კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა ჰქონდა ნუგზარ ერისთავს გიორგი სააკაძესთან და მიუძღვის თუ არა მათ კოალიციას წვლილი შაჰ-აბასის მიერ კახეთის ოთხგზის დალაშქვრაში


ნუგზარ არაგვის ერისთავი შუა საუკუნეების ფეოდალური ხანის ქართლის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. არაგვის საერისთავოს მეთაური და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არაგვის საერისთავოს ერისთავთა შორის. თუ როგორ გახდა იგი არაგვის ერისთავი და რას გადმოგვცემს მის შესახებ ხალხური ზეპირსიტყვიერება, ამას ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ბონდო კუპატაძე გვიამბობს.


ბონდო კუპატაძე: ნუგზარ ერისთავი დაიბადა მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში. მასზე ძალიან ბევრი ხალხური გადმოცემა და ლექსი არსებობს. სხვათა შორის, ამ ლექსთა რაოდენობა არ ჩამოუვარდება ისეთი ცნობილი დადებითი, ისტორიული პერსონაჟების შესახებ შექმნილ პოეტურ ქმნილებებს, როგორიცაა: თამარ მეფე, ერეკლე მეორე და ასე შემდეგ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნუგზარის მიმართ, უფრო უარყოფით კონტექსტშია ეს პოეტური ნიმუშები გამოყენებული.

– ანუ, ნუგზარ ერისთავი უარყოფით გმირადაა ცნობილი?

– ნუგზარ ერისთავი უარყოფით გმირადაა ცნობილი და ხალხში ერთი ასეთი გამოთქმაც კი არსებობს, რომელსაც მეოცე საუკუნეშიც კი იყენებდნენ მისი და მისი ეპოქის დასახასიათებლად: „ნუგზარ ერისთვის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო”. ანუ, ეს არის პერიოდი, როდესაც სისხლის წვიმები დაატეხა თავზე აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობას ამ ერისთავმა.

– რა იყო ამის მიზეზი?

– საქმე ისაა, რომ არაგვის ერისთავს ექვემდებარებოდა ქართლისა და კახეთის მთიანეთის მოსახლეობა. ეს იყო: ფშავი, მთიულეთი, ხევსურეთი, გუდამაყარი და ასე შემდეგ. ტრადიციულად, მთის მოსახლეობის მთავარი ვალდებულება იყო ჯარის გამოყვანა. დანარჩენში, მთის მოსახლეობა, გაცილებით თავისუფალი იყო, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ის დიდი რაოდენობით ბეგარას არ უხდიდა არაგვის ერისთავს. ნუგზარ ერისთავმა კი ამ ტრადიციული წესის შეცვლა მოინდომა. მან განიზრახა, ეს ყველაფერი შეცვლილიყო და მისი გავლენა გაეძლიერებინა, არა მარტო საერისთავოზე, არამედ მთლიანად ხევზე. ამასთან დაკავშირებით თავს იჩენდა ხოლმე დაპირისპირებები. არსებობს ცნობილი ისტორია, რომ ნუგზარ ერისთავი ლაშარში მივარდა და ლაშარის ხატის შეურაცხყოფა მოინდომა და დაარბია სნოს ციხე. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ არის ასახული ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში. „ხევისბერი გოჩა” სწორედ, ნუგზარ ერისთავის ეპოქას ასახავს.

ნუგზარ ერისთავის პოლიტიკა უკვე დაშლილ საქართველოში კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს შიდაფეოდალურ აშლილობებს. იგი გადაჰკიდებდა საქართველოს ერთი კუთხის წარმომადგენელს მეორესთან და ხშირად მიმართავდა შიდა დაპირისპირებებს. იყო ტიპური ფეოდალი და ინტრიგების მოყვარული. ინტრიგების მთელ ქსელს ხლართავდა ხოლმე.

– როგორ მოხდა, რომ ნუგზარ არაგვის ერისთავმა ერისთავობა ჩაიგდო ხელში?

– ამასთან დაკავშირებით, წყაროები სრულიად განსხვავებულია, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო ცნობა, რომელიც ნუგზარ ერისთავის ხასიათსა და ბუნებაზე მიუთითებს და მოგვითხრობს, თუ როგორ მოიპოვა ერისთავობა. ის სინამდვილეში იყო ლიახვის ხეობის (სოფელი ვანათიდან), აზნაური. ქსნის ერისთავთა დახმარებით შეუტია არაგვის ერისთავს. მანამდე არაგვის ერისთავობა შაბურისძეთა გვარის ხელში იყო. ეს უკვე ტრადიციული საგვარეულო გახლდათ და დიდი ძალაუფლება აღარ ჰქონდა. მათ ბევრად უფრო კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ მთის მოსახლეობასთან, მაშინ, როცა ნუგზარმა ამოწყვიტა ისინი და თვითონ დაეპატრონა მათ ტერიტორიას, რის შემდგომაც ძალაუფლებისკენ სწრაფვით მოიხვეჭა სახელი. სხვათა შორის, ერთადერთი დადებითი მომენტი მის ბიოგრაფიაში ისაა, რომ ის გვერდში დაუდგა სიმონ პირველს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. შედეგად კი, მეფემ მას ერისთავობა მიანიჭა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გვარი გადაიქცა ტიტულად და ამ ტიტულის მინიჭებით, ფაქტობრივად, ნუგზარ ერისთავმა ძალიან დიდი ძალაუფლება მიიღო, რომელსაც უკვე შემდგომში თავისი ზეგავლენისთვის იყენებდა. ასე რომ, 1578 წლიდან 1618 წლამდე პერიოდში, როდესაც ის იყო არაგვის ერისთავი, ძირითადად, სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით იყო დაკავებული. რაც ყველაზე მთავარია, მისი შიდა პოლიტიკა, მიმართული მთის მოსახლეობისადმი, მთლიანად ანგრევდა ქვეყნის როგორც სიმტკიცეს, ასევე ნდობას სამეფო ხელისუფლებისადმი. მართალია, ხალხი ხედავდა, რომ ნუგზარ ერისთავი თვითნებობდა, მაგრამ ის მაინც მეფის მოხელე პიროვნებაა.

– როგორც ცნობილია, ნუგზარ ერისთავს ნათესაური კავშირი ჰქონდა გიორგი სააკაძესთან.

– ნუგზარ ერისთავის სიძე გახლდათ გიორგი სააკაძე, რომლის პიროვნება არ არის ერთგვაროვნად შეფასებული საქართველოს ისტორიაში. ცნობილია, რომ გარკვეული კოალიცია იყო შეკრული გიორგი სააკაძესა და ნუგზარ ერისთავს შორის. შემდეგ ნუგზარის ვაჟი – ზურაბიც აგრძელებს ამ პოლიტიკას. როდესაც ფეოდალთა მეორე ჯგუფი, მაგალითად: შადიმან ბარათაშვილი, ფარსადან ციციშვილი და სხვები უპირისპირდებოდნენ ნუგზარისა და გიორგის დაჯგუფებას, გარკვეულ მომენტში, როგორც ჩანს, მეფემ არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გააკეთა. ციციშვილი სამეფო სადროშოს სარდალი გახლდათ, ბარათაშვილი – ქვემო ქართლის სადროშოს სარდალი, სააკაძე – გორისა და დვალეთის მოურავი, ხოლო ნუგზარ არაგვის ერისთავი, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა – მთელი მემარჯვენე სადროშოს ერთ-ერთი სარდალი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მეფეს, ნუგზარ ერისთავის ძალიან დიდი მონდომებით, ცოლად შერთეს გიორგი სააკაძის და. ამან გამოიწვია ნუგზარისა და გიორგის ფრთის სერიოზული გაძლიერება.

– რა მოხდა მას შემდეგ, რაც სააკაძეს შეპყრობა მოინდომა მეფემ?

– 1612 წელს, როდესაც გიორგი სააკაძის შეპყრობა მოინდომა მეფემ, ის და ნუგზარ ერისთავი ერთად გადაიხვეწნენ შაჰ-აბასთან. ეს უკვე მეორე პერიოდია, მათი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობიდან, როდესაც ნუგზარ ერისთავი ძალიან არის დაინტერესებული, შაჰ-აბასისგან დახმარება, მხარდაჭერა მიიღოს. ისინი შაჰ-აბასის თანხმობას იღებენ იმის შესახებ, რომ ლუარსაბ ქართლის მეფისა და თეიმურაზ კახთა მეფის წინააღმდეგ იმოქმედონ. ამის შემდეგ ხორციელდება 1614-1617 წლების ცნობილი, დამანგრეველი ლაშქრობა, როდესაც შაჰ-აბასმა ოთხგზის დალაშქრა კახეთი და არანაკლები ზიანი მიაყენა ქართლის სამეფოსაც. ამ ამბებში დიდი წვლილი სწორედ, ამ ორი ადამიანის კოალიციას მიუძღოდა.

– ნუგზარ ერისთავის ოჯახურ მდგომარეობაზე რა არის ცნობილი?

– ნუგზარს ჰყავდა ორი ვაჟი – ბაადური და ზურაბი. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საბოლოო ჯამში, ზურაბმა აჯობა. მან მოკლა ბაადური და თვითონ დაჯდა ერისთავად. სხვათა შორის, ზურაბმა ამ ამბავში აქტიურად გამოიყენა ირანელთა ძალა. ასე რომ, პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდნენ ნუგზარიც და შემდგომ ზურაბიც, სახელმწიფოს სიმტკიცისა და ერთიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს იყო უცხო სამხედრო ძალის გამოყენება; ქვეყნის შიგნით სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების ურთიერთდაპირისპირება; უშუალოდ სამეფო ხელისუფლებასთან – მეფესთან დაპირისპირება. ყველა ამ მეთოდს და გზას ნუგზარ და ზურაბ ერისთავები წარმატებით იყენებდნენ.

საბოლოოდ, ზურაბ ერისთავი თეიმურაზ მეფის ბრძანებით მოკლეს.

– ნუგზარ ერისთავი როგორ გარდაიცვალა?

– ნუგზარ ერისთავი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში. ის თითქმის 42 წელი იყო არაგვის ერისთავად.


скачать dle 11.3