როგორ ამოაყირავა საფეხბურთო სამყარო რომან აბრამოვიჩმა
სპორტი უკვე დიდი ხანია, უზარმაზარი შემოსავლების წყაროდ იქცა და მის სათავეში მყოფი პირები გავლენას არა მარტო ამა თუ იმ სფეროზე ახდენენ, არამედ ხშირად სახელმწიფო საქმეებშიც ერევიან და ქვეყნის პირველ პირებს უქნევენ თითს. რაც უფრო პოპულარულია სპორტის სახეობა, მის სათავეში მყოფ პირს უფრო დიდი გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, ამას თავადაც გრძნობენ და არცთუ მოკრძალებულად იყენებენ. მოგეხსენებათ, ყველაზე პოპულარული ფეხბურთია და ლოგიკურად, გავლენიან ადამიანთა სიაში ფიფას პრეზიდენტი – ზეპ ბლატერი სიის სათავეში დგას და მოდით, რიგრიგობით მივყვეთ.
1. იოზუფ ბლატერი (ფიფას პრეზიდენტი) – ფიფა პრაქტიკულად ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფო საქმეებში თამამად ერევა. ამა თუ იმ ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტი, უპირველესად, ანგარიშვალდებულია არა ამ სახელმწიფოს მეთაურის წინაშე, არამედ პასუხს ფიფასთან აგებს. ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფოს პირველ პირს არ შეუძლია, ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტი მოხსნას და თუ მოხსნის, ფიფა ამ ქვეყანას ყველა ტურნირიდან – როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მოკვეთავს. ეს კი არავის უნდა, ამიტომ ბლატერს ანგარიშს მთელ მსოფლიოში უწევენ. ფიფას ხელში არა მარტო ძალაუფლება, არამედ მილიარდობით დოლარიც არის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებზე ნაწილდება და ფეხბურთის განვითარებას ხმარდება.
2. ჟაკ როგი (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) – ოლიმპიური თამაშები დღემდე რჩება ყველაზე პრესტიჟულად და ოლიმპიური ჩემპიონობა ნებისმიერი სპორტსმენისთვის კარიერის გვირგვინია. გამონაკლისი მხოლოდ ფეხბურთია და ოლიმპიურ ჩემპიონობას მსოფლიოს ჩემპიონობა აშკარად სჯობია. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ოლიმპიადაზე ფეხბურთში მონაწილე ნაკრებებს მხოლოდ 23 წლამდე ფეხბურთელთა წაყვანა შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტურნირზე მსოფლიოს ვარსკვლავები, უბრალოდ, ვერ თამაშობენ. ამის მიუხედავად, როგი პრესტიჟულობას არ უჩივის და იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტი 14 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მის გავლენას აშკარად მყარი საფუძველი აქვს.
3. ბერნი ეკლსტოუნი („ფორმულა 1-ის“ შეფი) – თავად განსაჯეთ – თავის დროზე „ფორმულა 1-ის“ რომელიმე კლუბის შეძენა რომან აბრამოვიჩს სურდა, მაგრამ ეს იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რუსმა ოლიგარქმა გადაიფიქრა. მხოლოდ ერთი სეზონი თითოეულ საჯინიბოს მილიარდამდე დოლარი უჯდება და ამ მილიარდერთა გასართობს სათავეში მოხუცი ბერნი უდგას. ეკლსტოუნის ქონებისა და გავლენის დადგენა იმითაც შეიძლება, რომ მას ცოლად უახლოეს წარსულში ცნობილი მოდელი – სლავიკა ჰყავს. ეკლსტოუნს მისი ცოლად შერთვის გამო ბევრი დასცინოდა, რადგან მათ შორის სიმაღლეში თითქმის ნახევარმეტრიანი სხვაობაა, მაგრამ ამის გამო წყვილი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს და ბერნი თავისი „ჟირაფით“ ყველგან თამამად ჩნდება.
4. ჰერბერტ ჰაინერი („ადიდასის“ გენერალური დირექტორი) – გერმანული კონცერნი მსოფლიო სპორტულ ბაზარზე მუდმივად წამყვან პოზიციებზეა. ჰაინერს ყველა „კოჭს“ უგორებს, რადგან მისი სარეკლამო კონტრაქტები ასიათასობით ევროს ნიშნავს და ამიტომ, იგი ყველგან სასურველი და მიღებული სტუმარია. ჰაინერი უშუალოდ იღებს მონაწილეობას არა მარტო სოლიდური ტურნირების დაგეგმვაში, არამედ იმაშიც, თუ სად და როგორ უნდა იყოს გამოფენილი „ადიდასის“ რეკლამები.
5. დევიდ ბექჰემი (ინგლისელი ფეხბურთელი) – ფეხბურთელს, რომელსაც, მხოლოდ რეკლამებიდან, წლიურად 50-მილიონიანი შემოსავალი აქვს, შეუძლებელია, გავლენა არ ჰქონდეს. ბრიტანეთში ამბობენ, დევიდი იმდენად პოპულარულია, რომ მოინდომოს, რევოლუციასაც მოაწყობსო. მაგრამ, ნურას უკაცრავად – დევიდს მრჩევლად ოთხი ებრაელი ჰყავს და მისი ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება, ყოველთვის მოზომილია.
6. რომან აბრამოვიჩი (ლონდონის „ჩელსის“ მეპატრონე) – აბა, ისე როგორ იქნებოდა, საუკეთესო ათეულში დიდი რომანი არ მოხვედრილიყო. ამ კაცმა საფეხბურთო სამყარო ამოაყირავა, როცა ლონდონის „ჩელსი“ იყიდა და არარეალურად დიდი თანხების ხარჯვა დაიწყო. შედეგიც ჩანს – ლონდონელები რამდენჯერმე გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ერთადერთ ნატვრად რუს ოლიგარქს ჩემპიონთა ლიგის მოგება აქვს.
7. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალიელი ფეხბურთელი) – ბექჰემის არ იყოს, შემოსავლებს არც რონალდუ უჩივის და რაც მთავარია, დღეისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. შესაძლოა, მას შემოსავლებითა და სიკაშკაშით ლიონელ მესი ჯობდეს, მაგრამ მათ შორის ის სხვაობაა, რომ რონალდუ ყველგან ჩნდება და ხმაურიან ცხოვრებას ეწევა, მესი კი სიმშვიდის მოყვარულია და სახლიდან თითქმის არ გადის.
8. მიშელ პლატინი (უეფას პრეზიდენტი) – მსოფლიო ფეხბურთში არსად იმდენი ფული არ ტრიალებს, რამდენიც ევროპაში და ალბათ, ამიტომაც არის, რომ პლატინი გავლენიანთა ათეულში მოხვდა. საამისოდ მას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაც ეყოფოდა, ტურნირი, რომელსაც გასულ წელს მილიარდამდე მაყურებელი ჰყავდა მსოფლიოს მასშტაბით და წელს უფრო მეტს ელიან. იმასაც ამბობენ, მესიე მიშელი ფიფას მომავალი პრეზიდენტია და კოჭს ამიტომაც უგორებენო.
9. როჯერ ფედერერი (შვეიცარიელი ჩოგბურთელი) –კარიერის განმავლობაში როჯერს ნახევარ მილიარდამდე დოლარი აქვს ნაშოვნი და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგებით ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. არისტოკრატთა თამაშში პირველობა კი არისტოკრატთა წრეში მიღებას ნიშნავს და არ არსებობს დიდგვაროვანთა ოჯახი თუ რომელიმე ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ფედერერს სიხარულით არ უმასპინძლებს.
10. სილვიო ბერლუსკონი („მილანის“ მეპატრონე) – არავინ მალავს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის წარმატებული პოლიტიკური კარიერა საფეხბურთო კლუბის დამსახურებაცაა. სწორედ „მილანის“ ყიდვის შემდეგ გაიხედა დონ სილვიომ პოლიტიკისკენ და იმის გათვალისწინებით, რომ მისი კლუბი უმაღლეს მწვერვალებს იპყრობდა, მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა. დღემდე ამბობენ, რომ იტალიის პრემიერად იგი ფეხბურთის გულშემატკივრებმა აირჩიეს. დღეისთვის დონ სილვიო მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია და არა მარტო საფეხბურთო წრეებში სარგებლობს უდიდესი გავლენით.