როგორი განათება მოსწონს ალბანიკას და რა მიზეზით ეწვება ფოთლები ასპლენიუმს
შემოდგომის სეზონზე ტემპერატურა იკლებს, მზეც ისეთი მწველი აღარ არის და ამ დროს მცენარეებსაც განსხვავებული პირობების შექმნა სჭირდება. როგორ მოვრწყათ, რა ტემპერატურა შევურჩიოთ და სად დავდგათ ალბანიკა და ასპლენიუმი, ამას „ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერი-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის.
– ბატონო ამირან, როგორ დაახასიათებთ ალბანიკას და შესაძლებელია თუ არა მისი გახარება ოთახის პირობებში?
– ალბანიკა ძალიან ლამაზი და მოხდენილი მცენარეა. ის მიმოზას ოჯახიდანაა და ძალიან კარგად ხარობს ქოთანში. მისი გახარება შესაძლებელია ბინაში. მას ძალიან ლამაზი ფოთლები და ყვავილები აქვს, მისი ტანი დაფარულია ბუსუსებით, რომელსაც წელიწადში ორჯერ იცვლის.
– რას გვირჩევთ, სად უმჯობესია მცენარის დადგმა ბინაში თუ ბაღში?
– თუ გაქვთ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, სასურველია, ზაფხულში ბაღში იყოს, თუმცა ის თავს კარგად იგრძნობს აივანზეც.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– ალბანიკა მრავლდება მხოლოდ თესლით. მას ამონაყარი არ გააჩნია. მისი მაღალი ტანი ალამაზებს როგორც ოთახს, ასევე ნებისმიერ ინტერიერსაც. ის დაახლოებით ორ მეტრ სიმაღლემდე იზრდება.
– როგორი განათება მოსწონს მცენარეს?
– მას სჭირდება ნორმალური განათება, არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები. მაღალი ტემპერატურის დროს ფოთლები დაუნამეთ, რომ ძალიან არ გამოშრეს.
– რაც შეეხება მორწყვას?
– ეცადეთ, ზაფხულში დილა-საღამოს მორწყათ, ხოლო ზამთარში კვირაში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში მცენარეს ნელ-თბილი წყალი სჭირდება და ხშირი მორწყვა მასზე ცუდად მოქმედებს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ალბანიკა?
– მისთვის ზაფხულში საჭიროა 18-22 გრადუსი სითბო, ზამთარში კი – 15-18 გრადუსი. თუ ამაზე ნაკლები ტემპერატურა იქნება, 10 გრადუსზე ის შეიძლება გაიყინოს, რადგან ნახევრად ტროპიკულია.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა?
– მისი გასხვლა და ფორმის მიცემა შეგიძლიათ. შესაძლებელია ასევე, ამ მცენარის დაჯუჯებაც, ისე რომ 30-40 სანტიმეტრ სიმაღლეს არ აღემატებოდეს.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ალბანიკა?
– მას უყვარს მჟავე, ცოტა მძიმე ნიადაგი. მასში უნდა შედიოდეს ქვიშა და თიხა. ამ მცენარეს აუცილებლად სჭირდება კარგი დრენაჟი, იმისათვის რომ ფოთლები არ დაულპეს.
– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მცენარის გადარგვას?
– ალბანიკას სამ წელიწადში ერთხელ სჭირდება გადარგვა. შესაბამისად, ქოთანიც ყოველი გადარგვისას მოცულობით დიდი უნდა იყოს.
– რომელი მავნებელი ემტერება ამ მცენარეს?
– ალბანიკას არ ჰყავს მავნებლები, შესაძლებელია მხოლოდ მიწის ქინქლა გაჩნდეს. ამის მიზეზი იქნება ზედმეტად ნოტიო მიწა ან ცუდი დრენაჟი. ქინქლას მოსასპობად გამოიყენეთ ორი გრამი დეცისი ორ ლიტრ წყალში.
– რომელ სეზონზე ველოდოთ მის აყვავილებას?
– ეს მცენარე ყვავის ივლისის ბოლოს. მისი ლამაზი სურნელოვანი ყვავილები კი საოცრად გამოიყურება. ალბანიკას ყვავილობა ერთ თვეს გრძელდება. შემდეგ კი ლამაზი პარკები უჩნდება და თესლისთვის მზად არის. თუ თქვენ უკვე აიღეთ მისგან თესლი, შეგიძლიათ, გაამრავლოთ.
– როგორი მცენარეა ასპლენიუმი და თუ გვირჩევთ ამ მცენარის ბინაში გახარებას?
– ასპლენიუმი გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა მისი ფოთლები დანაკვთულია და ძალიან ლამაზად გამოიყურება. მისი გრძელი და პრიალა ფოთლები ტროპიკული ტყის ეფექტს ქმნის. მისი გახარება ბინაში ძალიან იოლია. თუ თქვენ ასპიდისტრა და კალათეაც გაქვთ, გირჩევთ, მათ გვერდით დადგათ ეს მცენარეც და უკეთესად გაიხარებს.
– როგორი სინათლე მოსწონს ასპლენიუმს?
– მას ძალიან მწველი მზე არ უყვარს, რადგან მისი ფოთლები ნაზია და მზის გულზე შეიძლება, დაეწვას. ამიტომ გირჩევთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფოთ. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სამზარეულოა.
– როგორ ტემპერატურას უძლებს მცენარე და ზამთარშიც სითბოს მოყვარულია?
– მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა, უმჯობესია, მთელი წლის განმავლობაში ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი იყოს.
– ხშირად სჭირდება მორწყვა?
– აქტიური ზრდის პერიოდში ანუ ზაფხულში უხვად მორწყეთ. ახლა უკვე შეგიძლიათ შეამციროთ, ხოლო ზამთარში მცენარე „ისვენებს“ და ამ დროს მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გასახარებლად?
– გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება. ზრდის პერიოდში სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა მოექცეთ, რადგან ადვილად ზიანდება.
– რაც შეეხება ამ სეზონს...
– ახლა მცენარე უნდა ამყოფოთ ნათელ ადგილას, წყალი დაასხათ რეგულარულად. ნიადაგი ხელით მოუსინჯეთ და, თუ მშრალია, ამის შემდეგ მორწყეთ. ახლა ტემპერატურა უკვე დაბლა იწევს და ამიტომ თუ აივანზე გიდგათ, ბინაში შეიტანეთ. სხვა დამატებითი პირობების შექმნა ამ დროს საჭირო არ არის.