რატომ გაზრდის პურის გაძვირება პურზე მოთხოვნას და რის ხარჯზე მყარდება ლარი მსოფლიოში ფასების უპრეცედენტო მატების ფონზე
მართალია, გვაიმედებენ, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი სრულდება, მაგრამ ფაქტია, მთელ მსოფლიოში ფასები იმატებს. მეტიც, ოქროს ღირებულებას რეკორდული მაჩვენებლისთვისაც მიუღწევია, რაც იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ უსიამოვნო ფინანსურ-ეკონომიკური სიურპრიზები არ დასრულებულა. რა გამოხდომებს უნდა ველოდოთ საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით უახლოეს მომავალში, ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება.
– როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე ფასთა მატების პროცესი საქართველოზე, სადაც ფასები ისედაც სპეკულაციურად იზრდება და დიდად არც ემორჩილება საბაზრო ეკონომიკის ლოგიკას?
– საკითხი მართლაც რთულია, ამიტომ მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს შორისაც არ არის ერთიანი აზრი იმის შესახებ, დასრულებულია თუ არა არათუ გლობალური, არამედ ცალკეულ ქვეყნებში არსებული კრიზისი. ამას წინათ წავიკითხე სადისკუსიო სტატია თემაზე, დასრულდა თუ არა კრიზისი ამერიკაში. ზოგიერთი წამყვანი ეკონომისტის აზრით, კრიზისი დასრულდა, რადგან ეკონომიკური ვარდნა შეჩერებულია და გამოკვეთილია ზრდის მცირე ტემპიც; ეკონომისტთა მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ კრიზისი არ დასრულებულა, რადგან რჩება უმუშევრობის მაღალი დონე და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. მსოფლიოში ძალიან ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ჯოზეფ სიგლიცი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია კრიზისის მეორე ტალღა და ის წამოვა ევროპიდან. გასაგებია, რატომაც: პრობლემები, რომლებიც შეუქმნეს ევროკავშირსა და ევროს, როგორც ვალუტას, საბერძნეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და იტალიამ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არის ეკონომისტთა ჯგუფი, რომელთა აზრითაც, არანაირი მეორე და მესამე ტალღა არ არსებობს, ეს არის ერთი, საკმაოდ ხანგრძლივი კრიზისი. მეორე მხრივ, ისინიც კი, რომლებიც პესიმისტურად აფასებენ ამ კრიზისს, არ არიან შეთანხმებული, როდის დასრულდება ის. გამოითქვა სხვადასხვა პროგნოზი: ყველაზე ოპტიმისტურით, კრიზისი 2010 წელს უკვე დასრულდა, ან უნდა დასრულდეს. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ლამის 2018 წელს დასრულდება. ამდენად, ეს ძალიან უმადური თემაა. კიდევ ერთი: თვითონ ეკონომისტები დგანან დილემის წინაშე, რადგან დღეს არსებული თეორიული ინსტრუმენტები უსუსური აღმოჩნდა არა მხოლოდ კრიზისის პროგნოზირებისთვის, არამედ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზების ჩამოყალიბებისთვისაც. იმაზეც კი არის კამათი, რომ ის მეთოდები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მიმართავენ, კლასიკური მეთოდებია და, სულაც, არ განსხვავდება ადრინდელი კრიზისების დროს გამოყენებული მეთოდებისგან, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კრიზისი თვისებრივად უფრო რთულია. ამას დაემატა ბევრი ისეთი მიზეზიც, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი ეკონომიკასთან. მაგალითად, იმ ცხელი ზაფხულის გამო, რამაც რუსეთში ხანძარი გააჩინა, შემცირდა ხორბლის მოსავალი. რუსეთმა ჩაკეტა თავისი ბაზარი და ასეთ ვითარებაში მსოფლიო ბაზარზე, როდესაც მსხვილი მიმწოდებელი გამოეთიშა, მიწოდება შემცირდა და ფასები გაიზარდა.
– ეს აისახა ყველა დანარჩენ პროდუქტზე. რა მექანიზმით?
– ვიცით, რომ მსოფლიოში პური არის კვების ძირითადი პროდუქტი. ეკონომისტები ასეთ საქონელს „გიფენის საქონელს“ უწოდებენ. გიფენი არის ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში აღმოაჩინა ასეთი რამ: როდესაც ირლანდიაში კარტოფილი გაძვირდა, მასზე მოთხოვნა არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. იმ პერიოდის ირლანდიაში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კარტოფილი კვების ძირითადი პროდუქტი იყო და, თუ გაძვირებამდე ამ დაბალშემოსავლიან ოჯახებს თვეში ერთხელ მაინც შეეძლოთ ხორცის ყიდვა, ხორცისთვის ფული აღარ დარჩათ და იმ ერთ დღესაც კარტოფილი შეიძინეს. ანუ „გიფენის საქონელი“ ჰქვია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კვების იმ პროდუქტს, რომელიც ყუათიანია და მისი სხვა პროდუქტით ჩანაცვლება შეუძლებელია. ამიტომ დღევანდელ საქართველოში პურს, როგორც უნდა გაძვირდეს, მოსახლეობა ვერ ჩაანაცვლებს სხვა პროდუქტით. პლუს ამას, პურის გაძვირება იწვევს სხვა სასურსათო პროდუქციის გაძვირებას, რადგან ის, ვინც არ არის პურის მწარმოებელი, პურის მომხმარებელიცაა. ამიტომ, როდესაც პური ძვირდება, ისიც აძვირებს თავის საქონელს. ეს არის ის მიზეზები, რომელთა გამოც პურის გაძვირებამ გააძვირა ყველა სასურსათო საქონელი.
– ჩვენთან, როგორც წესი, ლოგიკურად მოსალოდნელზე მეტად ძვირდება პროდუქტები. ამის მიზეზი რა არის?
– მას შემდეგ, რაც საქართველოში აღარ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, არც ის ინფორმაციაა, თუ რამდენადაა მონოპოლიზებული ესა თუ ის ბაზარი. იმას არ ვამბობ, ანტიმონოპოლიური სამსახური რომ გვქონდეს, ყველა პრობლემა გადაწყდება-მეთქი. ყველა პრობლემა ნამდვილად არ გადაწყდება, მაგრამ ის მაინც გვეცოდინება, პრობლემა სად არის. დღეს ესეც არ არის, თუმცა კარგად ვიცით, თუ როგორაა მონოპოლიზებული ჩვენი ბაზარი და თქვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთხელ გვისაუბრია ფარმაცევტულ, ნავთობპროდუქტებისა თუ სხვა ბაზრებზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ სხვადასხვა მსხვილ მეწარმეს აქვს „შეწერილი“ სხვადასხვა სახელმწიფო ხარჯის დაფინანსება. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ არჩევნები. არჩევნების შემდგომ პერიოდშიც იმართება სანახაობები, კონცერტები თუ სხვადასხვა მასობრივი ღონისძიებები, რომლებსაც ვითომდა ნებაყოფლობით აფინანსებენ სხვადასხვა კომპანიები. ამ ხარჯებს შემდეგ ისინი ფასებში ასახავენ. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არის სხვაობა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებსა და ქართულ რეალობას შორის. ეს რეალობა მანამ არ დარეგულირდება, სანამ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ, ჯერ ერთი, გვქონდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მეორე, ეს კანონმდებლობა რეალურად აღსრულდეს.
– და ამ მძიმე ფონზე ლარი არალოგიკურად მყარდება. როგორ ხდება ეს?
– აქ ცოტა სხვა პროცესთან გვაქვს საქმე. ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ისევ რჩება დონორთათვის დახმარებების მიღების მნიშვნელოვან რეციპიენტად. ნაწილი თანხების გადმორიცხვა 2011 წლის დასაწყისამდეც კი გაგრძელდება. ამიტომ საქართველოში რეზერვები ივსება, ვალუტა შემოდის და, აქედან გამომდინარე, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს. ამას გარდა, ჯერ არც ტურისტული სეზონი დასრულებულა შავიზღვისპირეთში, ტურისტებს კი უცხოური ვალუტა შემოაქვთ, რაც ხელს უწყობს ლარის კურსის გამყარებას.
– ცნობილია, რომ „ეროვნული ბანკი“ რეზერვებს ივსებს დონორთა დახმარებების წყალობით და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ეკონომიკასთან. მუდმივი იქნება ეს პროცესი და მხოლოდ დონორთა დახმარებით შეგვეძლება ლარის გამყარება?
– ეს ძალიან რთული კითხვაა, რომელსაც არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი და შემიძლია, რამდენიმე ვერსია განვიხილო. დახმარება, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლ საქართველოსთვის გამოიყო, ფორმალურად 2010 წლის ბოლოს დასრულდება, მაგრამ, რეალურად, ბოლო თანხები 2011 წლის დასაწყისშიც შემოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ მიიღებს დახმარებას, რადგან დახმარებას რუსეთის აგრესიამდეც ვიღებდით და ეს გაგრძელდება, უბრალოდ იმ მასშტაბის არ იქნება. აქ ცოტა სხვანაირად დგება საკითხი: შეიძლება, თუ არა, რომ გაჩნდეს ახალი დახმარების მიღების წყარო? ამის ალბათობა ძალიან დიდია. მოგეხსენებათ, დღეს დგას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების საკითხი და ეს ხელს აძლევს მთელ მსოფლიოს, რადგან ბევრად უფრო პროგნოზირებადი გახდება რუსეთი და ის, როგორც საგარეო სავაჭრო სუბიექტი, ჩარჩოებში მოექცევა.
– აქვს ამას რამე კავშირი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნასთან?
– ეს ცოტა სხვა თემაა და ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები, შეგნებით თუ შეუგნებლად, ამას ხაზს უსვამენ. რუსეთს ფორმალურად ჩვენთვის ბაზარი არ დაუხურავს სავაჭრო მოსაზრებებით. ჩვენ რუსეთის მხრიდან არ გვაქვს სავაჭრო ემბარგო, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ, თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდება, სავაჭრო ემბარგოს მოხსნისო. რატომ დაუხურა რუსეთმა ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ბაზარი?!
– ხარისხი დაგვიწუნა.
– ემბარგო არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც არ გინდა, ივაჭრო, ხოლო რაც შეეხება უხარისხო საქონლისთვის ბაზრის დაკეტვას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთმა წევრმა ქვეყანამ შეიძლება, მეორეს დაუხუროს ბაზარი ამ მოტივით და ამით ის არ დაარღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს.
– ამბობენ, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი საკმაოდ გაიზარდა. ესე იგი, ღვინის მწარმოებელ ცალკეულ კომპანიებს შეუძლიათ, მიმართონ რუსეთის შესაბამის სამსახურებს და დააშვებინონ თავიანთი პროდუქცია?
– რა თქმა უნდა.
– რატომ არ აკეთებენ?
– ვერ გეტყვით. მესმის, რომ რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ ქართული პროდუქცია არ იყო ხარისხიანი, რადგან ხშირ შემთხვევაში ქართულსახელწოდებიან უხარისხო ღვინოს სწორედ რუსეთში ასხამდნენ, არამედ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ფორმალურად რუსეთს ვერ შეედავები, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არ არღვევს. ამიტომაც ვამბობ, ჩვენ იმიტომ გვაძლევს ხელს რუსეთის გაწევრიანება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მყოფი ქვეყანა გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა და სჯობს, რუსეთი ჩარჩოში მოექცეს. ოღონდ ჩვენ რუსეთთან სულ სხვა პრობლემა გვაქვს: რომც იყოს ნორმალური ურთიერთობა, ნორმალური ვაჭრობა მაინც ვერ იქნება, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი საქონელმა ორივე მხრიდან ვაჭრობის დადგენილი წესების შესაბამისად უნდა გადაკვეთოს. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია ვერ ვცელდება, ამიტომ ჩვენ იქ საბაჟო-გამშვებ პუნქტებს ვერ ვათავსებთ. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ რუსეთი, თუ გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უნდა დაემორჩილოს ამ ორგანიზაციის ნორმებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა გაერომ და არავის უცნია არც აფხაზეთის და არც „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, გარდა რუსეთისა და მისი ერთი-ორი სატელიტი ქვეყნისა. საქართველომ თავისი ეს მოთხოვნა უნდა დატოვოს ძალაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოსთვისაა ხელსაყრელი, ჰყავდეთ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, შესაძლოა, საქართველოს მოთხოვნა არ მიიღონ მხედველობაში და რუსეთი მაინც მიიღონ, მაგრამ საქართველოს, როგორც დაჩაგრულ ქვეყანას, შეუძლია, მოითხოვოს კომპენსაცია.
– რა შეიძლება, მოითხოვოს?
– ხმამაღლა ვერაფერს მოითხოვს, რადგან ეს ეროვნული ინტერესების გაყიდვა იქნებოდა.
– მერედა ვინ უშლის, მოითხოვონ კულუარებში?
– ეს შეიძლება, იყოს ქვეყნის დახმარების ახალი ფინანსური პაკეტი.
– განვმარტოთ: რუსეთს მიიღებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ჩვენ კი, დუმილის სანაცვლოდ, მოგვცემენ საკომპენსაციო თანხას, რომელიც გაფორმდება სხვა და გაცილებით ამაღლებული მოტივით?
– სხვადასხვა პროგრამები იქნება. ეს თანხა შეიძლება, მოგვცეს როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, სადაც ამერიკას აქვს გადამწყვეტი ხმა. ასევე, შესაძლოა, თავისი ფინანსური პაკეტი ევროკავშირმაც გამოყოს. ამიტომ თქვენი შეკითხვის: აქვს თუ არა ქვეყანას დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების რესურსი, პასუხი ასეთია – დღეს ეს რესურსი იკვეთება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელები სულაც არ დააყენებენ საკითხს ისე, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე უღალატოს თავის ეროვნულ ინტერესებს და არ თქვას, რაც საჭიროა, მაგრამ შესაძლოა, დაიდოს არაფორმალური გარიგება – ჩვენ მაინც მივიღებთ რუსეთს, მაგრამ თქვენ მოგცემთ კომპენსაციას. ოღონდ აქ ერთი რამაა: ჩვენ ისეც არ უნდა ავტეხოთ ხმაური, რომ ამერიკაც გადავიკიდოთ და ევროკავშირიც, მით უმეტეს, რომ რუსეთი ისედაც მტერია. ამიტომ სავსებით მისაღები და მართებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომ საქართველო თავის პოზიციებს არ დათმობს. თუმცა სრულიად გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწისა თუ ექსპერტის განცხადება, პირობად დავაყენოთ, რომ რუსეთმა გახსნას ბაზარიო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამას არანაირი კავშირი არ აქვს ბაზრის გახსნასთან და საკითხის ამგვარ ჭრილში დაყენება თვითონ რუსეთის ინტერესშია. რუსეთმა შესაძლოა, თქვას, გავხსნიო და სინამდვილეში ამას არანაირი კავშირი არ ექნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან.
– რადგან ამ წლის ბოლომდე დახმარება გარანტირებული გვქონია, ესე იგი, ამ წლის ბოლომდე არც ლარის კურსის მკვეთრი რყევები გველის?
– გასულ ივლისში „ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელობამ „თბილისი მარიოტში“ მოაწყო დახურული შეხვედრა რამდენიმე ექსპერტთან, რომელთა შორის მეც გახლდით მიწვეული. „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტთან და „ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელებთან სემინარული მუშაობა გვქონდა, სადაც ისინი დეტალურად აღწერდნენ, თუ რა პრობლემები გვაქვს ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში, რას აპირებენ და ასე შემდეგ. მოისმინეს ჩვენი შეფასებებიც, ხშირად ძალიან კრიტიკულიც და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი შენიშვნები გაიზიარეს, რაც მათ დადებითად ახასიათებთ. პირადად მე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა და სხვა წარმომადგენლებმა მომზადების კარგი დონე აჩვენეს და ყველა, ჩვენ მიერ დასმულ საჭირბოროტო პრობლემაზე კვალიფიციური პასუხები გაგვცეს. ამ შეხვედრიდან ბევრად უფრო უკეთესი შთაბეჭდილებით გამოვედი, ვიდრე იქ შესვლამდე მქონდა და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არათუ ამ წლის ბოლომდე, საერთოდაც არ გველის კატასტროფა გაცვლით კურსთან დაკავშირებით, თუ კი, რა თქმა უნდა, „ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელობა ჩვენთან შეხვედრისას მართლაც გულწრფელი იყო.
– სურსათი ძვირდება, რას ურჩევთ მოსახლეობას, შეიძინონ მარაგი?
– მარაგის შექმნა კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას და უარყოფით პროცესებს გამოიწვევს. საკმარისია, მოსახლეობამ დაიწყოს იმაზე მეტი პროდუქტის შეძენა, ვიდრე სჭირდება, რომ ეს გაზრდის მოთხოვნას ბაზარზე და პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. ასე რომ, მარაგის შექმნისკენ სწრაფვა უფრო სწრაფად გაგვიძვირებს პროდუქტებს და შესაძლოა, ფასები შემდეგ დაბლა აღარც ჩამოვიდეს. მარაგის შექმნისას მოგებული დარჩება პირველი ორი-სამი მყიდველი, ვინც ამას ყველაზე სწრაფად გააკეთებს, მაგრამ, თუკი ეს პროცესი დაიწყება, უნდა გვახსოვდეს, პირველები დიდი ალბათობით ვერ ვიქნებით, მეოთხე-მეხუთეს კი უკვე უფრო გაძვირებული პროდუქტის ყიდვა მოუწევს. ამიტომ ჯობია, ვურჩიოთ ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს, თავი შეიკავონ მარაგების შექმნისგან – ნებისმიერი ასეთი მცდელობა ბაზარზე უარყოფით რეაქციას გამოიწვევს. უახლოეს ხანში ბაზარზე ინფლაციის შემაკავებელი პროცესებიც არის: როგორც წესი, საშემოდგომო ბაზარი შედარებით დაბალი ფასებით ხასიათდება, ანუ ანტიინფლაციური ტენდენციები ჩნდება. ასე რომ, ვფიქრობ, არანაირი დამატებითი აჟიოტაჟი არ უნდა შევქმნათ, რომ მოსახლეობამ მარაგის შექმნით კიდევ უფრო არ დაიზარალოს საკუთარი თავი.