმარდა ეს თანხა. თქვენ ხომ არ იცით?
– რატომ აიღეს, არ ვიცი, მაგრამ ეს არის შვიდპროცენტიანი სესხი.
– პროცენტი მისაღებია?
– არც ისე დაბალია, ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 35 მილიონი უნდა ვიხადოთ ამ ვალისთვის. თავის დროზე, როდესაც ეს ვალი აიღეს, თქვეს: შევქმნათ მომავალი თაობის განვითარების ფონდიო, მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, ომი დაიწყო და, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბიუჯეტში გარღვეული თანხების დასაფინანსებლად გამოიყენეს ეს თანხა.
– ის პროექტიც ლადო გურგენიძის პრემიერ-მინისტრობისას ჩაისახა, მაგრამ ჩაიშალა განხორციელება, ახალშობილებს ახლა აღარც სახელმწიფო ურიცხავს თანხას და აღარც ბანკები უმატებენ.
– მაგ პერიოდს მოჰყვა 2008 წლის ომი.
– კონკრეტულად რა თანხას ვიხდით ამჟამად საგარეო ვალების მომსახურებაზე და როგორ იცვლება მათი დინამიკა?
– წელს დაახლოებით 95 მილიონი დოლარი ვალი გვაქვს გადასახდელი, გაისად – 124 მილიონი დოლარი გვექნება; 2012 წელს – 275 მილიონი დოლარი უნდა გადავიხადოთ; 2013-ში კი – 770 მილიონ დოლარზე მეტი, ანუ დაახლოებით რვაჯერ მეტი, ვიდრე 2010 წელს. აი, ეს არის საშიში და არა ის, რამდენი გვაქვს ვალი.
– საგარეო ვალის იმ მაჩვენებელს, ანუ ექვს-ნახევარ მილიარდ ლარს აკლდება ეს თანხა თუ ჯერჯერობით მხოლოდ ვალის პროცენტებს ვიხდით?
– ძირითადი ვალის გადახდა არ დაგვიწყია, მაგრამ 2013 წლიდან მოგვიწევს და მე ეჭვი მაქვს, რომ ძველი ვალის დასაფარავად 2013 წელს ახალი ვალი უნდა ავიღოთ. რადგან მე ვერ ვხედავ იმის რესურსს, რომ 2013 წელს ნახევარი მილიარდი დოლარის გადახდა შევძლოთ.
– გადავხედოთ საგარეო ვალს ქვეყნების მიმართ: ვისი დაგვაკლდა, ვისი მოგვემატა?
– მაგალითად, 2004 წელს უზბეკეთის ვალი 800 მილიონი გვქონდა, დღეს გვაქვს 355 მილიონი, ანუ გავანახევრეთ.
– რუსეთის ვალზე რა ხდება?
– რუსეთის ვალი 2004 წელს 156 მილიონი დოლარი გვქონდა, წელს გვაქვს ასჩვიდმეტ-ნახევარი მილიონი დოლარი.
– როგორც ეკონომიკის ექსპერტი, რას ფიქრობთ, უზბეკეთის ვალის განახევრებას, არ ჯობდა, რუსეთი მოგვეშორებინა თავიდან, როგორც მევალე მაინც?
– დაკლებულია 40 მილიონი დოლარით, თუმცა ცხადია, რომ რუსეთის ვალი ისევ გვაქვს. თუ ქვეყნების ვალის მიხედვით განვიხილავთ, ყველაზე მნიშვნელოვანია გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ყაზახეთის ვალი. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს: 3,5-მილიარდიანი ვალიდან ორი მილიარდი მოდის სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკზე.
– გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი გვაქვს, რამე წინაღობის შექმნა თუ შეუძლია ამ ვალს?
– ეს ორგანიზაციები თანხას გვაძლევენ იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკა შემდეგ ადეკვატური იყოს. ანუ ეს გარკვეული ვალდებულებების აღებაცაა ამ ორგანიზაციების წინაშე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს თანხა, რომელიც დაემატა ჩვენს ვალს, მნიშვნელოვნად უკავშირდება ომს. 2008 წლის ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, მოხდა უპრეცედენტო რამ და ომისგან დაზარალებულ საქართველოს ოთხ მილიარზე მეტი დოლარი მიეცა. აქედან ორ-ნახევარი მილიარდი იყო ვალი და ეს თანხა მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
– საგარეო ვალის მომსახურების გასასტუმრებლად, დიდი ალბათობით, ახალი ვალის აღება მოგვიწევს. შემდეგ იმის დასაფარავადაც ახალ ვალს ავიღებთ? ეს პროცესი ასე პერმანენტულად უნდა გაგრძელდეს? როგორ უვლიან ხოლმე ამ პრობლემას ჩვენი ზომისა და გაქანების ქვეყნებში?
– სხვადასხვა გამოცდილება არსებობს. ქვეყნებს, რომლებსაც ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და მადლობა ღმერთს, საქართველო მათ რიცხვს არ განეკუთვნება, საერთაშორისო ორგანიზაციები პატიობენ ვალებს და ჩამოაწერენ ხოლმე. თუმცა არის ქვეყნები, რომლებმაც გაისტუმრეს საგარეო ვალები. შესაძლოა, კარგი მაგალითი არ არის, მაგრამ რუსეთმა საბჭოთა კავშირის საგარეო ვალი მთლიანად გაისტუმრა.
– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამანაც შეაგულიანა ომისთვის.
– ვიცი, რომ რუმინეთმაც გაისტუმრა ვალი მთლიანად, თუმცა შემდეგ ისევ გახდა იძულებული, რომ აეღო. ანუ ვალების აღება-გასტუმრება პერმანენტული პროცესია, რადგან ქვეყნებს არ ახასიათებთ თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ცხოვრება, ისევე, როგორც ადამიანებს ხშირად უნდათ, რომ უფრო მეტი დახარჯონ, ვიდრე შეუძლიათ. სახელმწიფოც რატომ იღებს ვალს? იმიტომ რომ, რაღაც ხარჯების გაწევა უნდა, რომლის რესურსიც ქვეყანაში არ არსებობს. ქვეყანამ ან თავისი რესურსი უნდა გამოიყენოს ოპტიმალურად და მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს, ან მეორე ვარიანტი არჩიოს: ვალებით გააკეთოს რაღაც-რაღაცეები და შემდეგ იმ ვალის გადახდა მომავალ თაობებს გადააბაროს, როდესაც თავად წავა პოლიტიკური სცენიდან. პრობლემის არსი ის არის, რომ, თუ ვიღებ ვალს, რომელიც უნდა გაისტუმროს მომავალმა თაობამ; მაშინ მე ისე უნდა დავხარჯო, რომ ამ მომავალ თაობას გამოადგეს. ვულგარულ მაგალითს მოვიყვან: რომელიმე ბანკიდან შემიძლია, ავიღო სესხი, ვთქვათ, 1 000 დოლარი და ორი კვირის განმავლობაში არ გამოვიდე რესტორნიდან, მაგრამ, როდესაც ამ ვალის გადახდის დრო დამიდგება, ფაქტია, ვერ გადავიხდი. მაგრამ, თუ მე ეს თანხა ჩავდე საქმეში, ის დაიწყებს ფულის მოტანას და ვალსაც მარტივად გადავიხდი. ამიტომაც მიიჩნევა, რომ სახელმწიფოც ანალოგიური ღონისძიებებისთვის უნდა იღებდეს ვალს და არა ზოგადად.
– ჩვენ მიერ აღებული ვალის ოდენობა თუ არის ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატური?
– ჩვენთან აღებული ვალების დიდი ნაწილი ხმარდება ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
– როგორც გვიხსნიან, ტურიზმისთვისო.
– ამიტომ ვამბობ, ამ ყველაფერს დათვლა სჭირდება: რამდენი ტურისტი შეიძლება, დაეტიოს საქართველოში?! ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა იყოს დივერსიფიცირებული. არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ერთ რომელიმე დარგზე, თორემ, რა შედეგიც მოგვიტანა საბჭოთა კავშირში მონოკულტურულმა ეკონომიკამ, უკვე ვიცით. დასავლეთ საქართველო ციტრუსებსა და ჩაიზე იყო ჩამოკიდებული და დღეს გაღატაკებულია სოფლის მეურნეობა, აღმოსავლეთი საქართველო – ღვინოსა და ხილზე და იმის გამო, რომ ბაზარზე შეზღუდვებია, ორივე რეგიონში დიდი პრობლემებია. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ მხოლოდ ერთი სფეროს იმედად არ უნდა გვქონდეს ამხელა სესხების გასტუმრების იმედი.
– გარდა იმისა, რომ ბევრი ვალი გვაქვს, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს: უმწეოთა კატეგორიაში მოსახვედრად ლამის ჩვენი მოსახლეობის ნახევარი იბრძვის, არადა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველომ იაპონიაც ჩამოიტოვა და გერმანიაცო?
– მოდი, ვთქვათ, რომ ყველა რეიტინგი ემყარება გარკვეულ მეთოდიკას და ეს მეთოდიკები განსხვავებულია. ყველაზე ცნობილი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ჩვენ მეთერთმეტე ადგილზე ვართ და 4 ნოემბერს გამოქვეყნდება ახალი რეიტინგი, სადაც შეიძლება, მეშვიდეზე ვიყოთ, სულაც არ ასახავს ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობას. ეს რეიტინგი ასახავს ეკონომიკის შესაძლებლობას. მართლაც, შესაძლებელია, რომ საქართველოში მე და თქვენ ახლა წავიდეთ საჯარო რეესტრში და ერთი კარგი შპს შევქმნათ, მაგრამ მერე?! არაფერი! შეიძლება, ადამიანი მარტივად დავიქირავოთ სამსახურში და შემდეგ ადვილადვე გავუშვათ.
– ჩვენი შრომის კოდექსი სწორედ ამ ნიშნის გამო ძალიან მოსწონს ჩვენს პრემიერ-მინისტრს, თუმცა რეალურად, ჩვენ, დაქირავებულები, თითქმის მონის უფლებებით ვსარგებლობთ?
– როდესაც ცხოვრების დონის მიხედვით, ჩვენ 118-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, მესამე ადგილზე ვართ ამიერკავკასიაში. არაფერს ვამბობ რუსეთსა და თურქეთზე და თითქმის მეზობელ უკრაინაზე. თუკი აზერბაიჯანში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 000 დოლარია, სომხეთში კი – 5 600, საქართველოში ეს მაჩვენებელი 4 500 დოლარია. აი, ამით ჩანს, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლად ისე კარგადაც ვერ არის. ახლა გადავხედოთ უმუშევრობას: ჩვენთან ეს მაჩვენებელი 16,9 პროცენტია, აზერბაიჯანსა და სომხეთში, დაახლოებით – 7 პროცენტი. ამიტომ სესხები, რომლებსაც ვიღებთ, უნდა გამოვიყენოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიოში საქართველო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. 2007 წელს საქართველოში ორ მილიარდ დოლაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; 2008 წელს – მილიარდ-ნახევარი, გასაგებია, რომ ომმა თავისი შედეგი გამოიღო და 2009 წელს – 660 მილიონის ინვესტიცია; წელს, პირველ კვარტალში კი – მხოლოდ 80 მილიონის.
– მაგრამ ისიც ხომ დიდი შეღავათია, თუ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის განვითარების პოტენციალი ჰქონია?
– ჩვენს ეკონომიკაში ადვილია საქმის დაწყება; ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მარეგულირებელი აქტია გაუქმებული და ეს ბიზნესისთვის ხელსაყრელია; ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი ლიბერალურია; გადასახადების რაოდენობა ნაკლებია; კეთდება ინფრასტრუქტურა, ანუ არის რაღაც საკითხები, რომლებშიც აშკარა უპირატესობები გვაქვს, მაგრამ საჭიროა ამ უპირატესობების გამოყენება. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში დგას რუსის ტანკები და, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენი აქტივების 10-დან 15-პროცენტამდე რუსეთის ხელშია. ინვესტორი კი ყველაზე ფრთხილი ადამიანია მსოფლიოში. ის რეიტინგსაც უყურებს და იმასაც, რა დგას ამ რეიტინგის უკან. როგორც ჩანს, ელოდებიან, ვინმე სერიოზული ინვესტორი თუ გაბედავს და ჩადებს ფულს საქართველოში, რომ თვითონაც მოჰყვნენ.
– ტრამპი შეიძლება, მივიჩნიოთ ასეთ სერიოზულ ბიზნესმენად, რომელსაც სხვებიც მოჰყვებიან?
– გააჩნია, რა ინვესტიციას განახორციელებს ბატონი ტრამპი.
– „თბილისი თაუერს“ ააშენებსო?
– ძალიან კარგია, მაგრამ საქმე ისაა, რა უნდა მივიჩნიოთ ინვესტიციად. ტრამპისთვის ან სხვისთვის ინვესტიცია იქნება ნებისმიერი თანხა, რომელსაც დაბანდებს იმისთვის, რომ მომავალში მოგება მიიღოს, მაგრამ საქართველოსთვის ის ინვესტიციაა მნიშვნელოვანი, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, საქართველოში უმუშევრობა 16,9 პროცენტია, ამავე დროს საქართველოს მოსახლეობიდან მხოლოდ 600 000 იღებს ხელფასს, როგორს, ეს უკვე სხვა საკითხია. არადა საქართველოში 2 მილიონ 200 ათასი ადამიანია სამუშაო ძალა, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ. უმუშევრად ითვლება – 330 000, დარჩა მილიონზე მეტი, რომლებიც მიიჩნევიან თვითდასაქმებულებად. ესენი არიან გლეხები, რომლებსაც მხოლოდ მიწა აქვთ და მეტი არაფერი; რეპეტიტორები; ტაქსის მძღოლები, რომელთა ცხოვრების დონე ისევე დაბალია, როგორც იმ 330 000 უმუშევრის. შესანიშნავია, როდესაც ტრამპი ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, ვინმემ ააშენოს ფაბრიკა, ქარხანა, შემოიყვანოს ტრაქტორები და სოფლის მეურნეობის პროდუქცია აწარმოოს.
– რა შემთხვევაში შეიძლება, ითქვას, რომ გარდატეხა მოხდა ჩვენს ეკონომიკაში?
– ამას სჭირდება უცხოური ან ადგილობრივი ინვესტიციები. სამწუხაროდ, საქართველეში დანაზოგების რაოდენობა მცირეა, ანუ დამოკიდებული ვართ უცხოელებზე. ჩვენ მათ ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომელიც სხვაგან არ აქვთ, რომ თქვან, მე ფულს დავაბანდებ არა შვეიცარიაში, არამედ საქართველოშიო.
– ხომ იყო მსგავს რამეზე ლაპარაკი? თუ არ ვცდები, ისევ იმავე გურგენიძის პრემიერ-მინისტრობისას?
– დიახ, სწორედ მაშინ შეიქმნა კანონი საქართველოში გლობალური ფინანსური ცენტრის შექმნის შესახებ, მაგრამ დღეს ეს კანონი გაუქმებულია. ცხადია, მე რომ მივიღო კიდეც კანონი, რომ ყველაზე მაგარი ვარ, ამას შედეგი არ ექნება. სხვამ უნდა გაღიაროს, როგორც მსოფლიოს საფინანსო ცენტრი და ამას არანაირი კანონი არ სჭირდება.