პოლიტიკური კალეიდოსკოპი
გერმანიის ბუნდესტაგში ფურცლების ნაცვლად აიპადს იყენებენ
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს ოფიციალურად მიეცათ ნება, საპარლამენტო სხდომებზე აიპადი (და არა აიპოდი) გამოიყენონ. ამიერიდან გერმანელი დეპუტატები ფურცლების ნაცვლად აიპადს გამოიყენებენ. ცნობილია, რომ პლანშეტურ აიპადს არ გააჩნია კლავიატურა და ის არ გამოსცემს არანაირ ხმას. ლეპტოპებისა და მობილური ტელეფონების გამოყენება კი, სესიების დროს ბუნდესტაგში ისევ აკრძალულია. გერმანიის პარლამენტის ადმინისტრაციის თქმით, დეპუტატებს გაცილებით გაუიოლდებათ მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.
მედვედევმა და შვარცენეგერმა „ტვიტერები“ გაცვალეს
კალიფორნიის გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა მოსკოვში ჩასვლამდე, თავის მიკრობლოგში პოპულარულ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მოუთმენლად ელის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან. მოსკოვში ჩასვლისთანავე მან თავის გვერდზე განათავსა ავტომობილში გადაღებული ფოტო და მიაწერა, რომ მოსკოვის ამინდით აღფრთოვანებულია. საინტერესოა, რომ დიმიტრი მედვედევმა პასუხი გასცა შვარცენეგერის განცხადებას და კომენტარის სახით დაუწერა, რომ ისიც მოუთმენლად ელის შეხვედრას მასთან. მედვედევი და შვარცენეგერი ჯერ კიდევ ივნისში დამეგობრდნენ „ტვიტერში“, ხოლო 10 ოქტომბერს მათი რიგით მეორე ოფიციალური შეხვედრა შედგა მოსკოვში.
სწავლულებმა ობამას შორეული ნათესავები აღმოუჩინეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ალასკის ყოფილი გუბერნატორი – სარა პეილინი ნათესავები არიან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც ობამას გენეალოგიური ხის კვლევით არიან დაკავებულნი. ობამას და პეილინის საერთო ნათესავი ვინმე ჯონ სმიტი აღმოჩნდა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში მასაჩუსეტსის შტატის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. გარდა ამისა, ობამას სავარაუდო ნათესავების რიცხვში, მკვლევრების აზრით, შედიან ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, მილიარდერი უორენ ბაფეტი, მსახიობი ბრედ პიტი, ხოლო პეილინის სანათესაო გაცილებით მასშტაბურია. შესაძლოა, მას ნათესაური კავშირი აღმოაჩნდეს ფრანკლინ რუზველტთან და პრინცესა დაიანასთან.
საუდის არაბეთის მეფის
შვილიშვილი
მკვლელი-ჰომოსექსუალი აღმოჩნდა
საუდის არაბეთის მეფის შვილიშვილი, 34 წლის პრინცი საუდ აბდულაზიზ ბინ-ნაზირ ალ-საუდი მსჯავრდებულთა სკამზე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება თავისი მოსამსახურისა და შეთავსებით საყვარლის, ბანდარა აბდულაზიზის წამება, სექსუალური ძალადობა და მკვლელობა. პრინცი რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო, ახლახან გახდა ცნობილი, როდესაც იგი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად გაჩერდა. მკვლელობა კი ამა წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს მოხდა. აბდულაზიზი სიკვდილამდე იყო ნაცემი, ხოლო პრინცს ნაკბენები აღმოაჩნდა გენიტალიებზე. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც „იუთუბიზე“ სასტუმროს მავანმა თანამშრომელმა ლიფტში დამონტაჟებული ფარული კამერით გადაღებული ვიდეო განათავსა, სადაც მკაფიოდ ჩანდა თუ როგორ ურტყამდა პრინცი თავის მოსამსახურეს, რომელიც შემდეგ ნომერში შეიყვანა.
ცნობილი ხდება რუსეთის პრეზიდენტობის მსურველთა სია
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ფედერაციაში 2012 წელსაა დანიშნული, თუმცა უკვე ცნობილია იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევენ პუტინს ან მედვედევს. პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვეს: ედუარდ ლიმონოვმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ, გრიგორი იავლინსკიმ, მიხაილ კასიანოვმა და სერგეი მირონოვმა. საინტერესოა, რომ არც ვლადიმირ პუტინს და არც დიმიტრი მედვედევს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე.