რატომ ურჩევდნენ ერთმანეთს საქმეებს ჩინეთში „მის ტურიზმის“ მონაწილეები და ვისი ეშინოდა ცირა სუქნიძეს
„მის საქართველო 2009“, მშვენიერი ცირა სუქნიძე სულ ახლახან იმყოფებოდა ჩინეთში, საერთაშორისო კონკურს „მის ტურიზმ ქვინ ინტერნეიშენალზე“, სადაც საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვა – „მის ტალანტი“ გახდა.
ცირა სუქნიძე: ეს მალაიზიური კონკურსია და ტარდება ჩინეთში, ძალიან მაღალი დონის ღონისძიებაა. საერთოდ, მიიჩნევენ, რომ „მის მსოფლიო“ უფრო მაღალი დონის კონკურსია, მაგრამ მე მათ შორის დიდი სხვაობა ვერ ვიპოვე – სასტუმროებიც, მომსახურებაც, საკვებიც, თითქმის ისეთივე იყო, მოკლედ, ძალიან მომეწონა ყველაფერი, მათ შორის, ხალხიც – ძალიან თბილი ხალხია, ყველა სიტუაციაში ცდილობენ შენს დახმარებას. ინგლისური არ იციან, მაგრამ, მანამ არ მოგეშვებიან, სანამ ყველაფერს არ გაარკვევენ. უხსნი, ისინი ჩინურად გპასუხობენ და ბოლოს მაინც გეხმარებიან. თავით, ფეხებით, ხელებით, მოკლედ, ყველაფრით ვუხსნიდი, ზოგი იგებდა, ზოგი ვერა. ისე, ხანდახან მიკვირდა, როგორ შეიძლება, ვერ გაიგონ-მეთქი. ერთ დღეს თაიგულის ყიდვა მინდოდა ჩვენი ინსტრუქტორებისთვის, პატარა თაიგულები მინდოდა და ხელებით ვუხსნიდი: ეს დიდია, მე პატარის ყიდვა მინდა-მეთქი. ვერაფერი გავაგებინე, მომეშალა ნერვები და წამოვედი.
– ორივე კონკურსზე საკმაოდ შორ მანძილზე მოგიწია გაფრენა.
– ორივეჯერ დავისაჯე, ათი საათი მომიწია ფრენა გადაჯდომით. აქედან ძალიან დავიღალე, მაგრამ იქიდან აღარ დავღლილვარ, რადგან, თბილისში მოვფრინავდი და ძალიან მიხაროდა, რომ შევხვდებოდი ჩემებს, ჩემს შეყვარებულს. ჩემ გვერდით გოგონა იჯდა და ხელი ჩამკიდა – ძალიან მეშინიაო. რომ ფრინდება თვითმფრინავი, მეც მეუფლება უსიამოვნო შეგრძნება, მაგრამ არ მეშინია. ჯერ პეკინის აეროპორტში ჩავფრინდი და მერე იქიდან ავტობუსით ძალიან ბევრი ვიარეთ. თავიდან ცოტანი ვიყავით, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში გოგონები გვემატებოდნენ და გვემატებოდნენ. გულში ვფიქრობდი, რა ამბავია, რამდენი არიან-მეთქი. სულ 81 მონაწილე ვიყავით, წინა წლებში ამ კონკურსზე უფრო ცოტა გოგონა იღებდა მონაწილეობას.
– როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე ჩინეთმა?
– პირველი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც საჭმელები მოგვიტანეს ნიჟარებით. ასეთი რამ მანამდე არ მქონდა გასინჯული. ყველაფერს საშინელი გემო ჰქონდა. მიხვდნენ, რომ ჩინეთიდან არ ვიყავით და მომდევნო დღეებში გამოაკეთეს მენიუ. მრგვალ მაგიდაზე ძალიან ბევრი საჭმელი იდო, თან გეკითხებოდნენ – ეს გინდათ თუ წავიღოთ, რომ ახალი დავდოთო. მაგიდა ტრიალებს და გოგონები – ვაიმე, მოიცადე, არ გადამიღიაო – თან მიჰყვებოდნენ. ჩხირებით ჭამაც ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, ერთი საათი ვუნდებოდი, საჭმელში რომ ჩამერჭო, ვერ „დავამუღამე“, უნიჭო ვარ. ბოლოს მაინც ყველანი ჩანგლით და დანით ჭამაზე გადავედით.
– კიდევ რაზე მიიღე შოკი?
– ნეტავ არ მეყურებინა, როგორ კლავდნენ ქათამს. ჩვენთან, როგორც წესი, თავს აჭრიან. იქ ჯერ მიწაზე დაახეთქეს, თან – სამჯერ, სანამ არ გათიშეს, მერე მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში და, ბოლოს, კი არ მოაჭრეს თავი, მოახერხეს. გოგონები ვუყურებდით და თან ვამბობდით, თქვე მკვლელებოო, ისინი კი იცინოდნენ. მეორე შოკი სუპერმარკეტში მივიღე, საშინლად მწირი არჩევანი იყო. დავინახე პაკეტი, რომელზეც ძაღლი ეხატა, ქვეშ კი მიხატული ჰქონდა მომზადებული კერძი, თავიდან ძაღლის საჭმელი მეგონა, მაგრამ ამიხსნეს, რომ ეს იყო ძაღლის ხორცი. როგორ გავუშვი ხელი, არ მახსოვს, მგონი, ძირს დავაგდე ის პაკეტი, საშინელება იყო.
– რამე ეგზოტიკური კერძი ხომ არ დააგემოვნე?
– კი, რაღაც იყო გველივით და, როგორც ამიხსნეს, ძალიან რთული ყოფილა ამ არსების დაჭერა. გველი არ იყო, მაგრამ გველის წიწილს ჰგავდა ძალიან, პირი ჰქონდა დაღებული, პირის მხრიდან უნდა გაგეხსნა, ხერხემალი უნდა ამოგეღო და ისე გეჭამა, თან სეზამის მარცვლებში იყო მოხრაკული. ძალიან მომეწონა, გემრიელი იყო. რომელი საჭმლის სუნიც მომეწონებოდა, მხოლოდ იმას ვჭამდი. ამას კარგი სურნელი ჰქონდა. მარტო მე ვჭამე და გოგონები გაოცებულები მიყურებდნენ – ეს ვინ არისო.
– ვისთან ერთად ცხოვრობდი სასტუმროში?
– ბევრი გოგონა გამოვიცვალე. თავიდან ვიყავი „უელსთან“, შემდეგ – „მონღოლთან“, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა ინგლისური და დამტანჯა – ხელებით, ფეხებით ვუხსნიდი, მეტი აღარ შემეძლო. მარტო იცოდა „ო ქეი“ და ყველაფერზე ამას ამბობდა, გამაგიჟა. პირველმა „უელსმა“ მიმატოვა. ვერ ვიტყვი, რომ არ მოვწონდი, პირიქით, ვუყვარდი, მაგრამ, ინგლისის წარმომადგენელთან წავიდა. ინგლისის, უელსის, შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლები სულ ერთად იყვნენ. მონღოლეთის წარმომადგენელი მე მივატოვე. სამაგიერო გადავუხადე – პირველად მე მიმატოვეს და მეორედ მე მივატოვე. ბოლოს სუდანელ გოგონასთან ერთად ვიყავი მთელი კონკურსის განმავლობაში. ზანგი იყო და საშინელ ისტორიებს მიყვებოდა – სულ გარჩევები, ჩხუბები რომ აქვთ თავის ქვეყანაში. ცოტა შემაშინა – ვფიქრობდი, რამე არ ვაწყენინო და არ მომცხოს-მეთქი, თვითონაც მოჩხუბარი გოგონა იყო. სხვათა შორის, კონკურსზე იყო გოგონებს შორის დაძაბულობა, ჩხუბი, ოთახებში საქმის გარჩევები. მე ჩემთვის, წყნარად, მშვიდად ვიყავი ჩემს ოთახში, ჩემებს ველოდებოდი „სკაიპში“ და მთელი ღამე ველაპარაკებოდი. გოგონები ხანდახან სვამდნენ და არც ამაში ვერეოდი, ჭკვიანად ვიქცეოდი. სამაგიეროდ, ძალიან ცოტა მეძინა, გამოუძინებელი ვიყავი.
– ძირითადად რაზე ჩხუბობდნენ?
– ძირითადად საჭმლის რიგში დგომის დროს ხდებოდა ჩხუბი, ერთი გადაასწრებდა მეორეს და მაშინვე იწყებოდა დაკა-დაკა. თან, უმეტესად ზანგები ჩხუბობდნენ: კაბაზე რატომ დამადგი ფეხიო და ასე შემდეგ. ინციდენტებიც ხდებოდა: ერთ გოგონას ცილი დასწამეს, რაღაცეები მოიპარეო. მართლა იკარგებოდა რაღაცეები: ფული, ტელეფონი, ფოტოაპარატი... ბევრმა დაკარგა. მერე იმ გოგონას ოთახში შეუცვივდნენ, ყველაფერი გადაუჩხრიკეს, ამოუყარეს, ვერაფერი იპოვეს და ასე ამოყრილი დაუტოვეს. „მის მსოფლიოზე“ ასეთი რამ არ მომხდარა, ალბათ, იმიტომ, რომ მაინც სულ „მისები“ იყვნენ, ჩინეთში კი არც ერთი არ იყო „მისი“, ჩემ გარდა.
იმდენს დავდიოდით, რომ ჩემოდნების ჩალაგება-ამოლაგებაში კარგად დავხელოვნდი.
– როგორც ვიცი, „მის ტალანტი“ გახდი.
– საფინალო კონკურსამდე ჩატარდა „მის ტალანტის“ ორი ტური. თავიდან 35 გოგონა ვმონაწილეობდით, მეორე ტურში 15 აგვარჩიეს და მესამე ტურში – 6, აქედან ოთხნი ვმღეროდით, მერე კი უკვე ექვსივემ ვიმღერეთ ფინალურ შოუზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, კარგად მღეროდნენ გოგონები და გამარჯვება რთული იყო, თანაც ექვსეულში მალაიზიისა და ჩინეთის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ყველაფერში იმარჯვებდნენ. მეშინოდა, მიკერძოება არ ყოფილიყო. საფინალო შოუზე, ყველაფერი რომ დამთავრდა, საცურაო კოსტიუმებით, ტრადიციული სამოსით, რომელიც „მარიონელასი“ იყო, გაიმართა ფინალი. გამოაცხადეს „საუკეთესო სხეული“, შემდეგ „საუკეთესი კოსტიუმი“, მესამე გამოაცხადეს „ბესთ ინ თალანთ“ და, მე რომ გამომაცხადეს, მაშინვე სცენის ცენტრისკენ გავიჭერი, სადაც უნდა გადმოეცათ მინის „სტატუეტკა“. ჯერ ხელები ავწიე, მერე გავშალე, კოცნა გავუშვი, ისეთ ემოციებში ვიყავი, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ჩინელებს უფრო წყნარი, ნაზი სიმღერები მოსწონთ და ასეთი შევარჩიე, კარგად გავთვალე. ის „სტატუეტკა“ ჩემთვის ყველაფერია, ძალიან მომწონს. პირველად დედას დავურეკე, მერე ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემს შეყვარებულს უთხრა. სიხარულისგან ისე აჰყვა ემოციებს სახლისკენ რომ მოდიოდა, ავტომობილით, თურმე, ყველაფერი გადაჯეგა.
– ალბათ, ძალიან გენატრებოდა.
– ძალიან მაგრამ, რომ ჩამოვედი, ცოტა გაუცხოების მომენტი იყო ორივეს მხრიდან, თუმცა 20 წუთში ყველაფერმა გაიარა. რაღაცეები ჩამოვუტანე, მან კი ყვავილების დიდი თაიგული დამახვედრა, თან, თავისი გემოვნებით შეკრული, ისეთი ლამაზი იყო... „სვოჩის“ საათიც მაჩუქა, ორიგინალური, მგონი, ყველა ენაზე აწერია: „მიყვარხარ, მიყვარხარ“.