რატომ აძლევს საცოლეს ვახო ბიჭიკაშვილი ცემის უფლებას და როდის გახსნიან მის ძეგლს ქართლელები
ვახო ბიჭიკაშვილი ის ადამიანია, რომელიც ყველაში დადებითს ეძებს. კომუნიკაბელურობის, იუმორისა და უშუალო ხასიათის წყალობით, მას უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს. მართალია, ხშირად ქართლურ კილოზე ხუმრობს, მაგრამ ამის გამო ქართლელები სულაც არ ბრაზობენ და, როგორც მისგან შევიტყვეთ, თურმე კასპში მისი ძეგლის დადგმასაც კი გეგმავენ. ვახო შეყვარებულია და, არ არის გამორიცხული, სულ მალე, თეთრ „დუბლიონკაში“ გამოწყობილმა, „ქორწინების სახლის“ კარიც შეაღოს. მეჯვარეებიც და რჩეულიც მისი გემოვნებით იქნებიან გამოწყობილები და არც სიდედრ-სიმამრის „შებმა“ გაუჭირდება.
ვახო ბიჭიკაშვილი: კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და, თუ ვინმესთან არ ვურთიერთობ, დეპრესიაში ვვარდები. ხანდახან ისეთი პერიოდებიც მაქვს, მარტოს რომ მინდა ყოფნა, მაგრამ, დიდი-დიდი, ორი დღე გავძლო სიმარტოვეში, მერე ისევ ხალხთან ურთიერთობა მენატრება. ამიტომ არ მიყვარს დასვენების დღეები და „ჩაკეტვები“.
– ასეთი „ჩაკეტვის“ პერიოდები ხშირად გაქვს?
– „ჩაკეტვის“ პერიოდები ხშირად არა, მაგრამ, მაქვს ხოლმე. ამ დროს დეპრესიაც მაწუხებს და. ეს ძირითადად ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. ისე, შეიძლება, უმნიშვნელო პრობლემამაც „ჩამკეტოს“, მერე კი ვხვდები, რომ დებილი ვარ და ასე არ უნდა მოვიქცე.
– სიყვარულის გამო „ჩაკეტვები“ თუ „მოსულა“ და შეყვარებული თუ ხარ?
– „ჩაკეტვები“ ცოტა ხნით, სიყვარულის გამოც „მოსულა“ ოღონდ, ძირითადად, ერთდღიანი. შეყვარებული ვარ და, ახლა, არ მკითხოთ, ვინ არის, რას აკეთებს და როგორი ადამიანიაო. ერთს გეტყვით: თქვენი კოლეგაა, ჟურნალისტი, მაგრამ ახლა სხვა სფეროში მოღვაწეობს. წლების წინ გავიცანი და ახლა დაკვირვების პროცესში ვარ. ცოტა უცნაური სიყვარული ვიცი, უფრო სწორად – ვიცოდი, ახლა გონს მოვედი.
– რაში გამოიხატებოდა ეს უცნაურობა?
– მაგალითად, როცა ვგრძნობდი, რომ კარგად ვიყავი მასთან, ვამბობდი, არ ვარ კარგად მის გვერდით-მეთქი. როცა ყველანაირ „ბრძოლას“ მოვიგებდი გოგონასთან და დავუახლოვდებოდი, მივაღწევდი სასურველ შედეგს, მერე ვამბობდი ხოლმე უარს და ბრძოლის ველზე ვეცემოდი. ახლა ასე აღარ ვიქცევი. მივხვდი, ის ერთი უნდა მინდოდეს, ვისაც მართლა ვუყვარვარ. სიყვარულის ბრძოლის ველზე რომ აღარ ღირს დაცემა, სულ რამდენიმე დღის წინ მივხვდი. ასე რომ, შეყვარებული ვარ და გათენებაც მიხარია და დაღამებაც. ის ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს, ვუგებ და მიგებს. ადრე, ორჯერ დავკარგე ჩემი უაზრობებით ეს ადამიანი და სულ ვამბობ, მაგარი საცემი ვარ მისგან-მეთქი (იცინის). მცემოს, ღირსი ვარ და ავიტან. ისიც მითხრა, არასდროს გაპატიებ შენს საქციელსო, მაგრამ, რა ვუყო? ხომ ვაძლევ ჩემი გატყეპვის ნებას და მეტი რა ვქნა? (იცინის). ბიჭები კი მარიგებენ ჭკუას, მაგრამ, აბა, მკითხეთ, ვუჯერებ?! თემო მჟავია და მე ოცდაოთხსაათიანი, „ონლაინ-მეგობრები“ ვართ, მეუბნება, მარიგებს, მაგრამ, დაიღალა ჩემი დარიგებებით და შემეშვა. მე არც თვალები მიბრწყინავს შეყვარებულს და არც ოთხით დავდივარ, ჩემებურად მიყვარს და მორჩა.
– როგორც მივხვდი, სულ მალე თეთრ „დუბლიონკას“ მოირგებ, არა?
– აქამდე ცოლის მოსაყვანად მზად არ ვიყავი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ დავიღალე.
– რითი დაიღალე?
– გართობით, გიჟობით, ღამეების თენებით, კლუბური ცხოვრებით... მერე, ამ დროს ცოტას დალევ, ცოტას ბევრი მოყვება, უძილობის საათებიც გაიწელება და... ჩემს საახლობლოში, ვინც დაოჯახდა, ვაკვირდები და, ყველა კარგადაა თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით: აღარც ვალები აქვთ, აღარც ღამეებს ათენებენ გართობაში, უფრო დამშვიდდნენ, დადინჯდნენ და თავს კარგად გრძნობენ ოჯახურ იდილიაში. იმასაც ვაცნობიერებ, რომ, თუ დავოჯახდები, მეც წინ წავალ ცხოვრებაში და ამაზე, მგონი, უარს აღარ ვიტყვი. იცი, როგორი პერიოდი მაქვს?
– არ ვიცი. როგორი პერიოდი გაქვს?
– დაკვირვების ობიექტი არის, სიყვარულის ბრძოლის ველზე ღრმად შევდივარ და, თანაც, ხმლით ხელში. თან, ვიცი, უეჭველი გამარჯვებული უნდა დავბრუნდე, აბა, ამის იმედი რომ არ მქონდეს, ისე არც შევვარდები გაშმაგებით, ამხელა ბრძოლაში.
– ხმალი რაღად გინდა?
– რა ვიცი, წინ რა დაბრკოლება მხვდება სიყვარულში და თავი არ უნდა დავიცვა ხმლით?! ისე, რომ დავფიქრდეთ, წესით, არ უნდა დამიწუნონ ჩემი რჩეულის მშობლებმა. მართალია, „დუბლიონკა“ გამიცვდა, მაგრამ, რა პრობლემაა, ახალს ვიყიდი. ველოდები, როდის აღდგება სავიზო რეჟიმი რუსეთთან, გავიქცევი და ვიყიდი ახალს, ან, ბოლო-ბოლო თურქეთიდან ჩამოვიტან. მერე რაღას დამიწუნებენ?
– დიპლომიც ხომ გაქვს?
– (იცინის) ეგ სულ დამავიწყდა. დიპლომიანი სასიძოც ვარ, აბა, როგორ! თან, ცალკე ვიშენებ ბინას და ცოლთან ერთად აუცილებლად ცალკე ვიცხოვრებ. ასე რომ, ახალაშენებული სახლიც მაქვს, გრძელი დიპლომიც, თეთრ „დუბლიონკასაც“ მალე ვიყიდი და რითღა დამიწუნებს სასიდედრ-სასიმამრო? ცოტასაც წავუქართლურებ და ეგ არის... ქალიც ჩემია (იცინის).
– საცოლისთვის ნაყიდი გაქვს „დუბლიონკა“?
– ჯერ არა. არ მოსწონს, მაგრამ, მაინც მოუწევს ჩაცმა. საყვარელი მამაკაცის გამო ესეც უნდა აიტანოს, არა უშავს. მე ღამეც არ გავიხდი ამას, რომ არ დამიბეროს და არ გავცივდე და, ჩემი ცოლი ამასაც უნდა შეეგუოს. ქორწილისთვის კი ახალ, თეთრ „დუბლიონკაში“ რომ გამოვიწკიპები, მერე მიყურეთ თქვენ, ცოლს კი მოკლე, ბეჟი ფერის „დუბლიონკას“ ჩავაცმევ.
– მეჯვარეები როგორ ფორმაში იქნებიან?
– რასაკვირველია, „დუბლიონკებში“, ოღონდ, ბიჭი მეჯვარე „დუბლიონკას“ გარედან მიაკერებს ჩოხის „პონტში“, მასრების ჩასაწყობს. ასე რომ, ქორწილში დაპატიჟებული ხართ.
– დაპატიჟებისთვის მადლობა. ვახო, გავიგე, შენი ძეგლის დადგმას აპირებენ კასპშიო, მართალია?
– კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმია, მეც იქ ვისვენებ ხოლმე – სახლი მაქვს და დიდი ბებიაც იქ ცხოვრობს. ადრე ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა იშვიათად მიწევს ჩასვლა. თუ იქ ფეხი ჩამიცდა, იცოცხლეთ, სუფრიდან აღარ მაყენებენ. სიმართლე გითხრათ, მართლა გულით მიყვარს მათთან ჩაჯდომა, ჭიქის აწევა, ქეიფი და დროსტარება. იქაურებს სულაც არ სწყინთ, ქართლურად რომ „ვუბერავ“ ხოლმე და მეუბნებიან, ასე თქვი, ისე თქვიო – მოკლედ, იდეებს მაწვდიან და მეც ვხუმრობ, როგორც შემიძლია. სულ ვამბობ, ხოვლეს ბევრი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს, მაგრამ, განსაკუთრებით გამოჩენილი და ნიჭიერი მარტო მე და ივანე ჯავახიშვილი ვართ-მეთქი. (იცინის). მითხრეს კიდეც იქაურებმა, სააკაძის ძეგლის გვერდით უნდა დავდგათ შენი „დუბლიონკიანი“ ძეგლიო და, თუ მალე მოაბეს თავი, გახსნაზე დაპატიჟებული ხართ.
– ესე იგი, ვარსკვლავის გახსნაზე პრეტენზია არ გაქვს და ძეგლით კმაყოფილდები?
– არასწორად გამიგე, მე ეგ არ მითქვამს. ვთქვი, კასპში ძეგლი დამიდგან-მეთქი და მერე რუსთაველზე ჩემი ვარსკვლავი გახსნან, ოღონდ, პომპეზურად, თავისი ფოიერვერკებით, „მრავალჟამიერით“, ფურშეტებითა და ჰაი-ჰუით.
– ასეთი პომპეზურობა რა საჭიროა?
– კაცო, მე თქვენ გამაგიჟებთ! აბა, ყველამ ხომ უნდა გაიგოს, რა ხდება?!
– გეხვეწები, არ გაბრაზდე, თორემ „კომედი შოუში“ რომ ბრაზდები, თვალებზე ლიბრი გეკვრება, იქაჩები და დაუნდობელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. ისე, ჩვენში რომ დარჩეს, რუსთაველზე რომ არ გახსნან, სხვა ადგილს დაიწუნებ?
– (იცინის) ჰო, კარგი, არ გავბრაზდები, თუ ეგეთი სასტიკი ვარ. ბრაზიანი – კი, მაგრამ, ხომ იცით, პრეტენზიული და წუნია არ ვარ, ვარსკვლავი გამიხსნან და, თუ გინდა, „რუსთავი 2-ის“ შენობის წინ იყოს, რა პრობლემაა? ყოველდღე გავივლ-გამოვივლი ზედ და თან ვიამაყებ (იცინის).