პოლიტიკური კალეიდოსკოპი
სილვიო ბერლუსკონის
მორიგი იაღლიში
იტალიის პრემიერ-მინისტრმა პრესაში საკუთარ თავზე კრიტიკული პუბლიკაციების მაპროვოცირებელი განცხადებები გააკეთა, რითაც აღაშფოთა მსოფლიო საზოგადოება, რომელმაც დაგმო პრემიერის ხუმრობები ებრაელების შესახებ. კერძოდ, თავის მომხრეებთან რომში მიმდინარე შეხვედრაზე, ბერლუსკონიმ ანეკდოტი მოყვა ებრაელის შესახებ, რომელიც ფულის სანაცვლოდ სხვა ებრაელებს ნაცისტებისგან მალავდა და არ ეუბნებოდა მათ, რომ ომი დიდი ხნის დასრულებული იყო. ოფიციალურმა ვატიკანმა ბერლუსკონის ხუმრობას „დაუფიქრებელი“ და „სამარცხვინო“ უწოდა და პრემიერი ჰოლოკოსტის ექვსი მილიონი მსხვერპლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
ამერიკელი ჟურნალისტი
პუტინთან ერთად სანადიროდ
წასვლაზე ოცნებობს
ამერიკელმა ჟურნალისტმა გეინ იანგმა ღია წერილი მისწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, ატყობინებდა, რომ მისი აქტიური ცხოვრების რეჟიმით აღტაცებული გახლდათ. იანგმა სურვილი გამოთქვა, რომ დიდი სიამოვნებით წავიდოდა სანადიროდ ან სათევზაოდ პუტინთან ერთად და შემდეგ ამ თავგადასავლის შესახებ ამერიკულ საზოგადოებას ამცნობდა. ცნობილია, რომ პუტინი თევზაობის და ნადირობის დიდი მოყვარულია, რასაც ბუნებაში გადაღებული მისი რამდენიმე ფოტოსესია მოწმობს. იანგის აღტაცება კი პუტინის მიერ თეთრ დათვზე გაკეთებულმა გადაცემამ და არბალეტით ვეშაპის მოკვლამ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ჟურნალისტის თხოვნა განხილვის პროცესშია.
ჩრდილოეთ კორეის მომავალი მმართველი გარეგნობას იცვლის
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის უმცროსმა შვილმა – კიმ ჩენ უნმა, რომელსაც მამის მემკვიდრედ მიიჩნევენ, გარეგნობა შეიცვალა. სამხრეთ კორეული გაზეთების ცნობით, კიმ ჩენ უნმა პლასტიკური ოპერაციების დახმარებით, რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა და თავის ბაბუას, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამუდამო პრეზიდენტად წოდებულ კიმ ირ სენს დაემსგავსა. კერძოდ კიმ ჩენ უნმა ვარცხნილობა, ტუჩის მოყვანილობა, ლოყების ფორმა შეიცვალა. სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ ახლოვდება ის დღე, როდესაც კიმ ჩენ ირი ქვეყნის მართვის სადავეებს სწორედ კიმ ჩენ უნს გადააბარებს.
მოსკოველმა სტუდენტებმა პუტინს დაბადების დღე მიულოცეს
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა გოგონებმა ორიგინალურად მიულოცეს დაბადების დღე პრემიერს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც 7 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდა. სტუდენტებმა ეროტიკული ფოტოსესია მოაწყვეს და შემდეგ თავიანთი ფოტოები 2011 წლის გადასაშლელი კალენდრის სახით გამოსცეს. თითოეულ ფოტოზე სხვადასხვა მიმართვებია აღნიშნული პუტინის მისამართით: „რას იტყვით, მესამე ვადაზე?“, „გამასეირნეთ ლადა კალინაზე“, „თქვენ საუკეთესო ხართ“, „ხანძარი ჩააქრეთ, რას იტყვით ჩემს ჩაქრობაზე?!“, „ამიყვანეთ მეორე პილოტად“, „მინდა, პირადად მოგილოცოთ, დამირეკეთ ამ ნომერზე“ მითითებულია სავსებით რეალური, მომხიბვლელი ახალგაზრდა მოსკოველი გოგონას ნომერი. კალენდარი 50-ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსკოვში.
ლატვიის კულტურის მინისტრს ლექციების გაცდენაში ადანაშაულებენ
ლატვიის კულტურის მინისტრს, ინტ დალდერისს, რომელიც მინისტრის პორტფელის პარალელურად, ლატვიის მუსიკალური აკადემიის მაგისტრატურაში სწავლობს, ლექციების ხშირ გაცდენაში ადანაშაულებენ. დალდერისი სტუდენტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სტიპენდიის სახით 300 ლატს (დაახლოებით 580 აშშ დოლარი) იღებენ და ვალდებულნი არიან, დაესწრონ ლექციების 70 პროცენტს მაინც. თუმცა, დალდერისი უკანასკნელი 2 თვეა, აკადემიაში არ მისულა. აკადემიის სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ დალდერისი დაუმსახურებლად იღებს სტიპენდიას. თავად მინისტრი კი, ლექციების ხშირ გაცდენას სამსახურებრივ მდგომარეობას აბრალებს.