რატომ არ ბრუნდებიან საქართველოში სოსო ლაღიძის შვილი და რძალი – თინა ფეტვიაშვილი და რა მოუწყო მათ მსახიობმა თბილისში
სოსო ლაღიძე იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რუსთაველის თეატრთან მთელი ცხოვრებით არის დაკავშირებული – ნახევარი საუკუნე ლეგენდარული თეატრის სცენაზე გაატარა, ბოლო წლებში თეატრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო, მაგრამ ამ პოსტს იოლად შეელია – არ უყვარს, როცა ცხოვრებას ირთულებს. არაფერს აქცევს ტრაგედიად. ალბათ, ამიტომაც, არც მაშინ ჰქონია პრობლემა, როცა მისმა შვილმა ცოლად „თვითმფრინავის ბიჭების“ ტრაგიკული ისტორიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი შეირთო. გავიდა წლები და სოსო ლაღიძე დროებით შვილებსაც „შეელია“, მაგრამ ამაზე, თბილისურ ამბებსა და ცნობილ მეგობარზე თავად გიამბობთ.
სოსო ლაღიძე: მე და ჩემი სამი მეგობარი – კახი კავსაძე, ნუგზარ ჯუღელი და რეზო ჩხაიძე 1959 წელს მოვედით რუსთაველის თეატრში. ვხუმრობდით: მეოთხე სართულიდან პირველზე ჩამოვედითო, რადგან თეატრალური ინსტიტუტი, აქვე, მეოთხე სართულზე იყო. მას შემდეგ აქ ვარ. ეს პირველი სართული, ისეთია, წარმოუდგენელია მისი მიტოვება შეძლო. სანამ ოფიციალურად შტატში მიგვიღებდნენ, მასობრივ სცენებში გამოვდიოდით. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, მაშინ ჩვენს გაგებაში მაინცდამაინც მთავარი როლი არ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ზოგიერთ სპექტაკლში, იმდენ ეპიზოდში ვიღებდით მონაწილეობას, ტანსაცმლის გადაცმა ძალიან ბევრჯერ გვიწევდა. ძალიან მენატრება ის დრო, მაგრამ მე ისეთი ხასიათი მაქვს, ყველა დროს ვეჩვევი და იმ სიძნელეების გადალახვა შემიძლია, რაც მხვდება. ერთხელ გასტროლებიდან ვბრუნდებოდით, მოსკოვიდან მოვდიოდით მატარებლით, სოჭთან ახლოს ზვავი ჩამოწვა. მატარებელი 48 საათი მაინც იყო გაჩერებული. მე იქ, კუპეში პატარა ოჯახი მოვაწყვე, ზოგს პური მოჰქონდა, ზოგს პომიდორი, ისე ვიყავით როგორც საკუთარ სახლში. ახლაც ძალიან იოლად შეველიე რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის სამსახურს. მსახიობის შტატშიც მშვენივრად ვიქნები-მეთქი, ვთქვი. ზოგიერთი ასეთ რამეებს ძალიან განიცდის, მე ეს არ მჭირს. სხვისი არ უნდა შეგშურდეს, არაფერზე არ უნდა დაიბოღმო და მშვენივრად წავა ცხოვრება.
– ბევრი თქვენი თაობის მსახიობისგან გამიგონია, რომ მაშინ ხელოვანებს ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად იმ დროის თბილისური ყოფიდან?
– ახლა იმ დროის ყველაფერი კარგად მახსოვს. მე რეზო ლაღიძის ოჯახში ვიზრდებოდი, რეზო ბიძა იყო ჩემი. მე არ დავემსგავსე რეზო ბიძიას სმენით, თუმცა, თუ ვინმე სუფრასთან ბანს იტყვის, მეც შევაპარებ ხოლმე, მაგრამ ისე ვერ გავბედავ სიმღერას (იცინის), მეც პლეხანოველების დიდი გუნდის წევრი ვიყავი, მაშინ პლეხანოვზე სამი კინო იყო. სულ უბანში ვიყავით, ავივლიდით ქუჩას ბოლომდე, ისევ უკან ჩამოვივლიდით. დიდუბეში, პანთეონთან ერთი კინოთეატრი იყო, 6-საათიან სეანსზე ბილეთი 20 კაპიკი ღირდა. ერთ სეანსს არ ვაცდენდი, ზეპირად ვიცოდი ყველა ფილმის სიუჟეტი. კიდევ ფეხბურთი მიყვარდა ძალიან, ღამით მთვარის შუქზეც კი ვთამაშობდი ხოლმე. ეს ის პერიოდი იყო, როცა „დინამო“ „გრიალებდა“. სტადიონზე შეშვება პრობლემა იყო, ცხენოსანი მილიცია იცავდა იქაურობას. ბილეთის შოვნა წარმოუდგენელი იყო, დილით შევიპარებოდით ხოლმე ბიჭები სტადიონზე, ვიცოდით, სად იყო ბუნაგები და იქ ვიმალებოდით. სამ საათზე მილიცია რომ დაივლიდა ყველაფერს, ჩვენ მერე გამოვდიოდით სამალავიდან. სამი საათი „გეპეის“ კვარტეტის მუსიკით ვერთობოდით. ფეხბურთის თამაში კარგად გამომდიოდა, ვთამაშობდი გუნდში მიხეილ მესხთან და სერგო კოტრიკაძესთან ერთად, მერე მოედანზე, ერთ-ერთი თამაშის დროს ფეხი მოვიტეხე, ფეხმოტეხილმა ბოლომდე ვითამაშე. ორი თვე დისპანსერში ვიწექი. ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა. მერე ბიცოლაჩემმა – თინა შატბერაშვილმა უთხრა რეზოს: რა ვქნათ, ბავშვი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს და იქნებ თეატრალურზე მივიყვანოთ, თან დრამწრეზეც დადის და მონაცემები აქვსო. ბიძაჩემი მივიდა თავის მეგობრებთან. მეც მოვეწონე მათ ჩემი მონაცემებით და ბიძია რეზოს წყალობით ჩავირიცხე თეატრალურში. მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი, ასე დაიწყო ჩემი თეატრალური ცხოვრება.
– ძალიან ბევრ ხალისიან ისტორიას ყვებიან თქვენი და რობერტ სტურუას მეგობრობაზე. როგორც ვიცი, ცოლიც კი მან მოგაყვანინათ.
– ჩვენი მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო, ჩემი მეუღლე და რობიკო მეზობლები იყვნენ, ქიაჩელის ქუჩაზე სტურუები მესამე სართულზე ცხოვრობდნენ, ჩემი მეუღლის ოჯახი – მეორეზე. როგორც ხდება ხოლმე, მეზობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რობიკოს სახლში ვხვდებოდით მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთმანეთს, რობიკოს დედა სულ მაქებდა, ხელს მიწყობდა, ინგამაც წყალობის თვალით გადმომხედა და ცოლობაზე დამთანხმდა. ზედსიძედ შევედი სიდედრ-სიმამრის ოჯახში, მაგრამ არაფერი მიგრძვნია, ისეთი კარგი სიდედრი მყავს, ამდენი ათეული წელი ვიცხოვრეთ ერთად და სულ ვხუმრობდი: ასეთი ათი სიდედრი რომ მყავდეს, თანახმა ვიქნები-მეთქი. იმ დროს დაიწყო ჩემი და რობიკოს მეზობლობაც. სმა მასაც უყვარდა და მეც, ვქეიფობდით ხან მასთან, ხან – ჩემთან. მაგრამ, ერთმანეთთან ყანწების სათხოვნელად არ დავდიოდით – ყანწებით არ ვსვამდით და იმიტომ (იცინის). ჩვენ მირონიც გვაკავშირებს, რობიკოს შვილის, გაგას ნათლია ვარ. ერთხელ ტურისტებად წავედით პარიზში, საოცარი კომპანიონი აღმოჩნდა უცხოეთშიც. თან, მან ხომ ყველაფერი იცის. ერთხელ ამერიკიდან აკრძალული წიგნი წამოვუღე, ისე დავმალე, არავის ენახა. რობიკოს რომ ვუთხარი, წიგნი ჩამოგიტანე-მეთქი, ვიცი ეგ წიგნი წაკითხული მაქვსო, მითხრა.
– როლებსაც მეზობლურ გარემოში ხომ არ გაძლევდათ?
– არა, ეგ რობიკომ როდის იცოდა? რობიკო ისეთი პიროვნებაა, ყველაფერს მოგცემს, გარდა დაუმსახურებელი როლისა, მაგრამ უნდა გაუგო. თვითონ ძალიან მაღლა დგას, იმ სიმაღლეზე ასვლა ნებისმიერ ადამიანს უჭირს. რობიკო ბოლომდე გამუშავებს, ყოველდღე ახალ-ახალი რაღაც მოაქვს, რომ იმ ყალიბში ჩაგაყენოს, რაც უნდა. როგორც კი მიხვდება, რომ მაქსიმუმს მიაღწიე, იმას ტოვებს, რაც შენს შესაძლებლობებს შეუძლია. თუ მსახიობმა გაუგო რობიკოს, ეს დიდი ბედნიერებაა. ასეთი მსახიობები არიან – რამაზი, ჟანრი. რამაზი თვეში 28 სპექტაკლს თამაშობდა, თან როგორ სპექტაკლებს? ისეთი შრომისმოყვარეა, ხმას არ იღებდა. ყოველთვის ისეთი თავმდაბალი იყო, მისგან ერთი ამაყი სიტყვაც არ გაგვიგია.
– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, უფროსი შვილი მეუღლესთან, თინა ფეტვიაშვილთან ერთად, დიდი ხნის წინ წავიდა კვიპროსში, როგორ ცხოვრობენ იქ?
– გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა. გიორგიმ ძალიან იწვალა – თავიდან ბოლომდე გასინჯეს, ახლა ნიქოზიაში ცხოვრობენ, 18 წლის ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია – სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა. სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე, ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად. გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს. თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან. მარტო მათ კი არა, ჩემს დასაც ვეხმარები და ცოლისდასაც. რომ არა დიდი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის დახმარება, არ ვიცი, როგორ ავუვიდოდი ამხელა ოჯახს. სულ თავიდან ჩემი მეორე შვილი – ანი იყო წასული კვიპროსში. იქ კარგად მოეწყო, აეროპორტში გავლენიანი პირი იყო. მე ისიც კი დავთმე, რომ 22 წლის გოგონა სამუშაოდ იქ გავუშვი. იმ პერიოდში ამას ბევრი მამა არ გააკეთებდა, მაგრამ აქ ისე ცუდად იყო ყველაფერი, რა უნდა გაეკეთებინა. ანი კი აქ მყავს ახლა, ხელოვნებას ემსახურება. უცხოეთიდან ჩამოჰყავს ხოლმე ძალიან კარგი მომღერლები. გიორგი და თინა იქით დარჩნენ, თუმცა წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. მეც ვიყავი ჩასული სტუმრად მათთან, კარგად მიმასპინძლეს, ხან რომელ რესტორანში წამიყვანეს, ხან – რომელში. მაგარი ადგილებიც მაჩვენეს, გავოცდი, ისეთი სილამაზე იყო. ჩვენც ქართული პროდუქტით დატვირთულები ჩავედით შვილებთან. ახლაც ვუგზავნით ხოლმე ქართულ მონატრებულ რაღაცეებს. უნდათ დაბრუნება, მაგრამ აქ რომ ჩამოვიდნენ, მხატვრებმა აქ რა უნდა გააკეთონ?
– იქნებ, თქვენს რძალს აქაურობასთან დაკავშირებული მძიმე მოგონებების გამო არ უნდა აქ ჩამოსვლა.
– არა, თინასთვის, რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა. გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის. პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან.
– როდესაც თინა ფეტვიაშვილი თქვენი რძალი გახდა, ამის გამო ოჯახში პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
– არანაირი პრობლემები არ შეგვქმნია. მე არავისი მეშინია. ცხოვრებაში ცუდი არაფერი ჩამიდენია და ამიტომაც, ყოველთვის თამამად დავდივარ. თან, ის საშინელი დროც უკვე დასრულებული იყო. თინასაც უკვე მოხდილი ჰქონდა სასჯელი – 6 წელი გაატარა საპატიმროში. გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს. ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში, ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა. მე ძალიან კარგად მივიღე რძალი, ძალიან მაგარი ქორწილიც გადავუხადე „აჭარაში“. სულ ხელოვანი ხალხი იყო ქორწილში, თამადა რეზო ამაშუკელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეუძლოდ იყო და თამადობა ჩემმა მეგობარმა ტრისტან ყველაიძემ გაგვიწია. ბევრი სტუმარი გვყავდა რაიონებიდან. სამტრედიიდან კუჭმაჭიც კი ჩამოგვიტანეს (იცინის). ახლაც, კარგ მამამთილობას ვუწევ თინას. აქ კარგი ბინა მოვუწყვე მათ. სახელოსნოც აქვთ. როცა საქართველოში მოდიან, მათ ბილეთებს საკუთარ თავზე ვიღებთ, გიორგის ბილეთი ჩემი საყიდელია, თინას ბილეთს მისი სიძე, გია ბაზღაძე ყიდულობს. ასე გვაქვს გადანაწილებული ფუნქციები და ასე მიდის ჩვენი ცხოვრება...