როგორ შეხვდნენ ქართველები რომის პაპის ელჩს და რა მისიით იყო ეს უკანასკნელი ჩამოსული
ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ რომის პაპის მეთაურობით მთელი საქრისტიანო დაირაზმა ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად და კონსტანტინეპოლის გასათავისუფლებლად. თუ რა განვითარება ჰპოვა პაპის ამ წამოწყებამ, ვინ იყო მისი ელჩი აღმოსავლეთში და როგორ აღიქვამდნენ ქართველები ყოველივე ამას, ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი მირიან მახარაძე გვიამბობს.
მირიან მახარაძე: 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ მეორემ დაიპყრო კონსტანტინოპოლი, რითაც არსებობა შეწყვიტა ბიზანტიის იმპერიამ. მუსლიმების, ამ შემთხვევაში დამპყრობლების წინააღმდეგ გალაშქრებას, სათავეში ჩაუდგა რომის პაპი ნიკოლოზ მეხუთე. მან განუცხადა მთელ დასავლეთის საქრისტიანო ერს, რომ ყველაფერი უნდა გაეღოთ, რომ კონსტანტინოპოლი უცხო ტომთაგან გაეთავისუფლებინათ. ნიკოლოზ მეხუთე მარტო კათოლიკურ სამყაროს არ მიმართავდა ამ საღვთო საქმეში მონაწილეობისთვის. იგი მომხრე იყო, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროსაც მიეღო მასში მონაწილეობა. ამიტომ, 1454 წელს, იგი თავისთან იხმობს ლუდოვიკო ბოლონიელს და აღმოსავლეთში ელჩობას ავალებს.
საქართველო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა იყო აღმოსავლური საქრისტიანოსი. ყოველივე აქედან გამომდინარე, ლუდოვიკოს დავალებული ჰქონდა, რომ საქართველოში ძალაუფლების მქონე პირები დაეყოლიებინა ამ საღვთო ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. აღმოსავლური საქრისტიანოს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, ლუდოვიკოს დავალებული ჰქონდა, დაერწმუნებინა აღმოსავლეთის მბრძანებლები, რომ ისინი დაბრუნებოდნენ ჭეშმარიტ რელიგიას, ანუ კათოლიკობას.
– საქართველოში როგორ შეხვდნენ ლუდოვიკო ბოლონიელს?
– საქართველოში ლუდოვიკო ბოლონიელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ თვითონ იდეა, რაც მან ჩამოიტანა, ქართველებისათვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. მონღოლთა ბატონობისა და თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ, საქართველოს სამეფო ძლიერ დასუსტდა. ისტორიას ჩაბარდა ქართველ მეფეთა წინაპრების ცდები, იერუსალიმში ქრისტეს საფლავის გათავისუფლებისა, ამიტომ, ქართველებმა გადაწყვიტეს, რომ ამ საღვთო საქმისთვის ძალას არ დაიშურებდნენ, ისინი შეძლებდნენ კონსტანტინოპოლის გათავისუფლებას და ამით მსოფლიო ისტორიაში თავის სათქმელს იტყოდნენ.
– როგორ წარიმართა ლუდოვიკო ბოლონიელის ვიზიტი საქართველოში?
– მიუხედავად იმისა, რომ ლუდოვიკო ბოლონიელს პირველი განკარგულება აღმოსავლეთის ქვეყნების ელჩობისა, უბოძა ნიკოლოზ მეხუთემ, ამ უკანასკნელის სიკვდილის გამო კი ელჩობა გადაიდო და მხოლოდ შემდგომი პაპის – კალიქსტ მესამეს განკარგულების საფუძველზე იწყებს ლუდოვიკო თავის მოგზაურობას. აღსანიშნავია, რომ მან საქართველოში ორჯერ იმოგზაურა. მისი პირველი ვიზიტი შედგა 1456 წელს. ამ მოგზაურობის შესახებ ცნობები ძალზე მწირია. ვიცით, რომ იგი შეხვდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორეს, მაგრამ, შეხვდა თუ არა იგი საქართველოს მეფეს, გიორგი მერვეს, ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეთხუთმეტე საუკუნის ეს პერიოდი ხასიათდება შინააშლილობით. ლუდოვიკო ამპარტავან ყვარყვარე ჯაყელს ეთანხმება იმ მოთხოვნაზე, რომ კონსტანტინოპოლზე გალაშქრების შემთხვევაში, ის იქნება აღმოსავლეთის ჯარის მხედართმთავარი. ასევე, იგი მიუთითებს ყვარყვარეს და არწმუნებს იმაში, რომ გადადოს ყველანაირი შუღლი საქართველოს მეფესთან, რაზეც თანხმობას იღებს და ეს თანხმობა მხოლოდ სიტყვად არ რჩება – ლუდოვიკო ბოლონიელის ელჩობის პერიოდში საქართველოში მეფე-მთავრებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა. აღსანიშნავია კალიქსტ მესამის წერილიც ყვარყვარე ათაბაგისადმი. ამ წერილიდანაც შესაძლებელი ხდება ლუდოვიკოს შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება. რომის პაპის წერილიდან ჩანს, რომ, ლუდოვიკოს დახასიათებით, ყვარყვარე მას ძლევამოსილ პიროვნებად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, შეხვდა თუ არა აღმოსავლეთში და, კერძოდ, საქართველოში სხვა მბრძანებლებს, ლუდოვიკოს რეგიონის მდგომარეობა კარგად ჰქონდა შესწავლილი.
– რა შედეგი გამოიღო რომის პაპის ელჩის პირველმა ვიზიტმა საქართველოში კონსტანტინოპოლის გადასარჩენად?
– ლუდოვიკოს პირველი ვიზიტი ერთგვარ გაცნობის ხასიათს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ვიზიტის დაგეგმვის დროს, რომელსაც უკვე რეალურად უნდა შეეკრიბა აღმოსავლეთში სამხედრო ძალა, ღრმად მოხუცებული კალიქსტ მესამე გარდაიცვალა. ამის შემდეგ რომის პაპი ხდება პიუს მეორე. ამიტომ ლუდოვიკო ბოლონიელს კვლავ მოუხდა გარკვეული პერიოდით ცდა. მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ლუდოვიკოს აღმოსავლეთში ელჩობის კანდიდატურა შეცვლილიყო კიდეც, რის საფუძველი მის მიმართ პიუს მეორის ნეგატიური დამოკიდებულება იყო. იმ პერიოდში, როდესაც პიუს მეორე რომის პაპი გახდა, ლუდოვიკო აღმოსავლეთში იმყოფებოდა და ვერანაირ ძალთა გადანაწილებაში ვერ მიიღო მონაწილეობა. იგი ერთგვარად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პიუს მეორის კარზე მას არც ელჩობა და არც მძლავრი გარანტიები ჩამოუტანია აღმოსავლეთიდან. ერთადერთი, მხოლოდ ყვარყვარე მეორის წერილი იყო, რომელიც, შესაძლებელი იყო, საკუთარი ხელითაც შეეთითხნა. უნდა აღინიშნოს, რომ არაორდინარული პიროვნება იყო თვით პიუს მეორეც. იგი კარდინალურად განსხვავდებოდა კალიქსტ მესამისგან. თუ მოხუცებული კალიქსტ მესამე ღამეებს ათენებდა კონსტანტინოპოლის დაბრუნების ფიქრში, განსხვავებული მსოფლმხედველობის იყო რომის იმჟამინდელი პაპი. კათოლიკური ეკლესიის სათავეში მოსვლამდე იგი რეფორმატორული იდეებით გამოირჩეოდა – მან მხარი აუბა ევროპაში მძლავრად დაწყებულ რეფორმისტულ იდეებს, თუმცა, როგორც კი პაპი გახდა, თავისი იდეები უარყო და თანამოაზრეებს დაუწყო დევნა; მეტიც, ანტიოსმალური კოალიციის ჩაშლის შემდეგ, მან მიმართა კონსტანტინოპოლის დამპყრობელს, მეჰმედ მეორეს, ქრისტიანი გამხდარიყო და იგი მას მსოფლიოში ერთადერთ იმპერატორად აღიარებდა. სწორედ ამ მიზეზთა გამო, ლუდოვიკოს გამომგზავრება ეჭვქვეშ დადგა. თუმცა, 1458 წელს, ბოლონიელის ელჩობა აღმოსავლეთში მაინც განხორციელდა.
– რა შედეგი მოჰყვა ლუდოვიკო ბოლონიელის მეორე ელჩობას?
– ლუდოვიკო ბოლონიელს დავალებული ჰქონდა, შეეკრა მძლავრი ანტიოსმალური კოალიცია, რომელშიც არა მარტო აღმოსავლეთის საქრისტიანო, არამედ ოსმალეთზე განაწყენებული მუსლიმური მმართველებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. ყველაფერ ამის სანაცვლოდ, პიუს მეორე ლუდოვიკოს ანტიოქიის პატრიარქის ტიტულს მიანიჭებდა.
– საქართველოში მეორე ელჩობის პერიოდში ვის შეხვდა ლუდოვიკო ბოლონიელი?
– თუ პირველი ელჩობისას ლუდოვიკო მხოლოდ ყვერყვარე მეორეს შეხვდა, წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ ამჯერად მას აუდიენცია ჰქონდა როგორც ყვარყვარესთან, ისე საქართველოს მეფე გიორგი მერვესთან. ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარე, ლუდოვიკო ბოლონიელის მოთხოვნის საფუძველზე, უკვე შერიგებულიყო და მზადყოფნას გამოთქვამდა, ერთობლივად ეომათ ოსმალთა წინააღმდეგ. ორივე ქართველმა მბრძანებელმა ლუდოვიკოს დაუსახელა ჯარის ის რაოდენობა, რასაც ისინი გამოიყვანდნენ კონსტანტინოპოლის გასათავისუფლებლად. ყვარყვარე მეორე რომის პაპის ლეგატს 20 ათას მხედარს, ხოლო გიორგი მერვე – 40 ათას ჯარისკაცს შეჰპირდა. გარდა ქართველებისა, ლუდოვიკოს ჯარის გამოყვანას დაჰპირდა ტრაპიზონის იმპერატორი და „თეთრბატკნიანთა“ მბრძანებელი უზუნ ჰასანი. ამ ელჩობის შემდეგ ლუდოვიკომ აღმოსავლეთიდან 120 ათასი ჯარიკაცის გამოყვანის პირობა მიიღო. ქართველებმა ლუდოვიკოს ელჩებიც გააყოლეს რომის პაპთან: გიორგი მერვემ – ნიკოლოზ თბილელი, ხოლო ყვარყვარემ – ფარსადან ქარციხელი.
– როგორ შეხვდა ქართველ ელჩებს რომის პაპი?
– მანამ ლუდოვიკო ქართველ და აღმოსავლეთის სხვა ელჩებთან ერთად რომში ჩავიდოდა, პიუს მეორეს დავალებით, მანტუაში მოეწყო დიდი საეკლესიო კრება, სადაც უპირველესად განიხილებოდა ის, თუ დასავლეთ ევროპის რომელი ქვეყანა რამდენი მეომრის გამოყვანას შეძლებდა, ოსმალები რომ კონსტანტინოპოლიდან გაეძევებინათ. შეკრება სავალალო შედეგით დასრულდა: ისეთმა დიდმა საჰერცოგომაც კი, როგორიც მეთხუთმეტე საუკუნეში ბურგუნდია იყო, მხოლოდ 6 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა ითავა. ამის გამო, როგორც საეკლესიო კრება, ასევე ანტიოსმალური კოალიციის იდეა, ფაქტობრივად, ჩაშლილად გამოცხადდა. ამიტომ, პაპი ლუდოვიკოსა და აღმოსავლეთის წარმომადგენლებს იმედგაცრუებით შეეგება. აღმოსავლეთის წარმომადგენლების პასუხზე, რომ ისინი მზად იყვნენ 120 ათასი კაცი გამოეყვანათ ამ ქრისტიანული საქმისთვის, რომის პაპს ირონიულად ჩაუცინია და დამცინავი კილოთი უთქვამს, ძნელად თუ შევძლებ ამ რაოდენობის ჯარის გამოკვებასო.
– რით დამთავრდა ქართული ელჩობა ვატიკანში?
– აღმოსავლეთის ელჩები პაპთან აუდიენციის შემდეგ მოულოდნელად ვატიკანის ელჩები გახდნენ ევროპაში. ანუ, მინდა გითხრათ ის, რომ პაპმა დაავალა მათ, ლუდოვიკო ბოლონიელთან ერთად თვითონ წასულიყვნენ ევროპის მონარქებთან და დაეყოლიებინათ ისინი ამ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე. ყოველივე აქედან გამომდინარეობს, რომ, თუ აქამდე ევროპა საქართველოს სთხოვდა დახმარებას, ახლა ქართველები აღმოჩნდნენ მთხოვნელის როლში, რათა ევროპა გამოფხიზლებულიყო და კონსტანტინოპოლი გადაერჩინათ.
– როგორ დასრულდა ყოველივე?
– ქართველებმა ევროპაში ბევრი იმოგზაურეს, ისინი ეწვივნენ ბურგუნდიის ჰერცოგს, საფრანგეთისა და გერმანიის იმპერატორებს, მოხდა ისიც, რომ ერთ-ერთ მონარქთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გზად მიმავალ ქართველებს ამ მონარქის გარდაცვალების ამბავი დააწიეს. ამიტომ მათ უკან დაბრუნება და ახალ მონარქთან მოლაპარაკებების დაწყება მოუხდათ. ყოველივე აქედან ნათელი ხდება, რომ მეთხუთმეტე საუკუნის ევროპა არ იყო მზად კონსტანტინოპოლის გადარჩენისა და ბიზანტიის იმპერიის აღდგენისათვის – ისინი თავიანთ ვიწრო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი. ამ უშედეგო მცდელობამ მალევე არია აღმოსავლეთის მოვლენებიც. 1461 წელს დაეცა ტრაპიზონის იმპერია და ოსმალეთი უშუალოდ დაუმეზობლდა საქართველოს საზღვრებს. ევროპაში წარუმატებელმა ელჩობამ საქართველოში კვლავ არეულობა და მეფე-მთავრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. რამაც საქართველო საბოლოოდ მიიყვანა დაშლა-დაქუცმაცებამდე.