„Georgian Fashion Week“ – „სრულიად საიდუმლოდ“
პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ეჭვგარეშეა!
ერთი მხრივ, ბათუმია მუდმივ რიტმში, მეორე მხრივ – თბილისი უბამს ფეხს მსოფლიო მაჯისცემას (სამწუხაროდ, ყველაფერში, ტექნოლოგიებისა და ცხოვრების დონის გარდა). ჰოდა, რაკი უბამს, 22-25 ოქტომბერს ჩვენს ჯერ კიდევ მოქმედ დედაქალაქში „ჯორჯიან ფეშენ ვიქი“ გაიმართება. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეა.
შესაძლოა, ძველი პრინციპით: „კეისრის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარის) ცოლი ეჭვგარეშეა!“ ქ-ნ მეტრეველს ღონისძიებისთვის გათვალისწინებული თანხების საჯაროდ დასახელება საჭიროდ არ მიაჩნია (სავარაუდოდ, იმავე ლოგიკით, რომლითაც თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა საკუთარ თანხებს გრიფი „საიდუმლოდ“ დაადო). თუმცა, დაუსახელებლადაც აშკარაა, რომ თანხა მრავალნულიანი იქნება (შესაძლოა, ამიტომაც არ სურს დასახელება და, ვითომ, გაამტყუნებ?!).
თურმე, „ჯორჯიან ფეშენ ვიქი“ ბარტერული სისტემით უნდა გაიმართოს და, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ასკვნის, რომ, რაკი სპონსორების ვინაობა საჯაროა, თანხის საჯაროობა აღარ არის აქტუალური. მეტიც, თურმე, ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხის დათვლა შეუძლებელია (უზუსტობაში რომ არ ჩამომერთვას: „საკმაოდ რთული“). უფრო მეტიც, ღონისძიების ორგანიზატორებმა არც გაზაფხულზე ჩატარებული კვირეულის ხარჯისა იციან რამე, ისევ იმ მიზეზით, რომ „დახარჯული თანხის დათვლა საკმაოდ რთულია“.
მეორე მხრივ, თუ თანხას ორგანიზატორები ვერ ითვლიან, ესე იგი, ამას ვერც ქვეყნის საგადასახადო სამსახური გააკეთებს. შესაბამისად, იბადება კითხვა: მსგავსი ღონისძიების პრეზიდენტი უბრალო მოკვდავი რომ ყოფილიყო (ვისაც არ ესადაგება კეისრის ფორმულა), გამოადგებოდა მიზეზად, რომ „თანხების დათვლა საკმაოდ რთულია“?!