ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვარ დევნილი აფხაზეთიდან, მიწერილი ვარ ვარკეთილის გეოდეზიის საწარმოს კორპუსში. ვცხოვრობ თბილისის სხვა უბანში. გთხოვთ, მიპასუხოთ, იმოქმედებს თუ არა ეს მთავრობის მიერ გაცემული დახმარებისა და კომპენსაციის მიღებისას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მატარებელი პირი, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა, სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დახმარებით.
კითხვა: ჩემი მეუღლე არ არის დევნილი. აქვს თუ არა ჩემს ბავშვს დევნილის სტატუსის მიღების უფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუკი ბავშვის ერთ-ერთ მშობელს აქვს დევნილის სტატუსი, მეორე მშობლის თანხმობით, ბავშვს შეიძლება, მიენიჭოს დევნილის სტატუსი.
კითხვა: ვართ კომპაქტურ დასახლებაში დარეგისტრირებული, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი. არ მაკმაყოფილებს დაკავებული ფართი. შეგვიძლია თუ არა, უარი განვაცხადოთ მის პრივატიზებაზე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ფართების დაკანონება ნებაყოფლობითი პროცესია. თუკი მრავალსულიან ოჯახს არ აკმაყოფილებს დაკავებული ფართი, მან უნდა მიმართოს განცხადებით ლტოლვილთა სამინისტროს. მსგავსი შემთხვევები განიხილება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე და შეთავაზებული იქნება ალტერნატიული ვარიანტი.
კითხვა: საქალაქო სასამართლოში სარჩელი მაქვს შეტანილი 2005 წლიდან. გთხოვთ, მაცნობოთ, ვის უნდა მივმართო, რადგან ვერ მივაღწიე პროცესის დანიშვნას?
პასუხი: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, რისი დადასტურების შემთხვევაშიც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. აღნიშნული ფაქტის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, საჩივრით (განცხადებით) მიმართოთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს საერთო სასამართლოების ნებისმიერი მოსამართლის მიერ ამგვარი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
კითხვა: მოსამართლის (ჩემი სასარჩელო განცხადების უკანონო განხილვის გამო) მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. შეიძლება თუ არა, აღნიშნულს რამე გავლენა ჰქონდეს ჩემს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერებაზე?
პასუხი: კანონმდებლობიდან გამომდინარე, დისციპლინური საქმის წარმოების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი დგება მხოლოდ მოსამართლის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით. აქედან გამომდინარე, თქვენ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა სცილდება დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს და მოსამართლის მიმართ განხორციელებული დისციპლინური საქმის წარმოების შედეგებმა არ შეიძლება რამე გავლენა იქონიოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე. თქვენ გასაჩივრების უფლება უნდა გამოიყენოთ თქვენთვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში.
კითხვა: ერთ-ერთი თანამესაკუთრის ვალის უზრუნველსაყოფად, მეორე მესაკუთრის თანხმობით, დაგირავდა საერთო საკუთრების მოძრავი ნივთი. მოვალემ ვერ შეძლო ვალის დროულად გადახდა. კრედიტორს მეორე მესაკუთრემ შესთავაზა ვალის გადახდა, რათა საერთო საკუთრების ნივთი არ გაყიდულიყო. კრედიტორმა უარი განუცხადა მოვალის ნაცვლად ვალის გადახდაზე და დაგირავებული ნივთის რეალიზაცია მოითხოვა. რამდენად კანონიერია კრედიტორის მოქმედება?
პასუხი: უკანონოა. რადგან ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირაობის გასხვისების შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია, დაფაროს მოთხოვნა.
კითხვა: აქვს თუ არა უფლება რელიგიურ ჯგუფს, ჩაატაროს შეკრება ქალაქის ერთ-ერთ უბანში ისე, რომ ქადაგება მიკროფონის საშუალებით მოხდეს. ჩაითვლება თუ არა ეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად და დაირღვევა თუ არა, პოლიციის მიერ ამ შეკრების აღკვეთის შემთხვევაში, შეკრებილ ადამიანთა უფლებები?
პასუხი: არ დაირღვევა, რადგან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიხედვით, შიდა სახელმწიფო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა, რომლებიც საჭიროა სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ინტერესებისთვის.
კითხვა: ონიდან მომავალი ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში მოყვა. ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ცოლი – ათი საათის შემდეგ, საავადმყოფოში. მიიღებს თუ არა ცოლისდა სიძის ქონებას ტრანსმისიით?
პასუხი: მიიღებს, რადგან, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება მემკვიდრეზე გადადის.
კითხვა: შეიძლება თუ არა ანაზღაურებადი შვებულების გადატანა?
პასუხი: თუ მიმდინარე წლის ანაზღაურებადი შვებულების მიცემა უარყოფითად იმოქმედებს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით, დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. აკრძალულია, შვებულების ზედიზედ, 2 წლის განმავლობაში გადატანა, ისევე, როგორც არასრულწლოვნის შვებულების გადატანა.
კითხვა: ვაქირავებ ბინას. დავიბეგრები თუ არა სოციალური ან სხვა გადასახადით?
პასუხი: ფიზიკური პირის მიერ ქონების (ბინის) გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება სოციალური გადასახადით, რადგან ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი არ მიეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. მაგრამ, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით (ქირის 12 პროცენტი) და ქონების გადასახადით, რაც გაქირავებული ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტს შეადგენს.
კითხვა: ადმინისტრაციულ პროცესში, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე გამოირკვა, რომ სამართალურთიერთობაში მონაწილეობს 15 პირი, რომლებიც, შესაძლებელია, საქმეში ჩაბმულნი იყვნენ მესამე პირებად. სასამართლომ გამოიტანა განჩინება და საქმეში მესამე პირებად მხოლოდ ის მოქალაქეები ჩააბა, რომლებმაც ამის სურვილი გამოთქვეს. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?
პასუხი: კანონიერია, ვინაიდან, თუ სამართალურთიერთობაში ათ პირზე მეტი მონაწილეობს, მაშინ სასამართლო მესამე პირებად საქმეში იმ მოქალაქეებს ჩააბამს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ.
კითხვა: როგორია სამუშაო დროის ხანგრძლივობა ახალი შრომის კოდექსის მიხედვით?
პასუხი: თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.
სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი