კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინტრიგებში აღმოჩნდა ნიკო ლეკიშვილი და როგორ დაიწყებდა ის ცხოვრებას თავიდან


„დავალ, დავყვები ქუჩებს და, ასე მგონია, ჩემი ნაცნობი ვერხვები მეგებებიან. აქ არის ჩემი მთაწმინდა, აქა დგას დედა ქართლისა, აქ ემღერება გულს“... რომ გაგვეგო რას გრძნობდა 60-იანი წლების თბილისი და თითოეული თბილისელი, ალბათ, ჩვენც იმ დროში უნდა გვეცხოვრა. დღეს, როცა ეს ადამიანები იხსენებენ თავიანთი ცხოვრების განვლილ გზას, თვალებში სიყვარული და სევდა ერთნაირად უჩნდებათ. ვიცი, ძალიან ძნელია, როცა არანორმალურად გენატრება და გულში გინდა ჩაიკრა ის, რაც ოდესღაც შენი იყო და შენში ცოცხლობდა. მე ამ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ იმ თბილისის ეშხი, სადაც ფუფუნებად კარგი კაცობა და ურთიერთობები ითვლებოდა, მაინც შევიგრძენი.

ნიკო ლეკიშვილმა ბავშვობისა და სტუდენტობის წლები თბილისის ძველ უბანში, პლეხანოვზე, გოფილეტის ბაღში გაატარა. „მე ის სკამი მენატრება, სადაც ჩვენი ქალაქის კოლორიტები ისხდნენ, თორემ, ისე, იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, ალბათ, ორი ცხოვრება არ მეყოფა გამოსასწორებლად“, – ამბობს ბატონი ნიკო.

– ყველაფერი საინტერესო, რაც კი შეიძლება, ადამიანმა ცხოვრებაში ნახოს, თქვენ და თქვენზე წინა თაობამ ნახა. თან, ძირძველი თბილისელი ხართ. გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, იმ სამეგობროზე, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ.

– პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგი ეზო გვქონდა და კარგი ხალხი ცხოვრობდა. მე და ჩემი მეგობრები, ფაქტობრივად, სულ ძველი ფილარმონიის წინ, გოფილეტის ბაღში ვიყავით. ღია ცის ქვეშ სცენა იყო, სადაც კონცერტები ტარდებოდა და ყველა რეპეტიციას ვესწრებოდით – სუხიშვილების, გიზო გაბისკირიას, ჯანო ბაგრატიონის, „რეროს“, სახელმწიფო ანსამბლის, კამერული ორკესტრის... მათგან ყველას ვიცნობდი. ჩვენ ძალიან დიდი სანათესაო გვყავდა და ხშირად ჩვენს ოჯახში მათთან ერთად ცნობილი ადამიანებიც იკრიბებოდნენ, სუფრა იშლებოდა, საინტერესო ამბებს იხსენებდნენ, მღეროდნენ. თვითონ ქუჩა, პლეხანოვის გამზირი იყო საინტერესო და განსაკუთრებული. უბანი ერთ დიდ ეზოს ჰგავდა: აქეთ ერთი ღია კინოთეატრი, იქით – მეორე კინო, მარჯანიშვილის თეატრი, კინოსტუდია... ხელოვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული უბანი იყო და ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდით. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მამა ვაჭრობის სისტემაში მუშაობდა. ძალიან საინტერესო და ცნობილი მეგობრები ჰყავდა; დედა დიასახლისი გახლდათ და სამი შვილის გაზრდით იყო დაკავებული. მე და ჩემი ძმა სპორტზე დავდიოდით, მე – წყალბურთზე, ის – ჭიდაობაზე.

– იმ დროს ქუჩას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, სადაც ყველა ერთმანეთისთვის ოჯახის წევრივით იყო. ასე არ არის, ბატონო ნიკო?

– ბირჟაზეც ვიდექით და ყველაფერიც იყო. კარგ სამყაროში ვიყავით – მუსიკა, თეატრი, კინო... რა თქმა უნდა, ხანდახან ჩხუბიც იყო, ისეთი ჩხუბი, რომ მთელი პლეხანოვი გადაკეტილა და აღარც ტრამვაი მოძრაობდა, აღარც არაფერი. პოლიციაშიც მოვხვედრილვარ, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ დროს არ იყო დანისა და იარაღის ტრიალი. თუ ჩხუბი იყო, იყო ჩხუბი. მერე კოცნა, ხვევნა, პურმარილი და მეგობრობა მიდიოდა. ვინმეს რომ მოკლავდნენ, რაც იშვიათად ხდებოდა, მთელი თბილისის ტრაგედია იყო. პატარა ვიყავი, მაგრამ, მახსოვს, ბომბივით გავარდა ლადო ქოქიაშვილის მკვლელობის ამბავი. იდგნენ ეს ბიჭები უბანში და, ხან სპორტზე ლაპარაკობდნენ და ხან, პოლიტიკაზე. აბა, სად წასულიყვნენ? ჩვეულებრივი, თბილისელი, კარგი ბიჭები იყვნენ. მე გეტყვით, გოფილეტის ბაღში ვინ იდგნენ: სუხიშვილების ბიჭები, ახალგაზრდა დირექტორები, გია ყანჩელი... ამიტომ, რა, გია ყანჩელი ხულიგანი იყო? „ქურდულს“ არავინ „აწვებოდა“. იყვნენ ბიჭებიც, რომლებიც რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ პლეხანოვზე. მე, მაგალითად, ხრუშჩოვი რომ გადააყენეს თანამდებობიდან, ბირჟაზე გავიგე. სახლში რომ მივედი და ჩემებს ვუთხარი, გამაჩუმეს, არსად თქვაო. ყველა რადიო „თავისუფლებას“ და „ამერიკის ხმას“ უსმენდა. რეჟიმი იყო ასეთი, რომ სულ შიშის ქვეშ იყავი. ქუჩაშიც არ გაგაჩერებდნენ ზედმეტად – გამოივლიდნენ და გეტყოდნენ: „აბა, დაიშალეთ“! მაგარი ბიჭები მარტო პლეხანოვზე კი არა, ვერაზე, მთაწმინდაზე, ყველა უბანში იყვნენ – ცნობილი დამრტყმელები, მაგრამ, სუფრასთან წესი იყო, რომ ვერავინ იჩხუბებდა – სადმე შეხვდებოდნენ და იქ გაარჩევდნენ საქმეს, იმ ოჯახს კი არავინ მიაყენებდა შეურაცხყოფას.

– მე ვიცი, რომ კარგად მღერით და უკრავთ გიტარაზე, პიანინოზე. წარმოგიდგენიათ, მომღერალი ან მსახიობი რომ ყოფილიყავით?

– სამუსიკო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, პარალელურად კი წყალბურთს ვთამაშობდი. პატარა რომ ვიყავი, ვამბობდი, დირიჟორობა მინდა-მეთქი. როდესაც გაივლი ცხოვრების რაღაც მონაკვეთს, მერე ძნელია, წარმოიდგინო, რა უფრო უკეთესი იქნებოდა, გამოსულიყავი მსახიობი თუ მომღერალი. სულ მსახიობებისა და მუსიკოსების გვერდით ვტრიალებდი. ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ: გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, „ქართული ხმები“. მართალია, ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვმეგობრობდით, სულ ქეიფსა და დროსტარებაში ვიყავით. სკოლაში ღონისძიებებზე გამოვდიოდი და ვმღეროდი, ოლიმპიადებზე, ოპერაშიც მიმღერია, მერე „გეპეიში“ დამდევდნენ – იმღერეო, მაგრამ, არ მინდოდა. ბიჭები მივდიოდით, მოვდიოდით, ჩვენ თვითონ ვირთობდით თავს, სხვისი გართობა რად გვინდოდა. ერთხელ, სადღაც გადაღებაზე დამიბარეს. მივედი, რეპეტიცია იყო, კარგა ხანს ველოდე. მერე ვუთხარი, კარგად იყავით-მეთქი და წამოვედი.

– სკოლა ყველასათვის სასიამოვნო მოგონებად რჩება. თქვენ როგორ გახსენდებათ ის წლები?

– ცნობილ რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი, დირექტორი ალიოშა ცინცაძე იყო. ამ სკოლაში სწავლობდნენ: ნანი ბრეგვაძე, ვაჟა აზარაშვილი, სულხან ნასიძე, გია ყანჩელი. ძალიან ბევრს დავდიოდით ქალაქგარეთ. გადავიკიდებდი გიტარას, ჩავსხდებოდით მატარებელში და მცხეთაში ჩავიდოდით. ავიდოდით ჯვარზე, ზედაზენზე, წავიღებდით საჭმელს, სადმე ტყეში დავსხდებოდით და კარგად მოვულხენდით. ეს სტუდენტობის ბოლომდე გაგვყვა.

მეათე კლასში ვიყავი. შუა გაკვეთილზე, სამმა კაცმა გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით. შევედით სახინკლეში, ორი ბოთლი ღვინო და ხინკალი შევუკვეთეთ. ჭამა რომ დავიწყეთ, ვხედავთ, ჩვენი სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და მასწავლებელი შემოვიდნენ. დაგვინახეს, მაგრამ, ხმა არ ამოუღიათ. წავიდნენ და კუთხეში დასხდნენ. ცუდ დღეში აღმოვჩნდით. გაქცევაზე ვართ, გვინდა, სწრაფად წავიდეთ. მიმტანს ვუთხარით, იმათ ჩვენგან სამი ბოთლი ღვინო მიუტანეთო. წამოსვლისას ჩუმად ვკითხეთ, ჩვენზე რამდენიაო. იმ სამი ბოთლისაც გადაიხადეს და თქვენი სუფრისაცო, – გვითხრა. წამოვედით, მაგრამ, მეორე დღეს ხომ უნდა მივიდეთ სკოლაში?! ალიოშა დილის 8 საათიდან კართან იდგა. შევდივართ თავჩაქინდრულები და, გვინდა, სწრაფად გავიაროთ. მოტრიალდა და ღიმილით მეუბნება: ლეკიშვილო, ოთხნი ვისხედით და თითო ბოთლის ღირსი აღარ ვიყავით, სამი რომ გამოგვიგზავნეო?! მასწავლებლები ძალიან გვიცავდნენ. ერთხელ, ბიჭები სკოლის წინ ვიდექით. პოლიციამ გამოიარა და განყოფილებაში წაგვიყვანა. ეს ამბავი ალიოშას ყურამდე მივიდა და განყოფილებაში მოვარდა. რა დააშავეთო, – გვკითხა. სულ ტყუილა დაგვიჭირეს-მეთქი. იცოდა, რომ, რამე რომ მომხდარიყო, არ დავმალავდი და ვეტყოდი. იმან იმათ დღე აყარა?! – რა ნამუსით დაიჭირეთ ეს ბავშვებიო, – ერთი ამბავი აუტეხა. არადა, მართლა არაფერი დაგვიშავებია: მე გარეთ ვიდექი, ჩემი მეგობარი შიგნით იყო, სკოლაში და ფანჯრიდან რაღაც მომაწოდა. ფანჯარა კი ჩატეხილი იყო და ამაზე მოგვდეს შარი – რატომ არის ჩატეხილი, ალბათ, თქვენ გატეხეთო. ჩვენ რომ გაგვეტეხა, ნამსხვრევები ხომ უნდა ყოფილიყო იქვე დაყრილი.

– დადგა სტუდენტობის ხანა... ალბათ, აქაც გამორჩეული ბიჭი იყავით.

– მაშინ ძალიან მოდაში იყო „გეპეი“ და სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინოზე არ მინდოდა. ატომური ელექტროსადგურების სპეციალობა იყო პოპულარული და იქ ჩავაბარე. ამ პერიოდში თავი დავანებე სპორტს. აქაც ჩვეულებრივი ატმოსფერო იყო – არ გვაკლდა ქეიფი და დროსტარება. ერთხელ, ყამირზე ყოფნისას, ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და ფეხი მოვიტეხე. ექვსი თვე თაბაშირში მქონდა. წონაშიც მოვიმატე, ვეღარ დავრბოდი. ინსტიტუტში ძალიან დავუახლოვდი ჟიული შარტავას, რომელიც მაშინ კომკავშირის მდივანი იყო. ჟიულის სხვანაირი მიდგომა ჰქონდა. იმის მიხედვით კი არ ჰქონდა ურთიერთობა ბიჭებთან, ვინ როგორ სწავლობდა, არამედ, ვის რა ავტორიტეტი ჰქონდა. კომკავშირი ჩემგან შორს იყო, არ მქონდა მიდრეკილება, მაგრამ, მოხდა ისე, რომ ჟიულისა და პროფესორ შალვა ნაჭყებიას მეშვეობით ჩავები ამ საქმეში. ამასობაში ინსტიტუტი დავამთავრე და დამტოვეს კათედრაზე. ფრიადოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ, ჩემს სპეციალობაში ძალიან მაგარი ვიყავი. ერთი აკადემიკოსი იყო, ქუთათელაძე, რუსეთში ცნობილი და გავლენიანი პიროვნება, რომელმაც ნოვოსიბირსკში მიმიწვია სამუშაოდ. რომ წავსულიყავი, სამეცნიერო თვალსაზრისით, ალბათ, დიდ შედეგებსაც მივაღწევდი, მაგრამ, აღარ წავედი. ჟიული ჯერ ქალაქკომის მდივნად დანიშნეს, შემდეგ – ცეკას მდივნად. ვინც მის გარშემო ვტრიალებდით, ყველას დაგვიძახა და გვითხრა: აბა, ბიჭებო, თუ ძმობა და მეგობრობაა, მხარში უნდა ამომიდგეთ და ჩემთან წამოხვიდეთო. ამ დროს ქვეყნის სათავეში შევარდნაძე მოვიდა. ჟიულის მხარდაჭერით, პირველი მაისის რაიონის მდივანი გავხდი.

– ყველაზე საინტერესო ეტაპი მაინც ოჯახის შექმნაა. როდის დაოჯახდით?

– ჩემი მეგობარი კიჭა არველაძე სამედიცინოზე სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, თამრიკო გაიცნო. მეორე ძმაკაცმაც საცოლე სამედიცინო ინსტიტუტიდან შეარჩია. მეც ამ სიტუაციაში გავიცანი მელანო. ერთი სამეგობრო წრე შეიკრა, რომელსაც დავარქვით „საპო“ – სამედიცინო-პოლიტექნიკური. დაბადების დღეებზეც და ზღვაზეც ერთად მივდიოდით. თუ ისინი მოსკოვში ან ბაკურიანში წავიდოდნენ, ჩვენც იქ უნდა წავსულიყავით. მელანოს მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ვიფიქრე, არ უნდა და ნუ უნდა-მეთქი და აღარ შემიწუხებია თავი, მაგრამ, ერთხელაც ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღიდან ღამის კლუბში წავედით და მაშინ გადაწყდა ჩვენი ამბავი. ჩემი ქორწილი ჩემთან, სახლში იყო, მისი – იპოდრომთან, ერთ-ერთ რესტორანში. მახსოვს, ჩემი მეგობარი, პეტრე ხურცილავა, პირდაპირ ცხენით შემოვარდა დარბაზში. მეორე დღეს ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით და სასტუმროში გავჩერდით, მერე ტალინში გადავფრინდით. მერე კი გაჩნდნენ გოგონები – სოფო და სალომე. მელანოსაც ბიჭი უნდოდა, მაგრამ...

– წარმომიდგენია, როგორ გენატრებათ ძველი დრო, თუნდაც, როცა თბილისის მერი იყავით.

– ცხოვრებაში იმას უფრო აფასებ, რაც გააკეთე, ვიდრე იმას, რაც უნდა გაგეკეთებინა. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ის სამყარო, რომელშიც მე ვიცხოვრე, შევიწროვდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ნაცნობი შევიძინე ჩემი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ძალიან მენატრება ის სკამი, რომელზეც ჩვენი ქალაქის კოლორიტები ისხდნენ, თორემ ისე, რა თქმა უნდა, იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგის გამოსწორება რომ დავიწყო, ალბათ ერთი-ორი ცხოვრება დამჭირდება. თავიდან რომ ვიწყებდე, ჟიულის ვერ ვუღალატებდი და ისევ ამ გზით წავიდოდი. არის ზოგი რამ, რაც, დღეს მიმაჩნია, რომ არ უნდა გამეკეთებინა. მაგალითად, მერობიდან არ უნდა წამოვსულიყავი – ეს ჩემი უდიდესი შეცდომა იყო. რად მინდოდა სხვა თანამდებობა, მაგრამ, ნებისყოფა არ მეყო, ისე შემომიტიეს ყველა მხრიდან; დაწყებული ელდარ შენგელაიადან, ვის არ მიგზავნიდნენ და უარი ვეღარ ვთქვი. ამიტომ, სულ მაქვს ღალატის გრძნობა. ეს ჩემი იყო და ის – სახელმწიფო სამსახური – არა. საჩხერეში წყალი მოვარდა თუ სადღაც მთა ჩამოწვა – ეს არ იყო ჩემი საქმე. თბილისში ვიღაცის კანალიზაცია რომ გაფუჭდებოდა, ის უფრო მეტად მაწუხებდა. საქართველოზე ვგიჟდები და თავსაც შევწირავ, ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმე თბილისის მერობა იყო. აღარც კი მინდა იმ პერიოდის გახსენება, რა დღეშიც ვიყავი. მგონია, ეჭვიანობდნენ, რომ ხედავდნენ, ხალხი ასეთ პატივს მცემდა, მაფასებდა. იფიქრეს, მეტი არ მოინდომოსო და... აი, ამას ვდარდობ. სახელმწიფო მინისტრად ყოფნისას კი ინტრიგების ატმოსფეროში აღმოვჩნდი. დიდხანს ვერ გავძელი და წამოვედი. მერე ვაპირებდი თბილისში მეყარა კენჭი მაჟორიტარად, მაგრამ, რაჭველებმა მთხოვეს და კენჭი ამბროლაურში ვიყარე...


скачать dle 11.3