ოქრო, ვერცხლი და ნავთობი მომავლის საუკეთესო ინვესტიციაა
ეკონომიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ოქროში, ვერცხლსა და ნავთობში ფულის დაბანდება მომავლის საუკეთესო ინვესტიციაა. განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა, კლიმატური ცვლილებები, ნედლეულის მოხმარების მატება და საზოგადოების დაბერება – ეს ის მთავარი ტენდენციებია, რომლებიც სამომავლო ინვესტიციებს განაპირობებენ. ამიტომაც, სააქციო საინვესტიციო ფონდები, ერთი მხრივ, ნავთობსა და ოქროს ყიდულობენ, მეორე მხრივ კი – ახალ სამედიცინო და ბიოტექნოლოგიებში აბანდებენ ფულს. კრიზისების ცნობილი ექსპერტი, გერჰარდ შპანბაუერი, ინვესტორებს ნახევრად ხუმრობით ურჩევს, იყიდონ ფქვილი, იარაღი მის დასაცავად და ოქრო და ვერცხლი. ინვესტორები აცხადებენ, რომ საუკეთესო ანტიკრიზისული საშუალება კვლავ ძვირფას ლითონში – ოქროში ფულის დაბანდებაა. ბევრმა სააქციო საზოგადოებამ ოქრო ოთხი წლის წინ შეიტანა თავის პორტფოლიოში და ამ მიმართულების ერთგული რჩება. უახლოესი წლების განმავლობაში ნედლეული კვლავ დიდი პოპულარობით ისარგებლებს. გაეროს მონაცემებით, 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 6,9-დან 8 მილიარდამდე გაიზრდება. ამ ზრდის 97 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდის. მომატებულ მოსახლეობას მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ენერგეტიკული რესურსები დასჭირდება, გაიზრდება ნავთობის მოხმარებაც. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის ასაკი საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომაც სამედიცინო მომსახურებასა და წამლებზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად მოიმატებს.