სახიფათო დაავადებაა თუ არა ლეიშმანიოზი და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება
საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა რიგს განეკუთვნება, სადაც აღწერილია ლეიშმანიოზის შემთხვევები. დაავადება საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და სამწუხარო ფაქტია, რომ მის ენდემურ კერას მჭიდროდ დასახლებული თბილისი, კერძოდ კი, მისი ზოგიერთი ცენტრალური რაიონი წარმოადგენს. ლეიშმანიოზის დიაგნოზი უფრო ხშირად შემოდგომით ისმევა, რასაც მისი გამავრცელებელი მწერების ბიოლოგიური გააქტიურება განაპირობებს. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით პარაზიტოლოგ ნინო ლონდარიძეს.
– რა არის ლეიშმანიოზი?
– ლეიშმანიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც უმარტივესი პარაზიტები – ლეიშმანიები იწვევს. ლეიშმანიების სპეციფიკური გადამტანი მცირე ზომის მწერი – ფლებოტომუსის გვარის მოსკიტია, რომელსაც კბენისას პარაზიტები გადააქვს დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე. ინფექციის წყარო ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანი და ცხოველია – განსაკუთრებით ძაღლები, ხოლო სოფლებში – ზოგიერთი მღრღნელი, ასევე გარეული ცხოველები (ტურა, მელა). დაავადების ფართოდ გავრცელება უკავშირდება სტიქიურ უბედურებებს, მასობრივ მიგრაციებს, სამოქალაქო არეულობებს. თუმცა, ლეიშმანიოზის ენდემურ კერებში მუდმივად გვხვდება დაავადების ახალ-ახალი შემთხვევები.
– არის თუ არა დაავადება გავრცელებული საქართველოში და როდის მატულობს მისი სიხშირე?
– დაავადების ენდემური კერაა 88 ქვეყანა. ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. დაახლოებით 12 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პარაზიტული სენით. ყოველ წელს დაავადების 2 მილიონამდე ახალ შემთხვევას აღწერენ. 350 მილიონი ადამიანი კი რისკის ზონაში ცხოვრობს. აღნიშნული ციფრი ვერ აღწერს ავადმყოფობის სრულ მასშტაბებს, რადგან ლეიშმანიოზი უმთავრესად განვითარებად ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დაავადებების სრულყოფილი კონტროლი არ ხორციელდება. აღნიშნული 88 ქვეყნიდან, ლეიშმანიოზის აუცილებელი რეგისტრაცია მხოლოდ 33 ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოში ლეიშმანიოზი ყველაზე ხშირად აღმოსავლეთში გვხვდება, ძირითადი კერაა თბილისი. დაავადების აფეთქება ჩვეულებრივ სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდშია მოსალოდნელი. ამგვარი სეზონურობა უკავშირდება დაავადების გადამტანი მოსკიტების ბიოლოგიას.
– რა ასაკში გვხვდება ლეიშმანიოზი უფრო ხშირად და როგორია მისი მიმდინარეობა?
– დაავადება უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება, თუმცა შეიძლება მოზრდილებშიც განვითარდეს. ლეიშმანიოზის ორ ძირითად ფორმას განარჩევენ: ვისცერალურს, ანუ შინაგანს და კანის ლეიშმანიოზს. გამომწვევი ორგანიზმში აღწევს კანის გზით. ნაკბენის ადგილას რამდენიმე ხნის შემდეგ ჩნდება პირველადი ნიშანი პუსტულის ან კვანძის სახით. ვისცერალური ლეიშმანიოზის დროს პირველადი კერიდან გამომწვევი ხვდება სისხლის მიმოქცევაში და იწვევს გენერალიზებულ ინფექციას მრავალი ორგანოს დაზიანებით. კანის ლეიშმანიოზის შემთხვევაში ინფექციის კერა შემოიფარგლება კანის სისქით, სადაც ვითარდება გრანულომა, პროდუქტიული ანთების კერა, რომელსაც მკვრივი კვანძის შესახედაობა აქვს. ის განიცდის ნეკროზს და წარმოიქმნება წყლული. წყლულების რაოდენობა შეესაბამება ფლებოტომუსის ნაკბენების რაოდენობას. დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ფორმაზე. ვისცერალური ლეიშმანიოზის დროს დაავადების გამოვლენის პერიოდი მერყეობს 20 დღიდან 10 თვემდე. მიმდინარეობაში არჩევენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ფორმა ჩვეულებრივ, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი – მოზრდილებში.
– როგორი სიმპტომები აღენიშნება ავადმყოფს და როგორია ლეიშმანიოზის კლინიკური გამოვლინება?
– დაავადება თანდათანობით იწყება, პირველადი გამოვლინებები შესაძლოა პაციენტმა ვერ შეამჩნიოს. ვითარდება ზოგადი სისუსტე, ადინამია, მადის დაქვეითება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ტალღისებურად მიმდინარე ცხელების ეპიზოდები, ღვიძლის და ელენთის დაზიანება. მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, ელენთა თანდათანობით ზომაში იმატებს და დაავადების პიკისთვის შესაძლოა, მცირე მენჯს მიაღწიოს. იზრდება ღვიძლი და ლიმფური კვანძებიც. ვითარდება ანემია, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ნაკლებობა, აღინიშნება ალბუმინების შემცირება და გლობულინების დონის მომატება. ორგანიზმი მიდრეკილია სისხლდენისადმი, პირის ღრუში ვითარდება წყლულოვან-ნეკროზული ცვლილებები. ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციაც, რაც დიარეით ვლინდება. ეს იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში, კახექსიამდე. ავადმყოფს აქვს სპეციფიკური შესახედაობა – წვრილი კიდურები და დიდი მუცელი, კანი მშრალია, მიწისფერი, რის გამოც ვისცერალურ ლეიშმანიოზს სხვანაირად „კალა-აზარს“ უწოდებენ, რაც შავ ცხელებას ნიშნავს. ლეიშმანიოზის კანის ფორმა ვითარდება ანთროპონოზური და ზოონოზური ტიპით. ანთროპონოზური ანუ ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზის დროს 3-8-თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, ნაკბენის ადგილას ვითარდება 2-3 მილიმეტრი დიამეტრის მქონე კვანძი. კვანძი ნელ-ნელა ზომაში იზრდება და რამდენიმე თვის შემდეგ იფარება ქერქით, რომლის ქვეშაც ვითარდება წყლული. წყლულის შეხორცება ხანგრძლივად მიმდინარეობს და მთავრდება 1-2 წლის შემდეგ. ზოონოზური ანუ სოფლის ტიპის ლეიშმანიოზი ხასიათდება უფრო მცირე ინკუბაციური პერიოდით – 3 კვირამდე. ამ ტიპის დროს კვანძი ნაკბენის ადგილას სწრაფად იზრდება ზომაში და რამდენიმე დღეში მისი დიამეტრი 10-15 მილიმეტრს აღწევს. კვანძის ცენტრში მიმდინარეობს ნეკროზი და იხსნება წყლული გარშემო ინფილტრატითა და შეშუპებით. წყლულის დიამეტრი ზოგჯერ 5 სანტიმეტრს აღწევს. კანის ლეიშმანიოზის ზოონოზური ტიპის დროს წყლულის შეხორცების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მე-3 თვეზე წყლულის ფსკერი სუფთავდება, ხოლო მე-5 თვისთვის დანაწიბურების პროცესი მთავრდება.
– რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი ამ ავადმყოფობის არსებობაზე?
– ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა პაციენტი დაავადების ენდემურ კერებში უკანასკნელი 1-2 წლის განმავლობაში. აგრეთვე კლინიკური სიმპტომები, სისხლის ანალიზი და ცილების შემადგენლობის ცვლილებები ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევაში. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლეიშმანიების აღმოჩენა კვანძიდან მიღებულ მასალაში, ხოლო შინაგანი ლეიშმანიოზის დროს ძვლის ტვინიდან და ლიმფური კვანძებიდან მიღებულ პუნქტატში.
– როგორია ლეიშმანიოზის მკურნალობა და პროგნოზი?
– შემუშავებულია მკურნალობის სქემები, რომლებიც დროულად გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ ეფექტურია; თუკი სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ, მდგომარეობა კვლავ უარესდება, ტარდება მკურნალობის მეორე კურსი. ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ვიტამინები, ერითროციტული მასის, პლაზმის ინფუზიები. დაავადების პროგნოზი, თანამედროვე მკურნალობის პირობებში, კეთილსაიმედოა. თუმცა, გვიან დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში, ანემიისა და ჰეპატოსპლენომეგალიის დროს, პაციენტის შრომისუნარიანობის აღსადგენად შესაძლოა, რამდენიმე თვე დაჭირდეს. წყლულების შეხორცებას კანის ლეიშმანიოზის დროს, დაავადების ტიპის მიხედვით, შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან 1-2 წლამდე.
– როგორ უნდა ავირიდოთ ავადმყოფობა თავიდან?
– ლეიშმანიოზის პროფილაქტიკა გულისხმობს – მაწანწალა და დაავადებული ძაღლების დროულ გამოვლენას, ბრძოლას დაავადების გადამტანი მოსკიტების წინააღმდეგ. ვინაიდან გადამტანები აქტიურდებიან დღის მეორე ნახევარში, ბაღებსა და სკვერებში სეირნობისას, უნდა ჩავიცვათ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, მოსკიტების კბენისგან დასაცავად. შენობების ფანჯრებში საჭიროა, მწერებისგან დამცავი ბადის გაკეთება. დაავადების გავრცელების და გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, დაავადებულის დროული გამოვლენა და მკურნალობა.