კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნგრევენ ბედნიერებას მეგობრებს ქმრებზე გაბოროტებული ქალები

ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. აქამდე მას ძალიან ბევრი უკლია. მისთვის უცხო არ არის შური, გაუტანლობა, ბოროტება, ღვარძლი... ეს ყველაფერი მარტო სხვა ადამიანებს კი არ უშლის ხელს მშვიდ ცხოვრებაში, არამედ თავადაც იმწარებს ყოველდღიურობას.

მტრად შესაძლოა, ის პიროვნება გექცეთ, რომლისგანაც მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს მოელით. იმასაც ამბობენ, ადამიანი ვერ გაბოროტდება, თუ მასში თავიდანვე არ დევს ბოროტების მარცვალიო... საკუთარი უიღბლობის სხვაზე გადაბრალება, უკვე არის ბოროტების სათავე. როცა ადამიანს არ ძალუძს პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, როცა მას მიაჩნია, რომ, რადგან არ გაუმართლა თავად, არც სხვა უნდა იყოს ბედნიერი, იწყებს სხვისი ბედნიერების დანგრევისთვის „ზრუნვას“. ამით კი თითქოს კომპენსაციას იღებს. სინამდვილეში, ისეთ ბოროტებას სჩადის, რომელიც აუცილებლად გამოიღებს მომწამვლელ ნაყოფს და ეს ნაყოფი მას არასოდეს მოასვენებს.

რა უნდა ქნა, თუკი ხედავ, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი ცდილობს, დაგინგრიოს ბედნიერება? როგორ უნდა მოახერხო მისი გაკონტროლება?! მაგრამ, კიდევ უფრო უარესია, როცა წარმოდგენა არ გაქვს, ვინ გინგრევს ცხოვრებას აგურ-აგურ... ვინ დგას იმ ყველაფრის მიღმა, რამაც ბედნიერება დაგაკარგვინა.



მაკა (27 წლის): ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. სერიოზულად ვამბობ ამას. იმიტომაც მოვედი თქვენთან, რომ სხვაგან წასასვლელი არ მაქვს. საშინელ, გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ფიზიკურ ტკივილს განვიცდი იმ ყველაფრისგან, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. განადგურებული ვარ. გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. ვერც სამაგიეროს გადავუხდი ვინმეს. საკუთარი თავი ისე მეცოდება, სულ ტირილი მინდა. არადა, ჩემზე ბედნიერი არავინ უნდა ყოფილიყო, ისეთ ადამიანს ვუყვარდი. თურმე, ასეთი მამაკაცები აღარ არსებობენ. ჩემი და მეუბნება, ვერ გაუფრთხილდიო. მაგრამ, იმას კი აღარ ამბობს, როგორ უნდა გავფრთხილებოდი. ჩემზე არაფერი ყოფილა დამოკიდებული, საერთოდ არაფერი. ეჭვი მაინც რომ მქონოდა, რა საშიშროების წინაშე ვიდექი, იქნებ, რამე ზომებიც მიმეღო და ჩემი სიყვარული გადამერჩინა. შოკიდან ჯერაც ვერ გამოვსულვარ. ყველაფერი შეიძლებოდა მეფიქრა, მაგრამ თუ მტერი ასე ახლოს მეყოლებოდა ჩასაფრებული, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

– ალბათ, ჩვეულებრივი ისტორიაა, როგორც ხდება ხოლმე – სასიყვარულო სამკუთხედი.

– არანაირად. არავითარი სასიყვარულო სამკუთხედი ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა. იყო შური და დიდი ბოროტება, რასაც ჩემი ბედნიერება შეეწირა. მეეჭვება, როდისმე ისევ გავსწორდე წელში და ისევ გამიჩნდეს ადამიანების მიმართ რწმენა. ყველა ბოროტებით, ღვარძლით და შხამით სავსე მგონია. ერთ წუთში შეიცვალა ყველაფერი. დავიძინე ბედნიერმა და უბედურმა გამოვიღვიძე. გაინტერესებთ, ალბათ, რა მოხდა. მე კი ის მაინტერესებს, რატომ გავიწირე ასე და თუ არის რაიმე გამოსავალი. იცით, როგორი სიყვარული მქონდა? – არაჩვეულებრივი. წარმოუდგენლად კარგი. მე ჩემი ცხოვრების მამაკაცი ვიპოვე. ყოველი მასთან გატარებული წუთი ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ვფიქრობდი, ნეტავი, რით დავიმსახურე ეს საჩუქარი-მეთქი. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი მის გვერდით და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მყარი კედლის მიღმა. თურმე, ასე არ უნდა იფიქრო. არ შეიძლება, არავინ იცის წინასწარ, ბედი რა სიურპრიზს უმზადებს. ისე იმედიანად ვიყავი, ჩვენ რამ უნდა დაგვაშოროს-მეთქი... თურმე, ყველაფერი რა მარტივი ყოფილა... მარტივი და საშინელი. აქამდე ისეთი გულუბრყვილო ვიყავი. სასაცილომდე გულუბრყვილო. რატომ დავიჯერე, რომ ყველას გაუხარდებოდა ჩემი ბედნიერება...

– „ყველაში“ ვის გულისხმობთ?

– უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახის წევრებს. ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებს.

– დაქალებს.

– და სწორედ დაქალმა დამინგრია ცხოვრება. თანაც, ეს ყველაფერი ცივი გონებით გააკეთა, შეგნებულად და გეგმაზომიერად. როგორ მოვკლა ჩემი ხელით ან რა გავუკეთო იმისთანა, რომ ბოროტებისთვის დამსახურებულად მიეზღოს. პრინციპში, თუკი მან ასე გამიმეტა, მე რაღატომ უნდა დავინდო.

– დაქალმა წაგართვათ შეყვარებული?

– სიყვარული დამაკარგვინა. უკვე თითქმის ქმარი იყო ჩემი. ბედნიერება მან წამართვა. დიახ, შეშურდა ჩემი და იმიტომ. ყველაფერი ნორმალურად იყო, სანამ დავინიშნებოდით და ვიდრე ჩემი დაქალი დაინახავდა მის ღირსებებს. თვითონ ხუთი წელია, გათხოვილია. არავის დაუჯერა. მიყვარსო, გავარდა და გათხოვდა. მერე დაეწყო პრობლემები. არ გამოდგა მისი ქმარი ისეთი, როგორიც მას ეგონა. ვერ აუშენა ოქროს კოშკები და ვერ გაანებივრა დედოფალივით. ურჩხული და მონსტრი ნამდვილად არ არის, მაგრამ „ოცნების უფლისწულამდე“ ვერ „ქაჩავს“.

– თქვენმა კი „გაქაჩა“?

– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ მართლა „გაქაჩა“. ისეთ სიურპრიზებს მიკეთებდა, ისეთ საჩუქრებს მჩუქნიდა, ყველა გაოცებული იყო. მეორე სამსახური მოძებნა, რომ მეტი ფული ჰქონოდა და ჩემთვის მაქსიმალურად ბევრი სასიამოვნო რაღაც გაეკეთებინა. როგორ მაკვირვებდა თავისი ხელგაშლილობით და მიხვედრილობით – დაბადების დღე ვენეციაში აღმინიშნა და საქორწინო კაბა და ბეჭდებიც იქ მიყიდა. თავი სიზმარში მეგონა. ბუნებრივია, ვერ ვმალავდი ამ სიხარულს, ან თუ შენს ახლობელს არ გაუზიარე სიხარული, სხვას ვის უნდა უთხრა, რომ ბედნიერი ხარ. ოღონდ, სწორად გამიგეთ, ერთი წუთითაც კი არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ ნიშნს ვუგებდი, რადგან მე ასე გამიმართლა. რა სისულელეა. უბრალოდ, მართლა უზომოდ ბედნიერი ვიყავი და მეტყობოდა კიდეც. რა, უნდა დამემალა? უნდა მეთამაშა, რომ არ ეფიქრა, ამ ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებენო?

– ასე გითხრათ?

– კი. მერე მითხრა, როცა უკვე ყველაფერი გაირკვა და იძულებული გახდა, ეღიარებინა, ვისი ხელი ჩაერია მომხდარში. პრინციპში, ვფიქრობ, არც დამალავდა. რაღაც ეტაპზე აუცილებლად მეტყოდა თავისით, რომ გავემწარებინე.

– ასე სძულხართ მეგობარს?

– თურმე ვძულებივარ. მაგრამ, ვერ წარმოვიდგინე. როგორი წარმოსადგენია, ბავშვობის მეგობარზე ასეთი რაღაც. თავიდანვე რომ ჰქონოდა რამე კომპლექსი ან ცუდი ურთიერთობა გვქონოდა... მაგრამ, მსგავსი არაფერი ყოფილა. მის ქმართანაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. მათი პრობლემების შესახებაც ვიცოდი...

– შეგიძლიათ თქვათ, რა პრობლემები ჰქონდათ? ღალატობდა ცოლს?

– ეგ არ ვიცი. შეიძლება, ეგეც იყო. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია. თუმცა, ხშირად ჩხუბობდნენ. ხშირად ვიყავი მასთან და ვხედავდი ამ ყველაფერს. ის ტიპი ჩვეულებრივი მამაკაცია, ძალიან ჩვეულებრივი – ცოტათი უყურადღებო, ცოტათი „ფეხებზემკიდია“, ცოტათი უდარდელი და ზარმაცი. დალევაც უყვარს და ძმაკაცებში დროსტარებაც. ჩემს დაქალს კი სხვანაირი ქმარი უნდოდა. ერთხელ მითხრა კიდეც, შენ შეგხვდა ზუსტად ისეთი საქმრო, როგორზეც მე ყოველთვის ვოცნებობდიო. მაშინ მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. თურმე, უკვე უნდა შემომეკრა განგაშის ზარი, მაგრამ, ჩემს ადგილას სხვა ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ საკუთარი დაქალი გამოუთხრიდა ძირს. ან როგორ ჩაიფიქრა ასეთი საშინელება. ხომ იცოდა, რომ საქორწინო კაბა კარადაში მეკიდა უკვე. საერთოდ, არავისზე უფიქრია, ფეხებზე დაიკიდა უამრავი ახლობელი, რომლებსაც ჩვენზე გული შესტკივათ. ასეთი ბოღმა საიდან აღმოაჩნდა, წარმოდგენა არ მაქვს. ერთად გავიზარდეთ, ერთ ლოგინში გვეძინა, თუმცა რა უაზრობაა ახლა ამ ყველაფრის ლაპარაკი... მოკლედ, მე სრულ გაუგებრობაში ვიყავი. ღრუბლებში დავფრინავდი, ჩემს ზურგს უკან კი, ინტრიგას ხლართავდნენ. ხლართავდა ადამიანი, რომელსაც ჩემი ბედნიერება უნდა გაეზიარებინა და გვერდით დამდგომოდა. არ მესმის, შენი მეგობრის სიხარული შენი სიხარულიც რატომ არ უნდა იყოს.

– რა გააკეთა თქვენმა დაქალმა?

– ბინძური თამაში წამოიწყო. უცნობი ნომრიდან, ვითომ „ვიღაცამ“ დაიწყო ჩემი საქმროს მობილურზე ესემესების გაგზავნა, რომ მე ვარ უღირსი, რომ ვატყუებ და საყვარელი მყავს, რომ მე მამაკაცებს ვიყენებ და როგორც კი მასაც „გამოვწველი“, შემცვლელს გამოვუნახავ. ერთი სიტყვით, ათასგვარი სიბინძურე და სისულელე.

– როგორ დაიჯერა ეს ყველაფერი თქვენმა საქმრომ და რატომ?

– რა არის, იცით? ადამიანი რაც უფრო ძლიერად გიყვარს და გეძვირფასება, მით მტკივნეულად აღიქვამ მის შესახებ ყველაფერს. თავიდან, ალბათ, არც სჯეროდა, მაგრამ რომ აღარ შეწყდა ინფორმაციის ეს ნიაღვარი, უკვე დაეჭვდა. მაგრამ, შეცდომა დაუშვა, ძალიან სერიოზული შეცდომა. ჩემთან კი არ მოვიდა და დამელაპარაკა, ინფორმაციის გადამოწმება მალულად დაიწყო. ამაზე ცუდი რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა. ჩემმა დაქალმაც სწორედ ამაზე გათვალა და არც შემცდარა. თან ურჩევდა, ჩუმად ჩემს ტელეფონში მოსული მესიჯები შეემოწმებინა, მპარავდა ტელეფონს, მიგზავნიდა ესემესებს დამალული ნომრებიდან და მერე მათ ინახავდა. არ მაქვს ჩვევად, რომ მობილურში სისტემატურად ვამოწმო ძველი გზავნილები. მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ ისინი არ მომსვლია. სამაგიეროდ, ჩემმა საქმრომ დაიწყო ჩუმად მათი წაკითხვა.

– ამისთანა რა ეწერა იმ მესიჯებში?

– საშინელება. ვითომ ერთ-ერთი საყვარელი მწერდა, რამდენ ხანს უნდა ათამაშო ეგ ყეყეჩი, ვერაფერს რომ ვერ ხვდება. როდის გაგრძელდება ჩვენი შეხვედრებიო. კიდევ იყო ისეთი სიტყვები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გავიმეორებ. მხოლოდ ძალიან გარყვნილი კაცი თუ მისწერს გარყვნილ ქალს.

– ანუ, თქვენს მობილურში იყო ეს მესიჯები?

– დიახ. ჩემს მობილურში და ჩემმა საქმრომ ეს ყველაფერი წაიკითხა. უფრო სწორად, რაღაც პერიოდის განმავლობაში კითხულობდა და ბოღმას, ეჭვს იგროვებდა, რომ მერე ერთიანად ამოეხეთქა.

– თქვენ არაფერი იცოდით ამის შესახებ?

– არა. არაფერი ვიცოდი. საკუთარ ტელეფონს დადებ ხოლმე, სულ ხელში ხომ არ გიჭირავს?! ისიც იღებდა და კითხულოდა. ჩასაფრებული იყო უკვე. წარმომიდგენია, რას გრძნობდა, როცა „ვიღაც“ ჩვენს ეროტიკულ სცენებს აღწერდა. გეუბნებით, შოკში ვარ ჩემი დაქალის ფანტაზიებისგან. თქვენ რამე მსგავსი გაგიგიათ?! მე – არა. ასეთი გაუგონარი ბოროტება ან როგორ მოიფიქრა.

– მე მიკვირს თქვენს საქმროს რომ ამართლებთ.

– არა. არ ვამართლებ. მისი ბრალიც არის, ჩემს დაქალს თავისი „შავი საქმე“ რომ გამოუვიდა. იმიტომაც ვთქვი, ისეთი იდეალური არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა-მეთქი. თუმცა, ვინ არის იდეალური. მაგრამ, ეჭვს და უნდობლობას საშუალება არ უნდა მისცე, შენზე იბატონოს. კითხულობდა და იტანჯებოდა. მერე ამ ყველაფერმა რაღაც ზღვარს მიაღწია და...

– რატომ არ უთხარით თქვენს საქმროს, რომ ურთიერთობაში ნდობაა მთავარი?

– ეგ რომ ვუთხარი, იმიტომაც დაიწყო ჩვენ შორის უთანხმოება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა. არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი. ბედნიერი ვემზადები ქორწილისთვის და უცებ, ის ადამიანი, რომელსაც ვაღმერთებ, ასეთ საშინელ ბრალდებას მიყენებს, თან „ფაქტებს“ ცხვირწინ მიტრიალებს. თანაც ეს ამბავი ძალიან ცუდი ფორმით მოხდა. ვგულისხმობ, მის კულმინაციამდე მისვლას და „გადარევას“ ჩემს ოჯახში, ერთ-ერთ სადილზე. უკვე თითქმის ოჯახის წევრად იყო მიღებული. მითხრა, შენი მობილური ტელეფონი მომეციო. გამიკვირდა, მაგრამ მივაწოდე. რამდენიმე მესიჯი ხმამაღლა წაიკითხა. გაშტერებული ვუყურებდი. ჩემი დაქალიც იქ იყო. თავი გადააქნია და თქვა, ვიცოდი, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. მე შენ გაფრთხილებდი კიდეცო.

– თქვენ გითხრათ?

– დიახ. მე მითხრა. ლამის ენა ჩამივარდა. ვერაფრით მივხვდი, რა ხდებოდა და რა უნდოდა ჩემგან. ახლაც მიჭირს ზუსტად გადმოვცე ის სიტუაცია და ემოციები. სიტყვებით ამ ყველაფრის მოყოლა ძნელია. დებილივით ვიჯექი, გაშტერებული, დამცირებული, შეურაცხყოფილი და განადგურებული. თავის გამართლებას ვცდილობდი და არ გამომდიოდა. პირიქით, კიდევ უფრო გავამწვავე და დავამძიმე სიტუაცია... შენ არ ხარ ის ქალი, ვისზეც ვოცნებობდიო, – მომახალა ჩემმა საქმრომ. მობილური ყველას თვალწინ კედელს მიანარცხა და გავარდა. დედაჩემი მომვარდა და მეკითხებოდა, – რა მოხდაო. მე ვერაფერს ვპასუხობდი. ან რა უნდა მეპასუხა, როცა წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა. დაბნევამ კიდევ უფრო გააფუჭა ყველაფერი. გადარეულივით ვურეკავდი და ვურეკავდი ჩემს სიყვარულს. მაგრამ, ჯერ მითიშავდა, მერე საერთოდ გამორთო ტელეფონი. საშუალება არ მომცა, რამე ამეხსნა. შემომითვალა, ჩემი სახელი აღარ ახსენოო.

– როგორ უნდა გეცხოვრათ ისეთ მამაკაცთან, რომელსაც თქვენ მიმართ ნდობის სულ პატარა მარცვალიც კი არ ჰქონდა?

– რა არის, იცით, ყველა კაცს აქვს თავმოყვარეობა და ზოგიერთ მათგანში ის ძალიან მკვეთრადაა გამოხატული. ჩემს საქმროს უამრავი დადებითი თვისება ჰქონდა. მზად იყო ხელისგულზე ვეტარებინე, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მე ვატყუებდი, მისთვის კატასტროფა აღმოჩნდა. მე მესმის მისი. უბრალოდ, შეიძლებოდა, დამლაპარაკებოდა. ვაიძულებდი ჩემს დაქალს, ეთქვა სიმართლე.

– დაიჯერებდა ამ სიმართლეს?

– ეგეც არის. ისეთი შხამი ჩააწვეთეს სულში, შეიძლება აღარ დაეჯერებინა. ჩემმა დაქალმა ბოროტი სიცილით მითხრა კიდეც – აბა, იმას დაიჯერებს, რომ მახე ასეთმა ახლობელმა ადამიანმა დაგიგოო? შოკში ვარ, გეუბნებით. უბედურება იმაშია, რომ ჩემს მშობლებსაც არ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი მათმა შვილის დაქალმა გაუკეთა. ვერ წარმოუდგენიათ, ასეთი ვერაგობა მისგან. მე კი პირდაპირ მითხრა, რატომ უნდა გყოლოდა ჩემზე უკეთესი ქმარი, რით დაიმსახურეო. მითხარით, როგორ უნდა მოვიქცე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ ქვეყნიდან გადაკარგვა იქნება. რაღა მაკავებს აქ. ადამიანების ნდობა მე აღარ მაქვს და ოჯახის წევრების. მან მარტო ბედნიერება კი არ დამაკარგვინა, ცხოვრებაც დამინგრია... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მის ქმარს უნარი არ აქვს, დაბადების დღე ვენეციაში გადაუხადოს. ვერ აიტანა ის, რომ ვიღაცას ასე ძალიან ვუყვარდი, რომ მე ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მელოდა. ამას შურიც აღარ ჰქვია, უფრო დიდი საშინელებაა, რასაც სახელი არ აქვს.


скачать dle 11.3