„ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი მე ნელა“
ანუ, რეცეპტები „გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის“
სულ რაღაც ორიოდე კვირის წინათ გაგვაფრთხილა ჯანდაცვის მინისტრმა (სხვათა შორის, მეტად პრინციპული ტონით), რომ მომავალი წლიდან მედიკამენტები აფთიაქებიდან მხოლოდ რეცეპტებით გაიცემოდა (მოტივიც დასახელდა, თუმცა უცნაური: ასე უნდა ვებრძოლოთ ფალსიფიკაციასო). მაგრამ, ხანი გამოხდა (ხანს ვამბობ, თორემ, რეალურად, მხოლოდ ერთი კვირა გამოხდა) და უკვე გასულ კვირას იმავე ჯანდაცვის იმავე მინისტრმა გვაუწყა, რომ მედიკამენტები აფთიაქებიდან ისევ ისეთივე წესით გაიცემა, როგორც აქამდე გაიცემოდა, მხოლოდ ფსიქოტროპულსა და ნარკოტიკულ საშუალებებს დასჭირდება რეცეპტიო. როგორც ჩანს, მეტი დამაჯერებლობისთვის მინისტრმა აფთიაქიდან გააკეთა ეს განმარტება, თანაც, ისე ნირშეუცვლელად, თითქოს ერთიოდე კვირის წინათ სრულიად საპირისპიროს არ გვიმტკიცებდა (ლამის ეჭვი შეგვეპარა, ხომ არ მოგვეყურა რეცეპტების სავალდებულოობის ამბავიო).
მოგვესმა თუ მოგვეყურა, ჯანდაცვის ახალი მინისტრის ამ ახალ და ახლა უკვე თავის მიერვე გაუქმებულ ინიციატივას ერთი სასიკეთო ძვრა მაინც შეიძლება, მოჰყვეს (სავარაუდოდ, რეცეპტების შემოღების ინიციატივისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გადასაფარავად). კერძოდ, მომავალი წლიდან რეცეპტის სტანდარტული ფორმა უნდა შემოვიდეს (როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშიაო!). მეტიც, ბ-ნ ურუშაძეს არც ის დაუმალავს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს „ეკვრებიან“, ეს უკანასკნელები კი დანიშნულებას წერენ რეცეპტებზე, რომლებიც ამ ფარმაცევტული კომპანიების უფასო რეკლამის ფუნქციას ასრულებენ (ერთი ისაა, რომ, სანამ რეცეპტის სტანდარტული ფორმა შემოვა, ეს ამბავი ძველებურად გაგრძელდება). მინისტრს არაფერი უთქვამს იმ სამწუხარო რეალობაზე, რომ ექიმები (ასე ვთქვათ, მათი ნაწილი, ოღონდ დიდი) ფარმაცევტული კომპანიების არა მხოლოდ რეკლამირებას ეწევიან (სულაც არ მგონია, რომ უფასოდ), არამედ პაციენტებს კონკრეტულად ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტებითაც მკურნალობენ (ხანდახან, შესაძლოა, არც მკურნალობენ).
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რეცეპტის სტანდარტული ფორმის შემუშავების იდეა ჯანდაცვის მინისტრს საკუთარმა უადგილო ინიციატივამ შთააგონა, თუკი ბ-ნი ურუშაძე მსგავსი (გამოსწორება რომ სჭირდება) ინიციატივებით კვლავაც გაგვანებივრებს, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შესაძლოა, ქართული ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლისტებისგანაც კი იხსნას.