რომელი ავტომანქანით დააჯილდოვეს იური გაგარინი და ინახება თუ არა მისი მასშტაბური ასლი ნიკა ალინიჩენკოს კოლექციაში
14 წლის თბილისელი, ნიკა ალინიჩენკო კარგა ხანია, სამოდელო ავტომანქანების შეგროვებით არის დაკავებული. მის კოლექციაში ამჟამად ასზე მეტი ავტომანქანაა, რომელთა დიდი ნაწილიც ბაბუისგან ერგო, ნაწილი კი მან შეიძინა. თუ როგორ უვლის ნიკა საკუთარი კოლექციის ნიმუშებს, რომელს გამოყოფს მათგან, ან რას გეგმავს სამომავლოდ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკა ალინიჩენკო: ამ კოლექციას ჯერ კიდევ ჩემ დაბადებამდე აგროვებდნენ. ის ჩემს ბაბუას, ალპინისტ ირაკლი გელდიაშვილს ეკუთვნოდა. როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, დედაჩემი 10 წლის იყო. ვინაიდან დედას ძმა არ ჰყავდა, ეს კოლექცია კარგა ხნით შეინახეს. წლების შემდეგ, კი როდესაც დავიბადე, მე მაჩუქეს.
– ალბათ, ძალიან გაიხარებდი.
– ძალიან, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჯობდა, ცოტა გვიან გამოეჩინათ.
– რატომ?
– უკეთესად მოვუვლიდი და იმიტომ. მაშინ პატარა ვიყავი და ძალიან ბევრი მანქანა დავამტვრიე, ბევრიც – დავაზიანე.
ამ ბოლო წლებში სერიოზულად დავინტერესდი სამოდელო ავტომანქანების შეგროვებით და ბაბუას დანატოვარს ბევრი ახალი ავტომანქანაც შევმატე.
– რომელია შენს მიერ შეძენილი მოდელები?
– მაგალითად, ეს „ფოლკსვაგენის“ ოთხივე მოდელი ჩემი შეძენილია, „მერსედესის ჯიპიც“... ჩამოთვლა არცაა საჭირო, ერთი შეხედვითაც ნათელია, რომელი მოდელია ბაბუას შეძენილი და რომელი ჩემი. ისე როგორც მე, ბაბუაც თავის თანამედროვე მანქანებს აგროვებდა, რომლებიც მაშინ ძალიან ძნელი საშოვნი იყო. ამ კოლექციის ზრდას თავის დროზე ის უწყობდა ხელს, რომ ბაბუა ძალიან ბევრს მოგზაურობდა. ის ალპინისტი იყო და თითქმის ნახევარი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, შეიძლება, უფრო მეტიც, ან უფრო ნაკლები – მე ხომ არ გამიზომია. ერთი კი ზუსტად ვიცი, სადაც მთა იყო, ირაკლი ბაბუაც იქ იყო... იგი უშბაზე ასვლისას დაიღუპა 1984 წელს. როგორც გადმოცემით ვიცი, თურმე ზვავი ჩამოწვა და სპორტსმენები შეიწირა. ექვსნი იყვნენ და ექვსივე დაიღუპა.
– მოდი, შენს მიერ შეძენილ მოდელებზე ვისაუბროთ.
– მე ვიძენ ისეთ მოდელებს, რომლის მსგავს ავტომობილებს თბილისის ქუჩებშიც ნახავთ. ბოლო ხანებში ეგრეთ წოდებულმა „პირველყოფილმა მანქანებმაც“ გამიტაცა. მაგალითად, ძალიან მომწონს „რუსობალტი“, რომლითაც ერთ დროს რუსეთის მეფის ოჯახის წევრები დაბრძანდებოდნენ. ეს არის 1938 წლის „ზის 110“ („ზავოდ იმენი სტალინა“), ეს მოდელი ემსახურებოდა იოსებ სტალინს. ეს კი გახლავთ ცნობილი „გაზ-21“ ანუ „ვოლგა“, რომლითაც 1961 წელს დააჯილდოვეს მსოფლიოში პირველი კოსმონავტი იური გაგარინი.
– სულ რამდენი მოდელია ამჟამად კოლექციაში?
– ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ასზე მეტი ნამდვილად იქნება. ვგულისხმობ, ისეთ მოდელებს, რომელთა განადგურებაც ბავშვობაში ვერ მოვასწარი (იცინის).
ცალკე თემაა ამ კოლექციაში სამხედრო ტექნიკა. მე, ძირითადად, ისეთი მოდელები მაქვს, სამამულო ომის დროს რომ იყენებდნენ.
ჩემს კოლექციაში ისეთი მოდელებია, ბევრი კოლექციონერი რომ ოცნებობს. იმას ვგულისხმობ, რომ ამჟამად ჩინელებმაც დაიწყეს ავტომოდელების გამოშვება, მაგრამ მათ მოდელებს არ აქვს დეტალირება – ავტომანქანის კარი, თუ საბარგული არ იხსნება. ახლანდელი რუსული მოდელებიც არ იწვევს დიდ აღფრთოვანებას, ისეთი ლითონისგანაა დამზადებული. ყველაზე საუკეთესო ხარისხის, ისევ ძველი საბჭოთა მოდელებია.
– რა მასშტაბებშია ეს კოლექცია წარმოდგენილი?
– მაქვს რამდენიმე დიდი ზომის მოდელი, თუმცა კოლექციის ავტომოდელთა უმრავლესობა 1:43 მასშტაბშია წარმოდგენილი.
ახლა 14 წლის ვარ, მაგრამ უკვე დასახული მაქვს სამომავლო გეგმები. იმედია, ყველაფერს განვახორციელებ. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ კოლექციის უფრო გაზრდა და გამრავალფეროვნებაც შედის. უახლოეს მომავალში კი, ჩემი გეგმის მიხედვით, დავამზადებ სპეციალურ სტენდს, სადაც განვათავსებ ამ კოლექციას.
– ნიკა, რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?
– ძნელია ერთი სიტყვით, ან ერთი წინადადებით ამის თქმა. ეს კოლექცია არის ის, რაზე საუბარი და რისი ცქერაც არასდროს მომწყინდება. თან, ჩემთვის ძვირფასი პიროვნების დანატოვარია. მე მას პირადად არ ვიცნობდი, თუმცა მისი სახელი სულ თან დამყვება. ბებიები ხშირად მსაყვედურობენ, კარგი იქნებოდა, სწავლაზე, იმის ნახევარი მაინც გეფიქრა, რამდენსაც ამ კოლექციაზე ფიქრობ და ზრუნავო.
– სწავლა გეზარება?
– არა, მაგრამ მეცადინეობაზე დიდ სიამოვნებას კოლექციის მოვლა მანიჭებს. არ მკითხოთ ახლა, რატომო (იცინის).
– სამომავლოდ დასახული გეგმები ახსენე, პროფესია თუ გაქვს არჩეული?
– ექიმი მინდა, გამოვიდე, ქირურგი. ჩემს კაბინეტში კი აუცილებლად განვათავსებ ჩემი სამოდელო ავტომანქანების კოლექციას.