ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: სამოცი წლის წინ, მხოლოდ საბინაო წიგნში ჩაწერის საფუძველზე, შევიძინე ბინა. მფლობელი ამოეწერა და წავიდა (მაშინ ასეთი კანონი იყო), საბინაო წიგნი კი დარჩა მის სახელზე. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს სახელზე ვიხდით ყველანაირ გადასახადს (საბუთები არსებობს). რამდენიმე წელია, ვცდილობთ ბინის დაკანონებას, მაგრამ უშედეგოდ. პიროვნება, ვის სახელზეცაა ბინა, ცოცხლებში ვერ მოვიძიეთ. უმორჩილესად გთხოვთ, გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა. ხოლო უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
კითხვა: ონის რაიონში, სოფელ გლოლაში, გვაქვს მამის აშენებული ორსართულიანი სახლი. ვართ ორი ძმა – მამით ერთნი, დედით – სხვადასხვა. მე ვარ უფროსი. ანდერძი არც ერთზე არ არის დატოვებული. ბინა ირიცხება ისევ მამაჩემზე. ჩემი ძმა ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, მე კი ვცხოვრობ თბილისში. არ გამაჩნია არავითარი მიწის ნაკვეთი. ჩემი რძალი წილის მოცემის წინააღმდეგია. მეკუთვნის თუ არა თანაბარი წილი სახლიდან?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შვილები მამის ქონებაზე ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად, დედასთან ერთად. შესაბამისად, თქვენ უნდა მოახდინოთ მემკვიდრეობის მიღება და ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
კითხვა: სესხის ხელშეკრულებით, ორი კვირის ვადით გავასესხე სოლიდური თანხა, რაც გაფორმდა ნოტარიულად. გავიდა ორ წელზე მეტი, მაგრამ ვალი ვერ დავიბრუნე. დაეკისრება თუ არა მსესხებელს თანხის გადახდა და რა სასჯელი შეეფარდება მას, თუ საქმეს სასამართლოში აღვძრავ?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. სასამართლო წარმოდგენილი დოკუმენტაციით იმსჯელებს თანხის დაკისრებითობის შესახებ. ასევე, მოგახსენებთ, რომ სახელშეკრულებლო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
კითხვა: როდიდან შემოდის სასამართლო სისტემაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული და რა სახის დანაშაულზე?
პასუხი: ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად (2010 წლის 1 ოქტომბრიდან), მოქმედებას იწყებს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი (ამ ეტაპზე – თბილისში). ნაფიცი მსაჯულები ჯერჯერობით მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეების განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო შემდგომში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი მთელ საქართველოს მოიცავს და განიხილავს ყველა დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა.
ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და პირადად არ არის დაინტერესებული ამ საქმით.
ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით მოსახლეობის ერთიანი სიიდან. თითოეული სასამართლო სხდომისთვის შეირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული. ნაფიცი მსაჯულები მოისმენენ პროკურორისა და ადვოკატის მოსაზრებებს, მოსამართლის განმარტებებს, უშუალოდ გაეცნობიან ყველა მტკიცებულებას და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრალდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ნაფიც მსაჯულს იცავს საქართველოს სახელმწიფო. ნებისმიერი ზემოქმედება ნაფიც მსაჯულზე, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
კითხვა: როგორ ხდება საბანკო ანგარიშის დაყადაღება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საბანკო ანგარიშების დაყადაღება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღმასრულებლის წერილობითი მიმართვის (მოთხოვნის ფარგლებში) საფუძველზე.
კითხვა: რა არის „მოვალეთა რეესტრი“, როდის ხდება მოვალის შეყვანა მოვალეთა რეესტრში და შეყვანის შემდეგ ეცნობება თუ არა ამის შესახებ მოვალეს?
პასუხი: „მოვალეთა რეესტრი“ იმ მონაცემთა ერთობლიობაა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, ასევე, იმ სუბიექტებისა, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით), რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება. მოვალის „მოვალეთა რეესტრში“ შეყვანა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადა. აღნიშნულის შესახებ მოვალე მხარეს არ ეცნობება.
კითხვა: მიწის ნაკვეთის დასაკანონებლად მჭირდება აღმასკომის გადაწყვეტილება, რომელიც დავკარგე გაურკვეველ ვითარებაში. სად შეიძლება მოვიძიო აღმასკომის გადაწყვეტილებები ქალაქ თბილისში მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე?
პასუხი: მოგახსენებთ, რომ აღმასკომის გადაწყვეტილებები ქალაქ თბილისში მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე ინახება საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის არქივში. თუ გსურთ შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, მიმართეთ ამ არქივს. სასურველია, იცოდეთ, რომელი რაიონის აღმასკომის მიერ არის გაცემული აღნიშნული მიწის ფართობი, გაცემის თარიღი და ვისზე გაიცა ის.
კითხვა: რა დოკუმენტაციაა საჭირო არასრულწლოვანი ბავშვის პირადობის მოწმობის ასაღებად და არის თუ არა საკმარისი ერთი მშობლის თანხმობა ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, 16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭიროა: განცხადება-ანკეტა, დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში). 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; ხოლო, თუ ბავშვი არის 16 წლამდე ასაკის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ და ორივე მშობლის პირადობის მოწმობა.