კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არასრულწლოვანთა დასჯის რა ფორმა აიკრძალა ახალი კოდექსით და ვისთვის განახლდება გრძელვადიანი პაემნები



1 ოქტომბრიდან, ახალ საპროცესო კოდექსთან ერთად, ძალაში შევიდა კოდექსი პატიმრობის შესახებ, რომელზეც კანონმდებლები, სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები, იურისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ. ახალი კოდექსით, გაიზარდა როგორც პაემანზე დასაშვებ პირთა წრე, ასევე პაემნების ხანგრძლივობა. ცვლილებებია გრძელვადიანი პაემნებისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემასთან დაკავშირებითაც. ამ სიახლეების შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის თანაშემწეს ტატო ქელბაქიანს გავესაუბრეთ.



ტატო ქელბაქიანი: კოდექსი პატიმრობის შესახებ გაზაფხულზე იქნა მიღებული, თუმცა ძალაში შევიდა 1 ოქტომბრიდან. მოგეხსენებათ, სწორედ ამ პერიოდში ამოქმედდა ახალი საპროცესო კოდექსი. ეს ორი კოდექსი ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და სწორედ ამიტომ დაემთხვა ერთმანეთს მათი ძალაში შესვლა. პატიმრობის შესახებ კოდექსის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი; შესაბამისად, გათვალისწინებული იყო ყველა ის არსებითი და შინაარსობრივი წინადადება, რაც ამ ადამიანებს გააჩნდათ. აქამდე არსებობდა კანონი პატიმრობის შესახებ, რომელიც არ შექმნილა დიდი განხილვის შედეგად, ერთი უწყების მიერ შედგენილ დოკუმენტში ყველაფერი ვერ იქნება გათვალისწინებული და არ აისახება ყველა ის მოთხოვნა, რაც ამ სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. კოდექსის მიღებამდე პროექტმა ექსპერტიზა გაიარა ევროსაბჭოში, რის შედეგადაც გათვალისწინებული იქნა იმ რეკომენდაციების უმეტესობა, რომლებიც ევროსაბჭოსგან მივიღეთ. სახეცვლილი დოკუმენტი კიდევ გაიგზავნა ექსპერტიზაზე, რადგან, ჩვენი მიზანი იყო, კოდექსი პატიმრობის შესახებ მთლიანად ჩამჯდარიყო ევროსაბჭოს სტანდარტებში.

– მაგრამ, ევროსაბჭოს ბევრი ისეთი რეკომენდაცია აქვს, რომლის მიღებაც ქართულ რეალობაში შეუძლებელია.

– ჩვენმა დოკუმენტმა ევროსაბჭოსგან ძალიან კარგი შეფასება მიიღო. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ახალ კოდექსში ისეთი ლიბერალური მიდგომები გვაქვს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი არ არსებობს. რაც შეეხება იმ რეკომენდაციებს, რაც რეალურად ვერ გავითვალისწინეთ, არის პატიმრის მინიმალური საცხოვრებელი ფართი. საშუალებებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს ყველა ქვეყანას თავისი მოდელი აქვს. ევროსაბჭოს სტანდარტით ეს კრიტერიუმი ერთ პატიმარზე 4 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაგრამ ამ მოთხოვნას აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, მაგალითად, პოლონეთსა და ბულგარეთს არ აქვს გამოყოფილი ერთ პატიმარზე ასეთი ფართი, თუმცა, არის ქვეყნები, (მაგალითად, შესაძლოა, შვედეთი მოვიყვანოთ), სადაც პატიმრის მინიმალური საცხოვრებელი ფართი 9 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ჩვენთან, ახალ ციხეებში, პატიმრის მინიმალური საცხოვრებელი ფართი 3-3,5 მეტრია და ეს არის ჩვენი სისტემის ერთადერთი შეუსაბამობა ევროსაბჭოს მოთხოვნებთან, მაგრამ ეს არ არის არსებითი მომენტი, მით უმეტეს, ახალ კოდექსში გვიწერია, რომ პერიოდულად ამ ნიშნულს მივუახლოვდებით, ეს სტანდარტი უკვე გვაქვს დაცული ციხის საავადმყოფოში – ქალებისა და არასრულწლოვნების საპატიმრო ადგილებში პატიმრის მინიმალური საცხოვრებელი ფართი ევროსაბჭოს სტანდარტთან მიახლოებულია.

– რა არსებითი ცვლილებები შევიდა კოდექსში პატიმრობის შესახებ?

– ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კოდექსში შევიდა, გახლავთ ის, რომ გაიზარდა იმ ადამიანთა წრე, ვისაც პატიმართან პაემანზე შესვლა შეუძლია. თუ აქამდე პატიმართან შეხვედრა შეეძლო მეუღლეს, შვილს, დედას, მამას, ახლა ამ წრეს დაემატნენ დეიდა, მამიდა, ბიძა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, დისშვილი, ძმისშვილი. არის ძალიან ბევრი პატიმარი, რომლებსაც არც დედა ჰყავთ, არც მამა და არც მეუღლე, ასეთ შემთხვევებში ეს ხალხი პაემნის უფლების გარეშე იყო დარჩენილი. ახლა ეს ხარვეზი აღარ იქნება, ამასთან ერთად ქართული რეალობიდან გამომდინარე, ბიძაშვილ-მამიდაშვილი ძალიან ახლო ნათესავად ითვლება. პროცედურულად, პაემნის მოწყობა საკმაოდ მარტივია: პაემანი უნდა დანიშნოს საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. ხალხის დიდი ნაკადის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს. 1 ოქტომბრიდან გაიზარდა პაემნების ხანგრძლივობაც, თუ ადრე პაემანი გრძელდებოდა ერთი საათი, ახლა ამ დრომ ორ საათამდე მოიმატა. არასრულწლოვნებს თვეში ოთხი პაემნის უფლება აქვთ, ქალ პატიმრებს – თვეში სამჯერ. ამ კატეგორიის მსჯავრდებულებზე არ მოქმედებს დანაშაულის სიმძიმე. რაც შეეხება მამაკაც პატიმრებს: დახურულ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს თვეში ერთი პაემნის უფლება აქვთ, ნახევრად ღია დაწესებულებაში მოთავსებულთათვის კი თვეში ორი პაემანია განსაზღვრული. არ არსებობს პატიმარი, რომელსაც პაემნის უფლება არ აქვს, მას ამ უფლებას დასჯის მიზეზითაც კი ვერავინ ჩამოართმევს.

– არასამთავრობო სექტორი კატეგორიულად ითხოვდა გრძელვადიანი პაემნების აღდგენას, ახალ კოდექსში ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია?

– უკვე ხუთი წელია, რაც გრძელვადიანი პაემნები აღარ მოქმედებდა, ახალი კოდექსით კი ის კვლავ აღდგება, თუმცა, თავიდან გრძელვადიანი პაემნების საშუალება მიეცემათ მხოლოდ არასრულწლოვნებს. ამ პრობლემის გადაწყვეტა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, ახლა ორჯერ მეტი პატიმარია საპატიმრო დაწესებულებებში, ვიდრე ხუთი წლის წინ, მაშინ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ახლა, მით უმეტეს, ამდენი პატიმრისთვის, გრძელვადიანი პაემნების მოწყობა იოლი არ არის. ფაქტობრივად, ადამიანს უნდა გაუკეთო სასტუმრო მაცივრით დაწყებული და საშხაპით დამთავრებული. დროთა განმავლობაში, როცა გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას შევძლებთ, მოხდება ამ ცვლილების განზოგადება პატიმართა ყველა კატეგორიაზე, თუმცა, უახლოეს მომავალში ამის გაკეთება, ალბათ, გაგვიჭირდება. მართალია, გრძელვადიანი პაემნები ოჯახურ ურთიერთობებზეა გათვლილი, მაგრამ კოდექსი არ ზღუდავს ასეთ პაემნებზე შემსვლელთა წრეს, რომელიც ამ შემთხვევაშიც ისე განისაზღვრა, როგორც მოკლევადიანი პაემნების დროს. გრძელვადიანი პაემანი შეიძლება დაინიშნოს სამ თვეში ერთხელ, 2 დღე-ღამის ვადით.

– რამდენადაც ცნობილია, მალე პატიმრებს მიეცემათ პირადი კომპიუტერის ფლობის უფლება, ამის განხორციელება რეალურია?

– რატომაც არა, ადმინისტრაციის ნებართვით, წახალისების ღონისძიების სახით, გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ საკუთარი კომპიუტერი, ოღონდ, არც ერთ კომპიუტერი არ ჩაირთვება ინტერნეტში. პატიმარმა კომპიუტერის მეშვეობით შეიძლება შეისწავლოს საოფისე პროგრამები, დაკაბადონება, ფოტოშოფი, მაგრამ მას ვერ მივცემთ საშუალებას, რომ ინტერნეტის მეშვეობით ახალი დანაშაული დაგეგმოს. ინტერნეტის უფლება პატიმრებს არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ. დაწესებულება ვალდებულია, მისცეს მსჯავრდებულს ინფორმაციის ის საშუალება, რისი საშუალებაც აქვს მას. პატიმარს ინფორმაციის წყარო გადაკეტილი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, წყაროს ფორმა ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. ჩვენი საპატიმროს მაღაზიებში იყიდება პრესა. ჩვენ ვაპირებთ დავნერგოთ შიდა ქსელი „ინტრანეტი,“ პატიმრებს კომპიუტერებში ჩატვირთული ექნებათ ლიმიტირებული ინფორმაცია, რაც მათ საჭირო ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემთ. „ინტრანეტი“ პირველ ყოვლისა, არასრულწლოვანებში და ქალთა საპატიმროში ჩაირთვება.

კოდექსის უმნიშვნელოვანესი სიახლეა დაწესებულებების სახეები და პატიმრების განთავსების პრინციპი. ახლა შეიცვალა ტერმინები და განთავსების პრინციპი. თუ ადრე საპყრობილეში იყო დახურული და ზონის რეჟიმები, ორივე რეჟიმში დიფერენცირებული იყო საერთო და მკაცრი რეჟიმები, ახლა რეალურად დიფერენცირება არ ხდება, დახურულ და ნახევრად ღია რეჟიმებში აღარ იქნება დიფერენციაცია და ყველა პატიმარი ერთნაირ პირობებში აღმოჩნდება. ცალკე წესი იმოქმედებს არასრულწლოვანთა და ქალთა საპატიმროებში. ახალი კოდექსით, განათლებისა და შრომის უფლება ეძლევათ მიუსჯელ პატიმრებსაც, ადრე ეს უფლება მხოლოდ მსჯავრდებულებს ჰქონდათ.

– საკმაოდ დიდი პრობლემები იყო ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემასთან დაკავშირებით. ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე?

– ცვლილებები ამ მხრივაც გვაქვს, არსებითად იცვლება ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა. ადრე საბოლოო რგოლი იყო სასამართლო ინსტანცია, რომელსაც მიმართავდა კომისია პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის. ახლა შეიქმნება რეგიონული ადგილობრივი საბჭოები, ამ სისტემის დეცენტრალიზაცია ბევრად უფრო მარტივად გადაწყვეტს პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს. ეს მოდელი მუშაობს დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. საბჭოებში შევლენ როგორც სამინისტროს, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლები. საბჭო ჩაატარებს მოსმენას და ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. სპეციალურად დამუშავდა პატიმრის შეფასების კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. პატიმართან პირადი კონტაქტის დროს კომისია უფრო ადვილად მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, ამ შეღავათით ისარგებლოს.

– ახალი კოდექსი განსაზღვრავს პატიმრის გარეგნული ფორმის, ქცევის, ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ნორმებს?

– დებულების მიხედვით, კვლავ აკრძალულია მჩხვლეტავი, ბასრი საგნები. ეს არის ევროპული სტანდარტი, მაგრამ ჩვენ ჩვენი სპეციფიკაც გვაქვს – ჩვენს ციხეებში აკრძალულია ბანქო, რომლის გამოც ძალიან ბევრი პრობლემა იქმნებოდა, რადგან პატიმრები „მაზიანებს“ თამაშობდნენ. ახლა ჩვენი პატიმრები ჭადრაკს თამაშობენ.

– „მაზიანების“ დადება ჭადრაკის თამაშის დროსაც შეიძლება.

– ნაკლებად. რისკი ბანქოსთან და კამათელთან დაკავშირებით უფრო მაღალი იყო. რაც შეეხება გარეგნულ ფორმას, თუ პატიმარს არ აქვს ტანსაცმლის შეძენის საშუალება, სახელმწიფო ვალდებულია, ჩააცვას მას. კოდექსში დამატებითი სამართლებრივი გარანტიებია ჩადებული, თუ როგორ უნდა მოხდეს პატიმრის საჩივრის მისვლა ადრესატამდე, ამას გარდა, მისი წაკითხვა ვერავინ ვერ უნდა მოახერხოს. კოდექსში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს კონვერტის აღრიცხვა, კოდისა და რეგისტრაციის ნომრის დადება. პატიმრისთვის საყვედურის გამოცხადებამდე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს პატიმარს – ეს სტანდარტი ესტონეთშიც კი არ მუშაობს. დასჯის პროცედურებად კვლავ რჩება გაფრთხილება, საყვედური, სიმარტოვე საკანში და კარცერში მოთავსება, თუმცა, ეს უკანასკნელი ზომა საერთოდ აიკრძალა არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. პატიმრების ქცევასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ კოდექსი განსაზღვრავს პატიმრისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის წესს. განსაკუთრებული ცვლილებები ამ მხრივ არ გვაქვს, ჩამოყალიბებულია მიმართვის ფორმები: როგორც პატიმარი, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ერთმანეთს თქვენობით უნდა მიმართავდნენ.

– ეს ქართული რეალობისთვის უკვე მეტისმეტად უტოპიური იდეაა.

– შესაძლოა, ამის დანერგვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მთელი სისტემის კონტროლიც ძალიან რთულია, თუმცა, ჩვენ მუდმივად მოვახდენთ კანონის განხორციელებაზე მონიტორინგს და ამისთვის ახალ კადრებსაც ვამზადებთ. ვერავინ გააკონტროლებს, ვთქვათ, ხონის ციხის ადმინისტრაცია „ბატონობით“ მიმართავს თუ არა მსჯავრდებულებს, მაგრამ, ეგებ ეს დროც დადგეს და ციხის უფროსმაც თქვენობით მიმართოს პატიმარს (იცინის).


скачать dle 11.3