კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დიხამინჯია

დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ-ე კი – პატრონს, მიწის მეპატრონეს, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.

„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).

1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიას და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში, სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.

1995 წელს, ვაუჩერი აიღო 711 დიხამინჯიამ. მათ შორის თბილისში ცხოვრობს – 171, მარტვილში – 146, სენაკში – 90. არიან სხვაგანაც.

უძილაური

უძილაური სათემო გვარია ფშავში, მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – უძილაი.

უძილაურთა – უძილაურების სოფელია ფშავში

ფშავში თერთმეტი თემი არსებულა, გვარი კი შედარებით მეტი იყო. „ფშავში გვქონდა გოგოჭურთ, გაბიდაურთ, გოგოლაურთ, ქისტაურთ, ჭოჩოელთ, გოდერძაულთ, მათურელთ (ზურაბაულთ), წოწკოლაურთ, უძილაურთ, წითელაურთ და უკანა-ფშაველთ თემები“.

საქართველოში 506 უძილაური ცხოვრობს: ახმეტაში – 234, დედოფლისწყაროში – 84, დუშეთში – 45. არიან სხვაგანაც.

გასიტაშვილი

გვარი მომდინარეობს და სათავეს იღებს ვარძიელაშვილების გვარიდან. ისტორიული დოკუმენტები ასეთ სანდო და საინტერესო მასალას გვაწვდის: „ვარ ვარძიელასშვილი, იგივე გასიტასშვილი გიორგი, მყავს მამა გასიტა, ძმები ზაქარია, ხოსიტა“ (1690 წელი).

„დათუნა ვარძიელასშვილმა მიჰყიდა შოშიტა მიქელასშვილს ნაახოები მიწა გოჩა იჩითიძის, ბერიკა იაველასშვილის და სავარძელოსშვილის მიწებამდე“ (1690 წელი).

საქართველოში 497 ვარძიელაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 226, თბილისში – 157, გორში – 77. არიან სხვაგანაც.

455 გასიტაშვილი: თბილისში – 121, გორში, – 112, ქარელში – 72. არიან სხვაგანაც.

თუშიშვილი

ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს ტომის, ეროვნების ან სადაურობის, ანუ, წარმოშობის ადგილის აღმნიშვნელი გვარები.

გავრცობილი სახით გვხვდება, ასევე, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სახელწოდებათაგან ნაწარმოები გვარები; მაგალითად, ქართველიშვილი გავრცელებული გვარია დასავლეთ საქართველოში, ნიშნავს „ქართლული შვილის“ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში გადასულს, იმერლიშვილი ქართველიშვილის საპირისპირო მნიშვნელობისაა და გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში; კახელიშვილი, თუშიშვილი, ფხოველიშვილი (ფხოვი ფშავის ძველი სახელწოდებაა, აქედან ჩნდება ფხოველი, ანუ ფშაველი და ასე შემდეგ).

„თუშიშვილის მიწა ესაზღვრება ბერუა ბერიშვილის მიერ თევდორე ბერიშვილისთვის მიყიდულ მიწას“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

ჭიჭია თუშიშვილი შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნეში.

ამავე ფუძისაა გვარები: თუშაბრამიშვილი, თუშმალიშვილი, თუშმალოვი, თუშურაშვილი, თუშური, თუშუროვი.

დროა თუშმაროვებმა და თუშუროვებმა, აღიდგინონ მამაპაპური გვარი.

საქართველოში 871 თუშიშვილი ცხოვრობს: თელავში – 342, თბილისში – 231, გარდაბანში – 56. არიან სხვაგანაც.

გაზაშვილი

გვარის ფუძეა გაზა (გაზ-ი), ამ ფუძისაა ქართული გვარი გაზაშვილი.

სომხებთან გვხვდება გვარი გაზარიანი, აზერბაიჯანში – გაზომაგამედოვი. რუსმა მოხელეებმა ბევრი გვარის ფუძის შემდეგ მიაბეს თავიანთი ფორმანტი ოვ-ი და იევ-ი და ჩვენს შემთხვევაშიც გაჩნდა გაზაევი.

მამაკაცის საკუთარი სახელი გაზა დაფიქსირებულია კოლხეთში, გაზი კი – სვანეთში, კერძოდ, მესტიაში.

1995 წელს აღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 947 გაზაშვილი ცხოვრობს: გორში – 315, თბილისში – 175, ქარელში – 160.

არიან სხვაგანაც.

55 – გაზარიანი;

29 გაზომაგამედოვი: ლაგოდეხში – 6, თელავში – 2, თბილისში – 1, არიან სხვაგანაც.

222 გაზაევი: თბილისში – 116, ყვარელში – 27, გორში – 21. არიან სხვაგანაც.

ჯავარაშვილი

იოანე ბაგრატიონის წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს თავად-აზნაურთა გვარებისა“, წერია: „ჯავარასშვილი-ძავარაშვილი-ჯარაშვილი, აზნაური ჯავარაშვილი. ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველად, 1039 წელს, ახალციხის კერძო ჯვარის ციხის მოურავად და ოდეს მიიღო თურქმან ახალციხე, მაშინ მოვიდა ჯავარა ვინმე ამათნი წინაპარნი და დაესახლა გაღმა მხრის სათარხნოს ადგილთა შინა სამეფოსა ადგილსა და ესენიცა ცნობილ იყვნენ დროსა სვიმონ მეფისასავე აზნაურად და აწ რომელნიცა არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა ჯავარაშვილად მოხსენებული ჯავარის გამო სახელისა“.

ასე რომ, აზნაური ჯავარაშვილი ჯარაშვილების მონათესავენი ყოფილან და ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულნი.

ერთი წყაროს მიხედვით, ჯავარაშვილები არიან ქართველი ებრაელებიც, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს.

გვარის ფუძე კი საკუთარი სახელი ჯავარია, რომელიც არაბულია და ქართულად „მარგალიტს“ ნიშნავს.

საქართველოში 175 ჯავარაშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 60, გურჯაანში – 34, თბილისში – 25. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ზუკაკიშვილი

გარე კახეთში, კერძოდ კი – პატარძეულში, საგარეჯოს რაიონში, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ზუკაკი; რომელიც შემდგომ გვხვდება ფუძედ, გვარში ზუკაკიშვილი.

ზუკაკიშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან იხსენიება.

„ზუკაკიშვილები, ბერთუბანს მცხოვრები აზატი კაცები... ყველა ზუკაკისშვილს, დიდსა თუ ცოტას, ევალებოდა შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ნინოწმინდის საყდრისთვის, თუ მართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლები).

ზუკაკიშვილი გიუნა იყო მოწმე პეტრე ქურხულის მიერ თავისი ბიძაშვილის, დავით ქურხულისთვის მიცემული პირობის წიგნისა, კეთილმოყვარეობის შესახებ, 1681 წელს.

ზუკაკიშვილი ზუბიტა იყო მოწმე კათალიკოს იოვანეს მიერ გარეჯის წმიდა დავითის ეკლესიისთვის მიცემული ზვრის შეწირულობის წიგნისა, 1690 წელს.

საქართველოში 434 ზუკაკიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 220, საგარეჯოში – 140, მცხეთაში – 17. არიან სხვაგანაც.

ზუბიტაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზუბიტა. ეპონიმური გვარ-სახელია. ასევე, გვხვდება სახელები ზუბა, ზუბია, ზუბალა და ასე შემდეგ.

გვარი ზუბიტაშვილი ისტორიულ წყაროებში იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნიდან.

ზუბიტა გორელი თავყელიშვილების საგვარეულო სახელი ყოფილა.

დირბელი ზუბიტაშვილი ბერუკა 1698 წელს იყო მოწმე იორდანე სონღულაშვილის მიერ თამაზ ქორელისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის დროს.

ზუბიტაშვილი ნასყიდა 1668 წელს იყო დამწერი და მოწმე ზაქარია და მარკოზ გარსევანიშვილების ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნისა.

საქართველოში 195 ზუბიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თელავში – 22, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.

თავხელიძე

გვარის ფუძეა მეტსახელი თავხელა.

თავხელიძე იყო როსტომ მეფის ბიძის, ბატონ ვახტანგის ყოფილი ყმა, რომელიც მან უწყალობა ქალაქის მოურავ მანუჩარს 1639 წელს.

თავხელიძე ბასილა, ფლავს მცხოვრები, ყიასაბეგის მეკოდისპურე ყმა იყო 1700 წელს.

თავხელიძე ციხელა, ძახორას მცხოვრები, იყო მოწმე ბერის მიერ იონათამ ლიპარტისშვილისთვის მიცემული ნაფუძრისა და სახლის ნასყიდობის წიგნში, მეჩვიდმეტე საუკუნეში.

თავხელიძე მამუკას კი, ზახორას მცხოვრებს, ზურაბ ღაზნელის ყმას, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა თოფით ლაშქრობა (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში).

საქართველოში 400 თავხელიძე ცხოვრობს: ბაღდათში – 209, ქუთაისში – 79, თბილისში – 72. არიან სხვაგანაც.

ზეინკლისშვილ-ზეინკლიშვილი

ვიდრე ხელობა-საქმიანობის ტერმინი ზეინკალი შემოვიდოდა ჩვენში, არსებულა გვარი ფუძით ზეინკალი – ზეინკლიშვილი. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სოფელ ტკოცაში.

ზემო ქართლის კომლების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს, ტკოცაში მოიხსენიება ვინმე ზეინკლიშვილი.

1633-1658 წლებში ზეინკლიშვილი ზაქარია, სავანეთს მცხოვრები, წილად ხვდა თამაზ ბარათაშვილს.

„ზეინკლისშვილი პავლე, ტკოცაში მცხოვრები, ბატონის სახასო მსახური, კარის დეკანოზი, ერთი კომლი, ჰყავს ძმა გიორგი. ძმების ნაშენი ოთხი ვაჟი და განაყოფი პაატა ზეინკლისშვილი. იხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

გვარი ზეინკლიშვილი ისტორიულ წყაროებში გვხვდება 1688-1703 წლებში.

საქართველოში 305 ზეინკლიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 98, საჩხერეში – 67, თბილისში – 53. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3