ბიჭებს „შეყრილი“ რა ვირუსი უქმნის დისკომფორტს თიკო სადუნიშვილს და რა რისკზე წავიდა ის
ახალ სეზონს თიკო სადუნიშვილი ახალი პროვოკაციით იწყებს – მისი გადაცემა ყოველ ხუთშაბათს იმ დროს გავა, როდესაც მთელი საქართველო „რუსთავი 2-ზე“ „პროფილს“ უყურებს. როგორ წავიდა თიკო მსგავს რისკზე, რა შეიცვლება მის გადაცემაში ახალი სეზონიდან – ამ თემებზე სასაუბროდ თიკო გადაცემის „პრომოს“ გადაღებიდან რამდენიმე დღეში ჩავწერეთ, რომელსაც, როგორც თიკომ გვიამბო, საკმაოდ მასშტაბური სახე მიუღია.
თიკო სადუნიშვილი: სულ ახლახან გადავიღეთ „პრომო“. სულ გვინდოდა, რომ ის მასშტაბური ყოფილიყო და ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ „ბათუმი ლაივამდე“ დავიწყეთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებები ყოველდღიურად გვაქვს, ვერავინ მოიცალა ამისთვის. გადავდეთ, გადავდეთ, გადავდეთ და მოვედით ახალ სეზონამდე. ბესო სოლომონაშვილი და ჩემი რეჟისორი ერთად აკეთებენ. შვიდი გადასაღები დღე გვქონდა, დაახლოებით იმდენი, რამდენშიც დღეს ქართულ ფილმებს იღებენ. დილის 6 საათამდე გვქონდა გადაღებები. შვიდი გადასაღები ობიექტი იყო თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ხედებით. თავისი აპარატურებით, გზების გადაკეტვებით, ვიზაჟისტებით, სტილისტებით – ყველაფერი ფილმის გადაღებებს დაემსგავსა. მართალია, 3D არ არის, მაგრამ მგონია, რომ კარგი გამოვა. სპეციალურად ამ „პრომოსთვის“ სტეფანეს ვთხოვეთ და ერთწუთიანი მუსიკა დაგვიწერა, უკვე ბრენდი ვართ და, არა ჩვეულებრივი, წარმავალი გადაცემა. როგორც კი „პრომო“ ეთერში გავა, ერთი კვირის შემდეგ გადაცემასაც დავიწყებთ, გადაღებები კი უკვე დაწყებული გვაქვს. ასე, რომ, უკვე დღეიდან დავიწყე იმის გარკვევა, სად, როდის და რა ხდება. რომ არ ვიღებ არაფერს, მგონია, თბილისი მკვდარია, არაფერი ხდება.
– რომ არ იღებდი „ივენთებთან“ დაკავშირებით არც გირეკავდნენ?
– კი, რაღაცეებზე მირეკავდნენ, „პრესრელიზებიც“ მოდიოდა. ისე, „ბათუმი ლაივმა“ დამღუპა. მირეკავენ, რომ ქუთაისში გაიხსნა რაღაც სასტუმრო, კლუბი; კახეთში რაღაც ღონისძიებაა და ხომ არ მოხვალთო. რატომღაც ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოში დავდივარ, მყავს ვერტმფრენი და ერთ დღეში შემიძლია გავაკეთო „ანაკლია ლაივი“, „კახეთი ლაივი“ და სხვა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა: ხალხო, რადგან „ბათუმი ლაივი“ გავაკეთეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან დავდივართ. ჩვენი „სტაფი“ სულ ხუთი ადამიანით შემოიფარგლება. ახლა დაგვემატა ნიკა დვალიძე, ის „მიუზიკბოქსიდან“ წამოვიდა და ჩვენთან შევთავაზეთ გადმოსვლა. ის ჩემთვისაც და ალინასთვისაც არის ნიჭიერი ადამიანი, რომელიც კარგად წერს და შოუ-ბიზნესშიც გარკვეულია. ნიკა გადაცემის რედაქტორი იქნება. მგონია, რომ ბევრ რამეში დაგვეხმარება. იმ დღეს „გავტესტეთ“, სიუჟეტზე ტექსტი დავაწერინეთ და ძალიან სასაცილო გამოვჩნდი ნიკას ტექსტით. ცოტა ისეთი, სახასიათო, არტისტული მანერით წავიკითხე. მივხვდი, როცა ის ტექსტს დაწერს, მას ჩემებურად მოვირგებ და, მგონი, რაღაც გამოვა. ყოველთვის იმ წუთის ემოციით ვსაუბრობდი, არასდროს მქონია დაწერილი ტექსტი. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ, მგონია, რომ „ლაივ-გადაცემას“ ასე უხდება.
– თქვენი გადაცემის მთავარი ინტრიგა ის არის, რომ „პროფილის“ დროს გადიხართ?
– როდესაც გამოაცხადეს, ხუთშაბათს, მაია ასათიანის „პროფილის“ საათებში ვის უნდა საეთერო დროის აღებაო, ძალიან მორიდებულად ავიწიე ხელი. „პროფილი“ ყველაზე რეიტინგული შოუა საქართველოში და რთულია მისი კონკურენცია, ყველას ეშინია ამის, მაგრამ მე თამამად გადავდგი ეს ნაბიჯი...
– რატომ? არ შეგეშინდა, რომ რეიტინგები იქნება ოთხმოცი – შვიდთან, ან, რაღაც ამის მსგავსი?
– (იცინის) საერთოდ არ შემშინებია...
– როდესაც მას სტიგმატებზე ექნება გადაცემა, რა ხდება კლუბში, უტრირებულად ვამბობ, ამას ძალიან ცოტა უყურებს.
– ამით გამომჟღავნდება ერის გემოვნება.
– გემოვნება უკვე გამომჟღავნებულია – ლევან შავაძე გახდა ყველაზე ნიჭიერი.
– არ ვიცი. შესაძლოა, მართლა სარისკოა ეს ყველაფერი. ვნახოთ, მაია ასათიანი აჯობებს თუ „თბილისი ლაივი“, არ ვამბობ – თიკო სადუნიშვილი-მეთქი. სამწუხაროდ, გადაღებაზე ვიყავი და მაიას პირველი გადაცემა მხოლოდ „მაივიდეოზე“ ნაწყვეტების სახით ვნახე. მივხვდი, რომ ახალ სეზონზე მაიასთან შერკინება ბევრად უფრო რთული იქნება, რადგან ის აღარ არის ის წმინდა სულის მქონე მაია ასათიანი, ქალთა გიმნაზიის დახვეწილი მანერებითა და დაყენებული ხმით. უკვე თამამად ამბობს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: სექსი, გლამური და, არა მხოლოდ ამბობს, არამედ, სექსუალური მიხრა-მოხრის რაღაც დეტალებსაც გვიჩვენებს. რაღაც თუ ჰქონდა მას და რაღაც არ ჰქონდა, ახლა მასში ყველაფერია გაერთიანებული.
– შენი გადაცემა მაინც ძალიან ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი.
– მაია ასათიანის გადაცემა სერიალივით არის – რა დროსაც არ უნდა გადართო, მიხვდები რა ხდება; „თბილისი ლაივს“ კი ისეთი დინამიკა აქვს, ბოლომდე თუ არ უყურე, შვიდ მოვლენას გამოტოვებ, რომელიც დედაქალაქში მოხდა. მით უმეტეს, მისი ქრონომეტრაჟი ზოგჯერ ორ საათსაც ურტყამს – გააჩნია, როგორ ხასიათზეა. ჩემი კი ორმოცწუთიანი გადაცემაა, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით უნდა უყურო, გაყენებს კარგ ხასიათზე და ერთობი. ის ნახევარი საათი თუ ორმოცი წუთი ჩემს გადაცემას უნდა უყუროთ და მერე მაიასთან მაინც მიხვდებით, რა მოხდა. არ ვიცი, რა იქნება, ეს ერთგვარი აზარტიც არის და საინტერესოა. შესაძლოა, მე და მაიამ მაყურებელი გავიყოთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი ბედნიერად. აბსოლუტურად რეალურად ვაფასებ შესაძლებლობებს, ვიცი, გამიჭირდება, მაგრამ – კარგია.
– შენს იმიჯზეც მითხარი – ისევ ისეთი საოცარი ვარცხნილობები გექნება?
– დიახ, რადგან ამ სეზონზეც ჩემს საყვარელ სტილისტებთან და „ბაგატელთან“ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ახალი სეზონისთვის მათაც იმუშავეს – ახალი ვარცხნილობები მოგიფიქრეთო და ველოდები, რას გამიკეთებენ. შეიძლება მაია ასათიანს ვერ ვაჯობო ახალი ვარცნილობით, მაგრამ, რაღაცას მეც ვეცდები. ჩემს ჩაცმულობაზე ისევ ავთანდილი იზრუნებს. ძალიან წარმატებული გამოდგა „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ ავთანდილის ჩაცმულობა, ყველაზე დიდი ეფექტი მისმა კაბებმა მოახდინა. ახლაც „ფეშენვიქი“ იწყება და ისევ ავთანდილის დახმარებით ვეცდები ეფექტის მოხდენას. შიგადაშიგ, შეიძლება ექსპერიმენტული და ძალიან გადარეული რაღაცეებიც გამოვურიოთ. ყოველდღიურად მიწევს გადაღება და ძალიან დიდი ბიუჯეტი უნდა, რომ სულ ექსპერიმენტული რაღაცეები ვაკეთოთ. კარგია „კოკა-კოლას“ ქილებით დახვეული თმა, მაგრამ, ამას ყველაფერს დრო უნდა. კლუბი „ბამბა რუმი“ 9 ოქტომბერს იხსნება და ჩვენი გადაცემის სეზონსაც კლუბთან ერთად ვხსნით. „სტეფანე და სამი გოგო“ იმღერებს. წამყვანი ვიქნები-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ, რაღაც ტექსტი მიკროფონთან ერთად მექნება. ყველა სტუმრისთვის გვექნება სიურპრიზი, ბევრს ვიცეკვებთ, ვიმღერებთ. ერთკვირიანი დასვენების მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საშინლად მომენატრა და დიდი სიხარულით ველოდები სეზონის გახსნას.
– ბოლოს მითხარი, ახალი სეზონის წინ ახალი სიყვარული ხომ არ გამოჩნდა?
– არა. ამ ბოლო დროს ცოტა დავიძაბე ქართველი ბიჭების „ახალ“ თავმოყვარეობასთან დაკავშირებით. აღმოვაჩინე, რომ ახალი, ოცდამეერთე საუკუნის თავმოყვარეობა აქვთ: საკმარისია, ერთხელ ვერ მოახერხო მათთან შეხვედრაზე წასვლა ან მათ ზარს ვერ უპასუხო, ისე გექცევიან, თითქოს მთელი ცხოვრება გიყვარდა და ის ძალიან დაღლილია შენით. ამას წინათ ერთი ადამიანი, მას შემდეგ, რაც ვერ ვუპასუხე მის ზარსა და არც გიჟივით ვეცი ტელეფონს გადასარეკად, მეუბნება: აუ, შენ მომენტებში მაგარი სოფლელი ხარო (იცინის). აი, კი ხარ ნული, მაგრამ, მე, რატომღაც, მომეწონეო. და, რადგან მე – ნული, სოფლელი, მახინჯი, მას, ასეთ სასწაულ ბიჭს, მოვეწონე, უბედნიერესი უნდა ვიყო. გაოცებული ვარ, სხვა რომ არაფერი ვთქვა. თან ასეთი დამოკიდებულება გოგოების მიმართ მრავალჯერადია, რადგან ბევრი გოგო ამბობს ამას. როგორც ჩანს, თბილისელ ბიჭებს „ახალი თავმოყვარეობის“ ვირუსი შეეყარათ.