მამაკაცების გასაგონად
ერთი ძალიან ცნობილი ფრანგი დრამატურგი ამბობდა: „პატივი სცეს ქალს – ეს ყველა წესიერი მამაკაცის ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას ის პატიოსნად უნდა იცავდეს!” სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მამაკაცმა ან არ იცის ეს, უბრალოდ, ხშირ-ხშირად ივიწყებს მას... და, თუ თქვენ გვერდით სწორედ ასეთი მამაკაცია, აუცილებლად შეანჯღრიეთ, რათა იგრძნოს, რომ მის გვერდით ქალია.
არ შეიძლება, მამაკაცმა საკუთარი უხეშობა გაამართლოს იმით, რომ ის მამაკაცია. სწორედ იმიტომ, რომ მამაკაცია, არ ეკადრება თავისზე სუსტი არსების დაჩაგვრა. ძლიერი სქესის სტატუსი მას შეიძლება, რაღაც უპირატესობას ანიჭებდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობასაც ორმაგად აკისრებს. ასე რომ, თუ იმის პრეტენზია გაქვთ, როგორც მამაკაცს გადაწყვეტილებების მიღებაში პრიორიტეტი უნდა მოგენიჭოთ, – ინებეთ და გაითვალისწინეთ: ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა „შეავიწროოს” თქვენი პარტნიორი ქალბატონის ინტერესები. ის უფრო მეტს იმსახურებს – ყველაფერს საუკეთესოს. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენს გვერდითაა. მისი პატივისცემით, უპირველესად, საკუთარ „მეს” სცემთ პატივს და ეს არასოდეს დაგავიწყდეთ.
ფრანგები ამბობენ, როგორ იქცევა ჭეშმარიტი მამაკაცი, როცა ხვდება რომ ქალბატონთან დამნაშავეა? – დაუყოვნებლივ, მოწიწებით უხდის მას ბოდიშს; და „როგორ იქცევა ჭეშმარიტი მამაკაცი იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავე ქალბატონია? – ყიდულობს ულამაზეს თაიგულს და განსაკუთრებული მოწიწებით უხდის მას ბოდიშს!
P.S. ვის – ვის და ფრანგებს დაეჯერებათ, დღემდე სწორედ ისინი ლიდერობენ საუკეთესო კავალრების რეიტინგში.