როგორ „მოვარჯულოთ“ მადა
დაუოკებელი შიმშილის გრძნობის დაძლევა ადვილი არ არის, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა სწრაფად იმატებს წონაში. შიმშილის გრძნობის ხშირი შემოტევისას, გირჩევთ, გარეთ გახვიდეთ და გაისეირნოთ ან ქვედა კიდურების კუნთების ვარჯიში ჩაიტაროთ. ეს შიმშილის გრძნობას კლავს.
ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც კარგად და მხნედ იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ასევე, ხშირად მიირთვით ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილი.
ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადსა და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმს ცხიმების ჭარბად დაგროვებაში ეხმარება.
ხშირად ჭამეთ ხილი. ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე კარგია წიწაკა, რადგან წიწაკით მდიდარი საკვები, ჭამიდან დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში 50 პროცენტით აძლიერებს გულისცემის რიტმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ. თუ საკუთარი ჯანმრთელობისა და კუჭ-ნაწლავის ბედი გაწუხებთ, მიირთვით მწარე საკვები.
ნახშირწყლების გამომრიცხველ დიეტებს თან ახლავს დეპრესია და გუნება-განწყობის დაქვეითება. ეს კი სწორედ სერატონინის ნაკლებობას უკავშირდება. ნახშირწყლების გარეშე თავის ტვინში ფერხდება ამინომჟავა ტრიფტოფანის შეღწევა, რომელიც თავის მხრივ, სერატონინის სინთეზისთვის არის აუცილებელი.
სხვათა შორის, გამოუძინებელ ადამიანებში გაცილებით გაძლიერებულია მადა, ამიტომ არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.