კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნეს ერთი ფრაზის მეშვეობით სამართალდამცველებმა დიდი ძარცვისა და რამდენიმე მკვლელობის ამბავი

საშინელი აღმოჩენა

წყნეთის ტყეში სასიყვარულოდ ასული წყვილი წიწვნარს შეუყვა და ხშირ, უეკლო ბუჩქებთან შეჩერდნენ. ის-ის იყო, ვნებებს უნდა აჰყოლოდნენ, რომ საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიადაგი ჩაირეცხა და მიწიდან ადამიანის ხელი გამოჩნდა, რომელსაც თითები ჰქონდა მოკვეთილი.

– ღმერთო ჩემო, ეს რა არის, გიზო? – იკივლა გოგონამ და კავალერს მიეკრა, რომელიც ამ საშინელ აღმოჩენას თვალებგადმოკარკლული უყურებდა.

– ტრუპია თალიკო, ვერ ხედავ?

– ტრუპი? რა ტრუპი, ტრუპი რას ნიშნავს?

– შენი სოფლელი დედაც – გაიფიქრა გიზომ და გოგონას უთხრა, – მოკლული ადამიანის სხეულია და სასწრაფოდ მილიციას უნდა შევატყობინოთ.

– რა მილიციას, ხომ არ გაგიჟდი? – იკივლა თალიკომ, – მაგის მკვლელობა ჩვენ არ დაგვაბრალონ, წავედით აქედან!

– აუცილებლად უნდა შევატყობინოთ, თორემ ეს რომ არ ვქნათ და გაიგონ, აქ ვიყავით, შეიძლება, მართლა რამე მოგვაკერონ.

ქალ-ვაჟი ორჯონიკიძის რაიონის მილიციის განყოფილების წყნეთის ქვეგანყოფილებაში მივიდა და მორიგე მილიციელს წყნეთის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ხელის შესახებ შეატყობინეს.

– მარტო ხელი იყო თუ გვამიც? – იკითხა მორიგემ.

– არ ვიცი, ამხანაგო უფროსო, – უთხრა მილიციელს გიზომ, – მიწიდან მხოლოდ ხელი მოჩანდა და ეს რომ ვნახეთ, აქეთ გამოვემართეთ, ყველაფერი თქვენთვის რომ შეგვეტყობინებინა. წყნეთის მილიციის ქვეგანყოფილებაში ოპერატიული ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ქალ-ვაჟთან ერთად შემთხვევის ადგილზე გავიდა, მიწა ამოთხარეს და უცნობი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ორი ტყვიით იყო მოკლული. შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა გამოიკვლიეს და სურათები გადაიღეს. გვამი პროზექტურაში წაიღეს გასაკვეთად, და ორჯონიკიძის რაიონის მილიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით.

ძებნილი „შეშლილო“

ექსპერტიზის დასკვნამ წინასწარი ვარაუდი დაადასტურა და მამაკაცი ორი ტყვიით მოკლული აღმოჩნდა. ჭრილობები მას „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან შუბლსა და გულის არეში ჰქონდა მიყენებული და ორივე სასიკვდილო იყო. მოკლულის სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულები ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაიგზავნა და გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კარტოთეკაში არ რეგისტრირდებოდა. გვამის გაკვეთამ კი უჩვენა, რომ სიკვდილის წინ მოკლულ მამაკაცს ალკოჰოლის საკმაო დოზა ჰქონდა მიღებული. აღწერილობის მიხედვით, უცნობი მამაკაცი 40-45 წლის იყო, საშუალო სიმაღლის, ათლეტური აღნაგობის და მარჯვენა ხელზე ბოლო ორი თითი აკლდა. ყურადღებას იქცევდა მისი სხეულიც, რომელიც ტატუებით იყო მოხატული, რაც ეჭვს არ იწვევდა, რომ მოკლული მამაკაცი კრიმინალურ სამყაროს ეკუთვნოდა, ამიტომ გამომძიებლებმა ამ კუთხით წარმართეს პიროვნების იდენტიფიკაციის პროცესი და დაადგინეს, რომ წყნეთში მოკლული მამაკაცი 44 წლის მირიან გოგუაძე, მეტსახელად „შეშლილო“ გახლდათ. გოგუაძე ოთხჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის და ციხეში 17 წელი ჰქონდა გატარებული. უკანასკნელად ის ლენინგრადში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისთვის გაასამართლეს, რომლის დროსაც მან და კიდევ სამმა მისმა მეგობარმა შემნახველი სალაროს ინკასატორებს 110 ათასი მანეთი წაართვეს და მიიმალნენ, თუმცა, სამი დღის შემდეგ მათ მილიცია დააჯდა კუდზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მოიხელთეს და ორი ადამიანი აიყვანეს, მათ შორის შეშლილოც. ერთი მოკლეს და ერთიც უგზო-უკვლოდ გაქრა, თუმცა ისიც მოკლულად ითვლებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გატაცებული 110 ათასი მანეთი ვერსად აღმოაჩინეს. როგორც საქმის ძიებამ დაადგინა, ფული ურთიერთსროლისას დაიწვა. საქმეში ექსპერტიზის დასკვნა იდო, რომელიც ადასტურებდა, რომ აყვანის ოპერაციის დროს სახლში აღმოჩენილი დასტების ნამწვავები ფულის კუპიურები იყო. ამგვარად, 110 ათასი მანეთი ჩამოიწერა, ხოლო დაპატიმრებული ანტონ კარპინისა და მირიან გოგუაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი მუხლით, რაც დახვრეტას ითვალისწინებდა, რადგან შეიარაღებული თავდასხმა სისხლიანი აღმოჩნდა და ამ შემთხვევას ორი ინკასატორის სიცოცხლე შეეწირა. სასამართლომ კარპინს და გოგუაძეს დახვრეტა მიუსაჯა და კარპინი დახვრიტეს, გოგუაძემ კი, იგივე შეშლილომ ლენინგრადის „კრეტებიდან“ გაქცევა მოახერხა. ამგვარად, შეშლილო რომ აღმოაჩინეს, ის ექვსი თვის ძებნილი იყო.

ინკასატორებზე თავდასხმის საქმეში, კარპინთან და გოგუაძესთან ერთად იური კამსკი და ნოდარ ხურციაც მონაწილეობდნენ. კამსკი აყვანის ოპერაციის დროს მოკლეს, ხოლო ხურცია კი, რომელიც აყვანის ოპერაციის დროს მოკლულად ითვლებოდა, ვერსად აღმოაჩინეს. მოკლულად კი იმიტომ ჩათვალეს, რომ კერძო სახლის საკუჭნაოში, სადაც ხურცია იმყოფებოდა, მჟავების საწყობი იყო და ცეცხლი რომ წაეკიდა, ძლიერმოქმედი მჟავები დაიღვარა და სანამ მეხანძრეები არ მივიდნენ, მილიცია იქაურობას ვერ მიეკარა. როცა ხანძარი ჩაქრა და შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, გამომძიებლებს მჟავით შეჭმული ცარიელი ადგილი დახვდათ და ივარაუდეს, რომ ხურციას ცხედარი მჟავამ გაანადგურა.

ჩახლართული საქმე

წყნეთის ტყეში აღმოჩენილი შეშლილოს საქმეს კაპიტანი გივი მელაძე იძიებდა, რომელიც მკვლელობის გახსნის დიდოსტატად ითვლებოდა და ყველაზე ჩახლართულ საქმეებს მას აძიებინებდნენ, მისი საგამოძიებო ჯგუფი კი საუკეთესო იყო უწყებაში.

კაპიტანმა მელაძემ ჩვეული გულმოდგინებით მოჰკიდა საქმეს ხელი და დაადგინა, რომ შეშლილო ზემო ვერაზე, ვინმე ალინა გობოზოვას კერძო სახლში იმალებოდა თითქმის 5 თვის განმავლობაში. გობოზოვა მელაძემ დაკითხა და ქალმა მას უთხრა:

– შეშლილო ნამდვილად გიჟი იყო და ამ კლიჩკას ტყუილად როდი ატარებდა. მე რომ ის მილიციაში დამებეზღებინა და მეთქვა, ჩემთან იმალება-მეთქი, აუცილებლად მომკლავდა. მეშინოდა და იმიტომ არ დაგაჭერინეთ.

– რომ დაგეჭერინებინა, როგორ მოგწვდებოდა, ციხიდან ხომ ვერ შეძლებდა ამას? – კითხვა შეუბრუნა ქალს მელაძემ.

– ციხეში არ გეჯდათ, დახვრეტა რომ ჰქონდა მისჯილი და მაინც გაიქცა? კიდევ რომ გაქცეულიყო ან ვერ დაგეჭირათ?! მე რა, გიჟი გგონივართ? ორი თავი კი არ მქონდა. ამიტომ მერჩივნა, ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე მიწაში ჩავედე.

– კარგი, კარგი, – გაეცინა მელაძეს, – მოყევი, როგორ წავიდა შენგან და ბოლოს რომ ნახე, რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგიმჩნევია?

– ჩემგან რომ წავიდა, თან „ტეტე“ ჰქონდა. თავის „ტეტეს“ ჩემთან ინახავდა და პაბეგში რომ იყო, იარაღს გვერდიდან არ იცილებდა. უცნაურობა კი ის იყო, რომ იმეორებდა: „ცოტაც, ცოტაც, ალინა და დედოფალივით გაცხოვრებო“. საცოდავს ძალიან ვუყვარდი, მენდობოდა და ჩემთან ერთად სადმე, ზღვისპირეთში აპირებდა მოჯდომას.

– მერე და, უცნაური რა არის ამაში? – თქვა მელაძემ.

– უცნაური ისაა, უფროსო, რომ შეშლილო არასოდეს მელაპარაკებოდა ხოლმე თავის საქმეებზე. იმ საღამოს კი მითხრა, რომ დიდი მაყუთის დასათრევად მიდიოდა და სწორედ ამის გამო მპირდებოდა დედოფალივით ცხოვრებას, – მიუგო ქალმა.

– რა, ბანკი უნდა გაეძარცვა?

– რა უნდა ექნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მითხრა და მე ეს უცნაურად მომეჩვენა.

– ის არ მოგეჩვენა უცნაურად, რომ ერთი კვირა არ გამოჩნდა, რა იფიქრე მაშინ?

– რა ვიფიქრე და ის, რომ ალბათ, მაყუთი დაითრია, მე დამიკიდა და საგულაოდ შეუბერა-მეთქი.

– ხომ არ იცი, სად მიდიოდა იმ ღამეს?

– სად მიდიოდა, არ ვიცი, მაგრამ გარეთ რომ გავიდა, ჩაილაპარაკა: „ხომ გაგშიფრე, „ცხვირა“, მიფრთხილდი, მოვდივარო“. იცით, – თქვა ალინა გობოზოვამ, – ეს ფრაზა შეშლილომ მას შემდეგ თქვა, რაც კარი გაიხურა და არ ეგონა, თუ ვინმე გაიგებდა. მე კი იქვე ვიდექი და გავიგონე.

– ესე იგი, ცხვირაო ხომ? – თქვა მელაძემ.

– დიახ, ამხანაგო გამომძიებელო, ცხვირაო, – დაუდასტურა თვალცრემლიანმა გობოზოვამ და მელაძეს უთხრა, – რამდენ წელს მომისჯიან დევნილის შეფარებისთვის?

მელაძემ ახალგაზრდა ქალს ახედა და უთხრა:

– არაფერს, თავისუფალი ხარ. წადი, გობოზოვა და წესიერ ცხოვრებას მოჰკიდე ხელი – სამსახური დაიწყე, გათხოვდი, ბავშვები გააჩინე...

გობოზოვა თვალებგაბრწყინებული გავიდა კაპიტნის კაბინეტიდან, მელაძემ კი თავისი საგამოძიებო ჯგუფის წევრები შეკრიბა, თათბირი ჩაატარა და მათ უთხრა:

– მე მგონი, შეშლილოს მკვლელობის კვანძი იხსნება. სასწრაფოდ მოძებნეთ ხურცია, იგივე ცხვირა. თითქმის დარწმუნებული ვარ, ლენინგრადში მომხდარი ინკასაციაზე თავდასხმის საქმე თბილისში გაიხსნება.

„ცხვირას“ ნაამბობი

კაპიტანი მელაძე ვარაუდობდა, რომ ლენინგრადში აყვანის ოპერაციის დროს გამქრალი და მოკლულად ცნობილი ცხვირა ცოცხალი იყო. ამიტომაც, თავის ხელქვეითებს მან ხურციას თბილისური კავშირების დადგენა დაავალა და შედეგიც მალე მიიღო. ცხვირა სოფელ წყნეთში, ერთ-ერთი ნათესავის სახლში აიყვანეს გაძარცვულ ფულთან ერთად, რომელსაც ის საწოლის ქვეშ ინახავდა. ცხვირა თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. მას მხოლოდ 850 მანეთი ჰქონდა დახარჯული და 109 ათას 150 მანეთი ხელუხლებელი ედო. ხურცია გაოგნებული იყო თავისი დაპატიმრებით და ერთსა და იმავეს იმეორებდა: გამორიცხულია, შეშლილო არ ჩამიშვებდა. ალბათ, შემთხვევით მომაგენითო.

– სწორედ რომ, შეშლილომ ჩაგიშვა, – უთხრა ხურციას მელაძემ, – მაგრამ შემთხვევით.

გამომძიებელმა ცხვირას უამბო გობოზოვას მონათხრობი და ჰკითხა:

– თავადვე მოგვიყვები დეტალებში, როგორ მოკალი შეშლილო და საერთოდ, რაც მოხდა, თუ მე დაგეხმარო?

– მე თვითონ მოვყვები, – თქვა ცხვირამ, სიგარეტი გააბოლა და დაიწყო, – ინკასატორები კარპინმა და შეშლილომ დაბრიდეს. მე კი მხოლოდ ფეხში დავჭერი ერთ-ერთი. „ძაღლებს“ მე შევატყობინე, ბანდა „ხატაზე“ რომ იმყოფებოდა და თავად იქიდან მაშინ მოვტყდი, როდესაც იქ ოპერები მივიდნენ. ყველაფერი წინასწარ მქონდა მომზადებული და ექსპერტიზამ რომ დამწვარი ფულის დასტები აღმოაჩინა პადვალში, ვადაგასული იყო. მჟავების პონტიც მე მოვიგონე და ისე სუფთად იყო ყველაფერი მოწყობილი, რომ არა შეშლილოს ფრაზა, ვერასოდეს მომაგნებდით.

– შეშლილომ ხომ მოგაგნო, ხომ მიხვდა, რომ ყველაფერი შენი მოწყობილი იყო. ამიტომ ჩვენც მოგაგნებდით.

– მიხვდა და მიიღო ტყვიები, – კბილებში გამოსცრა ცხვირამ, – ამდენი ფული ერთ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს და არა ბევრს.

– ჰოდა, სიხარბემ დაგღუპა, წაიყვანეთ! – თქვა მელაძემ და ცხვირა საკანში წაიყვანეს. თუმცა, ხურცია, იგივე ცხვირა ციხიდან გაქცევის მცდელობისას ჩაცხრილა ბადრაგმა.


скачать dle 11.3