როგორ იპოვა 40 წლის ქალბატონმა მამა და ვინ დაეხმარა მამა-შვილს ერთმანეთთან შეხვედრაში
40 წლის გელადა ანდრეევა ეძებდა არტაშ არტიომის ძე მინასიანს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, რომელიც მე არასდროს მინახავს. უკვე ზრდასრულ ასაკში, დედაჩემისგან გავიგე, თუ ვინ არის ჩემი მშობელი მამა. ძალიან მინდა მისი პოვნა. 27 წელია, მას უშედეგოდ ვეძებ, ვიცი, რომ მამა სწავლობდა პეტროზავოდსკში, ასევე, ვიცი, რომ ის აფხაზეთში უნდა იყოს.
ჟურნალისტის შენიშვნა: უამრავმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი ჩვენი რუბრიკის მეშვეობით. დღეს რუბრიკის სტუმარია პეტროზავოდსკში მცხოვრები ქალბატონი გელადა ანდრეევა, რომელიც ეძებდა მამას და თავის ფესვებს. მისი 27-წლიანი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა – ის უკვე შეხვდა მამასა და მისი ოჯახის წევრებს.
– მოგვიყევით, როგორ დაიწყეთ მამის ძებნა და როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც 27 წლის შემდეგ, გაიგეთ, რომ მამა ნაპოვნია?
გელადა ანდრეევა: ძებნა დავიწყე დედაჩემის დაკითხვიდან. დედამ მომცა მამაჩემის მისამართი: აფხაზეთის სსრ, სოხუმის რაიონი, სოფელი გუმისთა. სწორედ ჩემთვის ცნობილ ამ ერთადერთ მისამართზე არაერთხელ გამიგზავნია წერილებიც, მაგრამ, პასუხი არ მომსვლია. როდესაც გავიზარდე, მივმართე კარელიის რესპუბლიკის ქალაქ პეტროზავოდსკის სომხურ დიასპორას. დიასპორის დახმარებით ვიპოვე მამაჩემის მეგობარი არკადი სერგეის ძე. გავარკვიე, რომ 1969 წელს მამა სწავლობდა ქალაქ პეტროზავოდსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში. არკადიმ მითხრა, რომ მამაჩემი 1973 წლიდან აღარ უნახავს და ისიც ჩემთან ერთად ჩაერთო ძებნის პროცესში. თავდაპირველად რამდენიმე წერილი „ჟდი მენიაში“ გავგზავნე. შემდეგ შევავსე განაცხადი ძებნაზე მოსკოვში, კაზანსკის სადგურზე, მაგრამ, უშედეგოდ. დამოუკიდებლადაც ვეძებდი მამას ან მის ნათესავებს ინტერნეტის საშუალებით. ვისთვის აღარ მიმიმართავს, ყველას ვერც კი ჩამოვთვლი, მაგრამ ინტერნეტით აფხაზეთზე ვერანაირად ვერ გავედი. ჩემი ერთადერთი განაცხადი იდო „ჟდი მენიას“ საიტზე, მაგრამ, კარგა ხნის განმავლობაში გამოხმაურება არ მომსვლია და სწორედ მაშინ, როცა ნელ-ნელა ვკარგავდი იმედს და რწმენას, რომ მამაჩემს ვიპოვიდი გასულ წელს, მოულოდნელად, გიპოვეთ ფორუმზე თქვენ და მოგწერეთ წერილი. თქვენ ამიხსენით, რომ სამწუხაროდ, აფხაზეთში ძებნაში ვერანაირად ვერ მიიღებდით მონაწილეობას ცნობილი პოლიტიკური მიზეზების გამო, თუმცა მირჩიეთ, ვისთვის უნდა მიმემართა. მე ვიცოდი რომ აფხაზეთიდან ერთი ქალბატონი ეძებდა თავის ძმისშვილს ესტონეთში და თქვენ მას დაეხმარეთ. ამიტომ გენდეთ და დავუკავშირდი ნებაყოფლობით დამხმარეს, ტატიანას. ის ჩავიდა სოფელ გუმისთაში, მან თავდაპირველად იპოვა მამაჩემის ნათესავები და უთხრა, რომ მამას ეძებდა ჯარის მეგობარი არკადი სერგეის ძე. მამის ნათესავებმა მისცეს მას ტელეფონის ნომერი. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი იმ დროს იმყოფებოდა როსტოვში, თავის ქალიშვილთან. ეს ყველაფერი ერთ კვირაში მოხდა. იმის გამო, რომ მე მამას წლების განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი, ჩემი პირველი რეაქცია შოკი იყო – ვიტირე, ვერ ვიჯერებდი ამ ამბავს. როგორც კი მამაჩემის ტელეფონის ნომერი გავიგე, მაშინვე დავუძახე მის მეგობარს, არკადის, რადგან მე ჯერ არ ვიყავი მზად, დავლაპარაკებოდი მამას, ამიტომ ვარჩიე, რომ ჯერ მეგობრებს ესაუბრათ. აღმოჩნდა, რომ მამას დაუსვეს სასიკვდილო დიაგნოზი – ფილტვების კიბო, რის გამოც ის იმყოფებოდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა, რომ ასეთ ვითარებაში მამას ვერ ექნებოდა ვინმესთან ურთიერთობის დიდი სურვილი. როდესაც მან გაიგო თავისი მეგობრისგან, რომ მე მას ვეძებ, მან უთხრა არკადის, რომ ჯერ ჩავა სოფელში და დაელაპარაკება თავის ოჯახის წევრებს, შემდგომ კი დამელოდება სტუმრად. მაგრამ, დრო მიდიოდა და არავინ მირეკავდა. მე კი სულ ველოდი და ველოდი... ახალ წლამდე. მერე კი ვუთხარი საკუთარ თავს: „მორჩა! აღარაფერს მოვიმოქმედებ! ისედაც ყველაფერი გავაკეთე, რომ მამა მეპოვა. ახლა ვიცი, როგორაა, სადაა, ამიტომაც ყველაფერს დავუსვამ წერტილს. რადგან თვითონ არ მირეკავს, ესე იგი, არ ვუნდივარ“... და სწორედ მაშინ, როდესაც ასე ვფიქრობდი, 2010 წლის თებერვლის ბოლოს, მოულოდნელად მომწერეს „ოდნოკლასნიკების“ საიტზე. მწერდა ლევონ მინასიანი, რომელიც მე ნათესავად მეკუთვნის და მითხრა, რომ მას ურეკავდნენ „ჟდი მენიადან“ და ეკითხებოდნენ, იცნობს თუ არა ის არტაშ მინასიანს, რომელსაც ეძებს ჯარის მეგობარი. ბუნებრივია, ლევონი იცნობდა მამაჩემს და დაინტერესდა, თუ რომელი ჯარის მეგობარი ეძებდა მამაჩემს, ის შესულა „ჟდი მენიას“ საიტზე, სადაც უნახავს ჩემი განაცხადიც, შემდგომ კი მან თვითონ მიპოვა მე ამ საიტზევე და მომწერა. 2010 წლის 4 აპრილს დამირეკა ბიძაჩემმა (მამაჩემის ღვიძლმა ძმამ) და ბედნიერმა მახარა, რომ მე უკვე ყველა მელოდება და რომ მთელი ნათესაობა ეჩხუბება მამას, თავის დროზე რატომ არ ახარა მათ ეს ამბავი.
– როდის და როგორ გადაწყვიტეთ შეხვედრა თქვენს ნათესავებთან და მამასთან, რა იყო პირველი სიტყვები, რაც ერთმანეთს უთხარით?
– მე და მამაჩემს ერთმანეთი არასდროს გვინახავს, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მისი ხმა მე 40 წლის განმავლობაში არ მქონდა გაგონილი. ჩვენ პირველად შევხვდით 2010 წლის 7 აპრილს. ძალიან ვღელავდი. ისე ვნერვიულობდი, ისიც კი დამავიწყდა, რომ ფრენის შიში მაქვს. აეროპორტში შემხვდნენ ჩემი ძმა, ლევონი და ბიძა – ალბერტი. სოხუმამდე კიდევ 3 საათი მივდიოდით. მთელი გზის მანძილზე ვსვამდი ვალერიანის წვეთებს და როდესაც სახლს მივუახლოვდი უკვე მეგონა, რომ აბსოლუტურად მშვიდად ვარ (იღიმება), მაგრამ, როგორც კი გაიღო ჭიშკარი და დავინახე უამრავი ხალხი, რომელიც აშკარად ჩემს შესახვედრად მოგროვდა, უარი ვთქვი მანქანიდან ჩამოსვლაზე. ძალიან დიდი ემოცია იყო. დამხვდურებიდან, ზოგი ყვიროდა, ზოგი ხელებს შლიდა სიხარულისგან, ასე მეგონა, რომ გული ვერ გამიძლებდა. რა თქმა უნდა, მანქანიდან ძალით ჩამომიყვანეს (იცინის) და მაშინვე შემომესივნენ, მკოცნიდნენ, მეხვეოდნენ. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, ასე მეგონა, რომ ტელევიზორს ვუყურებ. იმასაც ვერ ვხვდებოდი, ვინ ვინ არის. ხომ წარმოგიდგენიათ, პირველად, უცხო ქვეყანაში, ამდენ ხალხში... როდესაც ხვევნა-კოცნა დასრულდა, მიმიყვანეს კაცთან, რომელიც ოდნავ მოშორებით იდგა და მითხრეს: აი, ეს არის მამაშენიო, ის ჩამეხუტა და მითხრა, ნუ ტირი, შენ უკვე სახლში ხარო. (ტირის). შემდეგ კი ისეთი რაღაც მითხრეს, რამაც საერთოდ შოკში ჩამაგდო, ამას ნამდვილად არ ველოდი: შედი სახლში, იქ ბაბუაშენი გელოდებაო... როდესაც ბაბუა ვნახე და ჩავეხუტე, ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
– სად შედგა თქვენი შეხვედრა?
– გუმისთის დასახლებაში შევხვდი ჩემს ნათესავებს, ეს სოხუმიდან არც ისე შორია. მე შემხვდნენ მამაჩემი, მისი მეუღლე – ქნარიკი, ახლა ის დედაჩემია, უაღრესად კარგი ქალია, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი – ყველანი ოჯახებით, ბაბუა და ასე შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში იქ ვიმყოფებოდი. მოდიოდნენ მეზობლები, ნათესავები, ძალიან თბილად მხვდებოდა ყველა, მეპატიჟებოდნენ სტუმრად. მირეკავდნენ. შემდეგ წავედით სასაფლაოზე, მოვინახულე ჩემი წინაპრების საფლავები. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, იყო ის, რომ მეუბნებოდნენ, მამას ჰგავხარო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მათი სისხლი ვარ და მათ მე მიმიღეს. ყველა ჩემი ნათესავი წუხდა, რომ ასე გვიან გაიგეს ჩემი არსებობის შესახებ. თურმე ბებიაჩემი მხოლოდ სამი წლის წინ გარდაიცვალა და ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა, ჩემი ამბავი რომ გაეგო. ამა წლის ივლისში მე დავბრუნდი მამაჩემის სახლში ჩემს სამ შვილთან ერთად და მთელი თვე იქ ვცხოვრობდით. ახლა ვიცი, რომ მყავს სამი ნახევარდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი დამრჩა გასაცნობი. ის როსტოვშია, ასე რომ, ჩემი შეხვედრები ნათესავებთან ჯერ კიდევ წინაა.
– როგორც ვიცი, დედა ცოცხალი აღარ გყავს, ვინ გგულშემატკივრობდა მამის ძებნისას?
– სამწუხაროდ, დედა ცხრა წლის წინ გარდამეცვალა. ყველა ჩემი ნათესავი მგულშემატკივრობდა, ხოლო, როდესაც გაიგეს ჩემი ძებნის შედეგები, ძალიან გაუხარდათ, სიხარულისგან ტიროდნენ. მთავარია, რომ, ჩემი ფესვები ვიპოვე. დედას არ მოვუტყუებივარ, მან სიმართლე მიამბო თავისი. სიყვარულის შესახებ. მართლაც ასე ყოფილა, მამაჩემმა ჩემი არსებობის შესახებ არ იცოდა. უბედნიერესი ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი