კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ქმარმა ცოლყოფილის მეგობარი

ქმარმა, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მეგობარი მოკლა, სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი, რომელიც განსასჯელ ვაჟა თ-ს დაუსწრებლად მიმდინარეობდა საბოლოოდ მკვლელის დაკავებით დასრულდა – პატიმარი პოლიციას მხოლოდ მას შემდეგ ჩაბარდა, როცა დარწმუნდა, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებდნენ. ასე რომ არ მომხდარიყო, ზემდგომ ინსტანციაში ვეღარ იდავებდა. პიროვნება თუ იძებნება, კანონით, მას განაჩენის გასაჩივრების უფლება აღარ აქვს – განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ძებნილს ერთ თვეში დააპატიმრებენ, ანდა პოლიციას ნებით ჩაბარდება...

ვაჟა თ-ს დაკავებამდე, მისი ინტერესების დაცვას ადვოკატი და მისი ოჯახი თავგამოდებით ცდილობდნენ. ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა ეჭვიანობის, კი არა, მოგერიებისას მოხდა აუცილებლობის გამო, თუმცა სასამართლომ არც მათი და არც დაკავებული პატიმრის პოზიცია არ გაიზიარა, რის გამოც ზემდგომ ინსტანციაში იდავებენ.

საყურადღებოა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს მკვლელობა ცოლის ჩვენებით დაუმტკიცდა. ირინა გ. ერთადერთი მოწმეა, რომელიც მკვლელობას შეესწრო. განსასჯელის ცოლყოფილი ფიცის ქვეშ აცხადებდა, რომ მისმა ქმარმა მეგობარ გოგა ს-ს ყოველგვარი ჩხუბის გარეშე დაარტყა დანა. განსასჯელის ცოლყოფილის ჩვენება გარდაცვლილის მეგობრებმაც დაადასტურეს. აცხადებენ, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერ მოკლულს მკვლელი ვერ მოერეოდა, მისი მხრიდან ერთი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, რომ მკვლელი ფეხზე ვერ ამდგარიყო. მკვლელობა რომ ყოველგვარი შეხლა-შემოხლის გარეშე მოხდა, ფაქტობრივად, შემთხვევის ადგილზე მცხოვრები მეზობლების ჩვენებიდანაც ჩანს. ყველამ დაადასტურა, რომ მათ მხოლოდ გოგონას კივილი და შემდეგ ავტომანქანის სწრაფად დაძვრის ხმა გაიგეს, ანუ მკვლელის გაქცევას შეესწრნენ. ამის მიუხედავად, განსასჯელის ოჯახი ირწმუნება, რომ მათი ყოფილი რძალი ცრუობს. მეტიც, მას კონფლიქტის ინიციატორად აცხადებენ და შესაბამისად, მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

გამოძიების ოფიციალური ვერსია

განსასჯელი ვაჟა თ. და ირინა გ., რომლებიც ერთ რაიონში ცხოვრობდნენ მკვლელობამდე 5 წლით ადრე შეუღლდნენ. მართალია, შვილიც შეეძინათ, მაგრამ ხშირი კონფლიქტების გამო, დასცილდნენ. ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვი დედასთან იზრდებოდა და პერიოდულად, ერთმანეთის ნახვა მაინც უწევდათ.

გამოძიების მასალებით, 17 ნოემბერს, დაახლოებით, საღამოს 7 საათზე, ყოფილი ცოლ-ქმარი, როგორც წესი, ბავშვის გამო შეხვდნენ. გამოძიების ვერსიით, ქმარმა გაიგო, რომ მის ყოფილ ცოლს მეგობარი ჰყავდა და მის ახლადშეძენილ მეგობარ გოგა ს-სთან შეხვედრა მოინდომა, რათა მათი ურთიერთობა გაერკვია. იმავე საღამოს ქმრის ეჭვიანობის შესახებ ირინამ მეგობარს ტელეფონით შეატყობინა, რაზეც გოგა ს-ს უკან არ დაუხევია. გამოძიების მასალებით, მეორე დღეს, საღამოს დაახლოებით 22 საათზე, გოგა ს. ირინას ქმართან შესახვედრად მეგობრებთან ერთად მანქანით მივიდა. დათქმულ ადგილზე დახვდა ირინაც და მისი ქმარყოფილიც. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გოგა ს. მანქანიდან გადავიდა და მათთან მივიდა. მან ირინას ქმარყოფილს სთხოვა, რომ ჯობდა ქალი სახლში მიეყვანათ და პირისპირ ელაპარაკათ. განსასჯელი – ვაჟა თ. დათანხმდა და რადგან ცოლყოფილის სახლში წაყვანა გადაწყვიტა, მანქანაში აწგარდაცვლილიც ჩაჯდა. იმავდროულად, გოგა ს-ს მეგობარებმაც დაქოქეს მანქანა და უკან გაყოლა გადაწყვიტეს. მაგრამ, გოგამ სთხოვა დარჩენილიყვნენ და თვითონაც მალე დაბრუნდებოდა.

საქმის მასალებით, საჭესთან მჯდარმა ვაჟა თ-მ ცოლყოფილს შენიშვნა ბავშვის ჭუჭყიანი ტანსაცმლის გამო მისცა და შეაგინა, რაც მანქანაში მჯდომმა გოგა ს-მ გააპროტესტა. თითქმის ირინას სახლთან მისულმა მკვლელმა სიჩქარეს მოუმატა და მანქანა ცოლყოფილის სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით დაუსახლებელ ადგილას გააჩერა. მანქანიდან სამივე ერთდროულად გადმოვიდა და როგორც გამოძიებით ირკვევა გოგა ს-ს მიერ გამოთქმული პროტესტისა და ცოლთან მისი ახლო ურთიერთობით განაწყენებულმა ვაჟა თ-მ შურისძიება გადაწყვიტა და მას სამჯერ დაარტყა დანა...

უსაფუძვლო თუ

საფუძვლიანი ეჭვიანობა?

ირინა გ-ს ჩვენებიდან: „მკვლელობამდე ორი წლით ადრე, ვაჟას მისი ინიციატივით დავშორდი. ვიცოდი საყვარლები ჰყავდა და სწორედ ეს იყო დაცილების მიზეზი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი პირადი ცხოვრებით არასდროს დაინტერესებულა, მხოლოდ ბავშვის გამო გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა. არ უარვყოფ, ბავშვი უყვარდა და ვფიქრობდი, ამის გამო შემირიგდებოდა, მაგრამ პირიქით, ბოლო დროს მაჩქარებდა, რომ ოფიციალურადაც განვქორწინებულიყავით.

გოგასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა მქონდა. როგორც ჩანს, ამის შესახებ ვაჟამაც იცოდა, რადგან საუბარში რამდენჯერმე მიმანიშნა. მამას ბავშვი კვირაში ერთხელ მიჰყავდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ჰყავდა წაყვანილი, 17 ნოემბერსაც მთხოვა ბავშვი გამეტანებინა და დამპირდა, თვითონ მოვიყვანო. ვინაიდან გოგა ოფისის პრობლემებს აგვარებდა, იმ დღეს მასთან ხშირად მომიწია საუბარი, საღამოს კი შევხვდით. დაახლოებით 6 საათზე, სახლში მივდიოდი და ვაჟამ დამირეკა. მითხრა, ბავშვის წასაყვანად მივსულიყავი, რადგან ჩემთან სალაპარაკო ჰქონდა. ვუთხარი, დაპირება შეესრულებინა და ბავშვი თვითონ მოეყვანა, მაგრამ დამემუქრა, თუ არ მოხვალ, ჩემთან დავტოვებო. შევეწინააღმდეგე და ბოლოს დამთანხმდა, რომ თვითონ მოიყვანდა. უბანში რომ ამოუხვია, მივუახლოვდი, ჩხუბი დამიწყო – რაღაცეებით ერთობი, ბავშვი ჭუჭყიანი დაგყავსო და მომთხოვა მეთქვა, ვისთან დავდიოდი. ამით მაგრძნობინა, რომ ეჭვიანობდა. ავუხსენი, რომ მე და ჩემი მეგობარი ერთად კლინიკის გახსნას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენს შორის სერიოზული არაფერი იყო. მთხოვა, მისი ვინაობა მეთქვა და ტელეფონის ნომერი მიმეცა, მაგრამ მოვატყუე, ნომერი შეიცვალა და არ ვიცი-მეთქი. ამის გამო გაბრაზდა, მანქანა დაქოქა და მომაძახა – გავიგებ ვინცაა და მერე მე ვიციო. სახლში რომ მივედი, გოგას დავურეკე. ვუთხარი, რომ ჩემს ყოფილ მეუღლეს უნდოდა მისი ნახვა. პასუხად, გოგამ მისი ნომერი მთხოვა, მაგრამ არც მას მივეცი. ძალიან გავნერვიულდი ვაჟას დავურეკე და აღელვებულმა ვუთხარი, თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა, ჩემთვის კი თავი დაენებებინა. მითხრა, თავს დაგანებებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემხვდებიო. ბავშვი დავაძინე და მასთან ჩავედი. რამდენიმე წუთი ველოდებოდი. ამ პერიოდში გოგას დავურეკე. გავაფრთხილე, რომ ჩემს ქმარს უნდა დავლაპარაკებოდი და მერე მე თვითონ გადავურეკავდი. ვაჟას რომ ვკითხე, რა უნდოდა, მიპასუხა – მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ჩემი შვილის დედა ვისთან დადის, უნდა ვიცოდეო. ვუხსნიდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამ ლაპარაკში ღამის 12 საათი გახდა. ალბათ იმიტომ, რომ გოგას არ დავურეკე, თვითონ დარეკა. ტელეფონის გათიშვა მოვასწარი, მაგრამ ვიდრე სულ გამოვრთავდი, დარეკვა კიდევ მოასწრო. ტელეფონი ვაჟამ გამომტაცა, თვითონ მიიდო ყურზე და კაცის ხმა რომ გაიგო, უთხრა – ვის პასუხს ელოდებოდიო? გოგამ ივარაუდა, რაღაც ცუდი ხდებოდა, უთხრა, რომ თვითონაც მოვიდოდა. გამიკვირდა, როცა 5 წუთში, მეგობრებთან ერთად მანქანით იქ გაჩნდა. გოგა ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ მოახლოებისთანავე ვაჟას უთხრა, ჯერ მე მივეყვანე და შემდეგ ელაპარაკათ. ვაჟა თავიდან უარზე იყო – ორივესთან მაქვს საქმე გასარჩევიო. ბოლოს კი ჩემი მიყვანა გადაწყვიტა და სამივე ერთად წავედით. მანქანაში ვაჟამ ჰკითხა გოგას – არ იცი, რომ მე მისი ქმარი ვარო? გოგას არაფერი უთქვამს, მერე ვილაპარაკოთო. ამის შემდეგ ვაჟა ისევ მე მომიტრიალდა და ბავშვის ჭუჭყიანი ტანსაცმლის გამო შემაგინა. გოგამ შენიშვნა მისცა – სხვასთან ერთად ცოლს რომ არ აგინებენ, არავინ გასწავლაო? ამის გამო, გაღიზიანებულმა ვაჟამ სიჩქარეს მოუმატა, ჩემს სახლს დიდი მანძილით გასცდა და უცებ დაამუხრუჭა. სამივე ერთდროულად გადმოვედით მანქანიდან. არანაირ ყვირილს ან გინებას ადგილი არ ჰქონია. დავინახე ვაჟა, რომელიც გოგასგან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის დაშორებით დანით იდგა. გოგა ცდილობდა, დანის წართმევას, მაგრამ მოულოდნელად ჩაიკეცა... სისხლის დანახვაზე მივხვდი, რომ დაჭრილი იყო და მას მივვარდი. ვაჟამ კი მანქანა დაძრა. გამოვეკიდე, საავადმყოფოში მაინც წაიყვანე-მეთქი, მაგრამ გაიქცა“.

რაც შეეხება პატიმარს, დეტალები მან სხვაგვარად მოყვა. მისი ჩვენების თანახმად, პირიქით, ცოლთან დაცილების მიზეზი, ირინას ამორალური საქციელი იყო. იმ დღეს კი, ბავშვი ჭუჭყიანი ტანსაცმლით გაატანა და თან დასცინოდა – როგორც მამა, ვალდებული ხარ, ბავშვზე შენც იზრუნოო. საღამოს კი, როდესაც ბავშვი უკან მიუყვანა, თვითონ საქეიფოდ აპირებდა წასვლას, მაგრამ ირინამ არ გაუშვა – ჩემს მეგობარს შენთან სალაპარაკო აქვსო.

განსასჯელის ჩვენებიდან: „მეგონა მის ბიძაშვილს სურდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ როდესაც ტელეფონმა დარეკა და ირინამ ნაზი ხმით უპასუხა, მივხვდი, ჩემი ნახვა მის რომელიღაც საყვარელს უნდოდა. ამიტომ, ტელეფონი წავართვი. ვიღაც კაცი ეუბნებოდა – შენ სახლში წადი და მე მერე მოვალო. რომ ვკითხე, ვინ იყო, ირინამ – ჩემი მეგობარია, მას უნდა შენთან ლაპარაკიო. ცოტა ხანში უცნობი ვიღაცეებთან ერთად მანქანით მოვიდა. დაასიგნალეს და აგრესიული ტონით მომთხოვეს მანქანაში გადაჯდომა. ვუპასუხე, რომ თვითონ მოსულიყვნენ. უცნობი მართლაც მოვიდა. ვუთხარი, ირინას დავტოვებ, დავბრუნდები და მერე ვილაპარაკოთ-მეთქი. თუმცა, ის მანქანაში ჩამიჯდა. ვკითხე, ვინ ხარ, მიცნობ? რა გინდა, გათხოვილ ქალთან მეგობრობა რომ არ შეიძლება, არ იცი-მეთქი? ამ კითხვის შემდეგ საჭეზე ხელი ამიკრა, არაფერი შეგეშალოსო.... ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ირინას გადავხედე. უცნობი ამის გამოც გაღიზიანდა. სიჩქარეს მოვუმატე და არ მახსოვს, სად გავჩერდი. მანქანიდან გადმოსვლისთანავე თავში მომხვდა. კარებთან წავიქეცი, დავინახე ირინა როგორ აჩერებდა, მაგრამ უცნობი ისევ ჩემსკენ იწევდა. გამახსენდა, რომ საჭის მხარეს ფეხებთან დანა მქონდა დაგდებული და შესაშინებლად მივწვდი. დამინახა, რომ დანა მეჭირა ხელში, მაგრამ მაინც არ შეჩერდა, ზურგში მირტყამდა. იძულებული გავხდი, დანა გამომეყენებინა...“ – განაცხადა განსასჯელმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მისი მიმალვის მიზეზი არასწორი გამოძიება იყო. ბოლოს კი, როდესაც შეიტყო, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ, პოლიციას თავად ჩაბარდა.

სხვათა შორის, განსასჯელის დედა პროცესზე ირწმუნებოდა, რომ მიმალვამდე ის შვილს შეხვდა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. თუმცა, როცა მიზეზი ჰკითხა დაუმალა – კიბეზე დავგორდიო.

ირინა გ-ს ჩვენება, რომ მკვლელობა ყოველგვარი შეხლა-შემოხლის გარეშე მოხდა, სასამართლოს ეჭვქვეშაც არ დაუყენებია. რაც შეეხება პატიმრის დაზიანებებს, სასამართლომ ეს ფაქტორი გაიზიარა, მიიჩნია, რომ დაზიანებები შესაძლოა, დანის წართმევის მცდელობისას მიიღო: „ჩხუბი ან ხმამაღალი საუბარი ყველაზე ახლოს მცხოვრებ მეზობლებსაც არ გაუგიათ. ამასთან, განსასჯელმა დედას მოატყუა, რომ დაზიანებები წაქცევისას მიიღო. ამიტომ, სასამართლო არ იზიარებს აუცილებელი მოგერიებით ჩადენილი მკვლელობის ვერსიას, ამის დამადასტურებლად პროცესზე დაცვამ ვერაფერი წარმოადგინა. დამამძიმებელი გარემოებაა ისიც, რომ განსასჯელი მართლმსაჯულებას ემალებოდა“, – ნათქვამია განაჩენში.

მართალია, პროკურორმა განსასჯელისთვის 18 წელი მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ მას სასჯელი ერთი წლით შეუმცირა...


скачать dle 11.3