კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიძულებს ქართული კანონმდებლობა მომავალ დედებს, არ იყოლიონ შვილები და რატომ ითვლება დანაშაულად დედობა





ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატეხა ჩვენმა მედიამ, როგორც ბეჭდურმა, ისე ელექტრონულმა, უკანონო აბორტების თემაზე, მოიშველია რა ქართული კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ 12 კვირამდე აღიარებს აბორტს კანონიერ მოვლენად, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სამედიცინო მანიპულაცია ოფიციალურად ფორმდება. მეორე მხრივ, შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილებაც, რომ მთავარი პრობლემა აბორტების აღრიცხვაა (ვითომ იმიტომ, რომ ბიუჯეტმა არ იზარალოს?!), თუმცა, როდესაც „საქართველოს შრომის კოდექსს“ გადახედავ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: არის თუ არა ქართული სახელმწიფო აბორტების თანამონაწილე და წამქეზებელი? თემაზე, როგორ იცავს ჩვენი კანონი დედებისა და ბავშვების უფლებებს და რატომ ვერ გასცდა დედებისა და შვილების დაცვა სადღეგრძელოს, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გვესაუბრება.



– განაწყობს ჩვენს მოქალაქეებს დედობისთვის, თუნდაც, მამობისთვისაც, ქართული კანონმდებლობა?

– მოდი, ასე ვთქვათ, უკანონო აბორტების მომხრე არც მე გახლავართ, ისევე, როგორც არ ვუჭერ მხარს ბევრ სხვა ისეთ საკითხს, რომელიც მორალურად, შესაძლოა, არ იყოს გამართლებული, მაგრამ, ჩნდება კითხვა: რა როლს ასრულებს სახელმწიფო ამგვარ ქმედებებში?! უბიძგებს მოქალაქეს ამგვარი დანაშაულისკენ თუ ხელს უწყობს იმას, რომ ეს დანაშაული არ იქნეს ჩადენილი?! აბორტები აკრძალული იყო კომუნისტების დროსაც, მაგრამ ისინი მაინც კეთდებოდა, ასე რომ, აკრძალვას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ პრობლემის მოგვარებისთვის. ამასთან, ამას ვერც ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენებ, რადგან უკვე სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი აბორტის გაკეთება. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, მომავალ დედებს არ აქვთ იმის განცდა, რომ ისინი სრულფასოვანი მშობლები იქნებიან იმ შვილებისთვის, რომლებიც უნდა გაუჩნდეთ. ეს არის, ჩემი აზრით, პრობლემის არსი და გახშირებული აბორტებიც ამის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ დედობა ღვთისგანაა ბოძებული, საბოლოოდ, ეს მაინც მშობლის მატერიალურ პასუხისმგებლობამდე მიდის – ეს იქნება შვილის სწავლა, ჩაცმა...

– სრულფასოვნად გამოკვება, რაც მთავარია.

– გამოკვება ან ჰიგენური საშუალებების მოხმარება. ეს ყველაფერი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც დეკრეტულ შვებულებებში გასვლა დანაშაულადაა აღიარებული ჩვენი სახელმწიფოს მიერ. დაფეხმძიმება დანაშაული იმიტომაც არის, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, თუ არ ვცდები, ჭიპაშვილის დროს გამოიცა ეს „ბრძნული“ დოკუმენტი, თუ დასაქმებული მანდილოსანი გადის დეკრეტულ შვებულებაში და მას აქვს 150 ლარზე მეტი ხელფასი, მას აკლდება ხელფასი და დეკრეტული შვებულების დროს, ოთხი თვის განმავლობაში, ის ვერ მიიღებს 150 ლარზე მეტს. პოტენციური დედები არიან 20-დან 40-წლამდე ასაკის ქალბატონები. ეს სწორედ ის ასაკია, დიდ უმუშევრობას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ადამიანები დასაქმებულები არიან. თუ ამ ადამიანებს, პოტენციურ დედებს, ვეტყვით: მართალია, თქვენ გაქვთ 1 000-ლარიანი ხელფასი, რომელსაც ამ გაჭირვებულ დროს უნაწილებთ თქვენი ოჯახის წევრებს, მაგრამ, თუ თქვენ გადაწყვეტთ ბავშვის გაჩენას, სახელმწიფოსგან მხოლოდ 150 ლარს მიიღებთ, ისიც მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაშიო მიუხედავად იმისა, რომ დედობა ღვთისგან ბოძებული წყალობაა, ეს ადამიანები დაფიქრდებიან, უღირთ კი მათ უკვე ცოცხალი ახლობლების შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვა ახალი სიცოცხლის დაბადებად?! უნდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ამის გამო მომავალი დედები იღებენ თქვენთვის, ჩემთვის და სახელმწიფოსთვის, ჩვენი დემოგრაფიული ვითარებისთვის ძალიან უარყოფით გადაწყვეტილებას და ეს გახლავთ აბორტი.

– პირველ შვილზე, შესაძლოა, გარისკოს, მაგრამ, მეორე და მესამე შვილის ყოლის პერსპექტივას სახელმწიფო ამ კანონმდებლობით ოცნებაშივე სპობს.

– რა თქმა უნდა. მეტიც, არანაირი განსხვავება არ აქვს, რამდენი შვილი გყავთ. მე, მაგალითად, სამი შვილი მყავს, მაგრამ, თუ თქვენ ოთხი გყავთ, ის განსხვავებაა სახელმწიფოსთვის, რომ თითოეულ ბავშვზე უმნიშვენელო თანხა იყო გამოყოფილი – 15 ლარის ფარგლებში. ახლა, მგონი, ესეც არ არის.

– შევადაროთ საქართველოში არსებული ვითარება სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას.

– როგორი ქვეყანა გნებავთ შესადარებლად?

– ჩვენი ზომისა და დაახლოებით მსგავსი წარსულის და ძირძველი დასავლური, რომლის სტანდარტებისკენაც ასე მივილტვით, როგორც ჩვენი ხელისუფლება ამბობს.

– ერთი ქვეყნის მაგალითს მოგიტანთ და ის ორივე პარამეტრს აკმაყოფილებს: ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა და, ამავე დროს, დასავლურიც. ლიტვაში, ბავშვის გაჩენისთანავე, დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვს როგორც დედას, ისევე მამას და ხშირად, ვისი ხელფასიც უფრო მეტია, სწორედ ის მშობელი გადის დეკრეტულ შვებულებაში. მშობიარობა, რა თქმა უნდა, უფასოა, რადგან იქ ყველას აქვს პოლისი და ლიტვაში ჩვენგან განსხვავებული დაზღვევის სისტემაა. ლიტველები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჩვენზე ჭკვიანებიც: ისინი ჯგუფებად ეზღვევიან, რადგან ასეთ დროს დაზღვევა უფრო იაფი ჯდება. პირველ ბავშვზე დედას ან მამას ხელფასი 100 პროცენტით უნარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში. მეორე წელს, თუ ისევ მოუნდა მშობელს დეკრეტული შვებულების გაგრძელება და ერთი წელი, როგორც წესი, არ არის საკმარისი ბავშვის მოსავლელად, მშობელს უნარჩუნდება ხელფასის 80 პროცენტი, რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში. დეკრეტული შვებულების გაგრძელება მესამე წელსაც შეუძლია, ოღონდ ამჯერად ხელფასის 70 პროცენტს აიღებს.

– სამუშაო ადგილი ენახება?

– რა თქმა უნდა. სამი წლის განმავლობაში შეუძლია, იყოს დეკრეტულ შვებულებაში და ამ სქემით იღებდეს ხელფასს.

– და ეს ითვლება სტაჟად?

– რა თქმა უნდა. სტაჟად ჩვენთანაც ითვლება, მაგრამ, უბრალოდ, ჩვენთან სტაჟს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პენსიის დანიშვნისას. ლიტვაში, მეორე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ეს სქემა იზრდება 10-10 პროცენტით. ანუ, როგორც პრემია, დეკრეტულ შვებულებაში გასულ მშობელს პირველ წელს ეძლევა ხელფასის 110-პროცენტი, მეორე წელს, თუ მოუნდა დეკრეტული შვებულების გაგრძელება, ხელფასის 100 პროცენტი და მესამე წელს – ხელფასის 90 პროცენტი.

– მესამე ბავშვზეც ხომ არ იზრდება ხელფასის ოდენობა?

– არა. მესამე და ყოველ მომდევნო ბავშვზე იგივე სქემა მოქმედებს, რაც მეორე ბავშვის გაჩენისას. იქ დედების დახმარების ვალდებულება აქვს მუნიციპალიტეტსაც, სოციალურ ფონდსაც და დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედისთვის ისინი კრებენ ამ თანხას. ამას გარდა, დამატებით მოქმედებს იმ კერძო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები, სადაც დედები მუშაობენ. ეს ხელშეკრულებები კი სხვა გარანტიებს ითვალისწინებს. ეს ინდივიდუალურია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს უკვე დამატებითი შემოსავალია.

– ანუ, კერძო კომპანიაში დასაქმებული დედის დეკრეტულ თანხას სახელმწიფო იხდის კერძო კომპანიაში დაწესებული ხელფასის მიხედვით?

– პროფკავშირებიც და დამსაქმებლებიც იხდიან. სხვათა შორის, ჩვენთანაც არის ისეთი კოლექტივები, სადაც კოლექტიური ხელშეკრულება იდება დამსაქმებელსა და კოლექტივს შორის და ის უფრო მაღალ გარანტიებს აწესებს, ვიდრე სახელმწიფო. განზრახ არ ვასახელებ ამ კომპანიებს, რადგან არ მინდა, რომ სახელმწიფომ მათ პრობლემები შეუქმნას. იმ კომპანიებში არის პროფკავშირები და დეკრეტულ შვებულებაში გასულ დედას ექვსი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი.

– ჩვენი მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, რისთვის ჰყავს გამეტებული ჩვენს კანონმდებლობას მომავალი დედები, იმას გარდა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, ისიც მხოლოდ დასაქმებულ დედას, 600 ლარს უხდის, მოვიტან მეექვსე თავს „საქართველოს შრომის კოდექსიდან“, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს: „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით. ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის ეშმთხვევაში – 140 კალენდარული დღე.“ მაოცებს ჩვენი სახელმწიფოს ლოგიკა: რით უნდა არჩინოს დედამ შვილი ამ 351 კალენდარული დღის განმავლობაში?

– ამაზე კახა ბენდუქიძეს აქვს მარტივი პასუხი. მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა: თუ არ აქვს ბავშვის გაჩენის საშუალება, ნუ გააჩენსო.

– იქნებ სხვა ქვეყნის მაგალითიც მოვიტანოთ ჩვენთან არსებული ვითარების უფრო მკაფიოდ წარმოსაჩენად?

– ჩვენზე გაცილებით მეტი შეღავათები აქვთ რუსეთში, უკრაინაში. მაგალითად, რუსეთში ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახს 9 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეძლევა რუბლებში, ერთჯერადი დახმარების სახით. დედები სარგებლობენ შეღავათებით ტრანსპორტზე და კომუნალურ გადასახადებზე. ეს საბჭოთა დროსაც ასე იყო და იქ ახლაც ძველებურად დარჩა. ვიცი, რომ აზერბაიჯანშიც კარგი მდგომარეობაა ამ კუთხით. დამატებით შემიძლია, მოვიტანო ბელგიის მაგალითიც: იქაც, როგორც ლიტვასა და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, მოქმედებს ევროსტანდარტები. მართალია, ლიტვის შიდა კანონმდებლობაც არეგულირებს რაღაც საკითხებს, მაგრამ, არსებობს საერთო წესები ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. ეს არის ქალისა და ბავშვის უფლებების დაცვა და სწორედ აქედან გამომდინარე გადიან ისინი მშობლის უფლებებზე. მშობიარობა ბელგიაშიც პოლისებით რეგულირდება და ეს პოლისები აუცილებელია. სახელმწიფო ცალკე გიხდით ამ თანხას, თქვენ – ცალკე და თქვენი დამსაქმებელი – ცალკე. ბუნებრივია, ხელფასი იქაც უნარჩუნდება დედას, დაახლოებით იმავე სქემით, როგორც ლიტვაში, ოღონდ, ბელგიაში მეორე და მომდევნო შვილებზე ბონუსების სისტემა მატულობს: რაც მეტი ბავშვი გყავთ, მით უფრო იზრდება თქვენი დეკრეტული თანხა. თუ ლიტვაში მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგაც იმავე თანხას აიღებთ, რაც მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ აიღეთ, ბელგიაში ასე არ არის, იქ ბავშვების რაოდენობის მიხედვით იზრდება პროცენტები და შეღავათები.

– ჩვენ მოვიტანეთ ევროკავშირის ორი ქვეყნის მაგალითი და, უფრო უარესიც, რუსეთშიც კი გაცილებით მეტი შეღავათი ჰქონიათ დედებს. რომელი ქვეყნის კანონმდებლობის წაბაძვით არჩია ჩვენმა სახელმწიფომ დედებისადმი ამგვარი დამოკიდებულება?

– მე ვერ ვიხსენებ ასეთ ანალოგს. თქვენ, შეიძლება, აზიურ რეჟიმებს გულისხმობთ.

– არავითარ შემთხვევაში, პირიქით, როგორც ვიცი, აღმოსავლეთში შობადობას სახელმწიფოები ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ და ამიტომაც მათ მოსახლეობაში ახალგაზრდების წილი ძალიან მაღალია.

– აზიურ ქვეყნებში ქალებს ძალიან დიდი უფლებები აქვთ და ისინი სულაც არ მიიჩნევენ ჩადრს უუფლებობად, თორემ, აქამდე მოიხსნიდნენ. იქ ბავშვის გაჩენა ნიშნავს დიდ შეღავათებს და სახელმწიფოები ხელს უწყობენ შობადობის ზრდას. ანუ, ყველა ქვეყანა ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამრავლოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ეს არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. სწორედ იქ არის ძლიერი ეკონომიკა, სადაც მოსახლეობა ჰყავთ და ტერიტორიები დაცარიელებული არ არის. ბუნებრივია, ამ სახელმწიფოებს უნდათ, რომ მათი ტერიტორიები მათივე მოქალაქეებით იყოს დასახლებული, თორემ, კარი რომ გახსნან, უამრავი ადამიანი ჩავა და იმუშავებს, მაგრამ ამას გართულებებიც მოჰყვება და ისინი ცდილობენ, ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარონ. როგორც იცით, ევროპელები პრაგმატულად უყურებენ ამ საკითხებს და ასე განიხილავენ: თუ დემოგრაფიული ფონი მაღალია, მაშინ ეკონომიკასაც ნაკლები პრობლემები ექმნება. ჩვენთან კი შემდეგნაირად აფასებენ ვითარებას: რაც მეტი ხალხია, მით მეტი პრობლემააო. ამიტომაც, საქართველო, გაეროს მონაცემებით, მომაკვდავ ქვეყნებს შორისაა დასახელებული.

– თქვენ რა მიზანს ხედავთ ასეთ მიდგომაში? არ მგონია, ჩვენი დემოგრაფიული განადგურება უნდოდეთ, თუმცა, ამ კანონმდებლობით და თქვენ მიერ მოტანილი შედარებებით სწორედ ასე ჩანს.

– არც მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიზანი ამოძრავებდეთ, უბრალოდ, არსებობს იდეოლოგიები და ამ იდეოლოგიას ზოგი სწორად კითხულობს და ზოგიც – არასწორად. ნეოლიბერტარიანიზმი, იდეოლოგია, რომლითაც ისინი მოქმედებენ, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ამ იდეოლოგიაში სახელმწიფო რეგულაციები მაქსიმალურადაა შეზღუდული. ჩვენი ლიბერალებიც ამას გვიქადაგებენ და, ბუნებრივია, მიჰყვებიან იმ თეორიას, რომ სახელმწიფოს ჩარევა იყოს ნაკლები, მათ შორის, დამსაქმებლების უფლებებშიც. თუმცა, მეორე მხრივ, მშვენივრადაც ერევიან, როდესაც ამის საჭიროება უდგებათ, თუმცა ხმამაღლა მაინც იმ იდეოლოგიის ერთგულები რჩებიან, თუკი ფული ბევრი უნდა დაეხარჯოთ. ასეთ შემთხვევებში ამბობენ, სახელმწიფო რეგულაცია არ უნდა მოხდესო. არადა, სწორედ ამან გამოიწვია ის კრიზისი, რაც დღესაც მძვინვარებს მსოფლიოში. ამიტომაც, ბევრმა ქვეყანამ, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, გააკეთეს თავიანთი დასკვნები. იცით, რომ ობამა აპირებს, პირდაპირ გადაიტანოს სოციალური დაცვის ევროპული მექანიზმები. ევროპაში ყველაზე ლიბერალური იყო საფრანგეთი, მაგრამ სარკოზიმ მაინც ვერ გააკეთა, რაც უნდოდა, იმიტომ რომ, იქ არის სამოქალაქო საზოგადოება და ის თავის სიტყვას ამბობს.

– როგორ შეიძლება, გამოსწორდეს ეს ვითარება? სასამართლოში ჩივილი არის გამოსავალი? ეს კანონმდებლობა აშკარად მახინჯი და დისკრიმინაციულია.

– „საქართველოს შრომის კოდექსის“ ის ავადსახსენებელი 37-ე მუხლი, რის მიხედვითაც დამსაქმებელს შეუძლია, ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლოს დაქირავებული, ევროკავშირის დახმარებით უკვე სხვაგვარად იკითხება.

– როგორ იკითხება?

– კოდექსში არ შესულა ცვლილება, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა იკითხებოდეს ეს მუხლი. დასკვნაში წერია, რომ მხოლოდ ეს არ შეიძლება იყოს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი და აუცილებელია დასაბუთება. არადა, ნახევარი საქართველო სწორედ ამ მუხლითაა გათავისუფლებული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი ზეწოლის შედეგად უკვე მეტი საფუძველი გვაქვს, მოვიგოთ სასამართლო პროცესები.


скачать dle 11.3