გახარებული „უპატრონოები“
„რა უნდა და ბნელი ღამე“
გასულ კვირას, აშშ-ის სახდეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია იმ მარტივი მიზეზით, რომ იქ ტერაქტების საფრთხეა (დაახლოებით, ასე: „ატო სნეგ ბაშკა პოპაიდიოტო“). უფრო მეტიც, ამერიკულ ავტორიტეტულ გამოცემებს (სწორედ ასე მოიხსენია ქართულმა საერთო მაუწყებლებმა ეს კონკრეტული აშშ-ური გამოცემა), გერმანიაში მოსალოდნელი ტერაქტების განხორციელების ადგილებიც კი დაუსახელებიათ. ჩვენი ელმედიის ოპერატიულობიდან გამომდინარე (ეს უკანასკნელი კი იმდენად უკიდეგანოდ ოპერატიულია, რომ იმ ინფორმაციას უფრო აწვდის მაყურებელს, რაც საქართველოს გარეთ ხდება), ეს ამბავი არც ჩვენ, ქართველ მაყურებელს, გამოგვპარვია. როგორც არც ის, რომ ეიფელის კოშკთან პოლიციელები პატრულირებენ (თუმცა ისიცაა, საქართველოს სკოლებში მანდატურები პატრულირებენ, მაგრამ არავის დაურისხებია განგაშის ზარები, რომ სკოლებში ტერორიზმის საფრთხეა). მართალია, გერმანიის შს მინისტრი ირწმუნება, საშიში არაფერიაო, მაგრამ, რაკი შიშს დიდი თვალები აქვს, შესაძლოა, აშშ-ის სახდეპარტამენტის გაფრთხილებამ მართლაც შეამციროს ევროპაში ამერიკელი ტურისტების ნაკადი.
შესაძლოა, სახდეპარტამენტის ამ კონკრეტული გაფრთხილებით ამერიკა თავის ევროპელ პარტნიორებს ატერორებდეს (ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო). ხოლო, თუ ეს ასეა, სავსებით ბუნებრივია ქართული საერთო მაუწყებლების მიერ ამ თემის ატაცება („ქურდს რა უნდა და – ბნელი ღამეო“). მეორე მხრივ, რაკი საქმე ტურისტებს ეხება: ევროპის არცთუ უსაფრთხო ზონად გამოცხადებამ, შესაძლოა, ჩვენც გვახეიროს (იმედია, გახსოვთ, რომ რამდენიმე წელიწადში ათ მილიონ ტურისტს ველოდებით) და ტურისტების ევროპისთვის წართმევას ვიმედოვნებდეთ.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპას ტერორიზმის საფრთხე იმიტომაც ემუქრება, რომ ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციებში იღებს მონაწილეობას და იმასაც დავამატებთ, რომ ამ საქმეში ჩვენი სამხედროებიც ფრიად აქტიურად მონაწილეობენ, აშკარაა, რომ ჩვენს ტელესივრცეში შექმნილი საინფორმაციო რეალობა ითხოვს შეფასებას: „ჰოდა, ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია, შე უპატრონო, სიხარულის ცრემლი მომდისო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ევროპას ტერაქტების საფრთხე ელისო), რომ წერ!“.