კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებს აფექტის დროს და კრიტიკულ მომენტში ლანა ქუთათელაძე და როგორი სიყვარულის არ სწამს მას


სულ მალე მაყურებელი კიდევ ერთ „ჯეოსტარს“ იხილავს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ საქართველოში. პირადად მე, როდესაც „ჯეოსტარის“ ქასთინგებს ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი იმას, რაც იქ ხდება. თუმცა, „ჯეოსტარის“ „პრიკოლებზე“ ძალიან ბევრი ადამიანი ხალისობს. სინამდვილეში კი, ამ ყველაფრის მიღმა საკმაოდ ბევრი სირთულე და ნერვიულობა იმალება, რაც ხშირად ჟიურის, განსაკუთრებით კი ემოციური ლანა ქუთათელაძის ხალისიანი და კეთილი სიცილის მიზეზიც ხდება.


– როდესაც „ჯეოსტარის“ შესარჩევი ტური იწყება, თქვენი ცხოვრების სტილი მთლიანად იცვლება.

– თავისთავად, მთელი აგვისტო მომთაბარე ტომივით ვართ.

– ალბათ, რთულია, სახალისო ნამდვილად არ იქნება.

– სახალისოა მაყურებლისთვის, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ სახალისოა ჩვენთვის, უშუალო მონაწილეებისთვის. ის, რაც ეკრანზე ჩანს, ეს არის მცირე ფრაგმენტები, როდესაც რაღაც მომენტში კარგ ხასიათზე ვართ. ძირითადად, ეს არის ძალიან რთული. შეიძლება, ვინმესთვის ძნელად აღსაქმელი იყოს, რა არის ამაში რთული?! მაგრამ, დამერწმუნეთ, ჯერ ერთი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რამე არ შეგეშალოს, არ დაჩაგრო ვინმე ნიჭიერი ადამიანი, დაღლილობის გამო არ გამოგრჩეს ვიღაცის განსაკუთრებულობა. აქედან გამომდინარე, სულ დაძაბულები და ყურადღებით ვართ, ჩასაფრებული, რომ შეცდომა არ მოგვივიდეს. საქართველოში ყველას ჰგონია, რომ კარგად მღერის. აქედან გამომდინარე, ძნელია, აუხსნა – რატომ არ აგყავს. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, უკვე სამი წელია, ქასთინგებში ვმონაწილეობ, ყველაზე ძალიან მიჭირს ადამიანისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არ გადაგვყავს ტურებში, როცა სმენაც აქვს, მღერის, ხმაც აქვს – თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მაინც არ აგვყავს. როდესაც ძალიან თვალნათლად გაქვს უნიჭობასთან საქმე, არც ნერვიულობ და უარსაც ადვილად ეუბნები.

– ქასთინგები საათობით გრძელდება, ალბათ, ძალიან იღლებით, განტვირთვა ხომ გინდათ?

– განტვირთვა ის არის, რასაც მე ვაკეთებ, ბევრს ვიცინი და მერე სააშკარაოზე გამოაქვთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ნერვული სტრესის ფონზე მემართება, უბრალოდ, სასაცილოა და მეცინება, გამოვხატავ ჩემს ემოციებს ძალიან დაუფარავად. საოცარი განტვირთვაა, როდესაც ძალიან კარგი კონკურსანტი შემოდის. მისი ნიჭით აღტაცებულები, დამერწმუნეთ, იმ მომენტში სამივე საოცრად ბედნიერები ვართ. როდესაც შემოდის კონკურსანტი, რომელიც იცი, რომ უკვე ფინალშია და დახედავ, ამ კონცერტში, იმ კონცერტში როგორი იქნება, ეს არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, უდიდესი ადრენალინი და საოცარი განტვირთვა ჩემთვის. დუტაა კიდევ ჩვენი განტვირთვა. რომ დაინახავს, უკვე სახეები აღარ გვაქვს, ისეთ რამეს გვეტყვის, გაგვიკეთებს, იცეკვებს, იმღერებს, რომ გადაგვაქვს დაღლილობა.

– ვისი იდეა იყო ყულაბის დადგმა?

– პროექტის პროდიუსერის. არ გვეუბნებიან, რამდენი თანხა დაგვიგროვდა. რამდენიმე დღის წინ მოვიკითხე, სად არის ჩვენი მოგროვილი ფული-მეთქი და მითხრეს, პირველ კონცერტზე გაიხსნებაო.

– სამიდან ვინ დაიჩაგრა ყველაზე მეტად?

– მგონი, მე არა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პროფესიით რუსულის ფილოლოგი ვარ. კი ვხმარობ რუსულ ტერმინებს, მაგრამ ისეთი სიხშირით არა.

– პირველი პროფესია ახსენეთ, ხშირად იცვლიდით პროფესიებს?

– ძალიან ბევრი პროფესია გამოვიცვალე. სიახლეების დიდი მოყვარული ვარ. არ მიყვარს ერთფეროვანი, რუტინული სამუშაო, ამიტომაც ვმუშაობ „რუსთავი 2-ში“. ეს არის ადგილი, სადაც დღეებს კი არა, საათებსაც არ გაგატარებინებენ ერთფეროვნად. პროფესიით ვარ რუსულის ფილოლოგი, შემდეგ დავამთავრე თეატრალური, კინომცოდნეობის ფაკულტეტი. მერე დავიწყე მუშაობა ფესტივალზე, რადიოში, რა სამსახური აღარ გამოვიცვალე. მაგრამ მგონი, ახლა ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესო სამუშაო მაქვს. მთავრდება ერთი პროექტი, იწყება – მეორე, მესამე. ეს უწყვეტი ნაკადია უცნობი ადამიანების – სხვადასხვა ცხოვრება, ბიოგრაფია. ოთახში შედიან და გამოდიან სულ სხვადასხვა ადამიანები. საოცრად ემოციური ადამიანი ვარ. ყველა დამცინის უკვე არა მხოლოდ იმ სიცილის გამო, ასე საქვეყნოდ რომ ვიცინი, არამედ ცნობილი ვარ, როგორც მტირალა. „ჯეოსტარის“ ტურებზე თითოეული კონკურსანტის გავარდნაზე ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი და ვერაფრით შევეგუე, ვერ შევეჩვიე ამას.

– ცხოვრებაშიც ასეთი ემოციური ხართ?

– ცხოვრებაში ვარ ძალიან გაწონასწორებული, თავშეკავებული ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემგან არავის ახსოვს ემოციების ზედმეტი გამოვლინება, შვილთანაც კი ძალიან გაწონასწორებული ვარ. საქმეში ვარ ცოტა სენტიმენტალური.

– როგორც ვიცი, თქვენი შვილი, მიუხედავად ასაკისა, კლასიკური მუსიკით არის დაინტერესებული და უსმენს.

– ჩემს შვილს მუსიკა სძულს. იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ კლასიკური მუსიკა მოსწონდა. 2-3 წლის ასაკში ბებია ასმენინებდა და ისიც ინაბებოდა, ყურადღებით უსმენდა. ბებიას კლასიკური მუსიკის კონცერტებზეც დაჰყავდა და იქიდან ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ბრუნდებოდა, მიუხედავად ასაკისა. ახლა მოსწონს „ფინქი“. ამ თვალსაზრისით, ძალიან უცნაური შვილი მყავს. ეზიზღება ყველა ის პროექტი, რომელშიც მე ვმონაწილეობ – „ჯეოსტარი“, „ანა-ბანა“, „ვარსკვლავების აკადემია“. კატეგორიულად არ უყურებს, არ უყვარს პოპ-მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ანუ ყველაფერი, რაც მსუბუქ ჟანრთან არის დაკავშირებული და შეიძლება ითქვას, ამაში მე მგავს. ასე ვიყავი მეც, არც მე მიყვარდა ეს ყველაფერი და მარინა ბერიძემ შემაყვარა. ეს რომ ტელეინდუსტრიასთან არ იყოს დაკავშირებული, ამ საქმით ნამდვილად არ დავკავდებოდი.

– ის, რომ დაკავებული ხართ და შვილისთვის ბევრი დრო არ გრჩებათ, ამან ხომ არ გამოიწვია მისი დამოკიდებულება ამ პროექტებისა და მუსიკის მიმართ?

– მგონია, არა, რადგან მანქანაში რომ ვრთავ რადიოს, მეუბნება, გეხვეწები, გამორთე, ხომ იცი, ვერ ვიტანო. ჩემი შვილი არ არის სენტიმენტალური და გულს არ იმძიმებს იმით, რომ სამსახური დედას ართმევს. რა თქმა უნდა, ამას განიცდის, მაგრამ ძალიან რეალისტია, ცხოვრებას რეალისტურად უდგება. თანაც, მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმი აქვს. მას უკვე ესმის, რომ ჯობია, დედამ იმუშაოს და მას ხელი შეუწყოს, ვიდრე სახლში იჯდეს და არაფერი აკეთოს – მგონი, ასე ფიქრობს და ვნახოთ.

– როგორც ბევრ ადამიანს, თქვენც, ალბათ, შეგხვედრიათ ამ ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა, რომელთან ბრძოლა ადამიანს დიდ გამოცდილებას ჰმატებს.

– რა თქმა უნდა, ეს არის გამოცდილება, რომელიც ნელ-ნელა მოდის. ამ მხრივ, მე ვიყავი ძალიან სუსტი ადამიანი, ცხოვრებაში არასდროს გამაჩნდა ბრძოლის უნარი. უბრალოდ, ვიყავი ძალიან თავმოყვარე, პრინციპული, ხისტი ურთიერთობებში და რომ ვიტყოდი – არა, იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ხშირ შემთხვევაში, ბევრ შეცდომას ვუშვებდი. ახლა ვისწავლე ცოტა ლავირება, დიპლომატია, ცოტა რაღაცის არგაგება, არდანახვა. სამწუხაროდ, ეს აუცილებელია, განსაკუთრებით იმ გარემოსა და, სფეროში, სადაც მე ვმუშაობ. ამის გარეშე გამორიცხულია ურთიერთობა. ეს არასდროს არსად მითქვამს და ახლა უნდა გითხრათ. ამ ცხოვრებაში ჩემს პირველ მასწავლებლად ლერი სახაროვს მივიჩნევ, ჩვენ „ტელე-სინე-ვიდეოში“ ვთანამშრომლობდით და ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მან მითხრა, ასეთი რამ – სანამ რაღაცაზე რეაქციას გამოხატავ, პასუხს გასცემ, მანამდე დაითვალე ათამდე. ათამდე მშვიდად რომ დაითვლი, მერე, დამერწმუნე, სულ სხვანაირი პასუხი გექნებაო. მართლაც, კრიტიკულ მომენტში, როცა მინდა ავფეთქდე, ვიჩხუბო, საზიზღრობა ვთქვა, მაშინვე ეს მახსენდება – ვიწყებ თვლას და როგორც კი დავითვლი, ვგრძნობ, რომ დაცხრა ემოცია, პირველი აფექტი და ბევრად უფრო ლოგიკურია მერე ჩემი საქციელი, პასუხი და ქმედებაც.

– ანუ, აფეთქებული ლანა უფრო ადრეულ პერიოდში იყო.

– ძალიან იშვიათად ვფეთქდები, მაგრამ, თუ კი ვინმეს უნახავს აფეთქებული ლანა, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან საშიში მდგომარეობა. თუმცა, მოთმინების უნარი უსაზღვრო მაქვს და ძნელია გამომიყვანო მდგომარეობიდან, მაგრამ თუ დამელია მოთმინება, მერე უკვე ძალიან მრისხანე ვარ. სამსახურში ჯერ ეს არ უნახავთ და იმედია, არც ნახავენ.

– არ შემიძლია, „ანა-ბანაზეც“ არ გესაუბროთ, ეს პროექტი ძალიან მიყვარს.

– მიმაჩნია, რომ თუკი შეიძლება ითქვას, რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, ეს არის „ანა-ბანა“. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივი სამუშაოა. „ანა-ბანა“ კი ჩემი მეორე შვილია, უზომოდ მიყვარს, არანორმალურად, მართლაც შვილივით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებს, „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური რედაქცია. იმიტომ, რომ იყვნენ კარგი მომღერლები საქართველოში და ნაკლებად – „თბილისოს“ ისეთი შემსრულებლები, რომლებზეც მთელი ქალაქი იცინის.

– თითქმის ყველა „ჯეოსტარელს“ ძალიან უყვარხართ.

– ცალმხრივი სიყვარულის არ მწამს, არც მამაკაცთან, არც სამსახურში და საერთოდ, ჩემთვის ცალმხრივი სიყვარული აუხსნელი თემაა. ასეა ბავშვებთანაც, ისინი რომ გრძნობენ, ძალიან მიყვარს, მერე იგივე მიბრუნდება, ეს ყველაფერი ცირკულირებს.

– დაბოლოს, როდისმე გყვარებიათ ცალმხრივად?

– არა. არასდროს.


скачать dle 11.3