საიდუმლო რეცეპტი
ჩარლზ მერგენდალი
საიმონი ნერვიულობდა. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე იყო – ამ საღამოს ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. თუ ვახშამი კარგად ჩაივლიდა, ექსცესების გარეშე, მაშინ დაწინაურებაც არ ასცდებოდა. მაგრამ, შეილა? სწორედ შეილა აღელვებდა ყველაზე მეტად. მართალია, ცოლი შეჰპირდა, რომ ამ საღამოს დროებით მორატორიუმს დაემორჩილებოდა, მაგრამ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. საიმონმა მაინც აიღო ყურმილი და სახლში დარეკა. შეილამ უთხრა, რომ საღამოსთვის უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა.
– რა მოამზადე? იცოდე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისტერ ბრევურტს ოჯახური კერძები უყვარს.
– დარწმუნებული იყავი, მოეწონებათ. საგანგებო რეცეპტით მოვამზადე, გურმანებისთვის.
საიმონს უსიამოვნოდ შეამცივნა, – ცოლის ხმა საეჭვოდ მშვიდად ჟღერდა.
– მე უნდა წამოვიღო რამე?
– არა, უკვე ყველაფერზე ვიზრუნე. როგორც მთხოვე, მშრალი მარტინიც ვიყიდე.
საიმონმა ყურმილი დაკიდა და ამოიოხრა: „ღმერთო, ოღონდ დღეს არა, ოღონდ ამ საღამოს არა!“
კაბინეტში მდივანმა ქალმა შემოიხედა:
– საიმონ, უკვე 5 საათია. დაგაგვიანდება. ხომ არ დაგავიწყდა, რომ მისტერ და მისის ბრევურტებს სახლში უნდა შეუარო.
საიმონმა ამოიოხრა:
– ოჰ, ეს საღამო და ვახშამი! ჩემი დაწინაურება-არდაწინაურება ამაზე რომ არ იყოს დამოკიდებული, დიდი ხანია, შეილა სანატორიუმში მეყოლებოდა გამგზავრებული.
მდივანი ქალი მასთან ახლოს მივიდა, კალთაში ჩაუჯდა, ცხვირი ლოყაზე მიადო და ჩასჩურჩულა:
– რა კარგი იყო ის ექვსი თვე, როცა შენი ცოლი სანატორიუმში გყავდა გაგზავნილი... როგორი ბედნიერები ვიყავით...
კაცმა ხარბად შეისუნთქა მისი თმის სურნელი და ტუჩებზე წაეტანა.
– საყვარელო... – აკრუტუნდა ქალი.
– ისევ ვიქნებით ბედნიერები, გპირდები. ოღონდ ეს საღამო გადავიტანო როგორმე და მერე მე ვიცი. ერთი ნერვიული „აფეთქება“ და – სანატორიუმში ამჯერად უკვე სამუდამოდ გაემგზავრება, ვმუშაობ ამაზე. გუშინ შეილას ჩვენი რომანის შესახებ ვუთხარი, ასე რომ, დიდხანს ლოდინი აღარ დაგჭირდება. ერთად ვიქნებით მე, შენ და ჩემი საყვარელი ქალიშვილი – პოლი.
ქალმა გაიცინა:
– და იმ საზიზღარ სახლსაც გაყიდი, ხომ?
– რა თქმა უნდა. იქ ყველაფერი შეილას გამახსენებს. ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ.
საიმონს ნელა მიჰყავდა მანქანა. ცოლ-ქმარი ბრევურტები სალონის უკანა ნაწილში, აქეთ და იქით ისხდნენ, თითოეული თავის ფანჯარაში იყურებოდა.
მალკოლმ ბრევურტი იმ კომპანიის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო, რომელშიც საიმონი უფროს მენეჯერად მუშაობდა. ახლა მას თავისი თანამდებობის ერთ-ერთ თანამშრომელზე გადაცემა ჰქონდა გადაწყვეტილი და შესაფერისი კანდიდატურა სამ უფროს მენეჯერს შორის უნდა ეპოვა. მისის ბრევურტი ფუმფულა, მხიარული ქალი იყო, ტუჩებზე სქლად წასმული, მუქი ჟოლოსფერი პომადით.
– თქვენ ქალიშვილი გყავთ, არა, საიმონ? – ჰკითხა მისის ბრევურტმა, – ძალიან მინდა, გავიცნო. სახლში იქნება?
– დიახ, 7 საათის შემდეგ ყოველთვის სახლშია. ძალიან ლამაზი გოგონაა და განსაკუთრებით ვუფრთხილდები.
– სილამაზე, ალბათ, დედისგან გამოჰყვა, – შენიშნა მისტერ ბრევურტმა.
საიმონმა შეუმჩნევლად ამოიოხრა. შეილა მართლაც ლამაზი იყო, ყოველ შემთხვევაში, სანამ შეუღლდებოდნენ, საიმონი სწორედ მისმა გარეგნობამ მოხიბლა. მაგრამ, საიმონს „გაძრომა“ უყვარდა, შეილა კი ეჭვიანი იყო... მერე საიმონმა ცოლი სპეციალურ სანატორიუმში გაამგზავრა, საიდანაც ქალი „უცნაური ახირებით“ დაბრუნდა... არა, საიმონი იზრუნებს, რომ ექიმმა ბირნემმა მის ცოლს ისეთი ხანგრძლივი „საგზური“ გამოუწეროს, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდეს. თან, პოლიც დედის წინააღმდეგ უნდა განაწყოს... მაგრამ დღეს მორატორიუმია გამოცხადებული, ამიტომ, დღეს ცოლს მხოლოდ მოეფერება...
კარი შეილამ გააღო – პარმაღზე იდგა და იღიმებოდა. ტანზე კარგად მორგებული, მოკლე შავი კაბა ეცვა და თვალები უცნაურად უბრწყინავდა.
– რა შესანიშნავი სახლია... ო, როგორი სასტუმრო ოთახი... ბუხარიც რა მშვენიერია!.. საიმონ, შენ ძალიან გაგიმართლა – ასეთი ცოლი ნამდვილი განძია, – მალკოლმ ბრევურტი ტყავის სავარძელში ჩაჯდა და მშრალი მარტინი მოწრუპა, – სახლს ბევრის თქმა შეუძლია მის პატრონზე. როცა კაცს სახლში არ აქვს წესრიგი, ის სამსახურშიც ვერ ივარგებს. თქვენზე კი ამას ვერ იტყვის ადამიანი.
საიმონმა გაიღიმა და შეილას გახედა. ქალს თვალები ისევ საეჭვოდ უბრწყინავდა.
– სამზარეულოში გამოგყვები, საყვარელო, მოგეხმარები...
სამზარეულოში შეილას ყველაფერი მზად ჰქონდა.
– ეს რა არის? – მიკროტალღოვან ღუმელს თითი მიადო საიმონმა.
– ჩაშუშული ხორცი სუნელებით. განსაკუთრებული კერძია. ნუ ღელავ, ძვირფასო, დღეს ჩემს როლს – ერთგული, მოსიყვარულე ცოლის როლს – კარგად შევასრულებ. მერე პოლს წამართმევ და საგიჟეთში გამომკეტავ, რომ იმ შენს კახპასთან ერთად დრო კარგად გაატარო. არ გამოგივა საიმონ, პოლს მაინც არ დაგითმობ – ამაზე უკვე ვიზრუნე.
– მორჩი სისულელეებს, შეილა, და სტუმრებს მივხედოთ, ჩვენზე კი მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
– პოლს ვერ წამართმევ, არც იოცნებო. შენ ამას ვერასდროს შეძლებ...
– შეილა!..
– ჰო, ვიცი, ძვირფასო... ეს საღამო იდეალური უნდა იყოს. ჩემი იმედი გქონდეს!..
საიმონს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა ცოლის გამოხედვაზე.
– მე რაში მოგეხმარო?
– ნაგავი გაიტანე, ოღონდ, არ გახსნა. თუ არ გინდა, რომ მადა წაიხდინო... – შეილამ უცნაურად გაიცინა. საიმონს ისევ გააჟრჟოლა, მაგრამ, საკმაოდ მოზრდილი, მჭიდროდ თავმოკრული, სქელი ცელოფნის ტომარა მაინც გაიტანა უკანა ეზოში, სადაც ნაგვის კონტეინერი იდგა.
მისის ბრევურტმა კერძი დააგემოვნა და სიამოვნებით მინაბა თვალები:
– ო, რა შესანიშნავია... რა არის ეს? სუნელები, მგონი, გამოვიცანი, მაგრამ, ვერაფრით მივხვდი, რისი ხორცია... ხბო?! ბატკანი?!
შეილამ ხმამაღლა გაიცინა. მისი თეფში ცარიელი იყო და საიმონს ეს ძალიან მოეწონა. ჩვეულებრივ, ვახშამზე არასდროს ამბობდა უარს.
– მითხარით რა, რისი ხორცია, იქნებ ღორის, ან – დეკეულის...
– არა, არა, ისევ ვერ გამოიცანით...
საიმონმა ფრთხილად ჩაიდო ლუკმა პირში. უცხო კერძები არ უყვარდა, ერჩივნა, ის ეჭამა, რაც მისთვის ნაცნობი იყო. თუმცა, ისიც აღიარა, რომ შეილამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას. მაგრამ, ეს რა არის?.. საიმონმა ფრთხილად მოიცილა ტუჩიდან გრძელი თმა და დახედა: თმის ღერი ქერა შეფერილობის იყო, შეილას კი შავად შეღებილი თმა ჰქონდა... საიმონმა იგრძნო, როგორ დაუბუსუსდა კანი...
– საყვარელო, სად არის პოლი? რატომ აგვიანებს? უკვე რვა სრულდება, – ჰკითხა ცოლს.
– ხომ გითხარი, კინოშია–მეთქი.
– ასე გვიან?
– მერე რა, ჩვენი პოლი უკვე დიდი გოგოა. ნუ ღელავ, ძვირფასო. მე ზუსტად ვიცი, სად არის ჩვენი შვილი...
საიმონმა იგრძნო, რომ შიშმა ფეხები შეუბოჭა. შეილასგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ – ეს?!. თუმცა, ვინ იცის, რა საშინელი შურისძიება დაიბადებოდა მის ტვინში...
– ძვირფასო, რატომ არ ჭამ? მე შენ საგანგებო ნაჭერი გადმოგიღე, – მოესმა ცოლის ალერსიანი ხმა...
საიმონმა მექანიკურად მიიტანა ჩანგალი პირთან და გაშეშდა... რა იყო ეს, ფრჩხილი? ადამიანის ფრჩხილი?.. საიმონმა ერთბაშად პირუტყვის ხმით იბღავლა, წამოხტა, ეზოში გაიჭრა და მთელი ხმით აყვირდა: პოლი! პოლი! პოლი!..
სასწრაფო დახმარების მანქანა რომ წავიდა, ცოლ-ქმარი ბრევურტები შეილას გამოემშვიდობდნენ და მისი დამშვიდება სცადეს. ქალი ცრემლიან თვალებს იწმენდდა...
– რა საშინელებაა, ეს როგორ უნდა მომხდარიყო, – ამოიოხრა მისტერ ბრევურტმა, – სულ ვეუბნებოდი საიმონს, ამდენი მუშაობა კარგი არ არის, უნდა დაისვენო-მეთქი. ნერვებმა უმტყუნა საცოდავს...
– ჰო, ნერვებმა უმტყუნა... რა კოშმარია, თავი ცუდ სიზმარში მგონია.
– ძვირფასო, პირადად ვიზრუნებ, რომ დაზღვევა სრულიად მიიღოთ, – ხელზე მოეფერა შეილას ბრევურტი – აი, მგონი, თქვენი გოგონაც მოვიდა. რა შესანიშნავი ბავშვია!.. ნუ ეტყვით, რომ მამამისი ჭკუიდან შეიშალა, უთხარით, რომ სანატორიუმში გაემგზავრა.
– დიახ, სწორედ ამას ვეტყვი, – შეილას სახე იდუმალმა ღიმილმა გაანათა, – მისის ბრევურტ, გაგიმხელთ ჩემს საიდუმლო რეცეპტს: ის მტრედის ხორცი იყო, მხოლოდ და მხოლოდ მტრედის...