კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ექსპერიმენტი ჩაიტარა ანრი ჯოხაძემ და რით გააოცებს ის ქართველებს

ანრი ჯოხაძემ თავის ნიჭიერებაში არაერთხელ დაგვარწმუნა და დაგვიმტკიცა, რომ ბევრი რამ შეუძლია. ის ახალ-ახალი იდეებით კვლავ გვაოცებს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს და თავხედობაში ჩაუთვალოთ მას ეს ნაბიჯი, ანრი ჯოხაძე არც მეტი, არც ნაკლები მიუზიკლს იღებს, რომლის სცენარისა და მუსიკის ავტორი თავადვე გახლავთ.

– ანრი, ვხედავ ახალი იმიჯი გაქვს, ჰოლივუდის რომელიღაც რეჟისორს მაგონებ. ბლანჟე გაიკეთე და თეთრად შეიღებე.

– მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება საკუთარ თავზე და რაღაც ახლის კეთება. თეთრად შეღებილი წვერი გაცილებით მესიმპათიურება. გარდა ამისა ჩემს ახალ ფილმში განსხვავებული „ობრაზი“ მჭირდება და ამ „ობრაზის“ ძიებაში ვარ. მინდა, განსხვავებული სახე შევქმნა, სადაც არ ვიქნები ანრი ჯოხაძე, რომელიც უბრალოდ მღერის.

– ფილმის სცენარი წავიკითხე და ძალიან მომეწონა. საიდან ამდენი იუმორი და მონოლოგები, რომლის წაკითხვისას ხმამაღლა ვხარხარებდი?

– შენ წარმოიდგინე, კითხვის პროცესში იცინოდი და ფილმს რომ ნახავ, რა იქნება?! ჩემი იუმორი ჟურნალისტებს კარგად მოგეხსენებათ. ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ წერის დროს ისეთი ტექსტები მახსენდებოდა, თვითონ მეცინებოდა. ყველას გაგვივლია ბაზარში, მეგობრები გვყავს სხვადასხვა კუთხიდან – მათი დიალოგები და ქცევის მანერა – ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ტვინის ერთ უჯრედში იყო დამახსოვრებული და წერის დროს ერთბაშად ამოტივტივდა.

– ფილმის და მით უმეტეს, მიუზიკლის იდეა საიდან დაგებადა?

– სხვათა შორის, ეს იდეა ყოველთვის მიტრიალებდა თავში, ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ქართული მიუზიკლი გადაღებულიყო, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჰიტს შესძენდა ესტრადას. „ვერის უბნის მელოდიებზე“ არაერთი თაობა გავიზარდეთ და დღემდე სიამოვნებით ვუსმენთ ამ მელოდიებს. ვერ გავთავხედდები და თავს ვერც გოგი ცაბაძეს და ვერც გიორგი შენგელაიას შევადარებ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ მიუზიკლიდან ბევრი „რეჩი“ და სიმღერა გაჰიტდება.

– მოდი, თავად მოყევი ფილმის მოკლე შინაარსი. რაზე იქნება?

– შინაარსის მოყოლა ჯერ ნაადრევია, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ სიუჟეტი იტალიურ ეზოში ვითარდება, სადაც სხვადასხვა ჯიშისა და მენტალიტეტის ადამიანი ცხოვრობს. ფილმი, ზოგადად, ასახავს დღევანდელ რეალობას და ქართულ მენტალიტეტს.

– მსახიობები უკვე შერჩეული გყავს?

– მსახიობების შერჩევაზე, შეიძლება ითქვას, დრო არც დამიკარგავს. სცენარის წერისას, ზუსტად ვიცოდი, რომელ გმირს ვინ ითამაშებდა და იმის მიხედვით ვწერდი. ანუ, ეს არის სპეციალურად მათთვის დაწერილი როლები.

– ვინ არიან ის მსახიობები, რომლებიც შენს მუზებად იქცნენ?

– უპირველესად, ეს არის ჩვენი დროის უდიდესი კინოვარსკვლავი, ქალბატონი ლეილა აბაშიძე, რომლის გამოც შეიქმნა მთელი სცენარი. ძალიან მეშინოდა, ქალბატონ ლეილას უარი არ ეთქვა, თორემ სულ წყალში ჩამეყრებოდა მთელი ნაწვალები და არც ერთ შემთხვევაში, ამ ფილმს აღარ გადავიღებდი, ვერანაირად ვერ შევთავაზებდი სხვას ამ როლს, რადგან, როგორც უკვე გითხარი, თავიდანვე ქალბატონ ლეილასთვის დავიწყე წერა.

– ანუ, ამდენი წლის შემდეგ ქალბატონი ლეილა კინოში ბრუნდება?

– შენ არ იცი, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ქალბატონმა ლეილამ თანხმობა მომცა. ჩემზე უბედნიერესი იმ დღეს თბილისში კაცი არ დადიოდა. ამის მერე ჩამოვუარე დანარჩენ მსახიობებს და სცენარი გავაცანი.

– ფილმის სათაური რა არის?

– „როცა ბებიას პაემანზე მიეჩქარება“. ფილმში სიყვარულის თემაა, რომელმაც ასაკი არ იცის, მაგრამ არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ბებია დიდ სასიყვარულო რომანშია ჩაფლული.

– ვიცი, რომ მუსიკასაც თვად წერ. ეს საქმე რა ეტაპზეა?

– ყველა სიმღერა უკვე დაწერილია, მაგრამ ამ ეტაპზე არანჟირებაზე ვმუშაობ და მალე დავასრულებ. სხვათა შორის, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე უკვე დავითანხმე, რომ ლეილა აბაშიძის გმირის სიმღერა გაახმოვანოს. ამ ეტაპზე მაკა შალიკაშვილის პარტიის გამხმოვანებელს ვეძებ, რომელიც ტემბრალურად შეეფერება მაკას ხმას.

– ანრი, ეს არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა, გადაიღო სრულმეტრაჟიანი მიუზიკლი, თანაც კინოხარისხით. ამის ფინანსები გაქვს?

– ფინანსური პრობლემა, როგორც ყველგან, მათ შორის კინოშიც არის და ამის მოძებნა პრობლემა რომ არ იყოს, ჩვენი უდიდესი რეჟისორები აქამდე შექმნიდნენ მორიგ შედევრებს. თუმცა, საწყისი კაპიტალი მოძიებული მაქვს და იმ იმედით ვიწყებ ფილმზე მუშაობას, რომ პარალელურად, კეთილი ბიძიები დაინტერესდებიან და თუნდაც იმის გამო, რომ ქალბატონი ლეილა აბაშიძე ამდენი წლის მერე ქართულ კინოში კიდევ ითამაშებს, ჯიბეზე ხელს გაიკრავენ და შემოგვეშველებიან. გარდა იმისა, რომ ფილმი უდავოდ მაღალ დონეზე იქნება გადაღებული და სიუჟეტიც ძალიან საინტერესოა, მხოლოდ ქალბატონი ლეილას ნახვა ღირს ერთ რამედ. კიდევ ერთხელ იხილო დიდ ეკრანზე ეს ბუმბერაზი ქართველი ლეგენდა, რომელსაც პარტნიორობას, კინოსა და თეატრის მეორე ბუმბერაზი მსახიობი, გურამ საღარაძე გაუწევს. ქალბატონი ნანი ბრეგვაძის ხმა კიდევ ერთხელ აჟღერდება ქართულ კინოში და ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ფილმის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.


скачать dle 11.3