კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასახლდნენ ბარაბას შთამომავლები საქართველოში და მიიღეს თუ არა მათ ქრისტეს რჯული


ორიოდე კვირაში საქართველოს მოსახლეობა მცხეთობას – უფლის კვართის დღესასწაულს იზეიმებს. 14 ოქტომბერს ჩვენი სამშობლოს ათასობით მოქალაქე სვეტიცხოვლისკენ გასწევს, სადაც მათ ელიოზ მცხეთელისა და ლონგინოზ კარსნელის ჩამოტანილი ქრისტეს კვართი ეგულებათ. იმ სვეტიცხოვლისკენ, რომლის მშენებლობაც (დღევანდელი სახით) ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ზუსტად 1000 წლის წინათ დაიწყო...

სვეტიცხოველი, საყოველთაოდ მიღებული აზრით, უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდედ და ქართველი ერის სიამაყედ ითვლება. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, ისეთ თემაზე ისაუბრებს, რომელიც ქრისტიანობასთანაც არის დაკავშირებული და მცხეთასთანაც.

გელა გარაყანიძე: მას შემდეგ, რაც 30 ვერცხლის სანაცვლოდ, იუდა ქრისტეს ეამბორა, მღვდელმთავართაგან, უხუცესთაგან და მათ მსახურთაგან შედგენილი რაზმი, შეიარაღებული მახვილებითა და კეტებით, იესოს შესაპყრობად შემოეხვია, მაშინ უთხრა იმ ხალხს იესომ: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით მოხვედით ჩემს შესაპყრობად“.

პილატე, ცნობილი მიზეზების გამო, სულაც არ იყო მოწადინებული იესო სიკვდილით დაესაჯა. ქრისტეს გარდა, მას ჰყავდა კიდევ ერთი ტუსაღი – ბარაბა.

– ბატონო გელა, თუ შეიძლება, ბარაბაზე შედარებით ვრცლად ვისაუბროთ. კიდევ რა არის ცნობილი მის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი ავაზაკი იყო?

– ბარაბას შესახებ ახალი აღთქმის ოთხივე სახარება ერთობ მწირ ცნობებს გვაწვდის. მათეს სახარების მიხედვით, ბარაბა გახლავთ „ცნობილი პატიმარი“. სულ ეს არის! რა უნდა დავასკვნათ ამ ორი სიტყვით? დავუშვათ, ჩავთვალეთ, რომ იგი „რეციდივისტია“, მაგრამ რომელ სფეროში – იმ დროს ხომ იგი ვერც ბანკებს გაძარცვავდა და ვერც მეტროპოლიტენის მგზავრებს...

მარკოზისა და ლუკას სახარების მიხედვით, ბარაბა არის „მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაიდინეს“.

ბარაბას მკვლელობაში აქვს მონაწილეობა მიღებული... რაც შეეხება ამბოხს – იქნებ პატრიოტულ ნიადაგზე მოხდა მისი ამბოხებაში ჩართვა?! ასე შეიძლება მკვლელობაზეც ვთქვათ – იქნებ თავს იცავდაო!

იოანეს სახარებაში ბარაბაზე მხოლოდ ერთი სიტყვაა გამეტებული – „ავაზაკი“.

ჩემი აზრით, სიტყვა „ავაზაკის“ ეტიმოლოგია ასეთია: „ავი“ პლუს „ზაკვა“, ორი სიტყვის შერწყმასთან უნდა გვქონდეს საქმე. ახლა კი ვნახოთ, რა ცუდი შინაარსისაა ეს ორივე სიტყვა სულხან-საბას მიხედვით: „ავი“ – არაკეთილი, ბოროტი. „ზაკვა“ – პირით სიყვარულსა იჩემებდეს და გულითა ბოროტი დაიმარხოს.

– ავაზაკების თემა აქ არ მთავრდება. იესოს ჯვარცმისას, კიდევ ორი ავაზაკი ჩნდება, რომელთაც ასევე ჯვარს აცვამენ. აღსრულდება წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ავაზაკთა შორის შეირაცხა“. ამის შემდეგ რა ხდება?

– ახლა კი მივედით მთავარ სათქმელთან. რამდენიმე წლის შემდეგ ქრისტეს ჯვარცმიდან, ცნობილი ქართველი მემატიანის ლეონტი მროველის მიხედვით: „უესპასიანოს ჰრომთა კეისარმა წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთავე ურიათა თანა, რომელთა თანა ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენის იესოს წილ“.

იგივე ცნობას იმეორებს ვახუშტი ბატონიშვილიც, ოღონდ იგი ერთ შვილზე საუბრობს.

– თქვენი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ბარაბას შთამომავალნი ჩვენთან დამკვიდრდნენ? რა ბედი ეწიათ მათ შემდგომში?

– „ქართლის ცხოვრების“ პირველი ტომი სადაც ეს ამბებია აღწერილი, ძალზე გვიან – პირველად 1993 წელს წავიკითხე (თუმცა ისტორიკოსი არ გახლავართ, მაინც არ მეპატიება!) ეს ის დროა, როცა ჩვენთან „მხედრიონი“ „ბაირამობდა“... სინათლე არ იყო და სანთლის შუქზე ვკითხულობდი (გეხსომებათ „მეცხრე ბლოკის“ პერიპეტიები“). როგორი იყო ჩემი აღშფოთება, როცა გავიგე, თუ სად იყვნენ დასახლებული ძველად მოსული ურიანი: „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემით და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლსა და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი“.

დღეს ამ „წყაროს“ თეზამი ეწოდება, ხოლო ზანავს, რომელსაც მოგვიანებით ხერკი ერქვა, თეზმის ხეობა.

– რამ აღგაშფოთათ? მიგრაციამ, თუ ემიგრაციამ, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და არც გუშინ დაწყებულა?

– საქმე ის არის, რომ მე თავად გახლავართ თეძმის ხეობიდან და ჩემი წინაპრები იქ ხუთას წელზე მეტია, რაც სახლობენ. ამ ამბით ხშირად მიტრაბახია. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჩვენზე ადრე აქ ბარაბას ნაშიერთ უცხოვრიათ... იმ ღამეს ღმერთს საყვედურიც კი შევკადრე. ერთი მხრივ საამაყო ფაქტებთან გვაქვს საქმე – საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ქრისტეს კვართი სვეტიცხოველშია დავანებული, ქართული ენა გამოცხადებულია ქრისტეს ენად – მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ამ ენაზე დაელაპარაკება სამყაროს... რაღა აუცილებელი იყო ბარაბას შვილთა ჩვენთან ჩამოთესლება – საცა ერთი ძაღლი-მამაძაღლია, ყველა საქართველოში როგორ ცდილობს დამკვიდრებას...

მართალია, შვილების შესახებ არაფერია ცნობილი, იქნებ, ისინი მამისგან განსხვავებით, ბევრად დადებითი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ... იქნებ! იქნებ, არც იყვნენ? აკი დიდი დავით გურამიშვილი გვაფრთხილებს:

„ყოველი წული მშობელთა, მზგავსი მზგავსს ემსგავსებიან,

გინდ იყოს კოჭლ-ბრმა, ქაჩალი, დედ-მამათ ეთავსებიან“.

– თქვენი სულის უკმაყოფილების მიზეზებს გაგებით ვეკიდები. იქნებ მარტოც არ ხართ თქვენს განცდებთან... ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ისტორიკოსთა შრომებში, ბარაბას შვილთა დევნილობის თემა თითქოს მიჩქმალულია.

– მეოთხე საუკუნეში ასეთი მოვლენა მოხდა: მირიან მეფის დროს, როცა „ნათელ-იღო მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ხელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთასა. და შემდგომად ამისსა აკურთხეს მდინარე მტკვარი, და ეპისკოპოსმან შეამზადა ადგილი ერთი, მიწურვით ხიდისა კარსა მოგუეთისასა, სადა ყოფილიყო სახლი ელიოზ მღვდელისა, და მუნ ნათელ-ცემდა წარჩინებულთა თვითოსა და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო, ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარესავე პირსა, ორგან, ორნი იგი მღვდელნი და დიაკონნი ნათელს-სცემდეს ერსა... და ჰურთათა, ანუ ებრაელთა, მცხეთელთა არავე ნათელ-იღეს, გარნა ბარბიანთა ნათელ-იღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამისთვისცა დიდი ქმნეს იგინი წინაშე მეფისა და მიუბოძა მათ დაბა, რომელსა ჰქვიან ციხედიდი.“

როგორც ხედავთ, ბარაბას შვილები, განსხვავებით თანამოძმეთაგან, ქრისტიანობას იღებენ! თანაც, გვარიანად გამრავლებულან – ორმოცდაათ სახლად ცხოვრობენ.

ხედავთ, მართლმადიდებლური მოძღვრების მადლმა რა ჰქმნა? ავაზაკის, მკვლელის ნაშიერიც კი ქრისტეს აღმსარებლობას შეუყენა!

რაც შეეხება ციხედიდს, ასეთი დასახლებული პუნქტი დღეს აღარ არსებობს. ადრინდელი ციხედიდი კი დღევანდელი ძეგვის მიდამოებში იყო.

– არცთუ საგანგაშო ვითარება ყოფილა. ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა პირველი ადამიანი, ვინც სამოთხეში მოხვდა, ავაზაკი არ იყო? სწორედ ის, ვინც ქრისტესთან ერთად აცვეს ჯვარს, რომელიც თავისი კოლეგისგან განსხვავებით ქრისტეს გამოესარჩლა!

– ამას გარდა, იქნებ, არცთუ უადგილოა იმის გახსენება, რომ სწორედ მცხეთაში დაუდგა ძეგლი ქართველმა ერმა ყაჩაღ არსენა მარაბდელს, რომელიც სახალხო გმირად შერაცხა. მაგრამ, სინამდვილეში, ქართველმა ერმა კი არ დაუდგა ძეგლი არსენას, არამედ კომპარტიამ და საბჭოთა ხელისუფლებამ. არსენა – მარაბდელი კი არ იყო, არამედ – მარაბდიდან! „მარაბდელი“ მას მიხეილ ჯავახიშვილმა უწოდა, რომელსაც სულ სხვა მხატვრული ჩანაფიქრი ჰქონდა (ეგონა, რომ მარაბდის ბრძოლა 1624 წელს მოხდა; სინამდვილეში 1625 წელს მოხდა) და თანაც, თავის რომანს ქაქუცა ჩოლოყაშვილზე წერდა და 1924 წლის აჯანყებაზე – პარალელს ავლებდა 300 წლის წინანდელ ამბებთან!

არსენა ოძელაშვილი ქართველი ერის გმირი რომ ყოფილიყო, მის სახელს ასეთი ფორმით არ მოიხსენიებდნენ. ქართულად ასე ჟღერს: არსენ იყალთოელი, არსენ კათოლიკოსი, არსენ ნინოწმიდელი, არსენ მეკოკიშვილი... არჩილ მეფე ... ნოდარ დუმბაძე... და არა არსენა იყალთოელი, არჩილა მეფე, ნოდარა დუმბაძე, აკაკა წერეთელი, თამარა მეფე, ვახტანგა გორგასალი, თეიმურაზა მეორე, ზვიადა გამსახურდია....

– ფაქტია, რომ ყაჩაღებისა და ყაჩაღობის თემა ქართული სინამდვილისთვის ყოველთვის აქტუალურია. ქართული სულიერებისთვის, მწერლობისთვის, თეატრისთვის, კინოსთვის, ტელევიზიისთვის...

– დიახ, ყაჩაღებს ისტორიულად ქართულ რეალობაში სანთლით ძებნა არ სჭირდება... ქართლ-კახეთში სწორედ ასეთი სიტყვით მოიხსენიებენ, გურულები ამჯობინებენ სიტყვას – ფირალი, იმერლები – გავარდნილი, მეგრელები – აბრაგი...

ერთი რამ კი ხაზგასმით უნდა ითქვას: თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ყაჩაღებს სხვა თვალით უყურებენ და დამონებულ, დაპყრობილ ქვეყანაში – სხვა თვალით.

თავისუფალ ქვეყანაში მათ უფრო მკაცრად განსჯიან, დამონებულში – უფრო რბილად... შოთა რუსთაველი ძალზე შეუწყნარებელია მათ მიმართ თავის „ვეფხისტყაოსანში“, მაშინ როცა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების შემოქმედნი თავიანთ ყაჩაღ პერსონაჟებს კეთილშობილებისა და რომანტიკულობის ბურუსში ხვევენ.

ასეც უნდა იყოს – თავისუფალ ქვეყანაში ყაჩაღი მმართველი კლასის კერძო საკუთრებას ხელყოფს, დამონებულში კი, იმ ნაძირალებისას, ვინც დამმონებლებს შეეკრა და მათი მფარველობით იშოვა ქონება. მაგრამ, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა დამონებულში გამდიდრებულნი თავიანთი ქონების გულმოდგინედ დაცვას ახერხებენ და აქაურ ყაჩაღებს ისევ საწყალი ხალხის ძარცვა უხდებათ.


скачать dle 11.3