რატომ არ ამღერეს „იურმალას“ გახსნაზე დუეტი „ჯორჯია“ და რატომ არ ჩავიდა მაია ყიფიანი ლატვიაში
იყო წლები, როდესაც მთელი საქართველო ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებას და იურმალაში კონკურს „ახალი ტალღის“ დაწყებას ელოდებოდა. ეს იყო სამი დღე, როდესაც ყველანი ჩვენი კონკურსანტების წარმატებას ვადევნებდით თვალყურს, ვგულშემატკივრობდით და გვიხაროდა. იმდენად დიდი იყო ქართველი მომღერლების ინტერესი იურმალას მიმართ, რომ კონკურსის ხელმძღვანელობასაც უჩნდებოდა სურვილი, მეტი ყურადღება გამოეჩინა ქართველების მიმართ. რა მოხდა წელს, რატომ ერთი უბრალო ინფორმაციული სიუჟეტიც კი არ გასულა არც ერთ არხზე იურმალასთან დაკავშირებით, ამაზე მაია ყიფიანი მოსკოვიდან გვიამბობს, რომელთან ინტერვიუც მისი პირადი ამბების მოკითხვით დავიწყეთ.
მაია ყიფიანი: ნორმალურად, კარგად მიდის ჩვენი აქაური ცხოვრება. ძირითადად, ძალიან ბევრი მოგზაურობა გვიწევს, რაც შედარებით მიადვილებს სამშობლოსგან მოწყვეტას. თან, თბილისშიც, ასე თუ ისე, ვახერხებ ჩამოსვლას. რაც შეეხება საქმეს, ამჟამად ძირითადად ჩემს მეუღლეს – არაიკას ვეხმარები. ახლოვდება მამამისის, არნო ბაბაჯანიანის იუბილე. ამასთან დაკავშირებით კი, ძალიან დიდი ღონისძიებებისთვის მიდის მზადება, იგეგმება კონცერტები. ორი ფილმი კეთდება რუსეთის ტელევიზიის ორი არხისთვის. კრემლში ჩატარდება დიდი კონცერტი და ძალიან დიდი კონცერტი – ერევანში. სხვათა შორის, ახლახან თბილისიდან სომხეთის ელჩი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, ამ კონცერტის დუბლირება თბილისშიც გაკეთდეს.
– ანუ, ისევ მუსიკალურ-საპროდიუსერო საქმიანობაში ხართ.
– კი, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა სიტუაციაა. აქ იმხელა მასშტაბებია, იმდენად განსხვავდება ეს ყველაფერი თბილისური სიტუაციისგან, რომ მიჭირს აქტიური მუშაობა. ჯერ მარტო, აქ იმხელა თანხებთანაა ყველაფერი დაკავშირებული, ისეთი ციფრები მესმის, რომ ხანდახან მგონია სრულიად არარეალურ თემებზე ლაპარაკობენ. კრემლის არენდა, ძალიან დიდი ნაცნობობით და თან, თვითონაც რომ არიან ამ კონცერტით დინტერესებული, ორმოცი ათასი დოლარი ღირს. წარმოიდგინეთ, დანარჩენი ყველაფერი რა ფასებთან იქნება დაკავშირებული. თუ გინდა, რომ ყოველი ნიუანსი უმაღლეს დონეზე იყოს გაკეთებული, ყველაფერი უდიდეს თანხებს მოითხოვს. იგეგმება როგორც კლასიკური, ისე საესტრადო კონცერტი. როცა გინდა, რომ კლასიკური კონცერტი ბერეზოვსკიმ დაუკრას, საესტრადო კი – ხვარასტოვსკიმ გააკეთოს, და ასეთ მეგავარსკვლავებზეა საუბარი, ეს ყველაფერი დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. მართალია, ჯერ წელიწად-ნახევარია დარჩენილი, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაოა გასაკეთებელი.
– დასვენება როგორი გამოგივიდათ?
– ოი, დასვენება მართლა ძალიან კარგი იყო. იცით, ალბათ, მოსკოვში რა ხდებოდა, რა გაუსაძლისი სიცხე იყო და საბედნიეროდ, ჩვენ ამ ყველაფერს ავცდით. თვე-ნახევრის განმავლობაში ვიმოგზაურეთ. ძირითადად, საფრანგეთში ვაყავით, კანში, მონაკოში... მერე წავედით ოკეანეზე. ლა-მანშის სრუტეზე. ჩავედით პარიზში. მოკლედ, მანქანით მოვიარეთ მთელი ევროპა. სხვათა შორის, მანქანით პირველად ვიმოგზაურე და ეს სულ სხვა შთაბეჭდილება გახლდათ. სოფელ-სოფელ ვიარეთ, ძალიან მაგარი იყო. ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ, რომელიც მხოლოდ ფილმებიდან მახსოვს, უამრავი მუზეუმი, გამოფენა დავათვალიერეთ. სრულიად გაოგნებული ვიყავი ამდენი შთაბეჭდილებებით, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მაინც სან-მიშელი იყო საფრანგეთში. ეს არის მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნის ქვაში ნაკვეთი ქალაქი. ეს არის ადგილი, სადაც გადაიღეს „ბეჭდების მბრძანებელი“ და კიდევ ძალიან ბევრი ფანტასტიკური, ზღაპრული ჟანრის ფილმი. მართლა საოცრებაა შუა ოკეანეში. ამ ადგილას არის მუდმივი მიქცევა-მოქცევა. დღისით წყალი უკან იხევს და ამ შენობებში შეგიძლია, ფეხით შეხვიდე, საღამოს კი წყალი ბრუნდება და იქაურობა კუნძულად იქცევა. მოკლედ, სრულიად მოხიბლული ვარ ამ მოგზაურობით.
– „იურმალაზეც“ მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდებოდა წელს. ჩვენამდე არანაირ ინფორმაციას არ მოუღწევია.
– ისე მოხდა, რომ ეს საყოველთაო კონკურსი, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდებოდით, თითქოს აბსოლუტურად უინტერესო გახდა. ეს მოხდა ერთადერთი მიზეზით, ამ კონკურსში ქართველები აღარ მონაწილეობენ. როგორც კი ვინმე ქართველი გავა, თუ ოდესმე ასეთი რამ მოხდა, ინტერესიც ისევ გაჩნდება. ყველაზე საწყენი ის არის, რომ კონკურსის ორგანიზატორებმაც დაკარგეს საქართველოსადმი ინტერესი. ეს სუფთად ბიზნესს, ფინანსურ მხარეს უკავშირდება. მოხდა ისე, რომ საქართველო არ ყიდულობს ტრანსლაციას. იგორ კრუტოისთან ბოლო საუბრის დროს, მან მითხრა, დიდ ბოდიშს გიხდით, ძალიან ნიჭიერები ხართ და მესმის, რომ კონკურსისთვის ქართველი მონაწილის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ არ გეწყინოთ, ეს მხოლოდ ბიზნესია. იყიდით ტრანსლაციას, მიიღებთ მონაწილეობას; არ იყიდით – ვერ მიიღებთ. ძალიან გამიხარდა, რომ პირველი ადგილი წელს სომხეთმა აიღო. არაჩვეულებრივი ვოკალისტია ის გოგონა – სონა შახგილდიანი. ბაბაჯანიანის სახელობის კონკურსი რომ ჩავატარეთ შარშან, ეს გოგო მომიყვანეს, მოისმინეო. იმღერა ქათამაძე, თან არაჩვეულებრივად. ფიზიკურად დიდი არაფერი გოგოა, უფრო ჯაზის მომღერლის გარეგნობა აქვს, მაგრამ საოცარი ხმა აქვს და ძალიან ვგულშემატკივრობდი. მაშინვე ვუთხარი, რომ „იურმალაზე“ უნდა გახვიდე-მეთქი. ისე მომეწონა, ფესტივალის მეორე დღე ამ გოგონას გავახსნევინე. დავურეკე, მივულოცე წარმატება.
– იყავით ჩასული იურმალაში?
– არა. არ წავედი, ცოტა გავბრაზდი და იმიტომ. კარგი, საქართველომ არ იყიდა ტრანსლაცია, არ იყიდა, არ დაუშვეს მონაწილე – არ დაუშვეს, მაგრამ დუეტ „ჯორჯიას“ რატომ მოექცნენ ასე, არ მესმის. თავიდან მოლაპარაკება გვქონდა, რომ დუეტი უნდა ჩასულიყო და გახსნაზე ემღერა, – როგორც ხდება. დუეტიც აღარ დაპატიჟეს, ისეთი პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს. ეს უკვე ძალიან ულამაზო ჟესტი იყო მათი მხრიდან. ახალგაზრდა გოგონაა მათი მუსიკალური პროდიუსერი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ. ამ გოგომ როგორც კი დამინახა მითხრა, ხომ იცი დუეტი გახსნაზე უნდა იყოსო. მოლაპარაკებულები ვიყავით, უბრალოდ, უნდა გამერკვია, რა სიმღერას იმღერებდნენ. მერე აღარ დამირეკა. მოგვიანებით, მას შემთხვევით შევხვდი მოსკოვში, კონტრიძის საღამოზე. იქ ვკითხე, რა ხდება-მეთქი და დაიწყო ახსნა-განმარტებები, ხომ იცი, როგორ გვიყვარს ბავშვებიო, იგორ ნიკოლაევს დუეტი როგორ უყვარსო, მაგრამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გამო და ტრანსლაციაზე უარის თქმის გამო, გადაწყდა, რომ გახსნაზე არ იქნებიანო. დუეტის არყოფნა, მგონი, მათთვისაც ძალიან დიდი დანაკლისი იყო.
– იქნებ, ტელევიზიებს ეს თანხა არ ჰქონდა, რაც ტრანსლაციის ყიდვისთვის იყო საჭირო.
– არ ვიცი, იმ დროს საქართველოში არ ვყოფილვარ. როდესაც „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელს, გოგი გეგეშიძეს ველაპარაკე, მან მითხრა, ჩვენ არ გვაქვს ამდენი თანხაო. მაშინ კრუტოიმ მითხრა, თქვან, რა თანხის გადახდა შეუძლიათ და მოვილაპარაკებთო. რამდენიც შეუძლიათ, იმდენი გადაიხადონო – ასეთი იყო მისი ბოლო სიტყვა. ეს ამბავი გოგი გეგეშიძეს გადავეცი, მაგრამ ამის შემდეგ უკვე იყო სრული სიჩუმე საქართველოდან. ამან უკვე მიმახვედრა, რომ არ იყო სურვილი, ნება. აქ თანხებზე აღარ იყო საუბარი. როცა სჭირდებოდათ ორასი ათასი და ასოთხმოცი ათასიც გადაუხდიათ. ეს პერიოდიც მახსოვს ძალიან კარგად. როცა გეუბნება ადამიანი, რამდენიც გინდა გადაიხადე და თან დააყოლებს, ეს მხოლოდ ბიზნესია, სხვა არაფერი და კონკურსი კი არა რუსეთში, არამედ ლატვიაში ტარდება, თუ მეორე მხარეს სურვილი ექნებოდა, შეთანხმება შეიძლებოდა. მაგრამ, აქ არ იყო ამის ნება და დამთავრდა.
– კიდევ აქვთ ქართველებს შანსი „იურმალაზე“?
– შანსი ყოველთვის არსებობს. არ გამოილევა, ნიჭიერი ადამიანი საქართველოში, რომელიც ამათ, ნებისმიერ მომენტში, აჯობებს. იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შოუ-ბიზნესი არ არსებობს, ეს ძალიან კარგი ტრამპლინი იყო მათთვის. მასტერკლასი, ბოლოს და ბოლოს. ქართველი ხალხისთვის კი დიდი სიამაყის მომტანი. თვითონ კრუტოი გაბზარებული კი არა, ცოტა გაოცებული იყო ამ ყველაფრით. ერთი რაღაც მთხოვა, თუ შეგიძლია, რომ დამეხმარო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავრეკო ან თავად პრეზიდენტს დაველაპარაკო, ავუხსნა, რომ არანაირი პოლიტიკა ამ კონკურსზე არ არისო. ამის ბერკეტები, რა თქმა უნდა, არ მქონდა.
– ანუ, პრეზიდენტთან საუბარიც კი უნდოდა.
– უნდოდა, ამის მოწმე თავად ვარ. სურვილი ჰქონდა, რომ რაიმე კომპრომისზე წამოეყვანა ქართული მხარე. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რუსიკო ბახტაძეს უნდა ემოქმედა. ბოლოს, მივხვდი, რომ ჩვენი მხრიდან არ იყო ამის ნება.
– ესე იგი „იურმალა“ დავკარგეთ, სანამ პოლიტიკური ნება არ შეიცვლება.
– მეც ასე მგონია. თუ რაღაც არ შეიცვალა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, „იურმალაზე“ საუბარი ზედმეტია. რასაკვირველია, პროტესტი შეიძლება იყოს, მაგრამ არ მომწონს, როცა კულტურა პოლიტიკაში ზედმეტად ითქვიფება. ეს არ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი მომღერლები ზარალდებიან, რომელთათვისაც „იურმალა“ წარმატების კარგი საშუალება იყო. დუეტ „ჯორჯიაზეც“, რომ უარი თქვეს, უკვე მივხვდი, რომ გაბრაზდნენ.