კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა სპეციალური დიეტა თმის ცვენის წინააღმდეგ?
პასუხი: თმის ცვენის წინააღმდეგ სპეციალური დიეტა არ არსებობს, მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ ზოგადი რეკომენდაციები. გახსოვდეთ, არასწორი კვება, ისევე, როგორც ძალიან მკაცრი დიეტა, იწვევს იმ ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების დეფიციტს, რომლებიც აუცილებელია თმის ჯანმრთელი ზრდისთვის. შესაბამისად, თმა არ იღებს საჭირო საკვებს და დროზე ადრე კვდება. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოწევამ ან გარკვეული მედიკამენტების მიღებამ.
მცენარეული საკვებიდან ხშირად უნდა მიირთვათ – წიწიბურა, ბროწეული, ბურღულეული, მაგრამ არა ერთად; ხორცი და თევზის შეხამება დასაშვებია მწვანე ბოსტნეულთან, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიღება პომიდორთან ერთად. განსაკუთრებით სასარგებლო კი თმისთვის არის ცოცხალი ხილი, განუსაზღვრელი რაოდენობით.
კითხვა: რა ფერის თმაა ამ სეზონზე მოდაში?
პასუხი: ამ სეზონზე მოდაშია ნებისმიერი შეფერილობის თმა, რომელიც თქვენ გიხდებათ, ოღონდ, მაქსიმალურად მიახლოებული ბუნებრივ ფერთან. საერთოდ კი, მთავარია, იცოდეთ მისი მოვლა. რაც უფრო მოვლილია თმა, მით უფრო ლამაზ ტონალობაში „ჯდება“ თქვენ მიერ შერჩეული ფერი.
კითხვა: მინდა, შევიძინო ეგრეთ წოდებული წყალგამძლე ტუში წამწამებისთვის, მაგრამ, მითხრეს, რომ გამიჭირდება მისი ყოველდღიურად მოშორება. რით უნდა მოვიცილო ასეთი ტუში?
პასუხი: ეგრეთ წოდებული წყალგამძლე ტუში ხმარებისას კომფორტულია იმდენად, რამდენადაც არ ითხაპნება არც ცრემლის წამოსვლისას, არც წვიმაში და არც ოფლიანობის დროს, შესაბამისად, მისი მოშორება წყლით შეუძლებელია. ამიტომ, უნდა გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური ქაფები ან ნაკლებცხიმიანი კრემი.
კითხვა: ბავშვობიდან ასე ვარ – ავღელდები ან გავნერვიულდები თუ არა, მაშინვე მთელი სახე მიწითლდება. თავიდან ეს კანის პრობლემა მეგონა, მაგრამ, აღმოჩნდა, კანი არაფერ შუაშია. ასეთ მომენტში საშინელ დისკომფორტს განვიცდი. იქნებ, მირჩიოთ რამე მარტივი საშუალება, რომ ჩემი სიწითლე ნაკლებად გამოჩნდეს?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია შესაფერისი მაკიაჟის შერჩევა: თუ გამოიყენებთ მოვარდისფრო რუჟს, სიწითლე ნაკლებად შესამჩნევი იქნება. თუ სახე წვრილი, წითელი წერტილებით გეფარებათ, მოსინჯეთ კონსილერი ან ნახევრად გამჭვირვალე ტონალური კრემი, ხოლო, თუ ლოყები მთლიანად გიწითლდებათ, სასურველია მკვრივი კონსისტენციისა და თქვენი კანის ფერზე ოდნავ მუქი ტონალური კრემის გამოყენება.
კითხვა: მაქვს ფოტოდერმატოზი, ანუ მზის სხივებზე ალერგია, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის. არსებობს თუ არა მკურნალობის რაიმე მეთოდი და რას მირჩევთ, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ მზის ალერგია აქვს მოსახლეობის 10 პროცენტს. ასეთ შემთხვევაში კანზე გამონაყარი ჩნდება გაზაფხულის მზის გამოჩენისთანავე და გაივლის მხოლოდ ოქტომბერში, ანუ მაშინ, როცა მზის სხივები ისეთი მწველი და მხურვალე არ არის. კონკრეტული მკურნალობა ალერგიის ამ სახეობისთვის არ არსებობს. უბრალოდ, უნდა შეეცადოთ, შეძლებისდაგვარად უარი თქვათ მზის აბაზანებზე. აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიყენოთ საიმედო და საუკეთესო ხარისხის მზისგან დამცავი საშუალება.
კითხვა: სამი თვის განმავლობაში ვიცავდი საკმაოდ მკაცრ დიეტას: ვჭამდი მხოლოდ მოხარშულ ხორცს, თევზს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს, ვიღებდი ვიტამინებს. გამოვრიცხე მხოლოდ ნახშირწყლები და ცხიმი. საკმაოდ კარგად დავიკელი წონაში და თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ვატყობ, რომ აშკარად თმის ცვენა დამეწყო. კავშირშია თუ არა ეს დიეტასთან?
პასუხი: ცხადია, კავშირშია. თქვენი თავის კანს, დიეტის შედეგად, მკვეთრად შეუმცირდა ცხიმოვანი საფარი, რაც აუცილებელია თმის ძირების სიმაგრის შესანარჩუნებლად. თმის ცვენა გაგრძელდება მანამ, სანამ კანი არ აღიდგენს ნორმალურ ცხიმოვან შრეს. ყოველი შემთხვევისთვის, გააკონტროლეთ სისხლში რკინის შემცველობა და აუცილებლად მიდით ექიმ-ტრიქოლოგთან. ის დაგინიშნავთ ვიტამინების კომპლექსს და გასწავლით თმის ძირების გასამაგრებელ სხვა საშუალებას. როცა მიკროელემენტების ბალანსი ჩადგება ნორმაში, თმის ცვენაც შეგიწყდებათ. როგორც წესი, მკურნალობა დაახლოებით ნახევარი წელი გრძელდება.