როგორ უნდა მოიქცეს არტერიული წნევის ცვლილებით შეწუხებული ადამიანი და რა დარღვევები შეიძლება, განვითარდეს პრობლემის უგულებელყოფის შემთხვევაში
არტერიული წნევის ცვალებადობას საკმაოდ რთული შედეგების გამოწვევა შეუძლია. მაღალი წნევის, ანუ არტერიული ჰიპერტენზიის დროს, არსებობს კონკრეტული სამიზნე ორგანოები და საკმაოდ მწვავე პროცესები ვითარდება. ჰიპოტენზია შედარებით მარტივი ფორმით მიმდინარეობს, ამიტომ ნაკლებ ყურადღებასაც იმსახურებს საზოგადოებაში. აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი ლია რიგვავა, გვესაუბრება არტერიული წნევის ანომალიური ცვალებადობის ორივე ფორმაზე და გაგვარკვევს აღნიშნული პროცესების პრობლემატურ საკითხებში.
– თავდაპირველად, გავახსენოთ მკითხველს, თუ რას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზია და რას იწვევს ეს ავადმყოფობა?
– არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის მთავარი სიმპტომია არტერიული წნევის მატება. მისი წარმოშობის მიზეზი შემთხვევათა 90-95 პროცენტში ვერ დგინდება, შესაბამისად, დარჩენილი 5-10 პროცენტის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შინაგანი ორგანოებია. არტერიული ჰიპერტენზია არის ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო მისი მკურნალობა. ნორმალურ წნევად ითვლება ვერცხლის წყლის სვეტის დონე 140/90 მილიმეტრზე. ნებისმიერი განსხვავებისას ადგილი აქვს ჰიპერტენზიას ან ჰიპოტენზიას. გამონაკლისია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმი, რომლისთვისაც ნორმა არის 130/85 მმ. ამაზე მეტი დაუშვებელია. წნევასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ექიმისა და პაციენტის მიზანი ხდება წნევის შენარჩუნება აღნიშნული რიცხვების ფარგლებში. ამ დროს ძირითადი სამიზნე ორგანოები არის გული, თავის ტვინი, თირკმელები და სისხლძარღვები, შესაბამისად, მეტად მწვავე გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
– რა უნდა იცოდეს ამ პრობლემის მქონე ადამიანმა?
– არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც მოსდით ჩვენს ავადმყოფებს წნევასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა პაციენტების დამოკიდებულება ავადმყოფობისადმი. უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ მკურნალობის ერთი ან რამდენიმე კურსი საკმარისი არ არის გამოჯანმრთელებისთვის. მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, პაციენტები პრობლემის ერთჯერადი მოხსნის შემდეგ წყვეტენ ამ პრობლემაზე ზრუნვას. ასეთი პაციენტები ამბობენ, რომ კურსი ჩაიტარეს და მშვიდდებიან. მათთვის მაგალითად მომყავს დიაბეტიანი პაციენტი, რომელსაც ასევე მთელი სიცოცხლე უხდება თავის ავადმყოფობასთან ბრძოლა. ზოგ პაციენტს არგუმენტად აქვს წამლის არსი როგორც ქიმიური ნივთიერებისა და აცხადებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, წამლების უმრავლესობა იწვევს გვერდით მოვლენებს. გვერდითი მოვლენა თუ არ აქვს წამალს, ეს იმას ნიშნავს, რომ წამალი ცუდია და არანაირი სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია, მაგრამ შესაბამისი დოზირებით, მეტად აქტიური მოქმედების პრეპარატების გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი. პაციენტებს ხშირად ვეუბნები, რომ ჯობია ქიმიური პრეპარატების მიღება, ვიდრე არტერიული წნევის დარღვევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების არსებობა. კიდევ ერთი შეცდომაა უყურადღებობა. ამ მოვლენას ხელს უწყობს, ცალკეულ შემთხვევაში სიმპტომების ნაკლები გამოხატულობა, რის გამოც პაციენტი ვერ ხვდება, რომ აწუხებს მაღალი წნევა. დადგენილია, რომ არტერიული წნევის მცირე გადახრებს უფრო დიდი გართულების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე მის მკვეთრ მატებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ავადმყოფი გრძნობს, ეშინია და უფრო ყურადღებით აკონტროლებს მკვეთრად მომატებულ არტერიულ წნევას, ვიდრე ნაკლებად გამოხატულს.
– რას ურჩევდით არტერიული ჰიპერტენზიით შეწუხებულ მკითხველს?
– ცხოვრების რეჟიმი აუცილებლად შესაცვლელია, როდესაც ადგილი აქვს არტერიულ ჰიპერტენზიას. ამ უკანასკნელს განსაზღვრავს სამი ძირითადი ფაქტორი: სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება, ცხოვრების დინამიკური ტემპი და ჯანსაღი კვება. ვარჯიში ჰიპერტენზიის დროს არ გულისხმობს აქტიურ დატვირთვას. ამ დროს უარყოფითი შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ინტენსიურმა სირბილმა ან მძიმე ტვირთით ვარჯიშმა. პრაქტიკული შედეგი მოაქვს სწრაფ სიარულს. ვარჯიში უნდა იყოს ნელ-ნელა მზარდი ტემპის, თავიდანვე მკვეთრი დატვირთვა არ შეიძლება. რაც შეეხება საკვებს, ძირითადად, უნდა მოვერიდოთ მარილიანი საჭმლის მიღებას. სისხლძარღვთა მდგომარეობის პირდაპირი კავშირის გამო არტერიულ წნევასთან, ასევე უარყოფითი შედეგის მომტანია ქოლესტერინი.
– რისი თქმა შეიძლება არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ?
– არტერიული ჰიპოტენზია საკმაოდ იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ის გადაეცემა მემკვიდრეობით. წინაპრებისგან ეს ავადმყოფობა, უფრო ხშირად ქალებს გადაეცემათ, თუმცა მამაკაცებშიც აღინიშნება ხოლმე. ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, სამიზნე ორგანოები არ აღინიშნება და ბევრად ნაკლებ გართულებასაც იწვევს. ამ დროს მამაკაცებს წნევის ხშირი გაზომვის შედეგად აღენიშნებათ სისტოლური წნევა – 100 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა, ხოლო დიასტოლური – 60, ქალბატონებს კი 95/60-ზე. ჰიპოტენზია ისეთი მძიმე შედეგების მომტანი არ არის როგორც ჰიპერტენზია, მაგრამ პაციენტში საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს. არტერიული ჰიპოტენზია ძირითადად აწუხებს 30-40 წლის ქალებს, რომლებიც გონებრივად შრომობენ. გონებრივად დატვირთული ადამიანები ვერ ახერხებენ ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვას, ამიტომ საკმაოდ ჰიპოდინამიურები არიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმე გვაქვს სისხლძარღვოვან ნევროზთან, ამიტომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ხშირად პაციენტი არ იზომავს წნევას და აქვს სხვადასხვა ჩივილები, შემდგომ კი ირკვევა, რომ ეს დაბალი წნევის მიზეზი ყოფილა. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა – დაბალი წნევის გამოხატულებაა. ასევე ძალიან გამოხატულია ვეგეტაციური სიმპტომატიკა, კერძოდ, სიფერმკრთალე, კიდურებში სიცივე, ოფლიანობა. სხეულის ტემპერატურა მერყეობს 35, 8-დან 36 გრადუსამდე.
– რა იწვევს ამ ავადმყოფობას?
– ჰიპოტონიის გამომწვევი მიზეზი არის ტიპიური სისხლძარღვოვანი ნევროზი. ასეთი მდგომარეობა პაციენტისთვის საკმაოდ შემაწუხებელია და მის შრომისუნარიანობაზეც ძლიერ მოქმედებს. საყურადღებოა, რომ ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად ამთქნარებენ არა სიზარმაცის გამო, არამედ ტვინისთვის საჭირო სისხლის მოცულობისა და შესაბამისად, ჟანგბადის უკმარისობის მიზეზით. თუ ასეთი პაციენტი დაღლილია და იმყოფება დახუთულ სივრცეში ან ფეხზე დგომა დიდი ხნით უწევს, ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ სტრესული სიტუაცია შეიძლება შეიქმნეს, რისი მიზეზიც პაციენტის გონების დაკარგვა, ანუ ორთოსტატიული კოლაფსია. ჰიპოტონიური პაციენტები საკმაოდ კარგად იტანენ ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ ურჩევნიათ 2-3 კილომეტრი გაიარონ, ვიდრე 10 წუთი ერთ ადგილას იდგნენ.
– როგორ დავეხმაროთ ასეთ პაციენტებს?
– ფეხით სიარული ძალიან კარგია, აგრეთვე ცურვა და სპორტის სხვა სახეობები. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოზრდილი ადამიანისათვის 7-8 საათი ძილი საკმარისია, ჰიპოტენზიით შეწუხებული პაციენტისთვის მინიმუმ 10 საათი აუცილებელია გონებრივი შესაძლებლობების სრული აღდგენისთვის. ამაში ოჯახის წევრების ხელშეწყობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყურადღება უნდა მივაქციოთ საწოლიდან წამოდგომის მომენტსაც. წამოხტომა სკამიდან და მით უმეტეს საწოლიდან, არ არის სასურველი. ადამიანი ჯერ უნდა წამოჯდეს, ხელები და ფეხები მსუბუქად გაავარჯიშოს და მერე ნელა წამოდგეს. რაც შეეხება საკვები პროდუქტების სხვადასხვა თვისებების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას, ყავა კარგია დაქვეითებული წნევის დროს, მაგრამ მისი ზედმეტი დოზებით მოხმარებაც არ არის სასურველი. კარგია ჩაი, განსაკუთრებით მწვანე, რომლის მიღებაც შეუზღუდავად შეიძლება. თუ პაციენტი თავს სისუსტეს შეატყობს, უნდა ეცადოს, გავიდეს სუფთა ჰაერზე. არ უნდა მივიდეს საქმე გონების დაკარგვამდე.
– რას ურჩევდით მკითხველს წნევასთან დაკავშირებული ამ პრობლემის შემთხვევაში?
– დილით მიირთვას პაციენტმა ჩაი ან ყავა და მიაყოლოს პური, ყველი და კარაქი. ეს არის ყველაზე კარგი შემადგენლობა არტერიული ჰიპოტენზიის დროს. უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მატონიზებელი წამლები, ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატების მოხმარება არ არის მიზანშეწონილი. თვითმკურნალობას, ჩვეულებრივ, არ მოაქვს კარგი შედეგი.