კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა ივანე ორბელი 1077 წლის აჯანყების ორგანიზატორი და როდის იკარგება ამ საგვარეულოს კვალი ისტორიაში





ბაღვაშთა და ორბელთა საგვარეულოებს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ამ ორმა საგვარეულომ არაერთი გმირი და ანტიგმირი აღზარდა. არსებობს ვერსიაც, რომ ორბელები ბაღვაშების შთამომავლები არიან. ამ ვერსიისა და ორბელთა და ბაღვაშთა საგვარეულოების ცნობილ წარმომადგენელთა შესახებ ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე გვესაუბრება: ბაღვაშები – ფეოდალური საგვარეულოა დასავლეთ საქართველოდან, რომელიც მეცხრე საუკუნის ბოლოს ჩნდება. ისინი თრიალეთში დამკვიდრდნენ და ბაგრატიონთა ვასალები გახდნენ.

– ვინ არის მათი პირველი წარმომადგენელი?

– ბაღვაშთა პირველი წარმომადგენელია ლიპარიტ პირველი. აქედან მოყოლებული ეს საგვარეულო არსებობს 1103 წლამდე. მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ლიპარიტ მეოთხე ბაღვაში, რომელიც ებრძოდა ბაგრატ მეოთხეს. მართალია, მიჩნეულია, რომ ბაღვაშები ყოველთვის ებრძოდნენ ბაგრატიონებს, მაგრამ, ასე არ იყო. მაგალითად, გიორგი პირველის დროს, რატი ბაღვაში მეფისა და სამეფო ხელისუფლების ერთგულია და 1021 წელს ბიზანტიასთან ბრძოლაში დაიღუპა კიდეც. ასევეა ლიპარიტ მეოთხე თავისი მოღვაწეობის დასაწყისში – როცა ბაგრატ მეოთხე მცირეწლოვანია, ისიც სამეფო ხელისუფლების ერთგულია. უფრო მეტიც, ლიპარიტ მეოთხე ბიზანტიელებსაც ამარცხებს 1028 წელს, როცა ეს უკანასკნელები შემოიჭრნენ და სამხრეთ საქართველოდან ქართლში გადმოსვლა უნდოდათ. სწორედ ლიპარიტ ბაღვაშმა გააჩერა ისინი კლდეკარის საერისთავოსთან. შემდეგ ხდება ისე, რომ ბაგრატ მეოთხეს ლიპარიტ მეოთხემ ორჯერ შესთავაზა თბილისის აღება, მეფემ ეს ვერც ერთხელ ვერ განახორციელა – სამხედრო ოპერაციები დაიწყო და შეწყვიტა ლიპარიტთან შეუთანხმებლად, რამაც გამოიწვია მათ შორის უთანხმოება და რაც საბოლოოდ შინაომში გადაიზარდა. უნდოდა თუ არ უნდოდა, ლიპარიტი ბიზანტიის მომხრე და სახელმწიფოს მოწინააღმდეგე გამოვიდა, თუმცა, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი კაცი იყო, დიდი გავლენითაც სარგებლობდა.

– როგორ დასრულდა მათი დაპირისპირება?

– საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა 1058 წელს, როდესაც ლიპარიტ ბაღვაში მესხმა მთავრებმა შეიპყრეს და ბერად აღკვეცეს. ამის შემდეგ იგი ბიზანტიაში წავიდა, საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის ათონის ივერთა მონასტრის დახმარებაში. თავისი მონასტერიც დააარსა მან მცირე აზიაში და ასევე ძალიან დიდი გავლენის პიროვნებად დარჩა.

– ვინ იყო ბაღვაშთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი?

– 1103 წელს გარდაიცვალა ბაღვაშთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი – რატი ბაღვაში. ამ დროს კლდეკარის საერისთავო მათ უკვე აღარ აქვთ, რადგან დავითმა ჩამოართვა 1096 წელს. მაგრამ არგვეთში ჰქონდათ კაცხის მამული, რომელიც უმემკვიდრეოდ დარჩა და ვინაიდან რატის მემკვიდრე არ ჰყავდა, დავით აღმაშენებელმა ის გელათის მონასტერს შესწირა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩნდება ისტორიაში ივანე ორბელი.

– ვინ არის ის?

– ეს არის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი სარდალი. პირველად იგი ჩნდება 1110 წელს, სამშვილდის აღებისას – გიორგი ჭყონდიდელმა სამშვილდე რომ აიღო მასთან ერთად იყო ივანე ორბელიც. სწორედ ივანე ორბელია ორბელთა საგვარეულოს ფუძემდებელი.

– არსებობს მოსაზრება, რომ ორბელები ბაღვაშთა შთამომავლები არიან, თქვენც იზიარებთ ამ თვალსაზრისს?

– არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. დავითის ისტორიკოსი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ვითარებაში, პირდაპირ წერს, რომ რატი ბაღვაში რომ გარდაიცვალა, მისი საგვარეულო უმემკვიდრეოდ დარჩა. ანუ მას მემკვიდრე არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ორბელები არ არიან ბაღვაშების შთამომავლები, უბრალოდ, ისინი დაახლოებით იმავე ტერიტორიას ფლობენ – ეს არის ქვემო ქართლის ტერიტორია. ორბელები ნელ-ნელა საკმაოდ ძლიერდებიან.

– რა ვიცით ივანე ორბელის შესახებ?

– ივანე ორბელი დავით აღმაშენებლის უერთგულესი კაცია, მისი სპასალარი და, სავარაუდოდ, ის პირველი გახდა საქართველოს ამირსპასალარი, როცა ეს თანამდებობა იქნა შემოღებული. ამის შემდგომ ორბელები სამეფო ხელისუფლების ერთგულები არიან, მაგრამ, ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი არის ივანე ორბელის შვილიშვილი, ასევე ივანე ორბელი, რომელიც ამირსპასალარი იყო. სავარაუდოდ, თუ სომხურ წყაროებს დავეყრდნობით, ივანე ორბელმა მიიღო მონაწილეობა გიორგი მესამის უფროსი ძმის – დავით მეხუთის მოწამვლაში და ამით გაუხსნა გზა გიორგი მესამეს ტახტისკენ. გიორგი მესამე ამ კაცს თავდაპირველად ძალიან აფასებდა. ის მეფის ამირსპასალარი იყო, ანისის მმართველი; ივანეს ძმა – ქართლის ერისთავი, ძმისშვილი – მეჯინიბეთუხუცესი. ერთი სიტყვით, ამ პერიოდისთვის ის ყველაზე დაწინაურებული საგვარეულოა. ივანე ორბელის სიძე იყო დავით მეხუთის შვილი, დემნა უფლისწული. ასე რომ, ივანე ორბელი, მეფის შემდეგ, ალბათ, ყველაზე გავლენიანი კაცია. თუ მართალია ისიც, რომ დავით მეხუთე ივანე ორბელმა მოწამლა და გიორგი მესამეს გზა გაუხსნა ტახტისკენ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ იქნებოდა გიორგი მესამე ამ კაცზე დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ეტყობა, ივანე იმდენად პატივმოყვარე კაცია, რომ, გადაწყვიტა, ტახტიდან ჩამოეგდო გიორგი მესამე და თავისი სიძე – დემნა გაემეფებინა, რაც პერსპექტივაში მისი შვილიშვილის გამეფებას ნიშნავდა. ცნობილია 1177 წლის აჯანყება, რომელიც ივანე ორბელის ინიციატივით დაიწყო.

– როგორ დასრულდა ეს აჯანყება?

– მართალია, თავიდან გიორგი მესამეს საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ შემდგომ მან შეძლო ძალების მოკრება და ეს აჯანყება ჩაახშო. ამის შემდეგ ორბელთა ბედი საკმაოდ მძიმე იყო. მათი დიდი ნაწილი სიკვიდილით დასაჯეს. დაემხო ეს საგვარეულო, დაკარგა ყველაფერი, გადარჩნენ ორბელთა საგვარეულოს მხოლოდ ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესოა, რომ ამ საგვარეულოს დამხობით ისარგებლეს მხარგრძელებმა და ამის შემდეგ, ისინი, იმ ადგილს იკავებენ, რაც მანამდე ორბელებს ეკავათ. თუმცა, ორბელთა საგვარეულო მოგვიანებით, კერძოდ, მეცამეტე საუკუნეში – მონღოლთა პერიოდში ბრუნდება საქართველოში. ეს არის ტარსაიჭ ორბელი და ამის შემდეგ ისინი ნელ-ნელა ისევ ძლიერდებიან, რაღაც პერიოდში კი ათაბაგობასაც აღწევენ და სამეფო კარზე კვლავ ძლიერდებიან, თუმცა საუკუნის ბოლოდან ეს საგვარეულო აღარ ჩანს.


скачать dle 11.3