სად აჭამეს ონისე ონიანს კვერცხი დაყივლებამდე და რატომ აპირებდა ის მეორე სართულიდან გადახტომას
მსახიობი ონისე ონიანი გამორჩეულად მხიარული, ენაკვიმატი და სწრაფად მოაზროვნე ადამიანია. არაერთხელ გაება გამოუვალ და კურიოზულ სიტუაციაში, მაგრამ ასევე, სწრაფად შეძლო თავის დაძვრენა. ეს მას, ნამდვილად „ხუთიანზე“ გამოსდის. არც ნასვამი ივიწყებს იუმორის გრძნობას და თავისი უცნაურობებითაც ხშირად აოცებს გარშემო მყოფებს.
– ონისე, ძალიან მხირული ბუნების ადამიანი ხარ. ამის გამო, კურიოზულ სიტუაციებში ხშირად ხვდები?
– მართალია, ხშირად ვხვდები სასაცილო და კურიოზულ სიტუაციებში და ეს, ალბათ ჩემი ბუნების გამოა, თუმცა, არ არსებობს სიტუაცია, თავი არ დავიძვრინო. ერთხელ, საუბარში გავერთე და საათს რომ დავხედე, მივხვდი, სპექტაკლზე ვაგვიანებდი. დამცხა. აღმაშენებლის გამზირიდან რუსთაველამდე, ზუსტად ხუთ წუთში უნდა ავსულიყავი. მანქანით კი ვიყავი, მაგრამ ეს სულ გადამავიწყდა და ფეხით რომ „დავგაზე“, რომელი პატრული შემაჩერებდა? (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად მივასწარი. ვითამაშე როლი, დასრულდა სპექტაკლი და გარეთ რომ გამოვედი, გადავირიე. დავიწყე ყვირილი, თავში შემოვირტყი ხელები, ვაიმე, ჩემი მანქანა მოუპარავთ, მიშველეთ, ხალხნო-მეთქი. ბიჭები გადაირივნენ, არ მოსულხარ მანქანით და რომელ მანქანას ეძებ, „პეშკომობილით“ მოვარდი და აქედან „ფეხ ადინით“ აღარ გეკადრება წასვლაო. (იცინის). მერე გამახსენდა, რომ მანქანა „პლეხანოვზე“ აფთიაქთან დავტოვე და ფეხით ავასკდი თეატრამდე გზას. ისე, ოლიმპიურ თამაშებზე რომ გამიშვას სპორტულმა კომიტეტმა, სირბილში რა მედლებს ჩამოვიტანდი...
– ამბობენ, ონისეს საჭესთან ჯდომა, მაინცადამაინც არ უყვარს და სულ იმას ოცნებობს, სანამ შენობიდან გავა, ნეტავ, მანქანა მოპარული დამხვდესო. მართლა ასეა?
– მართალია, საჭესთან ჯდომა, არ მიყვარს და ერთხელ ისე გამიხარდა, მანქანა რომ არ დამხვდა თავის ადგილზე თეატრიდან გამოსულს, რა გითხრათ. მოკლედ, ერთი სული მქონდა სპექტაკლის შემდეგ, სახლში როდის მივიდოდი და დავისვენებდი. გამოვედი და მართლაც აღარ დამხვდა ადგილზე. თურმე, მეგობრებს მოუფიქრებიათ, ონისე ემოციურია, მოდი, გასაღები მოვპაროთ, მანქანა შორს გადავაყენოთ და საინტერესოა, რომ ვერ დაინახავს, რას მოიმოქმედებსო. ასეც მოიქცნენ. გამოვედი და ყველა მე მიყურებს, აინტერესებთ, როდის ავხტები და აღარ დავხტები (იცინის). მე კიდევ ხელები გავშალე, აღვმართე მაღლა და ვიყვირე: მადლობა ღმერთო, როგორ მიხვდი, რომ დაღლილი ვარ და საჭეს ვერ მივუჯდებოდი-მეთქი. გიჟივით გადავჭერი ქუჩა და ტაქსი გავაჩერე. მეგობრებს თმები ყალყზე დაუდგათ: სად მიდიხარ, ბიჭო, შენი მანქანა ჩვენ გადავაყენეთ, გაუშვი ეგ ტაქსი თავის გზაზე, ასე უემოციოდ თუ შეეგუებოდი მანქანის მოპარვას, რას მოვიფიქრებდითო. აი, მაშინ კი გამოვხატე ემოცია, მაგრამ რა გამოვხატე...
– გაგიხარდა მანქანის პოვნა?
– მანქანის პოვნა კი არ გამიხარდა, მეგობრები დავცეცხლე: რა მითხარით ეგ, საჭესთან დამჯდომი ვარ ახლა მე? თქვენ რა ხალხი ხართ, მეგობრები კი არა მტრები ხართ-მეთქი. სულ გადაირივნენ (იცინის). არ დამავიწყდება, პირველად რომ მივუჯექი დამოუკიდებლად საჭეს, რაები ჩავიდინე.
– რაები ჩაიდინე?
– ახალი ნასწავლი მქონდა მანქანის მართვა და ისედაც დამფრთხალი ვიჯექი საჭესთან. უცებ მანქანამ გადამიჭრა გზა. დავიბენი, საჭეს ხელი გავუშვი და, თუ რამე ღილაკი დავინახე, ყველას თითი მივაჭირე დაბნეულმა. ფარები ხომ ავანთე, მინის საწმენდები ხომ გადი-გამოდიოდა, ისედაც ზაფხულის გაგანია სიცხეში „ფეჩმა“ ხომ დამიბერა ცხელი ჰაერი... მოკლედ, რომ ვერაფერი მოვახერხე, გადმოვყავი გაქროლებული მანქანიდან თავი, ხელებს ვიქნევდი და გიჟივით ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (იცინის). ასეთს რომ დამინახავდნენ, ვინ მომეშველებოდა? ალბათ, ნაგიჟარი ვეგონე ყველას... ნაგიჟარი საჭესთან... ერთხელ კი, პატრულმა გამაჩერა და მკაცრი სახით მითხრა, მეცნობიო. გავუღიმე და ვუთხარი: ალბათ, მსახიობი რომ ვარ იქიდან გეცნობით-მეთქი. დამიბღვირა: რა მსახიობი, შენ თავს შეხედე, ნარკომანობაზე მყავხარ ეტყობა გამოჭერილი და იქიდან მეცნობიო. შევწუხდი: უი, ეს რა მითხარით, მე მეგონა მარტო მსახიობი ვიყავი და ნარკომანიც ვარ-მეთქი? (იცინის) ერთი სიტყვით, ჩემი სიგამხდრის გამო, იმ პატრულმა სამჯერ გამაჩერა და სამივეჯერ შემომიბღვირა, ნარკომანობაზე მყავხარ დაჭერილი და ფრთხილად იყავი, ისევ არ გამომაჭერინო თავიო. ჩემთვის გულში ვფიქრობდი, ამას ჰქვია, შარო საიდან მოდიხარ? საიდან და აი, აქედანო (იცინის).
– ონისე, როგორი მსმელი ხარ და ის თუ გახსოვს, რა მოიმოქმედე პირველი დალევისას?
– სხვათა შორის, სულ ვამბობ კულტურული მსმელი ვარ-მეთქი. წელიწადში დიდი-დიდი, შეიძლება სულ სამჯერ დავლიო და დავთვრე. მაგრამ, ვაი, ამ დათრობას (იცინის).
– სვანი ხარ წარმოშობით და ალბათ, სიმაღლეები გიზიდავს. მართლა ხტებოდი უცხოეთში სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან?
– ნიუ-იორკში ცხოვრობს ჩემი ბიძაშვილი. ჩვენ იქ გასტროლებზე ვიყავით. სპექტაკლის შემდეგ, მე და ჩემი მეგობარი მსახიობები, დაგვპატიჟა რესტორანში და მაგრად მოვილხინეთ. იმდენი არაყი და ვისკი დავლიე, გავიტრიტე. სასტუმროში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ჩემი საქმე ცუდადაა. ძლივს მივაღწიე სასტუმრომდე, კედლებს ღოღვით გავყევი და როგორც კი ნომერში შევედი, საწოლი დავინახე, გადავეშვი და იმავე პოზაში, სამკუთხედივით მოხრილმა, ხვრინვა ამოვუშვი. მეორე დღეს რომ გამეღვიძა, ჯერ ხომ ძლივს გავსწორდი, მერე სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავის მოკვლა მომინდა (იცინის). სასტუმროს ფოიეში „ბასეინი“ იყო და ვიხვეწებოდი, ახლა უნდა გადავხტე მეორე სართულიდან პირდაპირ „ბასეინში“ და არ დამაკავოთ-მეთქი. კიდევ კარგი დამაკავეს (იცინის), თორემ სვანობა მერე გენახათ. ღერი ინგლისური არ ვიცი, არადა ისე ადვილად შევედი ამერიკელ გამყიდველებთან კონტაქტში, როგორც დაგიბარებიათ. ქალი გამყიდველი ნონად „მოვნათლე“, მამაკაცი კი ჯემალად. შევიდოდი მაღაზიაში და ვეუბნებოდი: ჯემალ, თუ ძმა ხარ, ერთი ეს მომაწოდე... ნონა, შემოგევლე, აბა, ერთი ეს მომეცი, ვნახო-მეთქი. ისე დამაჯერებლად გამომდიოდა, რა ვიცი ესმოდათ თუ რა იყო, კი მაწოდებდნენ და... ვიცოდი, არ ესმოდათ, მაგრამ მთელი განცდებით ვუხსნიდი: ჯემალ, გენაცვალე, რად მინდა ინგლისურის ცოდნა, ხომ ხედავ, ასეც გაგებინებ... ნონა, გენაცვალე, ეს ცოტა პატარა მაქვს და აბა, შემომხედე, ამას მოვიზომავ, იქნებ შემიფასო, როგორ მიხდება-მეთქი. ისეთი განცდებით და ხელ-ფეხის ქნევით ვსაუბრობდი, მგონი, მართლა ვაგებინებდი. შევიდოდი და დავიწყებდი: „ნონა ენდ ჯემალ, დას ისტ, დზაან პატარა ან დზაან დიდი და მომიხერხეთ გენაცვალოთ ონისე, რამე-მეთქი“ (იცინის). ისე თავაზიანად მექცეოდნენ, უნდა გენახათ. გიჟდებოდნენ ჩემი მეგობრები, როგორ „მოარჯულე“ ეს ხალხი ასე, შენი რომ ესმითო.
– ვიცი, ცოტა აზიზი მჭამელი ხარ და თუ არ იცი, რისგანაა დამზადებული კერძი, პირს არ აკარებ. უცხო ენა რომ არ იცი, როგორ ახერხებ კერძის ინგრედიენტების ქართულად გაგებას?
– მართალია, აზიზი მჭამელი ვარ და თუ არ ვიცი, თეფშზე რა დევს, იმას რა მაჭმევს. ფაქტობრივად, სულ მშიერი დავყანყალობ უცხოეთში და ისეთი გამხდარი ჩამოვდივარ ხოლმე იქიდან, ცარიელი ძვალი და ტყავი ვარ. ამერიკაში, მთელი ორი კვირა ვერ ვჭამე საჭმელი. პურსაც კი სპეციფიკური გემო ჰქონდა. ვიყიდდი კვერცხს, მოვხარშავდი და იმას ვჭამდი. იმდენი კვერცხი ვჭამე, ლამის დავიყივლე ბოლოს. (იცინის). ერთ დღესაც, რესტორანში დაგვპატიჟეს. სუფრაზე რაღაც კერძი მოიტანეს და მანანა კოზაკოვამ ყურში ჩამჩურჩულა: არიქა, ონისე, ეს კერძი ნამდვილად შეგერგება და აბა, შენ იცი, ორი კვირის ნაშიმშილები ხარ და ეციო. გავაქანე ჩანგალი და სანამ რამეს მოედო, თეფშზე აღარაფერი იყო, სხვებმა დამასწრეს, ბედი არ გინდა? უკან ხომ არ წამოვიღებდი ჩანგალს? დავუწყე თეფშს ფხეკა, იქნებ რამე აძვრეს-მეთქი, ყველა მე მიყურებდა, ვინ არის ეს პაპუასიო (იცინის). რომ ამბობენ, მიდიები, გველები, რვაფეხები, ბაყაყები და კუს სუპები მაქვს ნაჭამიო, ვგიჟდები. მაგას რა მაჭმევს? ეგენი რომ მაგიდაზე დავინახო, ვინ დამეწევა მე? თუ ამოვქოქე, ნახევარ საათში სვანეთში ამოვყოფ თავს ჩემი „ფეხ ადინით“ (იცინის). თან, რომ ამბობენ, ისე მაგრად მოვინელეო... უი, დედა! რა მონელებაზეა ლაპარაკი, გაფიქრებაც კი მზარავს. ერთხელ, იაპონურ რესტორანში მოგვიტანეს ულამაზესად გაფორმებული კერძი. ისეთი, რომ დაინახავ კაცი და წუნწკლები წამოგივა. ვიკითხე, ეს რისგანაა დამზადებული-მეთქი და რომ მითხრეს, გველის და ბაყაყის ქვირითითო, ძლივს დამაკავეს იმ სუფრასთან. ვთხოვე, კაცო, არ მინდა ეს თქვენი დელიკატესები, უბრალო სოკოს სუპი მომიტანეთ, იმას მაინც შევთქვლიფავ-მეთქი. მომიტანეს, მაგრამ რად გინდა?
– სოკოს სუპზეც ალერგია დაგემართა?
– არა, რა ალერგია. დავიწყე გემრიელად ჭამა და უცებ, შალის ნაჭერივით არ შემხვდა რაღაც? ვიკითხე, ეს სოკოს არ ჰგავს და რა არის-მეთქი. გამიღიმა იაპონელმა და მითხრა: ეს, ზვიგენის ტყავია, არაჩვეულებრივ გემოს აძლევს სუპს, დელიკატესიაო... და, აღარც მომისმენია მეტი, რა მოაყოლა. რომ ვიკივლე და წამოვხტი, მთელი რესტორანი დაფრთხა. კლიენტები კი დავაფრთხე, მაგრამ იმათ დავეძებდი, გადარეული – ზვიგენის ტყავნაჭამი? (იცინის).