30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N30–40(510)
– გისმენ, შორენა, რაშია საქმე? – თითქმის ოფიციალური ტონით უთხრა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა გოგონას და ეს ყველაფერი ჯაბას დასანახად გააკეთა, რომ პაციენტის წინაშე საკუთარი ვნებები არ გაემჟღავნებინა. თუმცა, ჯაბას არ გასჭირვებია პროფესორის ზრახვების ამოცნობა და გაიფიქრა: „როგორ ეტყობა, რომ შორენას გაჟიმვა უნდა, მაგრამ ვერ მივართვი. ეს გოგო იმის ჩიტი არ ჩანს, ამ ჯუჯას ლოგინში ჩაუგორდეს. თუმცა, ვინ იცის, ქალი ხომ სანდო არაა და მით უმეტეს, ასეთი“.
– ხომ არ გჭირდებით, რაჟდენ რაჟდენოვიჩ? – შეფარული კეკლუცობით ჰკითხა შორენამ პროფესორს.
– შენ ყოველთვის მჭირდები, ჩემო კარგო, რატომ მეკითხები? – მრავალმნიშვნელოვნად მიუგო საგიჟეთის დირექტორმა შორენას და ისეთი უშნო ღიმილი გამოეხატა სახეზე, რომ მისი ჩაყვითლებული კბილების დანახვაზე ჯაბას კინაღამ გული აერია.
– თუ ძალიან არ გჭირდებით, ბატონო პროფესორო, ორიოდე საათით დაგეთხოვებით, რომ სალონში თმა გავიკეთო. ამ საღამოს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა, კარგად გამოვიყურებოდე, – თქვა შორენამ.
– შენ ისედაც კარგად გამოიყურები, ჩემო კარგო, – კომპლიმენტი უთხრა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა შორენას, სახეზე კვლავ საზიზღარმა ღიმილმა გადაჰკრა, თან ჰკითხა, – ქვემოთ მშვიდობაა?
– დიახ, ბატონო პროფესორო. სულაბერიძე უკვე საზედამხედველოშია მოთავსებული და ჟუჟუნა სანიტარიც დავაბინავეთ.
– სად? – მოკლედ იკითხა კოპებშეკრულმა პროფესორმა.
– სულაბერიძის გვერდით.
– კარგი, წადი, მაგრამ ორ საათს არ გადააცილო და დროზე დაბრუნდი, – უთხრა პროფესორმა გოგონას და მიუხედავად იმისა, რომ ჯაბას წინაშე მაქსიმალურად ცდილობდა თავშეკავებას, შორენას ვნებიანად გააყოლა თვალი.
„ესე იგი, ის დამპალი ჟუჟუნაც სამხეცეშია“, – გაიფიქრა ჯაბამ და დიტო სულაბერიძის თვალები დაუდგა წინ, – „ეჰ, დიტო, დიტო, რა საშინელ დღეში ჩაიგდე თავი და რა გეშველება. მე აქედან სამი თვის მერე გავალ და ამ ხნის განმავლობაში რას გიზამენ, ღმერთმა უწყის. ისეთიც არავინაა აქ, რომ შენიანებს ამბავი მიუტანოს. იქნებ, შორენას ვთხოვო, მაგრამ რომ გამყიდოს და ჩემი საქმეც გავიფუჭო. არ ვიცი, არ ვიცი, ვნახოთ, მოვიფიქრებ“.
ფიქრებში წასული ჯაბა პროფესორმა გამოაფხიზლა, მას მიმართავდა:
– ჰოდა, ჩემო ჯაბა, ეგ მამა გაბრიელი ბერად აღკვეცილი ეპისკოპოსი იყო, ეპარქიას უძღვებოდა და თავის, ასე ვთქვათ, კოლეგებს შორის ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული გახლდათ.
„იდიოტი, უღმერთო“, – გაიფიქრა ჯაბამ, – „კოლეგებს შორისო, კოლეგებს კი არა, მამებს შორის, შე სატანის მოციქულო“.
რაჟდენ რაჟდენოვიჩმა ვერ შენიშნა მის მიმართ ახალი პაციენტის უარყოფითი დამოკიდებულება, ცხვირი მოიფხანა და განაგრძო:
– ეგ გაბრიელი ბერად აღკვეცის მერე ძალიან მალე აღზევდა, სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში, ეპისკოპოსი გახდა, მისი ეპარქიის გამგებლობაში მყოფ სალაროს მოაჯდა და დიდი ფული ჩაიჯიბა, თან აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა.
– აღვირახსნილ ცხოვრებას? – გულწრფელად გაუკვირდა ჯაბას, – რას გულისხმობთ, ბატონო პროფესორო?
– დედათმავლობდა, – ერთი სიტყვით მიუგო პროფესორმა ჯაბას.
– რა ბრძანეთ, რას შვრებოდა?
– ქალებში დადიოდა, ჩემო ჯაბა, ქალებში. ანაფორიანი კაცი გულაობდა, თავის საეპარქიო რეზიდენციაში ორგიებს აწყობდა და თურმე, არც ერთ ახალბედა მონაზონს არ უშვებდა ხელიდან.
– მონაზვნებს?
– ჰო, ჩემო ჯაბა, რამ გაგაკვირვა, – გაეცინა პროფესორს, – მეფესავით იყო. კანონი მაგას არ აწუხებდა და სინდისი, განმკითხავი არავინ ჰყავდა და ბოლომდე აუშვა. დღისით ლოცულობდა და ხალხს წმიდანად აჩვენებდა თავს, ღამით კი ცოდვების მორევში იყო ჩაფლული, მრუშობდა. ზოგჯერ არც დღისით ერიდებოდა ასეთ რამეს და ასე დაუსჯელად იპარპაშა, დაახლოებით, ხუთი წელი. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ დედათა მონასტერში, რომელიც გაბრიელის რწმუნებულ ეპარქიაში მდებარეობდა, ახალგაზრდა სამონაზვნე, 20 წლის მაგდა მივიდა. გოგონა სახლიდან იყო გამოპარული, ძალიან უნდოდა, ღვთის გზას შესდგომოდა, სიცოცხლის ბოლომდე მონასტერში ეწადა ცხოვრება და თავისი ზრახვები დედათა მონასტრის წინამძღოლს გაუმხილა. წინამძღოლი კი გაბრიელის საყვარელი და მარჯვენა ხელი იყო. ეპისკოპოსის ყველა უწმინდურობას უწყობდა ხელს და მონაზვნების გახრწნა-გათახსირებაში ეხმარებოდა. მაგდა მან გაბრიელთან მიიყვანა, წარუდგინა და მასთან მარტო დატოვა. თვითონ კი უკან დაბრუნდა. ერთი სიტყვით, გაბრიელმა გოგონა ჯერ გააბრუა და ტვინი აურია, რისთვისაც ერთი წელი დასჭირდა, შემდეგ შეაცდინა და დააფეხმძიმა.
– რას ბრძანებთ, ბატონო პროფესორო?! – სიტყვა შეაწყვეტინა რაჟდენ რაჟდენოვიჩს ჯაბამ, რომელიც გაოგნებული იყო პროფესორის სიტყვებით.
– ნუ მაწყვეტინებ, ჩემო კარგო, – თქვა საგიჟეთის დირექტორმა და თხრობა განაგრძო, – ეს ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოისმენ. მოკლედ, დაფეხმძიმებული მონაზონი მუცელზე ტილოებს იკრავდა, რომ ფეხმძიმობა დაემალა და გაბრიელს არაფერს ეუბნებოდა. ის უნამუსო კი საბრალო გოგონას სექსს აიძულებდა და უარს თუ მიიღებდა, ფიზიკურ ძალასაც იყენებდა. ერთხელ, მთვრალმა გაბრიელმა მონასტრის წინამძღოლს მაგდა მიაყვანინა თავისთან და მარტო რომ დარჩა, გაშიშვლება და სექსი მოსთხოვა. მაგდა, იმ პერიოდში ფეხმძიმობის მეხუთე თვეს ამთავრებდა და მიუხედავად იმისა, რომ მუცელი ძალიან მაგრად ჰქონდა აკრული, ცოტათი მაინც გამობერვოდა. გაბრიელი რუსეთიდან რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, სადაც ორი თვე დაჰყო მომლოცველად და მაგდასთან იმდენივე ხანი არ იყო ნაწოლი, თორემ მის ფეხმძიმობას შეამჩნევდა და მუცელს მოაშლევინებდა.
– გაიხადე და აქ მოდი, შვილო ჩემო, – ირონიულად უთხრა გაბრიელმა გოგონას და ჩასისხლიანებული თვალებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– არ შემიძლია, – მოკლედ მოუჭრა მაგდამ გაბრიელს და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ გაბრიელის ხმამ ადგილზე გააქვავა:
– ფეხი არ მოიცვალო, ადგილიდან, თორემ ფეხქვეშ მიწა გაგისკდება და ჩაგიტანს, შვილო ჩემო.
მაგდა მკვეთრად შეტრიალდა გაბრიელისკენ და ცრემლიანი ხმით უთხრა:
– ნეტავ, მართლა გამისკდეს მიწა, რომ ჩემს ცოდვებს და შენნაირ ცოდვიანს განვერიდო.
გაბრიელს ირონიულად ჩაეცინა, მაგდას მიუახლოვდა, უკნიდან მხრებზე დაადო ხელები, პირი ყურთან მიუტანა და უჩურჩულა.
– ქვეყანა იმისთვისაა, რომ ცოდვები ჩაიდინო, ეკლესია იმისთვის, რომ იქ ეს ცოდვები მოინანიო, მე კი – ეს ცოდვები შეგინდო, ჩემო სიცოცხლევ, – გაბრიელი მაგდას კისერს ტუჩებით მიეკრო, მაგრამ გოგონამ ხელი ჰკრა და გაქცევა სცადა.
– საით, შე ბოზო! – აღმოხდა ურჩობით გამწარებულ გაბრიელს, რომელსაც ქალის წინააღმდეგობა უფრო მეტად აღუძრავდა ცხოველურ სურვილს. მაგდას სამოსზე ჩაავლო ხელები, ძლიერად მოქაჩა და ჩამოახია. შემდეგ ყველაფერი შემოახია, იატაკზე დააგდო და გაუპატიურება დაუპირა, მაგრამ გოგონამ იკივლა:
– არ მომეკარო! ფეხმძიმედ ვარ და რომ შემეხო თავს მოვიკლავ!
– ფეხმძიმედ ხარ? – გაოგნდა გაბრიელი, – კი მაგრამ, მე ხომ თავს ვიზღვევდი და შენც ტაბლეტებს გასმევდი, რომ არ დაორსულებულიყავი. მატყუებ, არა, შე ბოზო, ჩემთან დაწოლა არ გინდა და იმიტომ?!
– არ გატყუებ, – თქვა მაგდამ და ფეხზე წამოხტა, შემდეგ წელზე შემოჭერილი ტილო რომ მოიხსნა, მუცელი გამოებერა და გაბრიელს უთხრა, – არც ახლა გჯერა?
გაბრიელს კიდევ უფრო ჩაუსისხლიანდა თვალები და მაგდას მუცელს ზიზღით უყურებდა. შემდეგ წიხლი მოუქნია, მუცელში მთელი ძალით ჩააზილა და გონმიხდილი, ფეხმძიმე გოგონა იატაკზე დაანარცხა, თან დააყოლა:
– აი, შენ, შე ბოზო, შენა!
ამის მერე გაბრიელმა ერთხანს უყურა მაგდას, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და მისი მოსულიერება სცადა. გაბრიელი შიშველ, ფეხმძიმე გოგონას წყალს ასხამდა, სილას ულაწუნებდა და მის გონზე მოყვანას ცდილობდა. ამ ყოფაში იყო, როდესაც დედათა მონასტრის წინამძღოლი მოვიდა, გაბრიელს გოგონას მოსულიერებაში მიეხმარა. მაგდა გონზე მოიყვანეს, საწოლზე დააწვინეს და ნანერვიულებმა გაბრიელმა მარიხუანა გააბოლა, მონაზონსაც მოაწევინა და რომ დაბოლდნენ, უთხრა:
– ფეხმძიმედაა ეს წაკლა.
– ფეხმძიმედ? – წარბები ასწია დედა მარინემ.
– ჰო, ფეხმძიმედ, შეხედე მუცელზე, როგორ ტიკივით აქვს გამობერილი და შენ მაინც როგორ გამოგეპარა?
– დამნაშავე ვარ, მეუფეო, მაპატიე, – უტიფარი მოკრძალებით თქვა მარინემ და გაბრიელს ჰკითხა, – რას აპირებ, რა უნდა ვქნათ?
– წარმოდგენა არ მაქვს. მოსაკლავია ეს ბოზი, მაგრამ ეს რომ ვქნათ, დავიწვებით და ამის გაკეთება არ შეიძლება, – თქვა გაბრიელმა, ახლა უკვე სიგარეტი გააბოლა და გამოცოცხლებულ, ლოგინზე მწოლიარე მაგდას შეავლო ზიზღიანი მზერა და მარინეს უთხრა, – შეხედე, შეხედე ამ ბოზს, თავს მოვიჭრი, თუ ეს ყველაფერი შეგნებულად არ გააკეთა, რომ ჩემს ქონებას დაპატრონებოდა და დავეშანტაჟებინე.
– ამას ახლა უკვე არ აქვს მნიშვნელობა, გაბო, – ცივი ხმით თქვა მარინემ, გააბოლა, მაგდას გახედა, რომელიც ლოგინზე ტკივილისგან იკრუნჩხებოდა და სახეალეწილ გაბრიელს უთხრა, – უნდა მოვუაროთ, ვამშობიაროთ და მერე ვნახოთ.
– ვამშობიაროთ? – წამოიყვირა გაბრიელმა, – ამ მრუშმა ჩემი შვილი უნდა გააჩინოს? არა!
– რა არა, გაგიჟდი? ეს რომ აქედან გავაქროთ, აუცილებლად დავიწვებით, – ჩვენით „ძაღლები“ დაინტერესდებიან და მეყოლე ვარდივით. თბილი ბუდე მოგვეშლება, ყველას თუ არა, მე და შენ აუცილებლად აგვყრიან, გაგვსროკავენ და ხეხე სროკი, – უთხრა მარინემ გაბრიელს, ღრმა ნაფაზი დაარტყა, რგოლები გამოუშვა, თან მაგდას გაბერილ მუცელს არ აშორებდა თვალს, რომელიც ხან ერთ მხარეს გამოიზნიქებოდა და ხან მეორეს.
– ბავშვი მოძრაობს, – თქვა დედათა მონასტრის წინამძღოლმა.
– გაბრიელი გაბრუებული უსმენდა მარინეს, მის ბოლო სიტყვებზე გამოერკვა და ქალს ჰკითხა:
– რაო, ვინ ბავშვი მოძრაობს?
– შენი ბავშვი, აი ის, – მარინემ მაგდას მუცლისკენ გაიშვირა ხელი და გაბრიელს გამოზნექილი ადგილისკენ მიუთითა.
– მოვკლავ ამ ნაბიჭვარს! – იღრიალა გაბრიელმა და მაგდასკენ გაქანდა, რომ მისთვის მუცელში წიხლი ჩაეზილა, მაგრამ მარინემ ფეხი დაუდო, წააქცია და უთხრა:
– გაგიჟდი, შე ჩემა, რას სჩადიხარ? პალაჟენიას აფუჭებ სამოთხეში? – შემდეგ კისერი მოიღერა და გაბრიელს ირონიულად უთხრა, – მრისხანება დაიოკე, მეუფეო და გზააცდენილი კრავი თავის ფარას დაუბრუნე. დაწყნარდი, რა გაბო, ეპისკოპოსი ხარ თუ ხანიგა?
– აბა, აბა, ნუ გავიწყდება, ვის ელაპარაკები, – შეუღრინა გაბრიელმა მარინეს, იატაკიდან წამოდგა, კარისკენ გაემართა და ზღურბლთან მისულმა მარინეს უთხრა, – აქედან მოაშორე ეს ძუკნა და მეორედ აქ მისი დუხიც არ იყოს.
– გასაგებია, მეუფეო, – ირონიულად თქვა მარინემ და გაბრიელს თავი დაუკრა, შემდეგ ტანსაცმელი ჩააცვა მაგდას და დედათა მონასტერში წაიყვანა.
მაგდას მარინეს ბრძანებით მონაზვნებმა მოუარეს და ოთხი თვის მერე მან ვაჟი გააჩინა. დედათა მონასტრის წინამძღოლი – დედა მარინე გაბრიელზე არანაკლები მონსტრი იყო, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ბევრად წინდახედული და მილიცია-პროკურატურას უფრთხოდა. წარსულში ქურდობისთვის იყო ნასამართლევი, ხუთი წელი ციხე ჰქონდა მოხდილი, კარგი კრიმინალური სკოლა გაიარა და უკან დაბრუნება აღარ უნდოდა. ისე კი, მარინეს სულ ცალ ფეხზე ეკიდა, როგორც მაგდა, ასევე მისი ახალშობილი ვაჟი და წყალი წაიღებდა მათ თუ მეწყერი, მისთვის სულ ერთი იყო. დედათა მონასტრის წინამძღოლი დედა-შვილის მომაგრებას და 5-6 თვეში მათ გაშვებას გეგმავდა, რომ ეს ისტორია მშვიდობიანად დასრულებულიყო და ცოდვის და სიძვის ბუდისთვის ხელი არავის ეხლო.
– აქედან მშვიდობიანად მოშორდნენ და ჯანდაბამდე ჰქონიათ გზა, – ეტყოდა ხოლმე მარინე გაბრიელს, როდესაც ისინი მრუშობით იყვნენ დაკავებულები და იქვე დასძენდა, – ისეთი რა გაგიჭირდა, შე ჩემა, რომ ერთი ნორმალური რეზინა ვერ იშოვე წამოსაცმელად, მაშინ ხომ ნაბიჭვრის შობას ასცდებოდი ეს ეპისკოპოსი კაციო.
ასეთ დროს, თუკი გაბრიელი სექსით დაუკმაყოფილებელი და ცუდ ხასიათზე იყო, მარინეს კოპებშეკრული შეუღრენდა და აჩერებდა. თუ სექსით კმაყოფილი იყო, სიგარეტს გააბოლებდა, მარინეს შიშველ წელზე შემოჰხვევდა ხელს და ეტყოდა:
– რავი, აბა, ალბათ ბრაკი იყო დედააფეთქებული, გაიხვრიტა და ის ნაბიჭვარიც ამიტომ დაიბადა.
დროგამოშვებით მარინე გაბრიელს ეტყოდა ხოლმე:
– შენი ვაჟი დღითიდღე იზრდება, მეუფეო, შენ გემსგავსება და ეჭვი მაქვს, რომ შენც გადაგაჭარბებს. ისეთი კოპებშეკრულია და ისე ბრაზობს ხოლმე, რომ მიკროგაბრიელია უარესობის პერსპექტივით.
– ერთი შენი დედაც! – შეაგინებდა ხოლმე გაბრიელი მარინეს და ეტყოდა, – ერთხელაც იქნება და მაგ ნაბიჭვარს მიწაზე დავანარცხებ და სულს გავაფრთხობინებო.
გაბრიელის სიტყვებზე გაღიზიანებული მარინე ჩაიხითხითებდა ხოლმე და ეპისკოპოსს ირონიულად მიუგებდა:
– აბა, რას ამბობ, მეუფეო, წმინდა მამა ხარ თუ ჯალათი? „არა კაც ჰკლა“ გაგონილი გექნება ალბათ და შენ კი შენს ნაშიერს უპირებ განადგურებას. ეს რომ ჩაიდინო, რას ეტყვი უფალს, როცა მისი სამსჯავროს წინაშე წარდგები?
გაბრიელი და მარინე უფლის სახელს იყვნენ ამოფარებულები და რელიგიის მსახურთა საფარველქვეშ ეშმაკის მსახურები იმალებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელი უდიდეს ცოდვებს სჩადიოდა, მონანიებაზე არც უფიქრია. მეტიც, მას დედა-შვილის განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული და გეგმაც კი შეიმუშავა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. მარინესგან განსხვავებით, მას ბოლომდე უნდოდა თავისი ბოროტმოქმედების კვალის წაშლა და ქალის და ჩვილის მკვლელობას ამიტომ გეგმავდა.
ექვსი თვე რომ გავიდა, მარინეს ბრძანებით, დედა-შვილი მონაზვნებმა წასასვლელად გაამზადეს და მონასტრიდან გაისტუმრეს. ისინი დედა მარინემ გააცილა და სანამ წავიდოდნენ, უთხრა:
– აბა, შენ იცი, მაგდა, ყოჩაღად იყავი და როგორც შევთანხმდით, ისე მოიქეცი. არ შეცდე და რაც თავს გადაგხდა, არავის მოუყვე, თორემ სხვებთან ერთად შენც გაგასამართლებენ, დიდი ხნით ციხეში ჩაგსვამენ, ბავშვი უპატრონოდ დაგრჩება და დაიღუპება. ბავშვს გაუფრთხილდი და ყველა განსაცდელს ის გადაგატანინებს.
მარინეს, რა თქმა უნდა, სულ არ ანაღვლებდა მაგდაც და მისი ჩვილიც, მაგრამ ყველაფერი ფსიქოლოგიურად სწორად ჰქონდა გათვლილი. ბავშვზე იმიტომ აკეთებდა აქცენტს, იცოდა, მაგდას ძლიერ უყვარდა თავისი ჩვილი და ამის გამო გაბრიელს და მის დამქაშებს მილიციაში არ დააბეზღებდა.
მაგდამ გულში ჩაიკრა ბავშვი და მონასტრიდან წავიდა. დილა იყო. ქალს დაბურულ ტყეში საკმაო მანძილი უნდა გაევლო და გზატკეცილზე გასულიყო, სადაც პირველივე შემხვედრი ტრანსპორტით გეგმავდა გზის გაგრძელებას. სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. რცხვენოდა და არც კი იცოდა, თუ სად მიდიოდა. „სადაც ჩემი ბედისწერა მიმიყვანს, იქ მივალ“, – ფიქრობდა გოგონა და დაბურული ტყის ბილიკით მიაბიჯებდა. როდესაც ორიოდე კილომეტრი გაიარა და მარცხნივ შეუხვია, სადაც ტყის მასივის ნაწილი კლდის ნაპირას მთავრდებოდა, ერთ-ერთი უზარმაზარი ბუჩქიდან გაბრიელი გადმოხტა. სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მაგდას წინ დაუდგა, ზიზღნარევი მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ხომ მოგიხელთე, შე ბოზო, ახლა სადღა წამიხვალ?
– რა გინდა, რას მემართლები, – მიუგო თვალცრემლიანმა მაგდამ გაბრიელს, – ხომ მოგშორდი, გამიშვი და მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცი.
– შენ რომ გაგიშვა, მაშინ მე ვერ ვიცხოვრებ მშვიდად, – კბილებში გამოსცრა გაბრიელმა.
– უფალს ვფიცავ, რომ რაც მოხდა, არავის ვეტყვი. გევედრები, გამიშვი, რას მერჩი. მე თუ არ გეცოდები, შენი შვილი მაინც შეიცოდე, – ქვითინებდა მაგდა.
„შენი შვილის“ ხსენებაზე, ისედაც გააფთრებული გაბრიელი კიდევ უფრო გადაირია. ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა მაგდას და კლდიდან უფსკრულში მოისროლა. ეს რომ ქალმა იხილა, იქვე გაგიჟდა და საშინლად ახარხარდა, შემდეგ კლდიდან გადაეშვა და თავის ჩვილს მიჰყვა უკან.
ჯაბა პირდაღებული უსმენდა პროფესორს და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ საშინელებათა ფილმის სერიალიდან ერთ-ერთ უსაშინლეს სერიას უყურებდა. რასაც ისმენდა, იმის აღქმა ძალიან უჭირდა მის ტვინს. მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო ადამიანს და მით უმეტეს რელიგიის მსახურს, თანაც ეპისკოპოსის რანგის.
რაჟდენ რაჟდენოვიჩის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია ის, რომ ჯაბა დააინტრიგა და თხრობა განაგრძო:
– მაგდაც რომ უფსკრულში გადაიჩეხა, გაბრიელი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, ასიოდე მეტრში მანქანა ეყენა, ჩაჯდა, კვლავ საეკლესიო სამოსი გადაიცვა და თავისი ეპარქიის ერთ-ერთ ტაძარში გაემგზავრა, რომ საკუთარი თავისთვის ალიბი შეექმნა. რამე რომ ყოფილიყო და მისთვის მაგდას ამბავი ეკითხათ, იტყოდა, ტაძარში ვიყავი და წირვას ვატარებდიო, რასაც მისი ურიცხვი მრევლიც დაადასტურებდა. მრევლი კი მას მართლაც ბევრი ჰყავდა და ისეთი პოზა ეჭირა მათ წინაშე, ანგელოზი გეგონებოდა. რამდენიმესახა გაბრიელი წარმატებით ირგებდა სხვადასხვა ნიღაბს და სადაც როგორ აწყობდა, ისე მოქმედებდა. ამიტომ, მრევლში მას მკაცრი, სამართლიანი და სათნო მოძღვრის სახელი ჰქონდა გავარდნილი. უკიდურესი სიძუნწის მიუხედავად, თავისი მრევლის გაჭირვებულ წევრებს ზოგჯერ ორიოდ მანეთს ჩაუდებდა ხოლმე ჯიბეში, რომ მათი გული მოეგო. სამაგიეროდ, სხვა, შეძლებულ ადამიანებს ყვლეფდა და ღმერთის სახელით მათ საკმაოდ დიდ თანხებს აწერავდა...
– რა ბრძანეთ, ბატონო პროფესორო? – ჰკითხა ჯაბამ რაჟდენ რაჟდენოვიჩს, როდესაც ფულის დაწერება ახსენა საგიჟეთის დირექტორმა.
რაჟდენ რაჟდენოვიჩს გაეცინა და ჯაბას უთხრა:
– ფულს აწერავდა ხალხს, იურიდიულად რომ ვთქვათ, სძალავდა, რეკეტიორობდა. მაგრამ, ამ ყველაფერს დახვეწილი ხერხებით აკეთებდა, ყველაფერში უფლის სახელს იყენებდა და მთელი შემოსავლის 99 პროცენტს თვითონ იჯიბავდა. სხვათა შორის, როცა დააპატიმრეს, პროკურატურამ მას ათამდე აგარაკი სხვადასხვა ადგილზე, ხუთი ბინა თბილისში და წარმომდგენზე შეტანილი შემნახველი სალაროს წიგნაკები აღმოუჩინა, 400 ათასი მანეთის დანაზოგით.
– გაბრიელი დააპატიმრეს? – თქვა ჯაბამ.
– ნუ ჩქარობ. მოითმინე და მაქამდეც მივალთ, – გაუღიმა პროფესორს და თხრობა განაგრძო, – ჰოდა, ჩემო ჯაბა, გაბრიელს ფულის შოვნის ათასნაირი ხერხი ჰქონდა. აი, მაგალითად, – რაჟდენ რაჟდენოვიჩს ჩაეცინა და ჯაბას განუმარტა, – მე შენ ცოტა ქუჩური ტერმინებით მოგიყვები ყველაფერს, რომ შენთვის უფრო ნათელი იყოს, თუ რა ხდებოდა და ზოგიერთი უხამსობისთვის წინასწარ გიხდი ბოდიშს. კარგი?
– ბრძანეთ, ბატონო პროფესორო, გისმენთ. თქვენ ისე დამაინტრიგეთ, ერთი სულ მაქვს, ამ ისტორიის ბოლო მოვისმინო, – მიუგო ჯაბამ რაჟდენ რაჟდენოვიჩს, გუნებაში კი გაიფიქრა: „ნეტავ, რაებს როშავს ეს თავად საგიჟეთში გამოსამწყვდევი და ამ ყველაფერს რა მიზნით აკეთებს.
„ამ ისტორიის ბოლო ჯერ არ დამდგარა და იმედია, საშველს შენ დააყენებ, ჩემო ჭაბუკა“, – გაიფიქრა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა და თხრობა განაგრძო:
– მრევლის წეწვაზე შევჩერდით, ხომ? ესე იგი, გაბრიელი ვინმე მდიდარ გოიმს შეათვალიერებდა, ნელ-ნელა დაიახლოვებდა, შემდეგ აღსარებას ჩაიბარებდა და მის პრობლემებს შეიტყობდა. ამ ყველაფერს გააანალიზებდა და გარკვეული პერიოდის მერე ეუბნებოდა, რომ მასზე უფალი იყო გამწყრალი და ვითომდა სხვადასხვა საეკლესიო საჭიროებისთვის უფლის სახელით მსხვილ შესაწირს აკეთებინებდა. თანხას, რა თქმა უნდა, თვითონ იდებდა ჯიბეში, გოიმს კი შეუნდობდა ცოდვებს და იმედს აძლევდა, რომ უფალი შეიწყალებდა. ერთი სიტყვით, გაბრიელს საკმაოდ დახვეწილი თაღლითური სამკუთხედი ჰქონდა შემუშავებული, რომელსაც მისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა. ამ სამკუთხედის ერთ-ერთი რგოლი თვითონ იყო, მეორე – ის გოიმი, ვისაც ფულს სძალავდა, ხოლო მესამე კი – უფალი, რომლის სახელითაც ეს ნაძირალა თაღლითი ასეთ ბოროტმოქმედებას სჩადიოდა.
რაჟდენ რაჟდენოვიჩმა, ვითომდა უფლის შიშით, პირჯვარი გადაიწერა და შეწუხებული სახე მიიღო, რომ ჯაბა დაერწმუნებინა მის ღვთისმოსავობაში. თუმცა, ჯაბას გუნებაში გაეცინა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა პროფესორის მოქმედება და გაიფიქრა: „რა დონის ნაძირალაა. გაბრიელზე ამბობს გამომძალველი და რეკეტიორიაო და უნდა, რომ თავი მომაჩვენოს ღვთისმორწმუნედ. თვითონ კი ყალბი ცნობებისა და დასკვნების გაცემაში იღებს ფულს. თუმცა, კიდევ კარგი, რომ იღებს, თორემ მომიწევდა ციხეში ჯდომა სიცოცხლის ბოლომდე. ახლა კი სულ რაღაც სამ თვეში ჩიტივით თავისუფალი ვიქნები. გაუძელი, ჯაბა, პროფესორის დედაც! ამ ქვეყანას ვერაფერი გაასწორებს და საწყალი დიტო სულაბერიძე მეცოდება, ასეთ დღეში რომ ჩაიგდო თავი. ნეტავ, როგორაა ახლა ის „სამხეცეში“?“
ჯაბა პროფესორის სიტყვებმა გამოარკვია ფიქრებიდან, რომელმაც განაგრძო:
– ჰოდა, ჩემო ჯაბა, გაბრიელი ყველაფერს კადრულობდა ფულისა და ქონების გამო. აი, მაგალითად, გამოძალვის კიდევ ერთი ხერხი. წირვის მერე გაბრიელი წინასწარ შეთვალიერებულ ადამიანს დაიბარებდა, რომელიც უკვე გაშიფრული ჰყავდა, რადგან მისი პრობლემები იცოდა და ეტყოდა:
– შვილო ჩემო, შენი სახლი უნდა განიწმინდოს, ამისთვის კი ღვთისმშობლის სასწაულებრივი ხატი უნდა დააბრძანო სახლში და ეს სიწმიდე, რაც უფრო მეტხანს იქნება შენთან, მით უკეთესიო.
ამის მერე პრობლემიანი, ფულიანი და გაბრიელისგან დაგრუზული ადამიანი ხატს სახლში დააბრძანებდა, რაშიც დღიურად 50 მანეთს იხდიდა და ასე აკეთებდა ფულს. იმ ნაძირალას გამოძიებამ ოცი ასეთი ხატი აღმოუჩინა და ამ აფერისგან მოტანილმა შემოსავალმა არც მეტი, არც ნაკლები 80 ათასი მანეთი შეადგინა. წარმოგიდგენია? 80 ათასი მანეთი. ეს ბილწი, ღვთის სახელს ამოფარებული კაცი ხატებს აქირავებდა.
გაბრიელის ბადეში ჩემი ნათესავიც გაება, რომელიც რესტავრატორად მუშაობდა და სახლში მეექვსე საუკუნის უნიკალური და უძვირფასესი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა წამოღებული მუზეუმიდან, მის აღდგენაზე მუშაობდა. კანონით, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი ნათესავი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ენდობოდნენ და სახლში მუშაობის ნებას იმიტომ აძლევდნენ. სამწუხაროდ, ჩემი ნათესავი გაბრიელის მრევლი იყო და ერთხელ ის სახლში მიიწვია, რომ უნიკალური ხატი ეჩვენებინა. გაბრიელმა კი ეს ხატი მას მოპარა, გადამალა და ღმერთმა უწყის, სად გააქრო. გაყიდვით რომ არ გაუყიდია, ზუსტად ვიცი, მაგრამ, სად წაიღო, არაა ცნობილი. მის გამო კი ჩემი ნათესავი დააპატიმრეს და იმ საწყალს ციხეში ამოხდა სული. ახლა კი მთავარს გეტყვი, ჩემო კარგო. აქ იმიტომ დაგიბარე და ეს ყველაფერი მოგიყევი, რომ იქნებ, შენ შეძლო იმ ნაძირალის გამოტეხვა და ათქმევინო, სად შეინახა განძი. სხვათა შორის, იმ ხატთან ერთად სხვა ძვირფასეულობებიც ყოფილა და თუკი ჩვენ შევძლებთ და ამ ნაძირალას საიდუმლოს დავტყუებთ, ერთი მხრივ, სამშობლოს დავუბრუნებთ ძვირფას რელიკვიებს, მეორე მხრივ კი, ჩემი ნათესავის პატიოსან სახელს აღვადგენთ და მის რეაბილიტაციას სიკვდილის მერე მაინც მოვახერხებთ. რას იტყვი, დამეხმარები ამ კეთილ საქმეში?
– კეთილ საქმეში დახმარებაზე როგორ გეტყვით უარს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?
– გაბრიელს უნდა დაუახლოვდე, გაუშინაურდე და დასტყუო, სად გადამალა განძი.
– კი მაგრამ, როგორ? განა ასეთი კაცი ვინმეს გაუმხელს ასეთ საიდუმლოს? მით უმეტეს, თუ მას მილიციამაც ვერაფერი დააკლო. თქვენ არ მითხარით, დაჭერილი იყოო და გადამალული განძის შესახებ იქაც შეეკითხებოდნენ, ალბათ?
– შეეკითხებოდნენ კი არა და, ეგ ნაძირალა კომუნისტების დროს იყო დაპატიმრებული და ისეთ საშინელ პრესში გაატარეს, ასეთ რამეს ვერავინ უძლებდა. ამ ეშმაკის მოციქულმა კი ასეთი წნეხის ქვეშ არაფერი თქვა და აბა შენ მითხარი, სატანა რომ არ მფარველობდეს, ამდენს გაუძლებდა? მისი სხეული რომ განახვა, გაგიჟდები. ტანი სულ იარებით აქვს დაფარული და ეს ყველაფერი მისი მილიციაში წამების კვალია.
– მით უმეტეს, პროფესორო, – ჩაეცინა ჯაბას, – თუკი მილიციამ ვერ შეძლო მისი გამოტეხვა და როგორც თქვენ ბრძანეთ, მას ეშმაკი მფარველობს, ამას მე როგორ მოვახერხებ?
– მოხერხებულობით, ჩემო ჯაბა, მოხერხებულობით. არ მინდა, ამ სიტყვის წარმოთქმა, – პროფესორმა მლიქვნელურად გადაიწერა პირჯვარი, – მაგრამ ერთხელ ვიტყვი, ეშმაკობით, ანუ, მის ტაქტიკას ჩვენი უნდა დავუპირისპიროთ. გაბრიელი ახლა ასაკშია შესული, დიდი ხანია, იზოლაციაში იმყოფება და გარეთ გასვლა უნდა. ამიტომ, თავი ღვთისმოსავ ადამიანად მოაქვს, ცდილობს, ყველას მოაჩვენოს, თითქოს წმიდანია. შენ მას მხარი უნდა აუბა, თავი გულუბრყვილოდ მოაჩვენო და იქნებ, დასტყუო კიდეც საიდუმლო. ყველაფერ ამაში მთავარი, იცი, რა არის? რა და ის, რომ საგიჟეთში დიდხანს ჯდომამ გაბრიელს ტვინი გადაუბრუნა, შიზოფრენიის იშვიათი ფორმა ჩამოუყალიბა და ჰგონია, რომ განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც განძს იცავს და უნდა, რომ მცველის ფუნქციები თავის მემკვიდრეს გადასცეს. სწორედ ასეთი მემკვიდრე უნდა გახდე. გასაგებია?
„ეს მე რაღაცას მაგრად მატყუებს, – გაიფიქრა ჯაბამ, – ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს მეუბნება და ცდილობს, ჩამინერგოს ტვინში, რომ გაბრიელი ნაძირალაა და თავის სასარგებლოდ გამომიყენოს. მაინც, რა უნდა, რა მიზანი ამოძრავებს ამ სასაცილო, ბოროტ, ჯუჯა პროფესორს?“ – ჯაბამ პროფესორს გაუღიმა და ჰკითხა:
– ბატონო პროფესორო, რაც თქვენ გაბრიელზე მოყევით, ეს ყველაფერი საიდან იცით?
– სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ოც ტომს შეადგენს და შენ წარმოიდგინე, ეს საქმე თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მე ჯერ თხრობაც არ დამისრულებია და მომისმინე, – პროფესორმა ცხვირი მოიფხანა და ისევ განაგრძო, – მაგდა რომ უფსკრულში გადაგდებულ ჩვილს გადაჰყვა, ცოცხალი გადარჩა და ის მთამსვლელებმა აღმოაჩინეს. საავადმყოფოში მოიყვანეს და როცა გამოჯანმრთელდა, უფრო სწორად კი ტრავმები მოიშუშა, თორემ ის ფსიქიკურად დღესაც დაავადებულია, ყველაფერი მილიციას მოუყვა. სწორედ ამ მონაყოლის ნიადაგზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მას მერე, რაც მოკლული ჩვილი აღმოაჩინეს, ეპისკოპოსი გაბრიელი დააპატიმრეს და ძიებაც დაიწყო. თუმცა, როგორც უკვე გითხარი, ის არც ერთ ბრალდებას არ აღიარებდა. რამდენიმე წელიწადი თბილისის და მოსკოვის ციხეებში გაატარა. შემდეგ ჯერ მოსკოვის, სერბსკის, ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა, მერე ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში და ბოლოს ჩემთან გადმოგზავნეს. ხომ წარმოგიდგენია, რა ეშმაკეული უნდა იყო, რომ ასეთი საშინელებები გამოიარო და ცოცხალი გადარჩე, – პროფესორმა თავი გააქნია და ჯაბას უთხრა, – იცი, ჩემო კარგო, თუ რა არის ჯერ უშიშროების ციხე, მერე კი სერბსკის კლინიკა და ყაზანის „ფსიტურმა“? ეს ისეთი საშინელებაა, სადაც სატანაც კი ვერ გაძლებდა, ამან კი ყველაფერი გამოიარა და საკმაოდ ყოჩაღადაა. აი, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა და თუკი შინ ამ კაცს საიდუმლოს დასტყუებ, კმაყოფილი იქნება ერიც და ბერიც. მაგრამ დაიმახსოვრე, მას შიზოფრენიის იშვიათი ფორმა აქვს და თავი ისე უნდა მოაჩვენო, რომ თავის მემკვიდრედ გცნოს, საიდუმლო გაგანდოს. რას იტყვი, ჩემო ჯაბა, თანახმა ხარ?
ჯაბა ბოლომდე ვერ ჩასწვდა პროფესორის ზრახვებს, მაგრამ იმას კი მიხვდა, თუკი მას ფორმალურად მაინც არ მისცემდა დასტურს, შესაძლოა, საკუთარი საქმე გაფუჭებოდა. თანაც, აზარტმა შეიპყრო, დაინტრიგდა და გაბრიელის ნამდვილი ისტორიის გაგება მოუნდა. ამიტომ, სწორედ ამ ორი მიზეზის გამო მისცა პროფესორს დასტური და უთხრა:
– თანახმა ვარ, პროფესორო, შევეცდები, საიდუმლო გამოვტყუო ამ ბილწს და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც თქვენ მითხარით.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა წადი და დაისვენე, მერე კი საქმეს შეუდექი, მაგრამ იცოდე, არ გადააჭარბო. არ დაგავიწყდეს, რომ ეშმაკის მოციქულთან გაქვს საქმე და მცირე სიყალბეც რომ შეგამჩნიოს, აღარ გენდობა, – პროფესორმა დანიელი გამოიძახა და ჯაბა „ლუქსში“ დააბრუნა. შემდეგ სავარძლიდან ჩამოხტა, უზარმაზარ კაბინეტში ერთხანს აქეთ-იქით ირბინა, ბოლოს ერთ-ერთი სანიტარი გამოიძახა, 50 ლარი გაატანა და სადილის მოტანა უბრძანა რესტორნიდან.
რაჟდენ რაჟდენოვიჩს შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ის ბევრი ფულის შოვნას და შორენასთან ერთად უცხოეთში გამგზავრებას გეგმავდა. ამიტომ, საამისოდ მცირეოდენ შანსსაც არ უშვებდა ხელიდან და რადგან დარწმუნებული იყო, ჯაბას ბაქოელი ბიზნესმენისთვის 200 ათასი ევრო ჰქონდა გამოძალული, ამ თანხის ხელში ჩაგდება უნდოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ყმაწვილის ფსიქიკის მოდუნება იმ აბების საშუალებით, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა სეიფში და ჟუჟუნა სანიტრის მეშვეობით ამ აბების ჯაბას საკვებში შერევას გეგმავდა. თუმცა, ეს განზრახვაც დროებით გადადო და ჯერ ჯაბას გამოყენება და განძის ადგილსამყოფლის დადგენა გადაწყვიტა, ხოლო მერე იმ 200 ათასი ევროს დაუფლებასაც გეგმავდა. მისი აზრით, მსოფლიოს ეგზოტიკურ ადგილებში შორენასთან ერთად გამგზავრებასა და მომავალ კომფორტულ ცხოვრებას წინ ვეღარავინ დაუდგებოდა.
რაჟდენ რაჟდენოვიჩი ბოლთას სცემდა კაბინეტში და ფიქრებში წასულს ოკეანის მწვანე ტალღებში მობანავე შიშველი შორენა ედგა თვალწინ.
„მდაა, – ჩაილაპარაკა პროფესორმა, – რაც კარგია, კარგია, ჯერ გაბრიელი გაიწეწება, შემდეგ ჯაბა და ესენი აქვე, საგიჟეთში დარჩებიან სამუდამოდ. მე და შორენა კი სადმე, ტროპიკებში შევუბერავთ და მიდი, მოვდივარ...“
ყოვლად უზნეო პროფესორს, რაც ჯაბას მოუთხრო, ყველაფერი მართლაც მამა გაბრიელის სისხლის სამართლის საქმეში ჰქონდა ამოკითხული და მხოლოდ ის მოიტყუა, თითქოს ხატის რესტავრატორი ნათესავი იყო და მისი კეთილი სახელის რეაბილიტაცია სურდა. პროფესორს მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნა, შორენასთან ერთად უცხოეთში გაქცევა და იქ ცხოვრება უნდოდა. საამისოდ კი ყველაფერს იკადრებდა – ერიც ფეხებზე ეკიდა და ბერიც...
მამა გაბრიელი და დედა მარინე კი უშიშროებამ პატრიოტიზმის გამო დააპატიმრა და ისინი რომ გაენადგურებინა, საშინელი პროვოკაცია მოუწყო. უზარმაზარი სისხლის სამართლის საქმე ვინმე მაგდას ჩვენებებზე იყო აგებული თავიდან ბოლომდე, რომელშიც საკმაოდ ცოცხლად იყო აღწერილი ის სიბილწე, რაც „კაგებემ“ შეიმუშავა ახალგაზრდა, პატრიოტი მეუფისა და უპატიოსნესი, უსპეტაკესი მონაზვნის წინააღმდეგ. ვინმე მაგდა, ახალგაზრდა, ბილწი გოგონა იყო და „მაგდა“ მისი ფსევდონიმი გახლდათ. „კაგებემ“ ეს ბილწი გოგონა, რომელსაც მკვლელობაზე წაასწრო, გადაიბირა, თავისუფლებას შეჰპირდა და მეუფე გაბრიელისა და დედა მარინეს წინააღმდეგ სამოქმედოდ დაითანხმა. შემდეგ რამდენიმეთვიანი მომზადება გაატარეს, რომელშიც აგენტი „მაგდას“ დაორსულებაც შედიოდა და დავალების შესასრულებლად გაგზავნეს...
გაგრძელება შემდეგ ნომერში