დედობა – განაჩენი!
„ვინც ჯერ არ დაბადებულა“
იმას, რომ საქართველოს დემოგრაფიული ვითარება მძიმეა, გაეროს კვლევებიც ადასტურებს. ხოლო, იმის დასტურად, რომ დემოგრაფიული ვითარება ქართულ კანონმდებლობას ფეხზე ჰკიდია, მხოლოდ „შრომის კოდექსიც“ გამოდგება. ამის ფონზე, არაოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ყოველწლიურად 100 000-120 000 აბორტი კეთდება, თუმცა ოფიციალური მაჩვენებელი მხოლოდ 20 000-ია. მეტიც, საკმაოდ მაღალია დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა. გასულ კვირას ლამის საინფორმაციო ბუმი გამოიწვია კონკრეტული ექიმების მიერ უკანონო აბორტების გაკეთების ფაქტის გამომზეურებამ; მეტიც, კონკრეტული კომისიაც შეიქმნა ამ საქმის გამოწვლილვით გამოსაძიებლად. წინასწარვე შეგვამზადეს, რომ, შესაძლოა, საქმე კონკრეტული ექიმებისთვის მხოლოდ ლიცენზიის ჩამორთმევით არ ამოიწუროსო, რაც იმას ნიშნავს, რომ, არც ისაა გამორიცხული, ამ ფაქტის გამო ერთი-ორი თეთრხალათიანი კიდეც „გაისკვანჩოს“.
ამჯერად ჩვენ არ შევჩერდებით არც აბორტის მორალურ-ამორალურ და არც კანონიერ-უკანონო ასპექტებზე, მით უფრო, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, 12 კვირამდე ნაყოფის მოცილება სავსებით კანონიერი მოვლენაა (თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებლებაში ეს პროცედურა ლეგალურად ტარდება, ანუ, გადახდილი თანხა ბიუჯეტისკენ მიიმართება), მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი“ (რომელიც ძალიან მოსწონს ჩვენს პრემიერ-მინისტრს) ლახავს დედის უფლებებს, აიძულებს ქალებს, სამსახურის დაკარგვის შიშით, უარი თქვან შვილის გაჩენაზე, იმას გარდა, რომ ყველა მიმართებით დისკრიმინაციულია. ამის პარალელურად, სახელმწიფო არც ფეხმძიმეებს ეხმარება, არც მარტოხელა დედებს და არც მრავალშვილიანებს (პირიქით, ეს ფაქტორები ამ უკანასკნელთათვის ხელის შემშლელია). აქედან გამომდინარე კი, რამდენი ექიმიც უნდა გამოვლინდეს უკანონო აბორტის გაკეთების ფაქტზე (არც ისაა გამორიცხული, რომ უკანონო აბორტების თემის გააქტიურების მიზანი ზემომოყვანილი 120 000 არალეგალური აბორტის ლეგალურად ქცევა იყოს, რომ ბიუჯეტმა შემოსავალი არ დაკარგოს), ვინ შეისწავლის იმ სახელმწიფოს ბრალეულობას, სადაც ბავშვის გაჩენა განაჩენია?!
თუმცა, შესაძლოა, ასეც იყოს: „… ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.“