კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იღებს ყველაზე მეტ ხელფასს ბრიტანულ ფეხბურთში



საფეხბურთო სამყაროს ცნობილი სპეციალისტები ამბობენ, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა ბრიტანულ კლუბებსა და იქ მომუშავე, თუ მოთამაშე ადამიანებზე ყველაფერი იცის და ამის დასტურად ერთი მაგალითი მოჰყავთ. ერთხელ, ინგლისელი მწვრთნელები ბარში ლუდს მიირთმევდნენ და ფერგიუსონის განსწავლულობაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთმა მობილური მოიმარჯვა და „მანჩესტერის” თავკაცს დაურეკა.

„სერ ელექს, ხომ არ იცით, შოტლანდიური კლუბის, „აბერდინის” სტადიონზე გაზონს ვინ კრეჭს“ – ჰკითხა მან და როცა ფერგიუსონმა იმ კაცის სახელი და გვარი უთხრა, გაოცებისგან ყველამ პირი დააღო.

ეს ამბავი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ინგლისში და ზოგადად, ბრიტანულ ფეხბურთში ფერგიუსონს ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვს. იგი წლიურად სუფთა ხელფასის სახით შვიდ მილიონ ფუნტს იღებს და დაახლოებით, ორი მილიონი, დამატებით პრემიებისა და სხვადასხვა ტურნირების მოგებისგან შესდის. ამის მიუხედავად, ფერგიუსონი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს. მისი სახლი, მანჩესტერის გარეუბანში, სულ რაღაც, 1.5 მილიონი ფუნტი ღირს, მაშინ, როცა „მანჩესტერის” ფეხბურთელები სახლებში ოთხიდან ექვს მილიონამდე იხდიან. ისე, ფერგიუსონს ერთი წესიც აქვს – მისი სახლის შემდეგ, ქუჩის გაგრძელებაზე „მანჩესტერის” არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს უფლება სახლი იყიდოს.

ფერგიუსონის შემდეგ ბრიტანეთში მომუშავე მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება ლონდონის „ჩელსიში” მისულ კარლო ანჩელოტის აქვს. იგი წლიურად ხუთ მილიონ ფუნტს იღებს და თუ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, დამატებით მილიონსაც ჩაიჯიბავს. ამდენივეს დაუმატებს იტალიელს რომან აბრამოვიჩი, თუ „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონი გახდება.

მესამე საპატიო ადგილზე „ლივერპულის” თავკაცი რაფაელ ბენიტესი გახლავთ. იგი წლიურად 4.5 მილიონ ფუნტს იღებს, თუმცა პრემიალური სისტემა ისეთი სოლიდური ვერ აქვს, როგორც „ჩელსისა” და „მანჩესტერშია”. ამის მიუხედავად, ესპანელი სპეციალისტი ბედს არ უნდა ემდუროდეს, რადგან ესპანეთში მუშაობის დროს მისი ხელფასი ორი მილიონი ევროც არ იყო და ახლა, პრაქტიკულად, გაუოთხმაგდა.

ინგლისის საუკეთესო ოთხეულის კლუბებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი „არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს აქვს. დაბალი ალბათ ინგლისური საზომებით, თორემ მსოფლიოში 4 მილიონ ფუნტს ერთეულები იღებენ. ზოგადად, „არსენალში” დაბალი ხელფასებია და ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ გუნდის კაპიტანსა და ლიდერს, სესკ ფაბრეგასს კვირაში 80 ათასი ფუნტი ახლაღა დაუნიშნეს. ეს კლუბში ყველაზე სოლიდური ანაზღაურებაა. სამაგიეროდ, ზეოთხეულის სხვა კლუბები ფეხბურთელებს გულს აშკარად არ წყვეტენ.

„ჩელსის” და მთლიანად ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჯონ ტერი გახლავთ. მისი ყოველკვირეული ხელფასი 131 ათასი ფუნტია. ასეთი უცნაური ციფრი კი თავად ტერის მოთხოვნაა – მას სურს, გუნდში ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს და იმის გათვალისწინებით, რომ მიხაელ ბალაკი და ფრენკ ლამპარდი კვირაში 130 ათასს იღებენ, ტერის ათასით მეტი აქვს. ამით მისი პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილებულია. ხანგრძლივი წვალების შემდეგ, „ჩელსის” შეფობას ხელფასი გააზრდევინა დიდიე დროგბამაც. კოტ დივუარელი ფეხბურთელი კვირაში 80 ათასს იღებდა, ახლა კი 120 ათასს იჯიბავს. თუმცა, არცთუ იშვიათად იმასაც იმეორებს, რომ მეტს იმსახურებს.

„მანჩესტერ იუნაიტედში” ყველაზე მაღალი ხელფასი რიო ფერდინანდს აქვს. მისი შრომა კვირაში 125 ათასით ფასდება. გუნდის მთავარ მეგოლე უეინ რუნის ფერდინანდზე ხუთი ათასით ნაკლები აქვს და კლუბის ყველაზე სოლიდური ანაზღაურების მქონე მოთამაშეებში მეორე ადგილზეა. ზოგადად, „მანჩესტერში” მიღებული ხელფასი წლიურად 4 მილიონი ფუნტია. ამ თანხას რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, დიმიტრი ბერბატოვი, მაიკლ კერიკი და გუნდის კიდევ არაერთი ფეხბურთელი იღებს. ყველაზე დაბალი ჯამაგირი „მანჩესტერში” 17 წლის იტალიელ ფორვარდს, ფედერიკო მაკედას აქვს. იგი კვირაში ორი ათასით კმაყოფილდება და თუ ფერგიუსონს დავუჯერებთ, ჯერჯერობით ეს სავსებით საკმარისია.

„ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ გუნდის ნამდვილი ლიდერია და ლიდერობას არც ხელფასში თმობს. მან კლუბთან ახალი კონტრაქტი შარშან გააფორმა, რომლის მიხედვითაც, წლიურად ექვს მილიონზე მეტს აიღებს. ჯერარდის შემდეგ მერსისაიდული კლუბის მთავარი კაცი ფერნანდო ტორესია. ესპანელ ფორვარდს კვირაში ასი ათასი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალზე ძუნწია და როგორც ამბობენ, სამშობლოში ეკონომკლასით დაფრინავს, ძვირად ღირებული რესტორნების ნაცვლად კი სადილობა სწრაფი კვების ობიექტებში ურჩევნია.

რაც შეეხება მთლიანობაში კლუბების სახელფასო ბიუჯეტებს, ამ მხრივ ლიდერი რომან აბრამოვიჩის „ჩელსია”. რუსი ოლიგარქი წლიურად 140 მილიონ ფუნტს იხდის. 125 მილიონია ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელფასო ბიუჯეტი, მაგრამ ეს თანხა კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით მიღებული შემოსავლებით უპრობლემოდ იფარება.

110 მილიონს იხდიან ხელფასებში „ლივერპულის” ამერიკელი მფლობელები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი, თან მუდმივად იმას წუწუნებენ, ხელფასები ძალიან გაბერილია, მაგრამ რამდენჯერაც მათი შემცირება გადაწყვიტეს, იმდენჯერ კინაღამ გუნდი დაეშალათ. სამაგიეროდ, ტრადიციას არ ღალატობენ „არსენალის” ბოსები და ფეხბურთელთა ანაზღაურებაზე წლიურად 100 მილიონსაც კი არ ხარჯავენ.

ამ მაჩვენებლით „არსენალს” უკვე გადაასწრო „მანჩესტერ სიტიმ” არაბი შეიხების მფლობელობაში მყოფი კლუბის სახელფასო ბიუჯეტმა ას მილიონს უკვე გადააჭარბა და თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, მომავალ სეზონში „ქალაქელები” მეორე ადგილზეც კი აღზევდნენ. სხვათა შორის, „სიტის” სამი ფეხბურთელი, ემანუელ ადებაიორი, რობინიო და კარლოს ტევესი წლიურად ჯერ მხოლოდ ოთხ-ოთხ მილიონს იღებენ. მაგრამ, თუ წელს „სიტი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მათი ხელფასი ზუსტად მილიონით გაიზრდება.


скачать dle 11.3