რატომ გამოვიდა სოლომონ პირველის წინააღმდეგ ბიძების, ბაბუისა და სხვა ოპოზიციონერების კვალდაკვალ მისი მშობელი დედა
იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა რთული გზა განვლო. ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საკუთარი დედაც კი, დაუპირისპირდა და მრავალჯერ იგემა ღალატის გემო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს რთული სიტუაციიდან. მისი ცხოვრება ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. პირველი ეტაპი და ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაც, სოლომონის ურთიერთობაა ოსმალებთან. თუ სად შეაფარა მათ თავი, რატომ განქორწინდა პირველ ცოლთან, და შემდეგ ოტია დადიანის ასულ მარიამზე იქორწინა, რა იმედები გაუცრუა ამ მონარქმა ოსმალებს, ყოველივე ამის შესახებ დღევანდელ ინტერვიუში გიამბობთ ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი დავით მერკვილაძე.
დავით მერკვილაძე: სოლომონ პირველი იყო გვიანი შუა საუკუნეების იმერეთის ყველაზე გამორჩეული მონარქი. თავისი დროის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა და ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ყველაზე დასაფასებელი სახელმწიფო მოღვაწე. თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას ცხადად წარმოაჩენს მისი მოღვაწეობა.
1752 წელს, იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ერგო მის უფროს ძეს, სოლომონს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ დროს დასავლეთ საქართველოში, შეიძლება ითქვას, კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი.
– რაში გამოიხატებოდა ეს?
– იმერეთის მეფის ხელისუფლება განსაკუთრებით დასუსტებული იყო. ქვეყნის დეცენტრალიზაციას არნახული მასშტაბებისთვის მიეღწია. დიდი ხანია, მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ არა მხოლოდ გადამდგარი მთავრები – აფხაზეთის, სამეგრელოსა თუ გურიის, არამედ იმერეთის გაძლიერებული თავადებიც. მანამდე იყო დრო, როცა, იმერეთის მეფე, თავისი ყოფილი ქვეშევრდომის, დადიანის თავდასხმების მოგერიებასაც ვეღარ ახერხებდა. მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ქვეშევრდომად ითვლებოდა. იმერეთის მთავარ ციხეებში ქუთაისის, შორაპნის, ბაღდათისა და ციცხვათის მთავარი ციხეები ოსმალთა გარნიზონს ეკავა. მათ ხელში იყო საქართველოს შავიზღვისპირეთის ყველა ქალაქი და ციხე. იმერეთი ვალდებული იყო მისთვის ყოველწლიურად ეხადა ხარკი, გაეგზავნა ახალგაზრდა გოგო-ბიჭები – ბიჭები ოსმალეთის იანიჩართა არმიას ავსებდნენ, გოგონები კი ჰარამხანებს. ეგრეთ წოდებულმა „ტყვეთა სყიდვამ“ არნახულ მასშტაბებს მიაღწია და უდიდესი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის გენოფონდს. ამაში კი, პირველ ყოვლისა, მონაწილეობდა თავადობა, თუმცა, ამ მახინჯ მოვლენაში ჩართული იყო მოსახლეობის ყველა ფენა.
ასეთ უმძიმეს პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის სოლომონს ერგო, ზედ დაერთო მის საწინააღმდეგოდ შექმნილი მასშტაბური კოალიცია. მეფე ის-ის იყო, გამეფდა, რომ მის წინააღმდეგ კავშირი შეკრა ძლიერმა თავადურმა ოპოზიციამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა მეფის თითქმის ყველა ახლობელი და ოჯახის წევრი.
– კერძოდ, ვინ იგულისხმება ახლობლებსა და ოჯახის წევრებში?
– სოლომონის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი ბიძები, გარდაცვლილი ალექსანდრე მეხუთის უმცროსი ძმები – მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მეთაური კი ამ გამოსვლისა, იყო სოლომონის ღვიძლი ბაბუა – ლევან აბაშიძე, რომელიც ზემო იმერეთის, არგვეთის უძლიერესი თავადი იყო, ეს კიდევ არაფერი, შეთქმულთა შორის აღმოჩნდა სოლომონის დედა – ლევან აბაშიძის ასული, დედოფალი თამარი. განსაკუთრებით აქტიურობდნენ: გურიის მთავარი მამია გურიელი, რაჭის ცნობილი ერისთავი როსტომი, ასევე, განსაკუთრებულად გაძლიერებული ფეოდალი და თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზ-იმერთა კათოლიკოსი, ანუ დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირი ბესარიონი. კათოლიკოსის მეფისადმი დაპირისპირება იმით აიხსნება, რომ ის როსტომის ძმა და ტიპური საერო ფეოდალის ცნობიერების მქონე პიროვნება იყო.
– რამ გამოიწვია ასეთი ერთობლივი და ერთობ მასშტაბური გამოსვლა ახალგაზრდა მეფის წინააღმდეგ?
– ბიძებს – მამუკას და გიორგის, სამეფო ხელისუფლების მოპოვება სურდათ, ანუ იმის გაკეთებას ცდილობდნენ, რაც ვერ განახორციელეს უფროსი ძმის მეფობის პერიოდში, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდათ. დანარჩენებს კი, ამოძრავებდათ სამეფო ხელისუფლებისგან მაქსიმალური დამოუკიდებლობისთვის მიეღწიათ.
– კი მაგრამ, დედა რატომღა გამოვიდა საკუთარი შვილის წინააღმდეგ?
– იმერეთის დედოფალი თამარი, საკუთარი მამის, ლევან აბაშიძის სრული გავლენის ქვეშ მოექცა და ამან განაპირობა მისი ეს ნაბიჯიც.
– შეძლო თუ არა წინააღმდეგობის გაწევა მეფემ ამბოხებულთათვის?
– ამგვარ ვითარებაში, ბუნებრივია, მეფეს არ აღმოაჩნდა ძალა, დაეძლია ასეთი ტიპის ამბოხი, როცა მის გვერდით თითქმის აღარავინ დარჩა. მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გაცლოდა იმერეთს და ახალციხეში ფაშასთვის ეთხოვა დახმარება. ოსმალეთში ჩათვალეს, რომ მათი შემწეობით მეფობააღდგენილ სოლომონზე დიდ პოლიტიკურ გავლენას მოიპოვებდნენ. ოსმალთა ჯარით იმერეთში შემოსულმა სოლომონმა დაიბრუნა სამეფო ტახტი, ბიძა – მამუკა ბატონიშვილი და დედა – თამარი გააძევა იმერეთიდან, ლევან აბაშიძეს ჩამოართვა მისი სამკვიდრო კაცხი ციხითა და მონასტრით, მთავრობა ჩამოართვა მამია გურიელსაც და მის ნაცვლად გურიელის ძმა – გიორგი დააყენა. აჯანყების მონაწილეთაგან ზოგიერთი ჩასვა საპყრობილეში და მათ შორის, სავარაუდოა, მისი მეორე ბიძა – გიორგიც. სოლომონ პირველი გაეყარა მეუღლეს, აფხაზთა მთავრის, შერვაშიძის ასულ თინათინს და პოლიტიკური მოსაზრებით, რათა მჭიდრო კავშირი დაემყარებინა სამეგრელოს ძლიერ მთავარ ოტია დადიანთან, შეირთო მისი ასული მარიამი.
– რატომ არ დაისაჯნენ საკადრისად ლევან აბაშიძე, ან რაჭის ერისთავი?
– იმ დროისთვის, სოლომონს ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგეების უფრო მკაცრად დასჯის ძალა ჯერ კიდევ არ შესწევდა. მეფეს სჭირდებოდა პოზიციების გამაგრება. ამ მიზნით მან შექმნა ეგრეთ წოდებული „ფიცის კაცების” ერთობა.
– ვინ იყვნენ „ფიცის კაცები”?
–„ფიცის კაცები“ ძირითადად იმერეთის აზნაურობის წარმომადგენლები იყვნენ. ასევე,ზოგიერთნი იმ იმერელ თავადთა საგვარეულოდან, რომლებიც შევიწროებულნი აღმოჩნდნენ განსაკუთრებით გაძლიერებული რაჭის ერისთავისა თუ ლევან აბაშიძის მხრიდან. ისინი გამორჩეულ ადგილსა და დროს საგანგებოდ იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფე სოლომონის ერთგულებაზე – რომ სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდნენ მას.
– გაამართლა მეფის მიერ ამგვარი ინსტიტუტის შექმნამ?
– სწორედ, ძირითადად, „ფიცის კაცებზე” დაყრდნობით აწარმოა სოლომონ მეფემ შეუსვენებელი ბრძოლები, როგორც განდიდებული ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ ქვეყნის ერთიანობისთვის, ასევე თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ეს გრძელდებოდა მთელი მისი მეფობის განმავლობაში, ანუ თითქმის 30 წელი.
– რაც შეეხება ოსმალებს, გამართლდა თუ არა მათი იმედები სოლომონთან დაკავშირებით?
– არა. სოლომონმა, უპირველესად, მიზნად დაისახა ბრძოლა „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ, როგორც ყველაზე საზარელი და სახიფათო მოვლენისა ქვეყნისთვის. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის ინტერესებს. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ მეფისგან, არ შეეზღუდა ეს პროცესი, რასაც სტამბულის ბაზარზე ქართველი ტყვეებიის არნახული შემცირება და გაძვირება მოჰყვა. მაგრამ, სოლომონი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და თავისი პრინციპების ერთგული დარჩა ბოლომდე.
– რა მოჰყვა ამას?
– ამას მოჰყვა მეფის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნა. „ტყვეთა სყიდვის“ აკრძალვამ ამ მახინჯ მოვლენაში ჩართული თავადაზნაურობის აღშფოთებაც გამოიწვია, რამეთუ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგეს. მათ იოლად გამონახეს საერთო ენა ოსმალებთან. ამჯერად ლევან აბაშიძე ჩადის ახალციხეში და ოსმალთა ჯარს უწევს მეგზურობას იმერეთში. ოსმალთა ჯარი დაბანაკდა ოკრიბაში (დღევანდელი ტყიბულის მხარე). ეს ადგილი, ჩანს, საგანგებოდ შეარჩიეს იმ მოსაზრებით, რომ იგი ერთდროულად ესაზღვრებოდა არგვეთის მხარესაც და რაჭასაც, საიდანაც ოსმალები მნიშვნელოვან დამხმარე ძალას ელოდნენ. 1757 წლის დეკემბერში სოლომონ მეფე, სამეგრელოსა და აფხაზეთიდან გამოგზავნილ მაშველ ჯართან ერთად, მოულოდნელად დაესხა თავს ხრესილის ველზე დაბანაკებულ თავისზე მრავალრიცხოვან მტერს. ამ ომში მეფის ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლაში გმირულად დაიღუპა აფხაზი ხუტუნია შერვაშიძე, რომელმაც, სიკვდილამდე 16 თურქი გამოასალმა წუთისოფელს. ბრძოლაში დაიღუპა მოღალატე ლევან აბაშიძეც. როსტომ ერისთავმა რაჭაში გაქცევა მოასწრო. რაც შეეხება ტყვედ ჩავარდნილ მესხებს, რომლებიც თურქთა ჯარში იბრძოდნენ, სოლომონმა შეიწყალა და იმერეთში დაასახლა. მალე, მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც დადგინდა, რომ ანათემას გადაეცემოდა ყველა ის პირი, რომელიც „ტყვეთა სყიდვაში“ იქნებოდა გარეული. თავად სამეფო ხელისუფლების მხრიდან კი, ასეთი პიროვნებებისთვის სასიკვდილო განაჩენი დაწეოდა.
– გამოიღო თუ არა შედეგი სოლომონის მხრიდან „ტყვეთა სყიდვის“ წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა?
– რასაკვირველია, გამოიღო. ბუნებრივია, ძვალ-რბილში გამჯდარი ასეთი დანაშაულის ბოლომდე აღკვეთა, იმ დროს შეუძლებელი იყო. თუმცა, ამ ღონისძიებების შემდეგ უკიდურესად შემცირდა იმერეთში „ტყვეთა სყიდვა“.
თურქები რასაკვირველია, ხრესილში სასტიკ მარცხს ვერ შეურიგდებოდნენ, ეს ნიშნავდა, რომ ისინი კარგავდნენ გავლენას დასავლეთ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთი ჯერ კიდევ უზარმაზარი იმპერია იყო და რამდენიმე წელი ზედიზედ ცდილობდა აქ თავისი პოზიციების აღდგენას, კარგად ხვდებოდა, რომ სანამ სოლომონი ხელისუფლებაში იყო, ამას ვეღარასოდეს მიაღწევდა.
აღსანიშნავია, რომ ხრესილის გამარჯვებიდან მეორე წელს, იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებმა დადეს თავდაცვითი სამოკავშირეო ხელშეკრულება. სოლომონი დაეხმარა ერეკლეს, რამდენიმე ბრძოლაში და განჯის აღებაშიც კი. რამდენიმე წლის ბრძოლის შემდეგ, ოსმალებმა ტაქტიკა შეცვალეს და იმერეთში ამჯერად, სოლომონის ბიძაშვილთან – თეიმურაზ მამუკას ძესთან ერთად, შემოვიდნენ, რომელიც მათ, გამეფებაში დახმარების სანაცვლოდ, „ტყვეთა სყიდვის“ აღდგენას შეჰპირდა. ოსმალების მხარეს აღმოჩნდნენ დადიანი, გურიელი, როსტომ ერისთავი და სოლომონის ძმა გიორგი. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა სოლომონმა თავი „მოდინახეს“ ციხეს შეაფარა. თეიმურაზი მეფედ გამოცხადდა.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– იმერეთის მოსახლეობის უმეტესობამ თეიმურაზი მეფედ არ მიიღო. ისეთი ვითარება შეიქმნა, თეიმურაზი თავს ყველაზე უსაფრთხოდ მხოლოდ ქუთაისის ციხეში – ოსმალთა გარნიზონთან გრძნობდა. ამასობაში სოლომონ მეფე ძალებს იკრებდა. 1768 წელს, სოფელ ცხრაწყაროსთან, გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ძმა და ბიძაშვილი ციხეში გამოკეტა და ოსმალებს კვლავ აღუკვეთა ქართველი ტყვეებით ვაჭრობის საშუალება.
ოსმალეთის სულთანმა მუსტაფა მესამემ გამოსცა საგანგებო წყალობის სიგელი, რომლის მიხედვითაც სოლომონ პირველს, „აღადგენდა” იმერეთის მეფედ. ეს, ფაქტობრივად, ოსმალეთის მხრიდან სოლომონთან მარცხის აღიარებას მოასწავებდა, რადგან იმერეთის მეფეს თავისი ხმლით უკვე მოპოვებული ჰქონდა სრული ძალაუფლება იმერეთში. სულთნის ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ რუსეთთან უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. მას ამ სახელმწიფოსთან მძიმე ომი ელოდა. ამის შესახებ მომდევნო ნომერში გიამბობთ.