როგორ გახდა სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაყიდული ქართველი ბიჭი კაიროს უზენაესი მმართველი და სად არის დაცული დავით აღმაშენებლის ავტოგრაფის ერთადერთი ორიგინალი
ეგვიპტის საოცრად თავისთავად, უნიკალურ კულტურაში ქართულ კვალსაც წააწყდებით. უამრავი საინტერესო რამ შევიტყვეთ ამ ლამაზი ქვეყნის შესახებ, რომელსაც 200 წლის განმავლობაში ქართველები მართავდნენ, განაგებდნენ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ არც თურქეთია გამონაკლისი, მეტიც, აქ მრავლადაა საქართველოს ისტორიის ნაშთები და ისეთი ქართული ტრადიციებიც, ჩვენში რომ აღარ არის. ამ და სხვა საინტერესო თემებზე თეატრისა და კინოს მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გვესაუბრება.
– ბევრს მოგზაურობთ. რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– ღვთის წყალობით, მქონდა პატივი, მემოგზაურა თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველებს რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული შეუქმნიათ. ბევრი ქვეყანა ვნახე, ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ვარ დატვირთული და ვფიქრობ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებდი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოვახერხე, რომ სხვისთვისაც მეჩვენებინა ის, რაც ვნახე. რადგან ეგზოტიკურ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, გამოვყოფდი ეგვიპტეს, ჩემს ოთახშიც კი ჰკიდია ეგვიპტელი ფარაონებისა და ქურუმების აკლდამებიდან გადმოღებული ასლები. ეგვიპტეში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ვიმოგზაურე. ჩვენი მიზანი იყო, გვენახა ისლამური ეგვიპტე. რომელიც არანაკლებ საინტერესოა ფარაონების ეგვიპტეზე. მით უფრო – ჩვენთვის, რადგან აქ ქართველთა ისტორიულ კვალს ვხვდებით. ეგვიპტეში 200 წლის განმავლობაში ქართველები მმართველთა ფენაში იყვნენ, რაც ჩემში სერიოზულ ინტერესს იწვევდა. მქონდა საშუალება, მენახა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი: კაირო, ალექსანდრია... ვნახე სინას ქართველთა მონასტერი, პირამიდები და პირამიდებთან მოსიარულე ვირზე შემომჯდარი კაცი, რომელსაც თავზე ლამის ავეჯი ადგას.
– ეგვიპტეში მოღვაწე ქართველებიდან ვისმა ისტორიამ დატოვა თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება?
– ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას გავიხსენებ: ეგვიპტეში მოღვაწეობდა წარმოშობით მარტყოფელი იბრაჰიმ შინჯიკაშვილი, კაიროს უზენაესი მმართველი, რომელიც ბავშვობაში გაიტაცეს საქართველოდან და სტამბულის ტყვეთა ბაზარში ერთ მდიდარ ეგვიპტელს მიჰყიდეს. იბრაჰიმმა იმდენი მოახერხა, რომ კაიროს უზენაესი მმართველი გახდა. ამ ქალაქში არის კუნძული რავდა, რომელიც ნილოსში, ღვთაებრივ მდინარეში მდებარეობს. სწორედ აქ დასახლდა იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და ააგო ბრწყინვალე სასახლე. მას რომ მივახლოვებოდით, ნავებით გადაცურვა მოგვიხდა. დღეს ამ სასახლის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი იბრაჰიმ შინჯიკაშვილის. შესახებ ლეგენდა მოვისმინე: კაიროში არის ციტადელი – ყველაზე ამაღლებული ადგილი, სადაც, თურმე, ერთ-ერთმა ფაშამ ქართველი მამლუქები ყავის დასალევად დაპატიჟა. ყველა მამლუქი საზეიმოდ გამოეწყო და ეწვია ფაშას, შემდეგ კი ისინი საზეიმო აღლუმზე უნდა გასულიყვნენ – ამიტომაც იყვნენ ყველანი სათანადოდ ჩაცმულები. ფაშას ძალიან ცბიერი გეგმა ჰქონდა: როდესაც ქართველები აღლუმზე წასასვლელად ციხესიმაგრიდან გამოვიდოდნენ და დაეშვებოდნენ ციტადელის გასასვლელში, მათ იქ ჩასაფრებული მხედრები დახვდებოდნენ და დახოცავდნენ. გეგმა მართლაც განხორციელდა – ციტადელის კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა და დაიწყო ქართველების ხოცვა. მაშინ იბრაჰიმ შინჯიკაშვილი თავისი ცხენით გადამხტარა კაიროს ციტადელიდან. სხვათა შორის, კაიროს მუზეუმში ნახატიც არის, როგორ მოფრინავს შინჯიკაშვილი ცხენიანად. როგორც ამბობენ, მან მოასწრო კაიროს დატოვება. ამ ხოცვა-ჟლეტის დროს, თურმე, ყველა თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა და ყვიროდა.
– ეგვიპტეში უამრავი უცნაური ნაგებობაა, რომელს გამოყოფდით ყველაზე მეტად?
– ჩვენ ვიმოგზაურეთ ქალაქ ალექსანდრიაში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ის ძალიან უცნაურადაა აშენებული: საერთოდ არ არის გამოყენებული ბათქაში, უზარმაზარი გრანიტის ქვებისგან შედგება და ისეა დაწყობილი, რომ, ერთი ქვაც რომ გამოიღო, მთელი შენობა დაიშლება. მას აქვს მეორე უცნაურობაც – ის ამომავალი მზის ფორმისაა და, რომ უყურებ, გგონია, მზე ამოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენთვის იყო, ამ ბიბლიოთეკის კედელზე გამოსახული მსოფლიოს ანბანთა შორის ყველაზე ლამაზი ასოების ნიმუშები. როდესაც მივუახლოვდი, ვნახე, რომ გრანდიოზული ფორმით იყო დატანილი ქართული ანბანის ასოები: წ, ჭ, ხ, ჯ და ლ. ყველა ქართველს, რომელიც ამას ნახავს, დიდი სიამაყის გრძნობა დაეუფლება. როდესაც მე ვნახე, სურვილი გამიჩნდა, გამეგო, რატომ გადაწყვიტეს ქართული ასოების გამოსახვა. სხვათა შორის, ჩემი მაშინდელი პროდიუსერის, თამარ ნატროშვილის დამსახურებაა ის, რომ მოვახერხეთ, შევსულიყავით ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში და გვეპოვა ავტორიტეტული პირი, რომელიც ჩვენს კითხვაზე გაგვცემდა პასუხს. რომ მივედით, ამ კაცმა გვითხრა: როდესაც ვარჩევდით ანბანის ნიმუშებს, ერთ-ერთი ანბანი, რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონა, იყო ქართული ანბანი და, მადლობას ჩვენ კი ნუ გვიხდით, მადლობა თქვენი ანბანის შემქმნელებს გადაუხადეთო.
ჩვენ სინას მთაზეც ვიმოგზაურეთ და მქონდა ბედნიერება, მენახა ქართული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია დავით აღმაშენებლის ავტოგრაფის ერთადერთი ორიგინალი.
ეგვიპტეში არის ერთი კოფტური ტაძარი, რომელზეც გამოსახულია ღვთისმშობელი, მაგრამ, საყურადღებოა იმით, რომ ეს მსოფლიოში ერთადერთი ხატია, სადაც ღვთისმშობელს მკერდი უჩანს – მას, ხელში მაცხოვარი უკავია და ძუძუს აწოვებს. ასეთი ხატი მსოფლიოში არ არსებობს.
– რაც შეეხება თურქეთს, რით მოგხიბლათ ამ ქვეყანამ?
– თურქეთი ჩემი მეორე სამშობლოა, ახლახან ჩამოვედი იქიდან. ვიყავი ქალაქ ანისში, სადაც რამდენიმე ქართული ტაძარია და ძალიან მაინტერესებდა მათი ნახვა. წელს პირველად მქონდა საშუალება, ვყოფილიყავი ვანის ტბაზე. ვიყავით ქალაქ არზრუმში, სადაც საყურადღებოა ქართველთა მეჩეთი. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ იქ გიორგი სააკაძის ქალიშვილის – ანა-ხანუმის საფლავია. მისი ოჯახი არზრუმში დასახლებულა. მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფეს არზრუმიდან გადმოუყვანია გიორგის შვილი – იორამი და მამისეული მამული მიუცია. ქალიშვილი, ანა-ხანუმი, არზრუმში გარდაცვლილა, მამისა და ძმის სიკვდილით დასჯიდან 20 წლის შემდეგ. არზრუმში, მურად ფაშას მეჩეთის სასაფლაოსთან, კუთხეში, ყიბლის მიმართულებით, ახლაც დგას, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი მავზოლეუმი (თურბე). ღია მავზოლეუმში სამი აკლდამაა – ერთი დიდი და ორი პატარა. დიდს წარწერა არ აქვს, ორ პატარაზე კი წარწერა გადაშლილია. ასე რომ, გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია. წარწერამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თურქეთში კიდევ ძალიან ბევრი რამის ნახვა შეიძლება, ულამაზესი ქვეყანაა. იქ გეძლევა შანსი, ნახო არა მარტო შენი ქვეყნის ისტორიის ნაშთები, რომლებიც მდუმარედ დგანან, არამედ შეგიძლია, გაიცნო ხალხი და შეიტყო იმ ტრადიციების შესახებ, რომლებიც შენს ქვეყანაში აღარ არის.
P. S. მავზოლეუმის ჩრდილოეთ მხარეს, მარჯვენა კუთხეში, ჩასმულია 32,5X42 სანტიმეტრი მარმარილოს დაფა, რომელზეც ლამაზი სულსით ოთხ სტრიქონად წერია: „ეჰ, წავიდა მოურავ-ხანის იშვიათი სილამაზის ქალიშვილი. როცა მან სამოთხის მიწა დაამშვენა, ფერიები დაუპირისპირდნენ, მერე კი მსახურებად დაუდგნენ. მის ასაკს დაახლოებით ამბობენ, ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან. რა დასანანია, ნაზი (ჰაეროვანი) ანა-ხანუმის გარდაცვალება.
ჰიჯრით 1059 წელი=1649 წელი“.