ვინ ადასტურებდა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ფაშისტურ იდეებს იზიარებდა და ვინ გადაარჩინა ის
მეოცე საუკუნისთვის, ალბათ, ყველაზე მძიმე 1937-1938 წლებში კონსტანტინე გამსახურდია ბერიამ გამოიძახა და დაავალა, რომ მწერალს დაეწერა რომანი სტალინზე. თუ როგორ მოიქცა გამსახურდია, რას ნიშნავდა იმ მომენტში მისთვის ეს შეთავაზება და აღიარა თუ არა ქვეყნის პირველმა პირმა მისი შრომა, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა გვიამბობს:
– „მთვარის მოტაცების“ დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ ახალი რომანის წერა დაიწყო. ეს იყო „ევროპა გალიაში“, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ევროპის სინამდვილე, ბრძოლა რესპუბლიკური ესპანეთისთვის, რაც მაშინ უაღრესად მეთოდური თემა იყო. „ლიტერატურული საქართველო“ უკვე აქვეყნებდა ცალკეულ თავებს. ლავრენტი ბერიას ეს რომანი არ მოსწონდა, მაგრამ მწერლის ჩანაფიქრს მიესალმა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: 1937 წლის 3 მარტს ცეკას პლენუმზე სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა – განსხვავებული აზრის პირებთან კამათი დასრულდა. მათი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო. ამავე წლის 15 მარტს ბერიამ იგივე გაიმეორა და ქართული გვარ-სახელებით დააკონკრეტა, თავს დაესხა ტროცკისტებს, ცისფერყანწელებს, აკადემიური ჯგუფის წევრებს... სხვებთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა კონსტანტინე გამსახურდიაც, როგორც ფაშისტური ელფერის მებრძოლი ნაციონალისტი, თუმცა მწერლის დიდი ნიჭიც აღიარა და თქვა, საჭიროა მისი ხალხის სამსახურში ჩაყენებაო.
ამის შემდეგ დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას სასტიკი კრიტიკა. მწერალი თავს იცავდა. ხშირად სიტყვით გამოდიოდა, სტალინსა და ბერიას განადიდებდა, მიმართავდა ცეკას, მაგრამ ამაოდ. შინსახკომში უკვე წამების შედეგად ათქმევინეს ლიდა გასვიანს, ბუდუ მდივანს, ნიკოლო მიწიშვილს, დავით წერეთელს, არჩილ მიქაძეს, დავით ლომინაძეს, გერმანე მგალობლიშვილს, ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, რომ კონსტანტინე იზიარებდა ფაშისტურ იდეებს.
– რა მოჰყვა ამას?
– პრესასა და მწერალთა კავშირში გაძლიერდა მწერლის დევნა. ალბათ, აგენტურის მონაცემებიც უხვად ექნებოდა ხელისუფლებას, რომლისგანაც ზოგის ვინაობა ცნობილია. დახვრიტეს მწერლის ორი ძმა – ალექსანდრე და ვიქტორი, პირველი მეუღლის – რებეკა ვაშაძის ძმა, სიმონი.
თითქოს გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, რადგან უკვე დაპატიმრებული იყო მრავალი პარტიული მუშაკი თუ ხელოვანი. ვერავის გაეგო, ვინ იყო დამნაშავე, ან რის გამო იჭერდნენ. ასეთ დროს ბერიამ გამოიძახა კონსტანტინე და დაავალა დაეწერა რომანი სტალინზე.
– ნიშნავდა თუ არა ეს შეთავაზება მწერლის სიცოცხლის გადარჩენას?
– ეს იყო მაშველი რგოლი, რომელიც განწირულ მწერალს ხელისუფლებამ გადმოუგდო.
– კონკრეტულად რა უნდა აესახა რომანში კონსტანტინე გამსახურდიას?
– მას უნდა აესახა ბელადის ბავშვობის წლები და რევოლუციური წარსული, კავკასიური პერიოდი ტურუხანის გადასახლებამდე, ანუ 1913 წლამდე.
ამ დროს უკვე დაწერილია ბერიას მონოგრაფია სტალინზე, რისთვისაც ლენინის პრემია მიენიჭა, შალვა დადიანის პიესა „ნაპერწკლიდან“, გიორგი ლეონიძის „ბავშვობა და ყრმობა“, ალიო მირცხულავას „სამშობლო ბელადისა“ და ასე შემდეგ. ესე იგი მკვიდრდებოდა სტალინის პიროვნების კულტი, სტალინის მესიანისტური სახე. ბელადს განსაკუთრებით აინტერესებდა თავისი მოღვაწეობის კავკასიური პერიოდის გაშუქება, საკუთარი როლის წარმოჩენა. ბერიამაც ამიტომ მიაქცია ყურადღება ამ საკითხს, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა მის ავტორიტეტს ბელადის თვალში. მაგრამ ამ თემაზე მუშაობის უფლებას ყველას როდის აძლევდნენ, აქაც ფილტრაციის მკაცრი პრინციპი მოქმედებდა.
– რატომ გამსახურდია?
– ბერია კარგად იცნობდა გამსახურდიას, მის ბიოგრაფიას, „მთვარის მოტაცებას“ და მიუხედავად მწერლის სახელის საყოველთაო ანათემისა, სწორედ მას მისცა საპასუხისმგებლო დავალება. წარმოიდგინეთ, როგორი საფრთხილო იყო სტალინის ცხოვრების ასახვა, ისიც 1937-1938 წლებში! ცხადია, ბერია მხოლოდ თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, იგი უეჭველად შეთანხმდა თავად სტალინთან, რადგან რესპუბლიკის ხელმძღვანელს ყველა არხით, მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციები მისდიოდა გამსახურდიაზე. ქვეყანას კი მაშინ, ფაქტობრივად, მართავდა არა ცეკა, არამედ – ჩეკა. ბერია რისკზე ვერ წავიდოდა, მით უმეტეს, რომ მალე, თვითონ გახდა რეპრესირების ობიექტი და მხოლოდ სწრაფმა მანევრირებამ იხსნა დაღუპვისგან.
კონსტანტინე „მთვარის მოტაცების“ ავტორი იყო და ბერია ვარაუდობდა, რომ ეს ახალი წიგნიც წარმატებული იქნებოდა. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავდა ანტისაბჭოთა მწერლის ბოლშევიკების სამსახურში ჩაყენებას, მეორე მხრივ – მწერლის ოფიციალურ აღიარებას, მის არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ შემოქმედებისთვის საჭირო პირობების შექმნასაც. კონსტანტინემ მიიღო ხელისუფლების წინადადება, თუმცა ამბობდა, ასეთ დიდ პიროვნებაზე როგორ შევძლებ შესაფერისი წიგნის დაწერასო. მაგრამ იყო რამდენიმე ფაქტორი, რაც გაუადვილებდა მუშაობას.
– რას გულისხმობთ?
– მოგეხსენებათ, კონსტანტინე ნიცშეს სამყაროდან მოდიოდა. მას მუდამ აინტერესებდა დიდი, განსაკუთრებული, ზეციური ძალისა და უნარის მქონე პიროვნებები, რომელთაგან გამორჩეულად ხიბლავდა რამდენიმე სახელი: ნაპოლეონი და გოეთე. ახლა საშუალება ეძლეოდა კიდევ ერთი დიდი პიროვნების ცხოვრება აესახა.
გარდა იმისა, რომ მწერალი უმწეო მდგომარეობაში იყო, აქ კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებდა: სტალინი ცხადდებოდა რევოლუციონერად, ჩაგრულთა მამად, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა. მის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და ტირანიაზე კი არც საზოგადოებამ და არც კონსტანტინემ ჯერ არაფერი იცოდნენ. მწერალმა თავი დაანება რომანს – „ევროპა გალიაში“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. თავი მიანება თანამედროვეობას და თუ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, მთავარი თანამედროვეობაა, ისტორიულ მასალაზე მუშაობა ნაკლებად საინტერესოაო, – ახალმა სიტუაციამ სწორედ ისტორიაში გადაიყვანა.
ბელადს 2 წლის შემდეგ უსრულდებოდა 60 წელი და წიგნი ამ დროისთვის გამოცემული უნდა ყოფილიყო. კონსტანტინემ ისარგებლა ხელისუფლების კეთილგანწყობით და ბელადის თემაზე როდი დაიწყო მუშაობა, არამედ ჯერ დაწერა „ხოგაის მინდია“, ხოლო შემდეგ 1938-1939 წლის გაზაფხულამდე „დიდოსტატის მარჯვენა“.
– ალბათ, ეგონა, ხელისუფლება აღარ მოსთხოვდა პირობის შესრულებას, ბერია ხომ აღარ იყო ამ დროს რესპუბლიკის ხელმძღვანელი.
– შეიძლება, თუმცა ასე არ მოხდა. მწერალმა სწრაფად შეთხზა ტრილოგია „ბელადის“ პირველი წიგნი. კონსტანტინეს კრიტიკა შენელდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. არც უნდობლობა აღმოფხვრილა, ერთი მხრივ დაიბეჭდა – ბენაშვილისა და გაწერელიას მხარდამჭერი, ობიექტური წერილები, მეორე მხრივ – 1938 წლის 2 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა სერგო გოგლიძემ ეჟოვსა და ბერიას გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, სადაც გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა, მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრების სანქციას ითხოვდა. ბერიამ ბარათს მსვლელობა არ მისცა.
– იხილა თუ არა დღის სინათლე გამსახურდიას „ბელადმა“?
– „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ბელადი“ 1939 წელს გამოიცა, 1940 წელს „ბელადი“ განმეორებით დაიბეჭდა. ამის შემდეგ ეს რომანი არ დაბეჭდილა, არც რუსულად თარგმნილა და არც II და III წიგნი დაწერილა.
– პირველი წიგნის გამოსვლას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
– „დიდოსტატის მარჯვენის“ გამო, მწერალი ვალერიან გაფრინდაშვილი გამსახურდიას ჯადოქარს ეძახდა. რაც შეეხება „ბელადს“, ოფიციოზი არ ჩქარობდა მის პროპაგანდას. კომპარტიის მეცამეტე ყრილობაზე, კანდიდ ჩარკვიანი და ირაკლი აბაშიძე ახსენებენ „ბელადს“ და არა „დიდოსტატის მარჯვენას“. 1940 წელს მწერალთა კავშირში სასწრაფოდ მოეწყო „ბელადის“ განხილვა. წიგნს მაღალი შეფასება მისცეს, მაგრამ გამომსვლელთა სიტყვას აკლდა პათოსი. თითქოს ყველა რაღაც ვალს იხდიდა. თუ „მთვარის მოტაცების“ განხილვაზე შენიშვნები საკმაოდ იყო, აქ ყველა თავს იკავებდა. ამის შემდეგ უნივერსიტეტმა მოაწყო განხილვა. ხელისუფლება ხელს უწყობდა, რათა რუსულ ენაზე სწრაფად ეთარგმნათ „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ბელადი“. ამ მიზნით მწერალი მოსკოვშიც იმყოფებოდა. აქ იგი მიიღო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ, დიდხანს ესაუბრა.
– რა მოჰყვა ამ შეხვედრაზე გამართულ დიალოგს?
– ბერია დაეხმარა, რათა წიგნების ტირაჟი გაეზარდათ. ეს კი ჰონორარის მომატებას ნიშნავდა.
როგორც ჩანს, იყო მცდელობა, კონსტანტინე ახლად დაარსებულ სტალინურ პრემიაზე წარედგინათ. რათა ისიც ისევე წარმოეჩინათ საკავშირო მასშტაბით, როგორც ივანე ჯავახიშვილი ანდა შალვა დადიანი. მაგრამ, ვითარება შეიცვალა. მოსკოვში ხელმეორედ ჩასულ მწერალს აღარ დახვდა გულთბილი ატმოსფერო. გამომცემლობამ ახალი რეცენზირება მოითხოვა, მაგრამ რეცენზენტები ვერ იშოვეს. წიგნის არათუ დაბეჭვდა, თარგმნაც კი მომავლისთვის გადაიდო. „არეულია მათი თავი და ტანიო“, – წერდა გაბრაზებული კონსტანტინე გამსახურდია ალექსანდრე აბაშელს.
– რა იყო სიტუაციის ამგვარად შეცვლის მიზეზი?
– სიტუაციის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ სტალინს არ მოეწონა კონსტანტინეს რომანი. მე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავიო. მაგრამ უფრო ნამდვილი ფაქტი ის უნდა ყოფილიყო, რომ მწერალს მოუხდა მოვლენების შელამაზება. იგი ხომ რეალისტური სიზუსტით ვერ აჩვენებდა ჯუღაშვილის ბავშვობას, სჭირდებოდა, პერსონაჟთა გამოგონება.
სტალინმა ასევე გზა დაუკეტა კონსტანტინეს კინოსცენარს – „დავით აღმაშენებელს“, რომლის განხილვა მთელი წელი გრძელდებოდა. ამ თემასაც ცეკას წინადადებით მოჰკიდა ხელი. საბჭოეთი ომისთვის ემზადებოდა და სჭირდებოდა პატრიოტიზმი, ისტორიის ჰეროიკა, გმირული ბრძოლის სურათები.
სცენარი ყველამ დადებითად შეაფასა და ჰონორარიც ავანსად მთლიანად უნდა აეღო, მაგრამ, სტალინი ასე არ ფიქრობდა. ბელადმა 1940 წლის 11 ოქტომბრის წერილში მხარი დაუჭირა ანტონოვსკაიას და ჩორნის სცენარს გიორგი სააკაძე, რომელის მიხედვით მალე მიხეილ ჭიაურელმა ცნობილი ფილმი გადაიღო. კინოს ხომ მაშინ ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა. ცხადია, სტალინისთვის მონარქი – დავით აღმაშენებელი ვერ იქნებოდა სანიმუშო მოღვაწე. მას უფრო გიორგი სააკაძე აინტერესებდა ქართველ კონდოტიერ ბოლშევიკთა წინაპარი, ვინც დამპყრობელთა ჯარებს მოუძღოდა. კონსტანტინეს კი ეგონა, რომ პარალელს გაავლებდა დავითსა და სტალინს შორის, რომ თითქოს ბელადმა ისე აღადგინა ქვეყანა მეოცე საუკუნეში, როგორც დავითმა მეთორმეტეში. არადა, სტალინმა ხომ მშვენივრად იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. ამიტომ, ეჭვით უყურებდა დავით აღმაშენებლის თემას. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა მოგვიანებით, როცა კონსტანტინეს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს ქართველმა და რუსმა მწერლებმა. დააბრალეს რუსების იგნორირება, მეფეთა როლის გაზვიადება, არქაისტობა, ხალხის დაკნინება, გაუხსენეს ნაციონალისტობა.
„დავით აღმაშენებელში“ სტალინი ქართული ნაციონალიზმის ფარულ პროპაგანდას ხედავდა. მაგრამ, მოეწონა „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც მას ბერიას დავალებით სიმონ ჯანაშიამ გადასცა. ბელადმა ეს რომანი ერთ ღამეში წაიკითხა და განთიადისას ბერიას დაურეკა, კონსტანტინე კარგი მწერალი ყოფილაო. ამ ფაქტს აღნიშნავს ბრალდებული გენერალი და აკადემიკოსი პეტრე შარია, რომელიც ბერიას ზეობის ჟამს, 1953 წელს, მისი თანაშემწე იყო.
რაც შეეხება „ბელადს“, მისი დამთავრება მწერლისთვის არავის უთხოვია. ამას, ალბათ, არც ავტორი ნაღვლობდა, რადგან უკვე წერდა ახალ ტრილოგიას – „დავით აღმაშენებელს“, მაგრამ სტალინს კარგად ახსოვდა, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი, რომელსაც არ ახსენებდნენ. მაგრამ, თავს ესხმოდნენ დავით აღმაშენებელს და მის ავტორს – ომის შემდეგ ლამის შინაპატიმრობა დაუწესეს. თუმცა, გამარჯვებული საბჭოეთის ბელადი მწერლის დაკავების ნაბას არ იძლეოდა, მიუხედავად ჯერ კანდიდ ჩარკვიანისა და შემდეგ კი აკაკი მგელაძის თხოვნისა.