სიბრძნე და ნდობა
ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველი ნდობაა. მით უმეტეს, შეუძლებელია, ერთ ჭერქვეშ იცხოვრო ადამიანთან ისე, რომ მას არ ენდობოდე. ასე რომ, საქმე მარტივია. გიყვარდეს და ენდე, მაშინ ოჯახური ცხოვრებაც ჰარმონიული და მშვიდი იქნება. მაგრამ, მეტისმეტი ნდობა და უკიდურესობაში „გადავარდნაც”, არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტნიორის ყოველი ფეხის ნაბიჯს ამოწმებდე. თუმცა, სიფხიზლე ზედმეტი არასოდეს არაა. როცა რამეს ამჩნევ და იმასაც ხვდები, რომ შენი ეჭვი უსაფუძვლო არ არის, გაჩუმება მხოლოდ ზიანს მოგიტანს. უპირველესად, ეს სწორედ ურთიერთობაზე აისახება. მაგრამ, ბუზისგან სპილო არ უნდა შექმნათ. ამაში სიბრძნე დაგეხმარებათ, რომელშიც ინტუიციაც უნდა იყოს შერწყმული.
ყველა ქალი ოცნებობს მყარ ოჯახსა და ერთგულ მეუღლეზე. ამიტომ, სანამ მამაკაცთან ურთიერთობას დაიწყებდეთ, კარგად დააკვირდით მას და გადაწყვიტეთ – შეიძლება მისი ნდობა? დაუჯერეთ სიტყვებს კი არა, საქციელს. მთავარია, რას აკეთებს ის თავისი გრძნობის, ერთგულების დასადასტურებლად. შეიძლება, ბევრი ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორ ენატრებით, მაგრამ მთელი კვირა ისე გავიდეს, ერთხელაც არ დაგირეკოთ. თუ არ აინტერესებს, სად ხართ და როგორ ხართ, ცარიელი სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს.
ურთიერთობის პირველ ეტაპზევე მიახვედრეთ თქვენი რჩეული, რომ ენდობით, მაგრამ თქვენი ნდობა უსაზღვრო და „ბრმა” არ იქნება. თუ მას ჩვევად აქვს, რამდენიმე დღე „დაიკარგოს”, მერე კი ისევ გამოჩნდეს, ვითომც არაფერი მომხდარაო, თქვენ გაბრწყინებულ-გაღიმებული არ უნდა შეხვდეთ. მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქციელით, ადრე თუ გვიან, დაგკარგავთ.
არასოდეს დააყვედროთ პარტნიორს ის, რომ მის მიმართ ნდობა გაქვთ. ძალიან კარგია, თუკი ენდობით, მაგრამ ეს ხომ მარტო თქვენი დამსახურება არ არის. ქალური სიბრძნე ყველაზე სერიოზული იარაღია. შეუხამეთ ის ნდობას და ყველაფერი კარგად იქნება.